„ტკბილი ცხოვრება“ ( იტალია, 1960, რეჟისორი ფედერიკო ფელინი)
ანუკ ემემ დაგვტოვა.
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური, ჭკვიანი, იდუმალებით სავსე მსახიობი მსოფლიო კინოს ისტორიაში. ქართველებისთვის ანუკ ემე ერთგვარი ხატი გახდა გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს, როცა საბჭოთა ეკრანებზე კლოდ ლელუშის „ქალი და მამაკაცი“ გამოვიდა. მას ბაძავდნენ - მასავით ეცვათ, მასავით დადიოდნენ, მასავით უყურებდნენ, უსმენდნენ. ანუკ ემეს ვარცხნილობაც კი შემოვიდა მოდაში. გოგოები მზად იყვნენ ასაკი მოემატებინათ, ოღონდაც როგორმე დამსგავსებოდნენ „ქალი და მამაკაცის“ გმირს.
მაგრამ იმხანად ბევრმა არ იცოდა, რომ ანუკ ემე სულაც არ მიიჩნევდა თავისი კარიერის მთავარ მიღწევად კლოდ ლელუშის ფილმს, რომელიც ჯერ კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზით აღინიშნა, შემდეგ კი ამერიკული „ოსკარით“. ლელუშმა ერთ სატელევიზიო შოუში პირდაპირ განაცხადა: „გადაღების დროს ყველას მოაბეზრა თავი ფედერიკო ფელინის ხსენებით. წამდაუწუმ იმეორებდა, რომ ფელინი მსახიობებთან ასე არ მუშაობს. ვბრაზდებოდი, მაგრამ თავს ვიკავებდი“.
თითქოს უცნაურიცაა, რომ ანუკ ემე აღმერთებდა ფელინის და არა იმდენად ჟაკ დემის, რომლის ფილმის, „ლოლას“ (1961) სცენარი საგანგებოდ მსახიობისთვის დაიწერა. ეს ეგზალტირებული, ექსცენტრული სახე კაბარეს მოცეკვავისა, რომელიც „იდეალური მამაკაცის“ მოლოდინით ცხოვრობს, მნიშვნელოვნად განსხვავდება ანუკ ემეს გვიანდელი იმიჯისგან. როგორც ჩანს, ჟაკ დემიმაც გაითვალისწინა, რომ „ქალი და მამაკაცის“ პრემიერის შემდეგ ლოლას მთლიანად ჩაენაცვლა მსახიობის ახალი სახე. ამიტომ 1969 წელს დაუბრუნდა ანუკ ემეს და მასთან ერთად „დაბრძენებული“, იდუმალი, არცთუ ისე დალხენილი ცხოვრებისგან გადაღლილი ქალის სახე შექმნა ფილმში „მოდელების მაღაზია“. არსებითად ესაა ანუკ ემე-ლოლას ბიოგრაფიის გაგრძელება, იმ მელანქოლიური ინტონაციებით, რომლებიც კლოდ ლელუშის ფილმმა შესძინა მსახიობის სტილს.
ფელინის ანუკ ემე კი, განსაკუთრებით მადალენა „ტკბილ ცხოვრებაში“ - ორი სტილის, „ორი ანუკ ემეს“ ერთობლიობაა; ავანტიურისტი, მსუბუქად ინფანტილური, ჰედონისტი ლოლასი და წარსულით მცხოვრები, დინჯი, თავის თავში ჩაკეტილი ქვრივისა „ქალი და მამაკაციდან“.
„ტკბილი ცხოვრება“, რომელიც 1960 წელს კანის კინოფესტივალის „პალმით“ აღინიშნა, საეტაპო ფილმია არა მარტო ფელინის შემოქმედებაში, არამედ მთელ მსოფლიო კინოში. ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, სწორედ „ტკბილმა ცხოვრებამ“ ჩაუყარა საფუძველი ე.წ. არტჰაუსს, ევროპულ საავტორო კინოს, რომელიც ფილმის სრულუფლებიან ავტორად რეჟისორს აღიარებს. მეტიც, ასეთი ფილმების მთავარი გმირი ხშირად სწორედ რეჟისორის „ალტერეგოდ“ აღიქმება ხოლმე.
„ტკბილი ცხოვრება“ მეშვიდე ხელოვნების ბაროკოა, მონუმენტური ტილოა, რომელშიც ფელინი არ ერიდება ე.წ. ეკონომიკური სასწაულის ეპოქაში გამდიდრებული იტალიის ბურჟუაზიის, შოუბიზნესის, პრესის, ეკლესიის მკვახე კრიტიკას. მაგრამ სარკასტული სათაურის მიუხედავად, ფელინი „შიგნიდან“ ცდილობს დაგვანახვოს ეს რომაული ელიტა, რომელიც, თავის მხრივ, ფაქტობრივად საკუთარი თავის დეჰუმანიზაციას მიმართავს. სწორედ ამისთვის სჭირდება მას მარჩელო მასტროიანი, პროფესიით ჟურნალისტი, რომელსაც ავტორი არჩევანის წინაშე აყენებს - ან დეგრადირებული, უხამსი საზოგადოება, ანდა უბიწობა და სულიერება. რეალურად აქ იქნება მორალიზმის და „ზემოდან დანახვის“ ცდუნება - ვერაფრით რომ ვერ უმკლავდებიან თანამედროვე კინოში ფედერიკო ფელინის ეპიგონები. მაგრამ დიდი რეჟისორი, შესაძლებელია მარჩელო მასტროიანის დახმარებითაც, დიდაქტიკურ ტონს ამ თითქმის სამსაათიანი ფილმის არცერთ ეპიზოდში არ კადრულობს. ფელინი სარკასტულია, მაგრამ თავადაც შეწუხებული... დასცინის, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავს, ამიტომ არაფერს მიუთითებს მაყურებელს. ის თავადაა მარჩელო - კაცი, რომელიც ვერ გამოდის ჭაობიდან, მაგრამ ზუსტად იცის, რომ ამ ჭაობის იქით სხვა სამყაროც არსებობს. ამიტომ მე მიჭირს, „ტკბილი ცხოვრება“ შევაფასო როგორც სატირა. თუკი მაინცდამაინც ფილმის ჟანრის დაკონკრეტება გვინდა - ესაა უფრო თამაში რეალიზმით და სიურრეალიზმით, ტიპური ფელინისტური მირაჟებით, რომლებიც აშიშვლებენ ზედმიწევნით ზუსტად აღწერილი სოციალური სინამდვილის „დეფექტებს“. სილამაზე და სულიერება არსებობს, მაგრამ მიუღწეველია, - ამტკიცებს ფელინი თავისი გმირის უჩველო მოგზაურობის დასრულების შემდეგ 50-იანი წლების მიწურულის რომის ლაბირინთებში.
ასევე ნახეთ სოფია, მარჩელო და საბჭოთა-იტალიური სკანდალიამ მოგზაურობის გზაზე მარჩელოს განსხვავებული ადამიანები ხვდებიან. მათ შორის - ანუკ ემეს მადალენა, მდიდარი მამის გათამამებული შვილი. ანუკ ემე „ტკბილ ცხოვრებაში“ მთავარ როლს არ ასრულებს, მაგრამ იმ სამყაროს განსახიერებაა, რომელსაც ეძღვნება ფელინის ფილმი - დანაყრებული, მაგრამ მოწყენილი სამყაროსი, თითქმის მთლიანად რომ ჩაითრია მასტროიანის ოპორტუნისტი გმირი. თავიდან მადალენა ერთ დეკადენტურ წვეულებაზე შავი სათვალით გამოჩნდება. ჩალურჯებულ თვალს მალავს. როგორც ჩანს, ძალადობის მსხვერპლია. თუმცა მსხვერპლად ყოფნა მისი ავანტიურიზმის ატრიბუტია - მადალენა ყველაფერს აკეთებს, რათა მოწყენილი ცხოვრება გაიხალისოს.
ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია რომელიმე სხვა მსახიობი მადალენას როლში. ანუკ ემე ყოველთვის ამ „გაორებულობაზე“ აგებს თავის როლებს. მადალენას ავხორცობა შავი სათვალით ინიღბება. თუმცა მისი აღვირახსნილობა მაინც ვერასდროს სცილდება კონფორმიზმის საზღვრებს.
„შენს ცოლობაზე ვოცნებობ, - ეუბნება მადალენა მარჩელოს, - მაგრამ ამავე დროს მინდა ვიცხოვრო ჩემს ნებაზე, ისე, როგორც უკანასკნელი ბოზი ცხოვრობს“... მერე კი აყოლებს: - „მაგრამ შეუძლებელია ორი სახით არსებობა, ამიტომ მე ბოზობა ავირჩიე“.
ანუკ ემეს შეეძლო ორი სახით არსებობა. ალბათ იმ დღიდან, როცა ნიკოლ ფრანსუაზა დრეიფუსმა, ეს ისტორიული ებრაული გვარი შეიცვალა და ანუკ ემე გახდა. „როგორი ფოტოგენურია!“ - ამბობენ მასზე პაპარაცები „ტკბილი ცხოვრების“ პირველსავე ეპიზოდში. ფოტეგენურობას მის სახეზე ისტორია ქმნის, მაგრამ, ცხადია, თამაშის მანერაც. ფელინისთან, ლელუშთან და ჟაკ დემის „მოდელების მაღაზიაში“ ლოლა ჭირგამოვლილია და დაღლილი. სასოწარკვეთა და უიმედობა მან მხოლოდ შავი სათვალით შეიძლება გადამალოს.
სინეფილობა არაა საჭირო იმისთვის, რომ „ტკბილ ცხოვრებაში“ სივრცის უჩვეულოდ თავისუფალი აწყობა შევნიშნოთ. ფელინის ფილმში მსახიობები ხშირად კადრის ნაპირში ჩანან, ეკრანის ჩარჩოსთან, რათა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანებს შორის კონტაქტი აღარ არსებობს. ისინი საუბრობენ, მაგრამ არ ესმით ერთმანეთის.
თუმცა ანუკ ემე არასდროს იკარგება. „შენი სასოწარკვეთა მე ძალას მმატებს“, - ეუბნება მარჩელო მადალენას და ამ ეპიზოდში აბსოლუტურად გულწრფელია. ანუკ ემეს გამოხედვა, მისი პირდაპირი მზერა ყოველთვის გვარწმუნებს, რომ მერე რა, რომ მიუღწეველია... სულიერებას და სილამაზეს მაინც არაფერი ემუქრება.
რესტავრირებული ორიგინალური ვერსია ინგლისური სუბტიტრებით: