ანაკლიის პორტი: ამერიკული "Conti" მიდის, ამერიკული "SSA Marine" რჩება

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი განმარტავს, რომ ინვესტორთა რიგებიდან მსხვილი აქციონერის, ამერიკული კომპანია "კონტი-ჯგუფის" (Conti International LLC) გასვლა დამანგრეველ დარტყმას არ მიაყენებს ანაკლიის პორტის პროექტს.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს 40%-იანი აქციონერის ადგილს, მაგრამ კონსორციუმში მცდარად მიიჩნევენ შეფასებებს ანაკლიის პორტის მიმართ ამერიკული ინტერესების შესუსტებასთან დაკავშირებით.

რატომ მიდის ამერიკული "კონტი" ანაკლიიდან?

„არაფერია მომხდარი ისეთი, რამაც შეიძლება კრიტიკულად დააზიანოს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტი... ჩვენ გავაგრძელებთ სვლას“, - ასეთ კომენტარს აკეთებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი კონსორციუმიდან ამერიკული კომპანია „კონტი-ჯგუფის“ გასვლასთან დაკავშირებით.

ახვლედიანის ინფორმაციით:

  • "კონტი-ჯგუფს" ჯერ არ დაუტოვებია კონსორციუმი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება გასულ კვირაში იქნა მიღებული და ახლა ეს გადაწყვეტილება ქართველოს მთავრობასთან უნდა შეთანხმდეს;
  • „კონტი-ჯგუფს“ ბოლო დროს ჰქონდა ძალიან პასიური როლი - 2018 წლის დეკემბერში მათ სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს და რჩებოდნენ აქციონერებად;
  • 70 მილიონი დოლარია ამ ეტაპისთვის ინვესტირებული ანაკლიის პროექტის მშენებლობაში და "კონტის" მონაწილეობა "არის ძალიან მცირე". ​

„Conti International“-ის აქციების წილი 42,18%-ს შეადგენს. კონსორციუმში ჯერ არ აკონკრეტებენ, თუ ვინ დაიკავებს მსხვილი აქციონერის ადგილს. ​ამერიკული კომპანიის მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დატოვების შესახებ ინფორმაცია 15 აგვისტოს გავრცელდა.

ლევან ახვლედიანი არ აკონკრეტებს, თუ რით არის განპირობებული „კონტი-ჯგუფის“ მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან გასვლის გადაწყვეტილება. თუმცა მისი განმარტებებით თუ ვიმსჯელებთ, აშკარად არსებობს მიზეზები, რომელთა გასაჯაროება ხელს შეუშლის ანაკლიის კონსორციუმის შემდგომ გეგმებს.

„კომპანიის ოფიციალური პოზიციაა ასეთი, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მათი გასვლისა და ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზების გასაჯაროებას... ჩვენ ვიკავებთ თავს. გვაქვს კონკრეტული გზა გასავლელი და გვინდა რომ ეფექტურ რეჟიმში გავიაროთ. ამიტომ თავს ვიკავებთ მიზეზების დასახელებისგან“.

ასევე ნახეთ ანაკლიის პორტი და „TV პირველი“ მართლმსაჯულების სარკეში

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „Conti"-ის გადაწყვეტილება ანაკლიის პორტთან მიმართებით ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

"რიტორიკა მხოლოდ რიტორიკად რჩება: ჯგუფმა საქართველოს ხელისუფლებისგან პროექტის მიმართ მხარდაჭერა ვერ იგრძნო და გადაწყვეტილებაც მიიღო", - წერდა 15 აგვისტოს გამოცემა "აქცენტი" ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

  • უკვე თვეებია მიმდინარეობს მთავრობის მოლაპარაკებები უმსხვილეს საერთაშორისო ბანკებთან;
  • შეთანხმებულია 7 მოთხოვნა საფინანსო ინსტიტუტების 8 მოთხოვნიდან - ჯერ ისევ შეუთანხმებელია საკითხი ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ დაზღვევის შესახებ;
  • ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად აკეთებენ აქცენტს ანაკლიის პორტის დიდ მნიშვნელობაზე, თუმცა მუდმივად აკრიტიკებენ კონსორციუმის მუშაობას.
ასევე ნახეთ ანაკლიის პორტი: რა გარანტიებს ითხოვენ მსხვილი ბანკები?

ანაკლიის პორტს ბოლო პერიოდში დაუკავშირდა კიდევ ერთი ხმაურიანი პროცესი - „TBC ჯგუფის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დადანაშაულება ე.წ. „ფულის გათეთრების“ საქმეში.

მამუკა ხაზარაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციების გახსენება და უსაფუძვლო ბრალდება ანაკლიის პორტის წინააღმდეგ არის მიმართული. ხელისუფლება ამ პროცესს მხოლოდ მართლმსაჯულების ჩარჩოში განიხილავს.

ექსპერტების დიდი ნაწილი იმთავითვე აკეთებდა პროგნოზს იმის შესახებ, რომ ეს პროცესი მნიშვნელოვნად დააზარალებდა პროცესს და დააფრთხობდა საერთაშორისო პარტნიორებს.

ნიშნავს თუ არა „Conti"-ის გასვლა ამერიკული ინტერესების შესუსტებას?

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი არ ფიქრობს, რომ პროექტიდან ამერიკული კომპანია „კონტი-ჯგუფის“ გასვლა ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმართ ამერიკელების ინტერესების შესუსტებაზე მეტყველებს.

„ჩვენ ველოდებით პროექტთან დაკავშირებით ძალიან კარგ განვითარებას, როგორც ინვესტორების კუთხით, ასევე სხვა კუთხით... უნდა დაველოდოთ მოვლენებს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ კიდევ წინ წავწევთ პროექტს“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონსორციუმთან რჩება და პოზიციებს კიდევ უფრო გაიმყარებს უმსხვილესი ამერიკული კომპანია „ესესეი მარინი“ (“SSA Marine”).

„პროექტისთვის მთავარია სტრატეგიული ინვესტორი. ჩვენ ასეთი გვყავს და ეს არის - SSA Marine”-ი, პორტის ოპერატორი და სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ასევე ხდება აქციონერი ანაკლიის პორტში და ეს არის მთავარი“, - ამბობს ახვლედიანი.

პორტის ოპერატორ უმსხვილეს ამერიკულ კომპანია “SSA Marine”-თან შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის აგვისტოში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის თბილისში სტუმრობის დროს.

ასევე ნახეთ პრემიერი: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის ოპერატორი ამერიკული SSA Marine-ი

სასურველია, რომ საქართველოში უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი ისეთი კომპანიები, როგორიც არის ანაკლიის პორტის ოპერატორი კომპანია, უმსხვილესი ამერიკული კომპანია „ესესეი მარინი“ (SSA Marine), - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 17 ივნისს. პრემიერმა საგანგებოდ გაიხსენა SSA Marine-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაც, შეერთებულ შტატებში მისი ვიზიტის ფარგლებში.

სწორედ პრემიერ ბახტაძის ამერიკაში ვიზიტის დროს გააკეთა ანაკლიის პორტის მხადრამჭერი განცხადებები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ.

პომპეომ თქვა:

  • იმედი მაქვს, რომ საქართველო დაასრულებს (ანაკლიის) პორტის პროექტს;
  • ეს პროექტი დაეხმარება საქართველოს განავითაროს ურთიერთობები თავისუფალ ეკონომიკებთან;
  • ეს პროექტი საქართველოს დაეხმარება იმაში, რომ არ მოექცეს რუსეთისა და ჩინეთის გავლენის ქვეშ, რომლებიც არ გამოხატავენ საქართველოს ინტერესებს.

ანაკლიის პორტის მიმართ ამერიკის მხარდაჭერა ხაზგასმულია საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ 25 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელშიც გამოხატულია შეშფოთება ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების კონტექსტთან დაკავშირებით.

„მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური გავლენისაგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში.

ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში და რომელსაც აქვს პოტენციალი ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას“ - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.