"არაფერი პირადი, მხოლოდ ბიზნესი" - ალფეროვიჩი "ნათლია" პუტინსა და პრიგოჟინზე

დმიტრი ალფეროვიჩი

„ბევრი მცდარად ხატავს პუტინს, როგორც ერთგვარ კარიკატურულ, სისხლისმსმელ და შლეგ ტირანს, რომელსაც არაფერი უხარებს ისე გულს, როგორც ხალხის ამოხოცვა. მე მას ასე სულაც არ ვხედავ. დიახ, მას არ უჭირს ხალხის მოშორება, თუ ჩათვლის, რომ ეს მის ინტერესებს წაადგება, მაგრამ არ მგონია, რომ სიხარულით აღვსილი აკეთებს ამას. ვფიქრობ, მას ერჩივნა, საქმე აქამდე არ მისულიყო და პრიგოჟინს თავისი ნებით დაეთმო ყველაფერი”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტიკისა და კიბერუსაფრთხოების გავლენიანი ამერიკელი ექსპერტი დმიტრი ალფეროვიჩი. საბჭოთა რუსეთში დაბადებული ალფეროვიჩი (40) 2022 წლის ნოემბერში რუსეთის სავიზო შეზღუდვების სიაში მოხვდა. 2021 წლის დეკემბერში, 2 თვით ადრე სრულმასშტაბიან შეჭრამდე, მან სწორად იწინასწარმეტყველა რუსეთის აგრესია უკრაინაში. ვაჟა თავბერიძე ალფეროვიჩს კრემლის მიერ პრიგოჟინის თავიდან მოცილების მიზეზებსა და შედეგებზე ელაპარაკა.

პუტინს ერჩივნა, საქმე აქამდე არ მისულიყო” - ალფეროვიჩი პრიგოჟინის აღსასრულის შესახებ

რადიო თავისუფლება: ყველაზე უსაფრთხო კითხვით რომ დავიწყოთ - რა ვიცით ამ ეტაპზე?

დმიტრი ალფეროვიჩი: უფრო მარტივია იმის თქმა, რა არ ვიცით. ვიცით, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა, ისიც ვიცით, რომ რუსული მხარის განცხადებით, ამ თვითმფრინავზე იმყოფებოდა პრიგოჟინი და მას ახლდა „ვაგნერის“ ე.წ. ელიტა - უტკინი, ჩეკალოვი და სხვები [27 აგვისტოს რუსეთის საგამოძიებო სამსახურმა დაადასტურა „ვაგნერის“ ლიდერების დაღუპვა]. ზოგადად, რუსეთის მთავრობის განცხადებების დაჯერება მაინცდამაინც ბრძნულ სტრატეგიად ვერ ჩაითვლება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ეს სიმართლეა - პრიგოჟინი ცოცხლებში აღარ წერია. კიდევ ერთი რამ, რაც ვიცით, არის ის, რომ ბოლო კვირებში გაჩაღებული იყო „ომი აფრიკისთვის“ - პრიგოჟინი თავგამოდებით ცდილობდა შეენარჩუნებინა თავისი იმპერია აფრიკაში, კონტაქტები და კონტრაქტები კონტინენტის სხვადასხვა დიქტატორთან, პუტინი და მისი „სილოვიკების“ ფრთა კი ცდილობდნენ, მისთვის, ასე ვთქვათ, ეს „ბიზნესი აეხიათ“, პრიგოჟინი კი არ ნებდებოდა.

რადიო თავისუფლება: პრიგოჟინის არია შეიძლება ნამღერია, მაგრამ ოპერა „ვაგნერს“ რა ბედი ეწევა? მათთვისაც დაეშვა ფარდა?

ალფეროვიჩი: კრემლში ძალიან ბედნიერები იქნებოდნენ, თუ მოახერხებდნენ „ვაგნერის“ შესრუტვას: როგორც ხელმძღვანელების, ასევე რიგითი ქვეითების დონეზე და გადაანაწილებდნენ მათ კრემლის მიერ მართულ კერძო სამხედრო კომპანიებში, მაგალითად, „რედუტში“. პუტინმა პირადად სცადა მათი გადმობირება მოსკოვში შეხვედრისას, სცადა მათი დარწმუნება, პრიგოჟინს და „ვაგნერს“ შეშვებოდნენ და სახელმწიფო სამხედრო სტრუქტურებში გადასულიყვნენ. მცირე ნაწილი დათანხმდა, ნაწილთან კი პრიგოჟინმა „მოსამზადებელი სამუშაოები“ ჩაატარა და მათ უარი თქვეს - რის გამოც, ცხადია, კრემლში პრიგოჟინისთვის მადლობის თქმა არ მოუნდებოდათ.

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, რამ აფიქრებინა პრიგოჟინს, რომ დაუსჯელი დარჩებოდა? რომ შეეძლო წყლიდან მშრალი ამოსულიყო მას შემდეგ, რაც ჩაიდინა?

ალფეროვიჩი: ამას მივყავართ ისევ და ისევ იმ კითხვასთან, თუ მაინც რატომ მოკლეს პრიგოჟინი. და ბევრისგან განსხვავებით, მე არ მჯერა იმ არგუმენტის, რომ ეს იყო უბრალოდ შურისძიება ამბოხების გამო. ამბოხება, უფრო სწორად, დაუმორჩილებლობა მას აპატიეს, მაგრამ პრიგოჟინმა ეს პატიება ვერ შეიშნო. ეს პატიება უნდა ყოფილიყო პუტინის პირობებით - ეს კი ნიშნავს, რომ პრიგოჟინს უსიტყვოდ უნდა შეესრულებინა პუტინის ნებისმიერი მოთხოვნა. ერთ-ერთი მოთხოვნა კი იყო ის, რომ პრიგოჟინი სცენიდან უნდა გასულიყო - წყვდიადში უნდა გაუჩინარებულიყო, ასე ვთქვათ. ბელარუსის სცენარის დიდად არასდროს მჯეროდა - ეს ზედმეტი დისკომფორტი იქნებოდა კრემლისათვის, ეს უბრალოდ იყო დროებითი ნავსაყუდელი, ან უფრო, ვრცელი დილეგი პატიმარი პრიგოჟინისათვის, მანამ, სანამ პუტინი მის ავლა-დიდებას თავის თავს და მის ლაქიებს გადაუფორმებდა. პრიგოჟინმა კი გადაწყვიტა, რომ გასვლა არ სურდა, არ სურდა სცენის დატოვება. არც აფრიკის აქტივები დათმო და ვფიქრობ, სწორედ ამან აავსო პუტინის მოთმინების ფიალაც - მოიცა, ამ კაცს ამბოხება ვაპატიე, სიცოცხლე ვაჩუქე და უსაფრთხოების გარანტია მივეცი, ის კი ისევ არ მეპუება? ამბოხების ფასი ისაა, რომ წავიღებ ყველაფერს, რაც გააჩნია. ის კი ბედავს, წინააღმდეგობა გამიწიოს? პრიგოჟინს აფრიკას ართმევდნენ - „შეთანხმების“ პირობების მიხედვით, მას უნდა ეთქვა: დიახ, ბატონო, როგორც თქვენ იტყვით! და გვერდზე გამდგარიყო. მან ეს არ გააკეთა, გადაწყვიტა, წინააღმდეგობა გაეწია. ეს კი აღარ „გაუტარეს“. ამ გადაწყვეტილებით, პრიგოჟინმა საკუთარ სასიკვდილო განაჩენს მოაწერა ხელი.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება ბელარუსს, ალბათ უნდა ვახსენოთ დიადი მედიატორი ლუკაშენკა და მისი ლამის შექსპირისეული როლი ამ ყველაფერში...

ალფეროვიჩი: იცით, მე არ მგონია, რომ ლუკაშენკა აქ მართლაც ასრულებდა რაიმე ბრძენი მომრიგებლის როლს. ის უბრალოდ შიკრიკი ბიჭი იყო პუტინისა და უფრო კი პრიგოჟინისთვის, რადგან პუტინს არ სურდა პრიგოჟინთან ლაპარაკი - ეს პრიგოჟინს სურდა პუტინამდე სიტყვის მიტანა, რადგან შეძრწუნებული იყო იმით, თუ რა ფორმები მიიღო მისმა აჯანყებამ - მის ინტერესებში სულაც არ შედიოდა უშუალოდ პუტინთან დაპირისპირება - იმან, რომ პუტინმა მოვლენების სწორედ ასეთი ინტერპრეტაცია არჩია, პრიგოჟინს თავზარი დასცა, ის მიხვდა, რომ ზედმეტად ღრმად შესტოპა. მას, ყოვლად უგუნურად, სჯეროდა, რომ შეეძლო მოსკოვს მიდგომოდა და შოიგუსა და გერასიმოვის გადადგომა მოეთხოვა, ის და პუტინი კი ისევ მეგობრებად დარჩებოდნენ. პუტინი ამ ყველაფერს ასე არ ხედავდა, ის განრისხებული იყო, პრიგოჟინი კი ცდილობდა თავი დაეძვრინა, მის რისხვას გადარჩენოდა. ამიტომ შეჩერდა არჩევანი ლუკაშენკაზე - კაცზე, ვისაც ორივესთან მიესვლებოდა.

შოიგუ და გერასიმოვი ახლა ალბათ შამპანურის ჭიქებს უჭახუნებენ ერთმანეთს და ხელგაყრილი ცეკვავენ.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება შოიგუსა და გერასიმოვს - შეუძლიათ შვებით ამოისუნთქონ? თუ ისევ ბუნდოვანია მათი მომავალი?

ალფეროვიჩი: შვებით ამოისუნთქონ კი არა, ვფიქრობ, ახლა შამპანურის ჭიქებს უჭახუნებენ ერთმანეთს და ხელგაყრილი ცეკვავენ. ეს ხომ არ იყო უბრალო მეტოქის თავიდან მოშორება - ეს მათთვის პირად დონეზეც ერთობ ტკბილი შურისძიება გამოდგა. პრიგოჟინი ხომ თავს ლაფს ასხამდა მათ საკუთარ გამოსვლებში, მოსვენებას არ აძლევდა, ტროლავდა. ასე რომ, პრიგოჟინი, რბილად რომ ვთქვათ, გულზე არ ეხატებოდათ.

რადიო თავისუფლება: შურისძიება იყო ეს თუ რეაქცია პრიგოჟინის უარზე, გაუჩინარებულიყო - ყურადღებას იქცევს განაჩენის აღსრულების ერთობ დრამატული, სენსაციური მეთოდი. მათ ხომ შეეძლოთ ათასი სხვა მეთოდი აერჩიათ პრიგოჟინის მოსაშორებლად, მაგრამ არა - თვითმფრინავი ჩამოაგდეს, კრიმინალური თრილერების საუკეთესო ტრადიციებში. რა გზავნილი იკითხება ამის უკან?

ალფეროვიჩი: პრიგოჟინი უკიდურესად პარანოიდალური იყო - აფრიკაში მისი მოკვლა ალბათ რთული იქნებოდა, ვინაიდან გარშემორტყმული იყო მისივე დაქირავებული მებრძოლებით. მოსკოვში მოკვლა, სადაც ასევე ყოველთვის გაძლიერებული დაცვით დადიოდა, სავარაუდოდ, ასევე არ იქნებოდა მარტივი საქმე. ასე რომ, არჩევანი შეჩერდა „საჰაერო უბედურ შემთხვევაზე“, ალბათ ეს ჩათვალეს ყველაზე ადვილ სცენარად. და აქ არის ერთგვარი პოეტური სამართლიანობის ელემენტიც - თუ გახსოვთ, პრიგოჟინის მარშს მოსკოვისკენ შეეწირა რამდენიმე რუსი ავიატორი, ისინი „ვაგნერმა“ ჩამოაგდო. ასე რომ, პრიგოჟინისთვის იგივე სიკვდილის მომზადება - ციდან მიწაზე დანარცხება, გარკვეულ სიმბოლიზმს ატარებს, რასაც ვფიქრობ, მოსკოვში სათანადოდ დააფასებდნენ.

რადიო თავისუფლება: ალბათ გახსოვთ, პრიგოჟინის ამბოხის შემდეგ ბევრი ამბობდა, რომ ამან პუტინი დაასუსტა, რომ მის მმართველობას ბზარები გაუჩნდა... ახლა რა ხდება - აჩვენა თუ არა პუტინმა რუსეთს და დანარჩენ მსოფლიოს, რომ კრემლში მხოლოდ ერთი ბოსია?

ალფეროვიჩი: დიახ, აჩვენა. მან დაგვანახა, რომ ამ ეტაპისთვის მაინც, ის ძალაუფლებას ინარჩუნებს. ეს იყო მკაფიო გზავნილი: ჩემი მტრები, როგორც წესი, კვდებიან ხოლმე. არასდროს დაივიწყოთ ეს.

რადიო თავისუფლება: თუნდაც ორი თვე დასჭირდეთ ამისთვის.

ალფეროვიჩი: დიახ, დიახ. ეს უკეთესიცაა, არა? როდესაც არ იცი, როდის განგგმირავს თავზემოთ დაკიდებული დამოკლეს მახვილი. მაგრამ მისი გეოპოლიტიკური პრობლემები, ვფიქრობ, ამ ნაბიჯით არ მოგვარებულა - მეტიც, გაუარესდა. აფრიკაში პრიგოჟინის სრულფასოვნად ჩანაცვლება მისთვის სერიოზული გამოწვევა იქნება იმიტომ, რომ პრიგოჟინი არ იყო საკუთარი ბიზნესიმპერიის უბრალო აღმასრულებელი დირექტორი - ის იყო ფენომენალური ორგანიზატორი, გამჭრიახი საქმოსანი და შთამაგონებელი ლიდერი თავისი ხალხისთვის. ის, რა თქმა უნდა, სასტიკი, ულმობელი ბანდიტი იყო, მაგრამ მან ისწავლა ხალხის გაძღოლა როგორც შიშზე, ასევე შთაგონებაზე დაყრდნობით. მჭიდრო, პირადი კავშირები ჰქონდა კონტინენტის დიქტატორებთან, რომელთა ჩანაცვლებაც კრემლში გაუჭირდებათ. ზემოთ „ვაგნერი“ ვახსენეთ - თუ რა ბედი ეწევა „ვაგნერს“ - ვფიქრობ, „ვაგნერის“ დღეები - როგორც ეფექტიანი მოიერიშე დანაყოფისა, რომელიც პრიგოჟინმა ასე რუდუნებით შეაკოწიწა, რომელმაც ბახმუტი აიღო - დამთავრებულია. „ვაგნერის“ კონტინგენტს „გაიწოვენ“ და მათი საერთო ეფექტიანობა მოიკლებს. ასე რომ, დიახ, მან საიქიოს გაისტუმრა მეტოქე, რომელმაც გაბედა და ორთაბრძოლაში გამოიწვია. დიახ, დაეპატრონება მის ბიზნესიმპერიას, მაგრამ გეოპოლიტიკური, სტრატეგიული გადმოსახედიდან უკრაინასა და აფრიკაში მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, თუ არ გაუარესდა კიდეც.

ეს იყო მკაფიო გზავნილი: ჩემი მტრები, როგორც წესი, კვდებიან ხოლმე. არასდროს დაივიწყოთ ეს.

რადიო თავისუფლება: დაბოლოს - მსოფლიო პრესამ გული იჯერა პრიგოჟინის სიკვდილზე პარალელების გავლებით - ზოგმა კლასიკური ლიტერატურა მოიშველია, ზოგმა პოპკულტურა და მაფიოზებზე ფილმები, ცნობილი დეტექტიური სერიალი „მოსმენა” („The Wire”)-ც კი გაიხსენეს, ომარ ლითლის ცნობილი ფრაზა: თუ მეფეს დაუმიზნებ, გიჯობს, არ ააცდინოო... ჩვენც შევიტანოთ ჩვენი მოკრძალებული წვლილი - როგორ ფიქრობთ, რა იქნებოდა შესაფერისი ეპიტაფია პრიგოჟინის საფლავის ქვაზე?

ალფეროვიჩი: ვფიქრობ, მთელი ეპიზოდი ზედმიწევნით ზუსტად ეხმიანება „ნათლიის“ პათოსს, კონკრეტულად კი იმ სცენას, სადაც მაიკლ კორლეონე ამბობს: არაფერი პირად(ულ)ი, სონი, მხოლოდ ბიზნესი! ვფიქრობ, სწორედ ეს მოხდა აქაც - პუტინი, როგორც თავადაც თქვა, მართლაც წლების მანძილზე იცნობდა პრიგოჟინს. ჯერ კიდევ 90-იანებში, ვარაუდობენ, რომ მათი გზები კაზინოებთან დაკავშირებით გადაიკვეთა, პუტინის პეტერბურგში ყოფნის ადრეულ წლებში, როდესაც ის კაზინოს ლიცენზიების გაცემაზე იყო პასუხისმგებელი და ამის შემდეგაც რამდენჯერმე გადაეყარნენ წარსულში ერთმანეთს. ასე რომ, არ მგონია, რომ სიხარულით აცახცახებული ხელით გასცა ბრძანება მისი მოშორების შესახებ - ვფიქრობ, ბევრი მცდარად ხატავს პუტინს, როგორც ერთგვარ კარიკატურულ სისხლისმსმელ და შლეგ ტირანს, რომელსაც არაფერი უხარებს ისე გულს, როგორც ხალხის ამოხოცვა. მე მას ასე სულაც არ ვხედავ. დიახ, მას არ უჭირს ხალხის მოშორება, თუ ფიქრობს, რომ ეს მის ინტერესებს წაადგება, მაგრამ არ მგონია, რომ სიხარულით აღვსილი აკეთებს ამას. ვფიქრობ, მას ერჩივნა, საქმე აქამდე არ მისულიყო, პრიგოჟინს თავისი ნებით დაეთმო ყველაფერი. მაგრამ პრიგოჟინმა ეს არ გააკეთა. ეს კი ბიზნესინტერესებს ეწინააღმდეგება. მაფია-სახელმწიფოში კი ეს უპატიებელია, ბიზნესინტერესებს ვერ შეეხები. და დღევანდელობის რუსეთი კი სწორედ მაფიური სახელმწიფოა, ეს არ არის უბრალოდ ავტორიტარული სისტემა და დიქტატურა, ეს არის განგსტერული სახელმწიფო პუტინით სათავეში, რომელიც თავის იმპერიას განგსტერული წესებით განაგებს.