დირექტივა პრეზიდენტისგან? - როგორ უჭერდა აზერბაიჯანის სამთავრობო მედია არჩევნებში მხარს „ოცნებას“

როგორ უჭერდა მხარს აზერბაიჯანული სახელისუფლებო მედია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში

აზერბაიჯანის პროსახელისუფლებო მედია საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ უჭერდა მხარს და რუსეთის სამთავრობო წრეების კვალდაკვალ, დასავლეთს საქართველოს საქმეებში ჩარევაში სდებდა ბრალს.

დამოუკიდებელი აზერბაიჯანული გამოცემის ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მედიამ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ადმინისტრაციისგან პირდაპირი დირექტივაც მიიღო, რა აქცენტებით უნდა გაეშუქებინა საქართველოს არჩევნების შედეგები.

აზერბაიჯანულ პროსახელისუფლებო მედიას საქართველოს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს ოპოზიციის წარმომადგენელი მარნეულის საკრებულოში.

არჩევნების შედეგები

მარნეულის ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 79.6% მიიღო.

საერთოდ, ქვეყნის მასშტაბით ბიძინა ივანიშვილის პარტიამ ხმების 53.93% მიიღო. დიდ ქალაქებში - კიდევ უფრო ნაკლები.

ხმების ყველაზე მეტი მაჩვენებელი „ოცნებას“ ნინოწმინდაში, საჩხერესა და ბოლნისში ჰქონდა - 88.1%, 84.5% და 81.4%.

ასევე ნახეთ „რუსული კუდი“? - ანალიტიკოსები არჩევნების მონაცემებში ანომალიებს ხედავენ

მარნეული მეოთხე ადგილზე გავიდა.

შემდეგ იყვნენ ლენტეხი (75.4% „ოცნებას“), დმანისი (75.4%), მესტია (72.5%) და წალკა (71.5%).

ბრალდება ჩარევაზე

არჩევნებამდე 2 დღით ადრე, მარნეულში ოპოზიციური პარტიის, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, მარნეულის საკრებულოს დეპუტატმა ნარგიზ ალიევამ აზერბაიჯანის ერთ-ერთი მაუწყებელი, „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მაუწყებელი“ (ARB TV) საქართველოს არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა.

24 ოქტომბერს ალიევამ ფეისბუკზე დაწერა, რომ ცნობილმა ტელეწამყვანმა, ხოშგადამ ჰიდაიათგიზიმ - რომელსაც აპოლიტიკური ტოქშოუ მიჰყავს - ღიად დაუჭირა მხარი „კონკრეტულ პარტიას სხვა ქვეყნის არჩევნებში“.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ნარგიზ ალიევა ამბობს:

„მართალია, გადაცემაში მას სიტყვები „ქართული ოცნება“ არ უხსენებია, მაგრამ თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა აირჩიონ ხელისუფლება, რომელიც მშვიდობაზე მუშაობს და არ უნდა აირჩიონ ომი, რათა უკრაინის მსგავსი სცენარი არ მოხდეს და ა.შ“.

ნარგიზ ალიევა ამბობს, რომ მოგვიანებით ეს ვიდეო „მმართველი პარტიის მხარდამჭერმა ქართველმა აზერბაიჯანელებმაც გააზიარეს სოციალურ ქსელებში“.

ამ რეგიონში მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა 80%-ზე მეტი ეთნიკურად აზერბაიჯანელია. ადგილობრივი მედიის თანახმად, რეგიონის მოსახლეობის საინფორმაციო ველში რუსული და აზერბაიჯანული მედია დომინირებს.

ალიევას თქმით, იგი დაუკავშირდა აზერბაიჯანის საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც უარყვეს, „ქართული ოცნების“ სასარგებლო აგიტაცია:

„ისინი ამბობენ, რომ ამ გადაცემაში პირდაპირ მხარდაჭერა რაიმე პარტიისა არ ყოფილა, მაგრამ სინამდვილეში, ნამდვილად იყო… მე საყვედური დავაფიქსირე“, - უთხრა მან პირველ ნოემბერს რადიო თავისუფლებას.

28 ოქტომბერს რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ცნობილი კარიკატურისტის, გუნდუზ აღაევის კარიკატურა, - ერთი ტროლი მეორეს ეუბნება:

„საქართველოს არჩევნებში ხოშგადამის ოცნება ავახდინეთ. ახლა ფაშინიანის შეცვლაღა დაგვრჩა“.

„საქართველოს არჩევნებში ხოშგადამის ოცნება ავახდინეთ. ახლა ფაშინიანის შეცვლაღა დაგვრჩა“

ხოშგადამი 2016 წელს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დააჯილდოვა „ღირსეული ჟურნალისტის“ ტიტულით.

კიდევ ერთ კარიკატურაში, რომელიც პრაღაში რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ილუსტრატორმა გამოაქვეყნა, გამოსახულია მაზაჰირ პანაჰოვი, - აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, - რომელსაც უცნობი ეუბნება:

„მაზაჰირ მასწავლებელო, ხომ არ დაგავიწყდა, მუნიციპალური არჩევნები რომ უნდა ჩავატაროთ?“

ცესკოს თავმჯდომარე კი უპასუხებს: „რაო? მუნიციპალურიო? ეგ რაღაა? ამდენი არჩევნები ვის გაუგია? ცოტა ხნის წინ არ გვქონდა არჩევნები საქართველოში?“.

ავტორი: გუნდუზ აღაევი

„დირექტივა პრეზიდენტისგან“

26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აზერბაიჯანში დარეგისტრირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიასაშუალებებმა მიიღეს ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა ესაუბრათ არჩევნების შედეგებზე, - იუწყება დამოუკიდებელი გამოცემა „მიკროსკოპი“

„მიკროსკოპ მედიის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ინსტრუქციები, მათ შორის დირექტივები რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე, უშუალოდ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ადმინისტრაციამ გაგზავნა პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებთან.

ირაკლი კობახიძე და ილჰამ ალიევი აზერბაიჯანში. 2024 წლის 16 მარტი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ლიდერს შორის, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მიულოცეს.

„ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს სომხეთის, უნგრეთის, თურქეთის, ჩინეთისა და ვენესუელის წარმომადგენლებმა.

რა წერია ინსტრუქციებში?

ინსტრუქციაში გამოკვეთილია, თუ რა აქცენტებით უნდა გაეშუქებინათ მედიასაშუალებებს არჩევნების შედეგები, და, ასევე, როგორი კომენტარები უნდა გაეკეთებინათ ხელისუფლებისგან კონტროლირებული არასამთავრობო ორგანიზაციების (gongo-ების) წარმომადგენლებს. კერძოდ:

  • „ქართველმა ამომრჩევლებმა აირჩიეს მშვიდობა, განვითარება, ტრადიცია და ეროვნული ფასეულობები - ნაცვლად ომისა და კონფლიქტისა“;
  • „საქართველოს მთავრობამ მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს პრობლემების მოგვარებაზე იმ ტერიტორიებზე, სადაც აზერბაიჯანელები ცხოვრობენ“;

სკრინშოტი „მიკროსკოპის“ საიტიდან

  • „აზერბაიჯანელებმა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, მხარი დაუჭირეს აზერბაიჯანის რეგიონულ პოლიტიკას, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პოზიციასა და აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობების განმტკიცებას“;
  • „აზერბაიჯანელი ამომრჩევლის მიერ მმართველი პარტიისთვის მიცემულმა ხმებმა მის მიერ მიღებული საერთო ხმების 7-8% შეადგინა“;
  • „არჩევნების შედეგებმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა დასავლეთის პოლიტიკას საქართველოში და მის მცდელობებს, შექმნას გამყოფი ხაზები რეგიონში“;
  • „ოპოზიციას რომ გაემარჯვა, დაიწყებოდა რეგიონის დაყოფის პოლიტიკა "დასავლეთის მხარდაჭერის მქონე" პრეზიდენტის დახმარებით“;
  • „რაც შეეხება სომხეთს, მოსალოდნელია, რომ საბოლოოდ, ეს ქვეყანაც გააცნობიერებს, რომ ის ამ რეგიონს ეკუთვნის“.

„მიკროსკოპი“, რომელიც 2018 წელს შეიქმნა, ბერლინშია დაფუძნებული. ის დააარსეს დევნილმა ჟურნალისტებმა, ფატიმა ქერიმოვამ და ჯავიდ აბდულაევმა. ორგანიზაციის ერთ-ერთი პარტნიორია „კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის საერთაშორისო ცენტრი“ (OCCRP).

როგორ აღასრულეს დირექტივა?

„მიკროსკოპ მედიის“ მონიტორინგის შედეგადვე გამოჩნდა, რომ ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის გაცემული ინსტრუქციით იხელმძღვანელეს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისა და კომენტირებისას.

არაერთ შემთხვევაში, გამოქვეყნებული სტატიების შინაარსი ინსტრუქციების იდენტური იყო.

მაგალითად, აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Respublika-ში გამოქვეყნებული სტატიის სათაური ასეთია:

„მმართველი "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ მთავარი პოლიტიკური ძალაა ქვეყანაში“.

სკრინშოტი Respublika-ს საიტიდან

ამონარიდი სტატიიდან: „აზერბაიჯანელი ამომრჩევლის მიერ მმართველი პარტიისთვის მიცემულმა ხმებმა მის მიერ მიღებული საერთო ხმების 7-8% შეადგინა“.

აზერბაიჯანის კიდევ ერთი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს (AzerTAC-ის) პუბლიკაციაში წერია: „აზერბაიჯანელების აქტიურმა მონაწილეობამ საქართველოს არჩევნებში გადამწყვეტი როლი ითამაშა“.

პუბლიკაცია შეიცავს ინტერვიუს არასამთავრობო ორგანიზაცია „აზერბაიჯანის ფორუმის“ თავმჯდომარე რამილ ისგანდერლისთან. ამონარიდები ინტერვიუდან:

  • „არჩევნების შედეგებმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა დასავლეთის პოლიტიკას საქართველოში და მის მცდელობებს, შეექმნა გამყოფი ხაზები რეგიონში“;
  • „საქართველოში სამასი ათასი აზერბაიჯანელი ცხოვრობს და ყველა რეგიონში, სადაც ისინი ცხოვრობენ, "ქართული ოცნების" ხმების პროცენტი მაღალი იყო“;
  • „დასავლეთის სურვილია რეგიონის გაყოფა, მეორე ფრონტის გახსნა და საქართველოს დასავლეთის კოლონიად გადაქცევა…“

სკრინშოტი Sherg-ის საიტიდან

ინსტრუქციებს მიჰყვება გაზეთ „შარგის“ (sherg) ონლაინვერსიაც, სადაც საქართველოს არჩევნების შედეგებზე გამოქვეყნებული მოსაზრების სათაურია: „ხალხმა თავისი სიტყვა თქვა; საქართველოში რევოლუცია არ იქნება“. ამონარიდები პუბლიკაციიდან:

  • „საქართველოს მოქალაქეები ეწინააღმდეგებოდნენ დასავლეთის პოლიტიკას, რაც რეგიონის დაქუცმაცებასა და კონფლიქტების წაქეზებას გულისხმობს“;
  • „არჩევნების შედეგები განსხვავებული რომ ყოფილიყო, გააქტიურდებოდა რეგიონის გაყოფის პროცესი, გაიხსნებოდა მეორე ფრონტი და საქართველო დასავლეთის კოლონიად გადაიქცეოდა, ამ პოლიტიკას კი დასავლეთთან დაკავშირებული პრეზიდენტი ჩაუდგებოდა სათავეში“.
  • „ვიმედოვნებთ, რომ ამიერიდან საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტია უფრო მჭიდროდ დაინტერესდებიან აზერბაიჯანელების პრობლემებით და გადადგამენ რეალურ ნაბიჯებს ამ პრობლემების გადასაჭრელად“.

სხვა საინფორმაციო საშუალებები, რომლებმაც მსგავსი აქცენტებით გამოაქვეყნეს სტატიები:

საინფორმაციო სააგენტო Report-ი: „საქართველოს აზერბაიჯანელების არჩევანი - მშვიდობა, სტაბილურობა, თანამშრომლობა, ერთიანობა“.

საინფორმაციო სააგენტო Trend-ი: „საქართველო ამსხვრევს დასავლურ ოცნებას: ხალხი ირჩევს მომავალ კეთილდღეობას“.

რას ამბობენ ხელისუფლების წარმომადგენლები?

არაერთი პუბლიკაცია შეიცავს აზერბაიჯანის მმართველი პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის“ წევრების კომენტარებს. მაგალითად, Trend-ის პუბლიკაციაში:

პარლამენტის წევრი აზერ ბადამოვი: „საქართველოს მთავრობა, სავარაუდოდ, დააფასებს აზერბაიჯანელების ერთგულებას სახელმწიფოსადმი და მათი საწუხარის მოგვარებაზე ფოკუსირდება“.

აზერ ბადამოვი

პარლამენტის წევრი ვუგარ ისკანდეროვი: „აზერბაიჯანელმა ამომრჩევლებმა მმართველი პარტიის ხმების დაახლოებით 7-8 პროცენტი შეადგინეს“.

ამასთან, „მიკროსკოპის“ თანახმად, აზერბაიჯანული არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიჰყვნენ ინსტრუქციას პრეზიდენტის ადმინისტრაციისაგან.

მაგალითად, ინსტრუქციის სრული ტექსტი სოციალურ ქსელში სიტყვასიტყვით გამოაქვეყნეს:

  • „ახალგაზრდა პატრიოტთა კავშირის” თავმჯდომარემ მუგან ალიევმა;
  • „დაბალშემოსავლიანი მოქალაქეების მხარდამჭერმა საზოგადოებრივმა კავშირმა“ - „ულვიმ“;
  • „მიგრაციის განვითარების საჯარო კავშირმა“ და სხვებმა.

რა ხდებოდა მანამდე?

26 ოქტომბრის არჩევნებამდე აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია უკვე აკრიტიკებდა საქართველოს ოპოზიციას.

„მიკროსკოპ მედიის“ წინა მონიტორინგი აჩვენებდა, რომ არაერთი აზერბაიჯანული მედიასაშუალება დასავლეთს „საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში“ ადანაშაულებდა, მათ შორის - AZTV, Real TV და ARB24.

მაგალითად, AZTV-ის 76-წუთიან გადაცემაში, რომელიც 16 ოქტომბერს გავიდა ეთერში, 26 წუთი დაეთმო საქართველოს.

სტუმარმა, პარლამენტის წევრმა სამად სეიდოვმა დაგმო „დასავლეთის გავლენის მცდელობა“ საქართველოზე და თქვა: „დასავლეთის პოლიტიკა ხალხს კატასტროფისკენ მიაქანებს“.

სამად სეიდოვი

მას ვრცელი ანტიდასავლური გამოსვლა ჰქონდა:

„საქართველოში ხალხი აცნობიერებს, რომ ქვეყანას კარგავენ. დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ქრება. ეს ყველაფერი დასავლეთის გრანტებისა და ფულის გამო ხდება. ამიტომ ვხედავთ ლგბტ მოძრაობას და არასამთავრობო ორგანიზაციებს. დასავლეთი ცვლის გონებას საქართველოში იმ მილიარდების დახმარებით, რაც დახარჯა ქვეყანაზე. პროცესები, რასაც საქართველოში ვაკვირდებით, ფუნდამენტურია. თუმცა, მთავარი საფრთხე ისაა, რომ ისინი ერევიან კიდეც საარჩევნო პროცესში“.

ტელევიზია ARB 24-ზე კიდევ ერთმა პარლამენტარმა, ჰიკმეთ ბაბაოღლუმ განაცხადა: „თუკი დასავლეთი [საქართველოს არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებით] ძალებს მოიკრებს, ჩვენ შესაძლოა ერთი ნაბიჯით დავუახლოვდეთ სომხეთთან ომს“.

წინასაარჩევნო სამთავრობო სააგენტოებმა ინტერვიუები ჩამოართვეს „ქართული ოცნების“ კანდიდატებს, ზაურ დარგალისა და სავალან მირზოევს, რომლებმაც დასავლეთის მიერ „საქართველოს ომში ჩართვის“ შესახებ ისაუბრეს.

სტატიის მომზადებაში წვლილი შეიტანა ელენე კობახიძემ.