„არა ონის კასკადს“ - გაჩერებას არავინ აპირებს!

აქცია ონში

ქალაქ ონში, სადგურის მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. ისინი ზემო რაჭაში, მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰესების კასკადის მშენებლობას აპროტესტებენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობის - „არა ონის კასკადს“ წარმომადგენელმა, ანა მეტრეველმა უთხრა რადიო თავისუფლებას, აქცია „აბსოლუტურად მშვიდობიან, აპოლიტიკურ სახეს ატარებს“ და მასში მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა არ მონაწილეობს.

„თბილისიდანაც არიან და ასევე სხვადასხვა რეგიონიდან - აჭარიდან, გურიიდან, კახეთიდან და სვანეთიდან... რა თქმა უნდა, ადგილობრივები, რაჭველებიც ბევრნი არიან - სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოვიდნენ და ასე ყველანი ერთად ვცდილობთ, რომ არ დავუშვათ ონის კასკადის მშენებლობა... ჩვენ ვიბრძვით და გავაგრძელებთ ბრძოლას როგორც სამართლებრივი ფორმით, ასევე მშვიდობიანი აქციის ფორმით და გაჩერებას ნამდვილად არავინ აპირებს“, - ამბობს ანა მეტრეველი.

როგორც რაჭის სათემო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ეთო არსანიძე გვეუბნება, „პროტესტის ძირითად საფუძველს წარმოადგენს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ჰესის მშენებლობისთვის მარტში გაცემული ნებართვა“, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ უკვე გაასაჩივრა არასამთავრობო ორგანიზაციების - „მწვანე ალტერნატივისა“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მხარდაჭერით.

ახლა თავისი სიტყვა თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა თქვას.

„მოსახლეობა აცნობიერებს, რომ ონის ჰესების კასკადის მშენებლობა ქმნის ძალიან დიდ საფრთხეებს როგორც რაჭის ბუნებისთვის, ასევე ადამიანებისთვის... შესაძლოა, გაჩნდეს რამდენიმე სოფლის დაცლისა და მოსახლეობის გადასახლების საჭიროებაც“, - გვეუბნება არსანიძე.

ასევე ნახეთ აქცია ონში: „გადავაფიქრებინოთ ონის ჰესების კასკადის მშენებლობაც“

ონში გამართულ აქციაზე არ გამოჩენილან ონის კასკადის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც, თავის მხრივ, უარყოფენ საფრთხეების არსებობას.

როგორც სს „ონის კასკადის“ პროექტის მენეჯერმა, ზაზა ბაკურაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ ეტაპზე მოელიან მშენებლობის ნებართვას ეკონომიკის სამინისტროსგან და ასევე გრძელდება მოლაპარაკება მთავრობასთან ელექტროენერგიის ტარიფის თაობაზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის #2-256 ბრძანების თანახმად, მიღებულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ონში, მდინარე რიონზე, სს „ონის კასკადის“ 206.1 მგვტ სიმძლავრის „ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის“ (ონი 1 ჰესი 122.4 მგვტ და ონი 2 ჰესი 83,7 მგვტ) მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე.

ასევე ნახეთ რატომ „არა“ რაჭაში ჰესის აშენებას? სამი მოსაზრება

„რაჭა სეისმურად აქტიური ზონაა. ბოლო პერიოდში საქართველოში ყველაზე მძლავრი, 7 მაგნიტუდის მიწისძვრა სწორედ იქ მოხდა. ტერიტორია, სადაც მშენებლები ჰესის აშენებას გეგმავენ, უსაფრთხო არ არის. ხშირია მიწისძვრა, ღვარცოფი, მეწყერი და ა.შ. ამ ინფორმაციას ადასტურებენ გეოლოგები, სეისმოლოგები და სხვა სპეციალისტები“, - ვკითხულობთ მოძრაობის „არა ონის კასკადს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.