ანაკლიის პორტი: საფრთხეები "თვალის პაჭუნის" ფონზე?

ანალიტიკოსებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი უკვე ფინიშის ხაზს ხედავს - ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თავის მხრივ წერტილი დაუსვა პერსპექტივას, რომ ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ააშენოს. ინვესტორთა რიგებიდან ამერიკული კომპანია „Conti-ჯგუფის“ გასვლის გადაწყვეტილების გახმაურების შემდეგ, სამინისტრო მწვავედ აკრიტიკებს კონსორციუმს, მას ტყუილშიც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამერიკული „Conti-ჯგუფის“ გარეშე ქართული მხარე წარმატებით ვერ ააშენებს ანაკლიის პორტს.

მართლდება თუ არა ექსპერტების მიერ ჯერ კიდევ ზამთარში გაკეთებული პროგნოზები მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული ანაკლიის კონსორციუმის ჩამოშორების შესახებ და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

რას ამბობს მთავრობა?

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბოლო განცხადება 17 აგვისტოს გამოაქვეყნა. იგივე ტექსტი უწყების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე წითელი ძახილის ნიშნის თანხლებით ვრცელდება.

სამინისტროს განცხადებით, ტენდერის პირობების მიხედვით, „შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გამარჯვება თავის დროზე ინვესტორთა შორის სწორედ „კონტი-ჯგუფის“ ხილვამ განაპირობა.

შესაბამისად, განცხადების შინაარსიდან ჩანს, რომ ამ კომპანიის წასვლის შემდეგ, სამინისტრო რეალობას გაცილებით უფრო მუქ ფერებში ხედავს.

ტექსტში ვკითხულობთ:

  • რეალობას არ შეესაბამება „ვითარების იმდაგვარად წარმოჩენა“, რომ „თითქოს "კონტი ჯგუფის" გასვლის შემდეგ, ანაკლიის პორტს წარმატებით ააშენებს კონსორციუმის ქართული მხარე“;
  • ანაკლიის პროექტის განხორციელება შეუძლებელია „მსგავს პროექტებში გამოცდილი და ფინანსურად ძლიერი სტრატეგიული ინვესტორის გარეშე“ და ეს „ნათლად ჩანს“ კონსორციუმის მაგალითზეც;
  • "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" უმოკლეს ვადებში უნდა წარუდგინოს მთავრობას დროში გაწერილი გეგმა იმის შესახებ, თუ რომელი „შესაბამისი გამოცდილების და ფინანსური მდგომარეობის მქონე დასავლური სტრატეგიული ინვესტორი“ ჩაანაცვლებს "კონტი ჯგუფის" 42%-იან წილს (იმავე მოცულობით).

ამასთან, სამინისტრო აღნიშნავს, რომ "კონტი ჯგუფი“ კონსორციუმში თავიდანვე ფორმალურად მონაწილეობდა და თავიდანვე არ არსებობდა რეალური სტრატეგიული ინვესტორი, რის გამოც კონსორციუმმა 2017 წლის შემდეგ მთავარი ვალდებულებები ვერ შეასრულა.

სამინისტრო აცხადებს, რომ „კონტი-ჯგუფის“ პასიურობა „სერიოზულ ეჭვებს იწვევდა" პროექტში ამ კომპანიის რეალურად არსებობის შესახებ და "განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2018 წლის 6 დეკემბერს "კონტი ჯგუფის" პრეზიდენტმა კურტ კონტიმ კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო ოფიციალურად დატოვა“.

თუკი ეჭვები არსებობდა, ლოგიკურად ჩნდება შეკითხვები:

  • ცდილობდა თუ არა და რა გზებით ცდილობდა სახელმწიფო გადაემოწმებინა ხსენებული ეჭვები?
  • კონსორციუმში „კონტი-ჯგუფის“ ჩანაცვლების რა ვარიანტები იქნება მისაღები სამინისტროსთვის - უნდა იყოს მხოლოდ ერთი თუ შესაძლებელია იყოს არაერთი ინვესტორი?

ამ და სხვა დეტალების გასარკვევად, რადიო თავისუფლებამ ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეკითხვებით მიმართა, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია.

ძველი პროგნოზების გამართლება, შიშები, საფრთხეები

„გეკითხებით, სახელმწიფოს მხრიდან გაკეთებული ამ და სხვა მსგავსი განცხადებების ფონზე რომელი ჭკუათმყოფელი ინვესტორი მოინდომებს ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩართვას?!“ - რადიო თავისუფლებასთან საუბრისას შეკითხვას სვამს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. ის ფიქრობს, რომ კონსორციუმის ბედი „ძალიან ბუნდოვანია“ და ის თითქმის უკვე ჩამოშორებულია პროექტს - „ძალიან გამიხარდება, თუ ვცდები, მაგრამ ყველაფერი ახლა ამისკენ მიუთითებს“.

ასევე ნახეთ ივანიშვილი: ვისურვებდით, ანაკლიის პორტი კერძო ბიზნესმა ააშენოს, მაგრამ თუ ვერ შეძლებს, სახელმწიფოს მოუნდება

ხუხაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება სიტყვით მხარს უჭერდა, თუმცა საქმით ყველაფერს აკეთებდა ანაკლიის პროექტის დისკრედიტაციისთვის და ეს პროცესი „TBC ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციების გახსენებით, ფულის გათეთრებაში მათი დადანაშაულებითა და შემდეგ ამ საქმის გაჭიანურებით დაიწყო.

„საქმის ჰაერში ჩამოკიდება კონსორციუმის დისკრედიტაციისთვის, ინვესტორთა დაფრთხობისა და შემდეგ, შეუსრულებელი ვალდებულებების მიზეზით, კონსორციუმის ჩამოშორებისთვის მოხდა“.

ანალიტიკოსი ხელისუფლების სავარაუდო მიზნებზეც ლაპარაკობს:

  • „ხელისუფლებამ დაინახა ამ პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობა, მათ შორის - დასავლეთისთვის და გადაწყვიტა, რომ პროექტზე კონტროლი აღედგინა და ეს გაეხადა ვაჭრობის საგნად იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებთან - პოლიტიკური გარანტიების მიღების მიზნით“;
  • „საქართველოში მეტად რთულად მიმდინარე პოლიტიკური პროცესის ფონზე, ხელისუფლებამ გადაწყვიტა დივიდენდების მოპოვება“
  • „ვაჭრობა, ფაქტობრივად, შანტაჟის ტოლფასი გამოდის - თუ გინდათ, რომ აშენდეს, მომეცით პოლიტიკური გარანტიები“;
  • „ეს არის ვაჭრობის თემა როგორც შეერთებულ შტატებთან, ასევე რუსეთთან - „თვალის პაჭუნის“ თვალსაზრისით“.

გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ამ პროცესს ახლავს საფრთხე, რადგან: თუკი სახელმწიფო ანაკლიის პორტს თავად არ ააშენებს, კონსორციუმის ჩამოშორების შემთხვევაში გაიმართება ხელახალი ტენდერი და თავისუფლად შესაძლებელია, რომ მთელი ეს პროექტი რუსეთის ხელში მოექცეს, „ან ჩინეთის, რაც ირიბად ისევ რუსეთის ინტერესებს უკავშირდება“.

ასევე ნახეთ ანაკლიის პორტი: ჩაშლის საფრთხე რეალურია?

ხელისუფლება ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიმართ კეთილგანწყობილი რომ არ არის, ეს 17 აგვისტოს წერილამდეც ცხადი იყო „Forbes Georgia“-ს მთავარი რედაქტორისთვის, გიორგი ისაკაძისთვის.

ის ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც არცთუ სახარბიელო მოსალოდნელობებზე ლაპარაკობდა „TBC ჯგუფის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციების საქმის დაწყებისთანავე.

„დაახლოებით ერთი წელია, მე ვხედავ ყველაფერს, გარდა სახელმწიფოს კლასიკური პარტნიორობისა კერძო ბიზნესთან... სახეზეა გაურკვეველი ბიუროკრატიული მუხრუჭები და სკეფსისი... და როცა ხედავენ ინვესტორები თუ საფინანსო ორგანიზაციები, რომ ეს არის ყველაფერი პარტნიორობის გარდა, მათი დამოკიდებულებაც მძიმეა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი ისაკაძე, რომლის აზრითაც, „Conti“-მაც სწორედ სახელმწიფოს ასეთი მიდგომების გამო დატოვა პროექტი.

  • „და ვინც იტყვის, რომ „Conti ჯგუფის“ გასვლა არ დატოვებს დაღს საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე და ე.წ. დასავლურ ინვესტიციების მოზიდვაზე, ის არის უბრალოდ ბრიყვი“.

თუმცა ისაკაძე თვლის, რომ კონსორციუმის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნების გამოტანა ჯერ მაინც ნაადრევია წლის ბოლომდე, ვიდრე საბოლოოდ არ ამოწურულა ყველა ვადა და თან, კონსორციუმი ამბობს, რომ სექტემბერში ალტერნატიულ ვარიანტს წარმოადგენს სატრანსპორტო გადაზიდვების გარანტიებთან დაკავშირებით - „სახელმწიფოს მინიმუმ ამ დრომდე მოუწევს დაცდა“.

Your browser doesn’t support HTML5

ლევან ახვლედიანი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გეგმაზე

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა 15 აგვისტოს თქვა, რომ არსებობს ალტერნატიული გეგმა მსხვილი საფინანსო ინსტიტუტებიდან ფულის მოზიდვისთვის, რაც ჩაანაცვლებს ამჟამად ჩიხში შესულ მოთხოვნას ტვირთბრუნვის რისკების დაზღვევასთან დაკავშირებით.

ტვირთბრუნვის რისკების დაზღვევა მსხვილი ბანკების ის ერთადერთი მოთხოვნაა 8-პუნქტიან მოთხოვნათა ნუსხიდან, რომელზეც უარს აცხადებს საქართველოს მთავრობა.

კონსორციუმის პასუხი ჯერ არ არის, მაგრამ იმედი აქვთ

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საპასუხო განცხადებას მედია 19 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდა. როგორც რადიო თავისუფლებას კონსორციუმში უთხრეს, განცხადება აუცილებლად გაკეთდება - უახლოეს დღეებში.

ასევე ნახეთ ანაკლიის პორტი: ამერიკული "Conti" მიდის, ამერიკული "SSA Marine" რჩება

ჯერჯერობით ისევ უცნობია, რა ბედი ეწევა „კონტი-ჯგუფის“ 42,18%-იან წილს. ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილი ხდება მხოლოდ რამდენიმე დეტალი:

  • კონსორციუმი სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს ამერიკულ უმსხვილეს კომპანია SSA marine-ს, რომელიც პორტის ოპერატორი კომპანიაა და ფიქრობს ასევე აქციების წილის გაზრდაზე;
  • SSA marine-ის წილობრივი მონაწილეობა პროექტის ფინანსური დახურვის დროს (წლის ბოლოსთვის) დაკონკრეტდება;
  • SSA marine-ი აქტიურად იქნება ჩართული საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკების პროცესში;
  • „Conti-ჯგუფის“ ფინანსური მონაწილეობა (მის წილთან შედარებით) გაცილებით მცირე იყო პროექტზე უკვე დახარჯული 70 მილიონი დოლარის ფარგლებში;
  • კონსორციუმში აღნიშნავენ, რომ „Conti-ჯგუფის“ პროექტიდან გასვლა არაფერს შეცვლის და არც დასავლეთის და კერძოდ - ამერიკის მხარდაჭერა შესუსტდება.

ანაკლიის პორტის მისამართით აშშ-ის მხრიდან არაერთი მხარდამჭერი განცხადებაა გაკეთებული და მათ შორის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსისა და სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს დონეზე.

კონკრეტულ აქციონერებზე და წილებზე ლაპარაკს კონსორციუმის პრეროგატივად მიიჩნევს, მაგრამ როგორც აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი აღნიშნავს, უცვლელია ამერიკული მხარის მტკიცე მხარდაჭერა ანაკლიის პორტის მიმართ და ეს პროექტი ამერიკული ინვესტიციით უნდა აშენდეს

Your browser doesn’t support HTML5

ელიზაბეთ რუდი ანაკლიის პორტის პროექტზე

ანაკლიის კონსორციუმსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის უცხო არ არის საჯარო წერილების გაცვლა და ამ გზით კამათი. კონსორციუმი არასოდეს იზიარებდა მთავრობის პოზიციას, რომ ის ვალდებულებებს არ ასრულებს.

„მივესალმებით იმ ფაქტს, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ამჯერად შეძლო მის მიერ აღებული ვალდებულების ვადაში შესრულება და წარმოადგინა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ხელშეკრულების პროექტი“, - ამ სიტყვებით იწყება სამინისტროს 17 აგვისტოს გამოქვეყნებული წერილი, რომელიც შემდეგ, არაერთი მწვავე აქცენტით გრძელდება.