მთავრობა ეუბნება ხალხს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ჩაშლის საფრთხის წინაშე დააყენა ერთი ჩინოვნიკის წინდაუხედაობამ და არაფერი იცოდა ეკონომიკის სამინისტრომ. ჩინოვნიკი დაისაჯა, მაგრამ ეს ვერსია ბევრისთვის არადამაჯერებელია ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან დაკავშირებული მძიმე ფონის გამო.
ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად საჭირო ნებართვასთან დაკავშირებულმა ინფორმაციამ კიდევ უფრო მეტი დაბრკოლება შეუქმნა ანაკლიის პორტის მშენებელ კონსორციუმს. არ არის გამორიცხული, რომ ანაკლიის პროექტი ჩაიშალოს.
ანაკლიის პროექტის მტრები შინ თუ გარეთ
ანაკლიის პორტის პროექტის მტრები ქვეყნის გარეთაც ეგულება, ქვეყანაშიც და მათ შორის, ხელისუფლების რიგებშიც - ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ეს დაკვირვება 30 მაისს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა გაახმაურა.
ამ პოზიციის დასტურად ამჯერად ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებელი ნებართვის გაცემის ფაქტი სახელდება. ფაქტმა შოკში ჩააგდო ანაკლიის პორტის ინვესტორები თუ საფინანსო ინსტიტუტები.
- შეირყა უცხოელი პარტნიორების ნდობა როგორც მთავრობის მიმართ, ასევე თავად ანაკლიის პროექტთან დაკავშირებული მთელი პროცესის მიმართ;
- გაჩნდა შეკითხვა - თუკი ეს მოხდა ახლა, სად არის გარანტია, რომ არ მოხდება მომავალშიც?
- უცხოელი პარტნიორები ფაქტის წინაშე დადგნენ - სახელმწიფოს არაფერი უთქვამს მათთვის, რომ ფოთის პორტისთვის ოფიციალური ნებართვა 2 მაისს გაიცა.
„არსებობენ კონკრეტული ძალები, რომლებიც ასევე ხელისუფლებაში არიან, რომლებმაც ეს მიზანმიმართული ქმედება განახორციელეს ანაკლიის პროექტის განვითარების შესაჩერებლად“, - ამბობს ლევან ახვლედიანი. ის კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს.
29 მაისს, საღამოს, ფოთის ნავსადგურის მფლობელმა კომპანიამ - „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების სამინისტროსგან მიიღო ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა.
ამ ინფორმაციას განგაში მოჰყვა როგორც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის, ასევე საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან. გამოითქვა არაერთი მოსაზრება, მათ შორის - მედიასა თუ სოციალურ ქსელებში.
საზოგადოებამ გაიხსენა, რომ:
- ფოთის პორტს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის სახელი უკავშირდება და შესაძლოა - ანაკლიის იდეა ფოთში გადაამისამართეს;
- ბიძინა ივანიშვილს გამოკვეთილად ცუდი დამოკიდებულება აქვს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიმართ და ეს არაერთხელ გამომჟღავნდა;
- მამუკა ხაზარაძემ თავად გამოთქვა ვარაუდი, რომ ფულის გათეთრების ბრალდება სწორედ ანაკლიის პორტის შეჩერების მცდელობას უკავშირდებოდა.
თიბისი ბანკთან და ანაკლიის პორტთან დაკავშირებული ბოლო პერიოდის ხმაურიანი ამბები 29 მაისს მთელი ღამის განმავლობაში ირჩეოდა, 30 მაისის დილით კი - ყველაფერი ერთადერთ ჩინოვნიკს დაბრალდა.
ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ:
- მან არაფერი იცოდა;
- გადაწყვეტილება მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით გაიცა;
- სააგენტოს ხელმძღვანელი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან;
- „ეიპიემ ტერმინალს ფოთისთვის“ გაცემული დოკუმენტი გაუქმებულია.
- ეს არ იყო სამშენებლო ნებართვა - ეს იყო ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი.
ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის სრულიად წარმოუდგენელია, რომ ერთი თვის წინ გაფორმებული დოკუმენტის შესახებ არ სცოდნოდა მინისტრსა და მთავრობას.
„მოხსნეს უდანაშაულო ადამიანი, რომელიც, როგორც ამბობენ არის პროფესიონალი და წესიერი კაცი“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ. ის მოუწოდებს თანამდებობიდან გათავისუფლებულ პირს, საჯაროდ თქვას, რომ ეს იყო მთავრობის გადაწყვეტილება.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი დეპუტატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით კი, „კიდევ უფრო აღმაშფოთებელია ჯოხის გადატეხა ეკონომიკის სამინისტროს რომელიღაცა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელზე“, რადგან ამით მთავრობა აღიარებს, რომ გულგრილად უყურებს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების საკითხს.
სუსტი მმართველობა თუ საბოტაჟი?
მაშინ, როცა ანაკლიის პორტის პროექტის პოტენციურ დამფინანსებლებთან, მსხვილ ბანკებთან ხელისუფლებას მოლაპარაკებები ჯერ არ დაუსრულებია, ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად საჭირო ნებართვის გაცემას საბოტაჟს უწოდებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.
ის ფიქრობს, რომ მოლაპარაკებების მნიშვნელოვან ეტაპზე ამ ინფორმაციის სწორედ ახლა გახმაურებაც საბოტაჟის გეგმის ნაწილია:
- ახლა საინვესტიციო პაკეტის შეკვრის დასკვნითი ფაზაა და ასეთი ინფორმაციები ინვესტორების დაფრთხობის, მათი გაქცევის მიზანს ემსახურება;
- თუკი საქართველოში მთავრობა მეორე ღრმაწყლოვანი პორტის აშენებაზე ფიქრობს, ინვესტორებს უჩნდებათ კითხვა - ღირს კი ასეთი კონკურენციის პირობებში ანაკლიის პორტის დაფინანსება?
გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი, დიდი ალბათობით, ხელისუფლებაში მყოფი ან ხელისუფლებასთან ასოცირებული დაჯგუფების ნახელავს ჰგავს და არა მთელი ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რადგან ასეთ შემთხვევაში მინისტრი ასე სწრაფად ვერ შეცვლიდა მას.
ასევე ნახეთ მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პროექტის მიმართ გვაქვს უპრეცედენტო დამოკიდებულებაის ვერსია, რომ ყველაფერი ქვედა რგოლის ერთი ჩინოვნიკის გაკეთებულია, არადამაჯერებელია გია ხუხაშვილისთვის ყველა იმ ხმაურიანი ამბის გათვალისწინებით, რაც ბოლო პერიოდში მოხდა თიბისი ჯგუფისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელთან, მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით.
„ეს ამბავი, 16 საათში მომხდარი ამბავი არ იქნება ასე იოლად გასატარებელი და დასავიწყებელი ანაკლიის პორტის ინვესტორებისთვის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე. მისი აზრით, კიდევ უფრო გაძნელდება შეთანხმების მიღწევა მთავრობასა და მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებს შორის:
- საერთაშორისო ბანკები ეცდებიან დაზღვევის მეტი გარანტიები მოითხოვონ;
- ინვესტორები მოითხოვენ უფრო მაღალ ფასს და რთული წარმოსადგენია მათი დაკმაყოფილება მაშინ, როცა მთავრობა მათ მიერ მანამდე წამოყენებულ ყველა მოთხოვნას ისედაც არ ეთანხმებოდა;
- გამომჟღავნდება ნდობის ძალიან დიდი დეფიციტი.
„ბიზნესში ერთი ჩინოვნიკის გათავისუფლება არ შველის იმას, რომ ძველებური ნდობა შენარჩუნდეს. რისკები, რომლებზეც ბიზნესმენები ფიქრობენ, მხოლოდ ტვირთბრუნვის რისკებს არ უკავშირდება“, - ამბობს გიორგი ისაკაძე.
მისი აზრით ფოთის პორტთან დაკავშირებული ამბავი მინიმუმ სუსტი მმართველობის გამოვლინებაა, ხოლო საბოტაჟთან დაკავშირებულ ვერსიებს ობიექტური გამოძიება ესაჭიროება. სწორედ სასწრაფო გამოძიებას ითხოვს გია ხუხაშვილი.
ცუდი მდგომარეობა გაუარესდა
თუკი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის უცხოელი პარტნიორები და ბანკები დაფრთხებიან, ეს ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას ნიშნავს. თუმცა სურათი არც მანამდე იყო სახარბიელო ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის და შესაბამისად - ანაკლიის პორტისთვის.
- ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად იმეორებენ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია;
- თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ პორტს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ააშენებს.
ასევე ნახეთ ივანიშვილი: ვისურვებდით, ანაკლიის პორტი კერძო ბიზნესმა ააშენოს, მაგრამ თუ ვერ შეძლებს, სახელმწიფოს მოუნდება
დარჩება თუ არა მთავარ სცენაზე კონსორციუმი, ეს იმ მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული, რომელიც მთავრობასა და მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებს შორის მიმდინარეობს. ესენი არიან:
- ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)
- აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია (OPIC)
- აზიის განვითარების ბანკი (ADB)
- აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB)
თუკი მთავრობასა და ბანკებს შორის შეთანხმება ვერ შედგება, ბანკები, დიდი ალბათობით, უარს იტყვიან პორტისთვის 400-მილიონიანი სესხის გამოყოფაზე. ხოლო თუკი ეს ფული ვერ მიიღო, კონსორციუმი ანაკლიის პორტს უბრალოდ ვერ ააშენებს და პროცესს გამოეთიშება.
ასევე ნახეთ „ანაკლიის კონსორციუმი“: 8-დან 7 მოთხოვნა შეთანხმებულიააპრილში დაგეგმილი შეხვედრა მაისისთვის გადაიდო, ხოლო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე, 21 მაისს, კვლავ ვერ მოხერხდა შეთანხმება ბანკებისთვის ყველაზე პრინციპულ საკითხთან - ტვირთბრუნვის დაზღვევასთან დაკავშირებით.
ეს არის საერთაშორისო ბანკების მოთხოვნათა სწორედ ის პუნქტი, რაზეც პრაქტიკულად უარი თქვა მთავრობამ და ეს 21 მაისს ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმაც დაადასტურა.
რა მოხდება შემდეგ? მოლაპარაკებები გაგრძელდება. ანაკლიის განვითარების კონსორციუმში იმედოვნებენ, რომ საერთო ენის გამონახვა მოხერხდება, თუმცა ამ ოპტიმიზმს ჯერჯერობით რეალური ვერაფერი კვებავს.
რა მოხდება მაშინ, თუკი მამუკა ხაზარაძის კონსორციუმს აღარ მიეცემა საშუალება - გააგრძელოს ანაკლიის პორტის მშენებლობა?
ასეთ შემთხვევაში პორტის დაწყება და აშენება, თუკი ის საერთოდ აშენდება, შესაძლოა კიდევ რამდენიმე წლით დაგვიანდეს. სახელმწიფო აცხადებს, რომ ანაკლია აუცილებლად აშენდება - ან კონსორციუმთან ერთად, ან კონსორციუმის გარეშე - შესაძლოა, სულაც სახელმწიფომ ააშენოს.
თუმცა ჩანაცვლება იოლი არ იქნება. პოზიციების იოლად დათმობას არც კონსორციუმი აპირებს.