როგორც ის რადიო თავისუფლებას უყვება, 18 ივლისს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისულ ჟურნალისტს, პასპორტის კონტროლის გავლისას უთხრეს, რომ ერთადერთი ქვეყანა, სადაც მას საქართველოდან წასვლა შეეძლო, ეს მისი წარმოშობის ქვეყანა, ანუ აზერბაიჯანი იყო.
„ჩემს ცოლ-შვილს ჩაურტყეს ბეჭდები“
აფგან სადიგოვი ოჯახთან ერთად, თურქეთის გავლით, მესამე ქვეყანაში მიდიოდა: „ჩემს ცოლ-შვილს ჩვეულებრივად ჩაურტყეს პასპორტებში ბეჭედი. მე კი მითხრეს, მხოლოდ ბაქოში შეგიძლია წასვლაო. ოჯახმა ჩემ გარეშე წასვლაზე უარი თქვა და დავრჩით საქართველოში“.
აფგან სადიგოვი, რომელიც აზერბაიჯანში ორჯერ, ჯერ 2016 წელს და შემდეგ 2020 წელს დააპატიმრეს, თავს ყოფილ პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ამბობს, რომ დღესაც იდევნება მისი საქმიანობის გამო და არც ის და არც მისი ოჯახი საქართველოში თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობენ.
23 ივლისს აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა და მისმა ცოლმა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიაკითხეს:
„განცხადება შევიტანეთ, იქნებ დაგვეხმარონ მესამე ქვეყანაში გასვლაში. გამოვიდა ადამიანი საელჩოდან, ვუთხარით, რატომ ვართ მოსულები, მივეცით წერილი, სადაც წერია, რომ საქართველოში ყოფნა ჩვენთვის უსაფრთხო აღარაა და დაგვეხმარონ რომელიმე მესამე ქვეყანაში წასვლაში. აქ ძალიან გვეშინია. არ ვიცი, რა მოხდება ერთი წუთის ან ერთი საათის შემდეგ“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.
აფგან სადიგოვი ცოლთან და ორ არასრულწლოვან შვილთან, 10 და 15 წლის გოგოებთან ერთად, საქართველოში შარშან, 24 დეკემბერს ჩამოვიდნენ. ბოლო შვიდი თვეა ოჯახი თბილისში ცხოვრობს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მანამდე, წელიწად-ნახევრით ადრეც იმყოფებოდა საქართველოში.
ის რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, საქართველოში სამკურნალოდ, საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ ჩამოვიდა:
„2020 წელს რომ დამაპატიმრეს, ციხეში შიმშილობა დავიწყე. 242 დღის განმავლობაში ვიშიმშილე, რამაც ძალიან შეარყია ჩემი ჯანმრთელობა და სამკურნალოდ საქართველოში ჩამოვედი. შემდეგ კვლავ აზერბაიჯანში დავბრუნდი, მაგრამ იმის გამო, რომ იქ თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობდი, ცოლ-შვილთან ერთად თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად და აქედან, დისტანციურად ვაგრძელებდი ჩემს პროფესიულ საქმიანობას“.
როგორც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ეუბნება რადიო თავისუფლებას, უსაფრთხოების განცდა არც საქართველოში ჰქონდა და ამიტომ ბოსნია-ჰერცეგოვინაში გადაწყვიტა წასვლა.
აფგან სადიგოვი შიშობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე, მის წინააღმდეგ აზერბაიჯანში არანაირი სისხლის სამართლის საქმე არაა აღძრული, შესაძლოა, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ „კვლავ შეკეროს საქმე“ და საქართველოს მისი გადაცემა მოსთხოვოს:
„ორჯერ ვიყავი პოლიტპატიმარი აზერბაიჯანში. ვიცი, რომ მათ უნდათ, ისევ შემიქმნან პრობლემები, ისევ დამაპატიმრონ, რომ გავჩუმდე. კოლეგები და მეგობრები მაფრთხილებდნენ, რომ შეიძლება ეს ასე მომხდარიყო. ვიცი, რომ დღეს, ჩემ მიმართ აზერბაიჯანი არანაირ სისხლის სამართლის საქმეს არ აწამოებს. მაგრამ ახლა რას იზამენ და როგორ მოიქცევიან, აღარ ვიცი.
საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებები მეგობრობენ. ალიევს შეუძლია მოსთხოვოს საქართველოს ჩემი გადაცემა და რასაც ის მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლება ამას შეასრულებს. მე ამის მეშინია“, - ამბობს აფგან სადიგოვი.
სიცალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს აფგან სადიგოვის ცოლი, სევინჩ სადიგოვა. ის წერს, რომ მათი სიცოცხლე საფრთხეშია:
"საქართველოს ხელისუფლება კვლავ დუმს. ჩვენ ისევ თბილისში ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენი სიცოცხლე საფრთხეშია. თუკი სახელმწიფო შეასრულებს აზერბაიჯანის უკანონო ბრძანებას, ის ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ ნდობასა და დემოკრატიას".
„არანაირი წერილობითი დოკუმენტი, მხოლოდ ზეპირი უარი“
რატომ არ მისცეს აფგან სადიგოვს საქართველოდან მესამე ქვეყანაში წასვლის უფლება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამ კითხვაზე პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ამ ეტაპზე, ვერ ვიღებთ.
აფგან სადიგოვის ინტერესების დამცველი, „უფლებები საქართველოს“ იურისტი, მარიამ მაღრაძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ისინი უახლოეს დღეებში მიმართავენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ოფიციალურ განმარტებას მოითხოვენ უწყებისგან, თუ რატომ არ გაუშვეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოდან მესამე ქვეყანაში:
„მესაზღვრეს მისთვის არ ჩაუბარებია არანაირი დასაბუთებული გადაწყვეტილება. მხოლოდ სიტყვიერად მოხდა მასთან გასაუბრება და ზეპირად განუმარტეს, რომ მას არ უშვებდნენ მესამე ქვეყანაში და მხოლოდ აზერბაიჯანში დაბრუნება შეეძლო.
ვამზადებთ განცხადებას, რომ ჩაგვაბარონ წერილობითი გადაწყვეტილება, რათა გავარკვიოთ, რა გახდა უარის თქმის მიზეზი. უახლოეს დღეებში მივმართავთ სახალხო დამცველსაც“, - ამბობს მარიამ მაღრაძე.
რას ედავებოდა აზერბაიჯანის პროკურატურა აფგან სადიგოვს 2020 წელს?
აფგან სადიგოვი, დამოუკიდებელი აზერბაიჯანული მედიაპორტალის მთავარი რედაქტორი, აზერბაიჯანში კორუფციასა და სოციალურ საკითხებზე წერს. მისი პუბლიკაციები ხშირად ეძღვნება აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკასა და ადგილობრივი ოფიციალური პირების უკანონო საქმიანობას.
2020 წლის გაზაფხულზე ის სახლიდან სასურსათო მაღაზიაში გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. რამდენიმე საათის შემდეგ, მის სახლში პოლიციელები მივიდნენ და ცოლს შეატყობინეს, რომ აფგან სადიგოვი დაკავებული იყო.
ერთი დღის შემდეგ, აფგან სადიგოვს გამოძალვის მუხლით წაუყენეს ბრალი - მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიება ამბობდა, რომ ის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ჰპირდებოდა, რომ ფულის სანაცვლოდ მის შესახებ კრიტიკულ სტატიას არ გამოაქვეყნებდა.
სადიგოვის ადვოკატი მაშინ ამბობდა, რომ ჟურნალისტი უდანაშაულო იყო და ის ხელისუფლებამ შურისძიების მიზნით, მას შემდეგ დააკავა, რაც აფგანმა გამოაქვეყნა სტატია პოლიციელების მიერ სექსუალური ძალადობის ფაქტებსა და ძალადობის მსხვერპლების დაშინებაზე.
2020 წლის ნოემბერში, აფგან სადიგოვს სასამართლომ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო, მისმა ადვოკატმა კი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. 2021 წელს აზერბაიჯანელ ჟურნალისტს პატიმრობის ვადა უზენაესმა სასამართლომ 4 წლამდე შეუმცირა. თითქმის ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ის ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს.
თბილისი - საშიში ადგილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტებისთვის?
ერთ-ერთი პირველი, ვინც აფგან სადიგოვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეფერხების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, აფგან მუხთარლი იყო. აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი კიდევ ერთი ჟურნალისტი, რომელიც თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით.
მას აზერბაიჯანის სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2020 წლის მარტში აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მოულოდნელად გაათავისუფლა და სპეციალური ავიარეისით გაამგზავრა გერმანიაში, სადაც 2019 წლიდან ცხოვრობენ მისი ცოლი ლეილა მუსტაფაევა და შვილი. გერმანიამ მუხთარლის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. აფგან მუხთარლი მიიჩნევს, რომ საქართველოდან მისი გატაცება და აზერბაიჯანში გადაყვანა, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოხდა.
აფგან სადიგოვის შესახებ, მუხთარლიმ სოციალურ ქსელში დაწერა:
„ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ალიევის ხელისუფლებას ჟურნალისტის დაკავება სურს. ამ ეტაპზე მისი ბაქოში დაბრუნება სურთ, რომ შემდეგ იქ დააკავონ. დიდი ალბათობით, თუკი აფგანი თავისით არ დაბრუნდება, ივანიშვილის ხელისუფლება მას მაინც გადასცემს აზერბაიჯანს. ივანიშვილი მთავარი ფიგურაა, განსაკუთრებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის“.
აფგან მუხთარლი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში იხსენებს კიდევ ერთ აზერბაიჯანელ ბლოგერსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტს, ჰუსეინ ბაკიხანოვს, რომელიც თბილისში, 14 ივლისს დაიღუპა.
აზერბაიჯანელი ბლოგერის გარდაცვალების საქმეზე მაშინ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ასევე ნახეთ სასტუმრო „რუმსში“ აცხადებენ, რომ აზერბაიჯანელი ბლოგერი სასტუმროს სახურავიდან გადმოხტაგამოძიების ოფიციალური ვერსიით, ბაკიხანოვი თბილისში, სასტუმრო „რუმსის“ მეშვიდე სართულიდან გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მაშინ სასტუმროს ადვოკატი ამბობდა, რომ ახალგაზრდა კაცი სამსახურის საძებნელად იყო მისული და მისი თვითმკვლელობის შემსწრე სასტუმროს ორი თანამშრომელი გახდა.
გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, აზერბაიჯანელმა ბლოგერმა თბილისში, 12 ივლისს მომხდარი თავდასხმის შესახებ youtub-არხზე ვიდეოც ატვირთა სახელწოდებით „შეთქმულება, აზერბაიჯანელი ხელისუფლების სამაგიერო თუ შემთხვევითობა? თბილისში ხუთი ადამიანი დამესხა თავს“.
ვიდეოში ჰუსეინ ბაკიხანოვი ჰყვებოდა, რომ მან თბილისში რამდენიმე აზერბაიჯანელი გაიცნო. 12 ივლისს კი მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ბლოგერი დაზუსტებით ვერ ამბობდა, ეს თავდასხმა მოწყობილი იყო თუ არა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ, მაგრამ ამის არც გამორიცხვა შეეძლო.
აფგან მუხთარლი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ჰუსეინ ბაკიხანოვის საქმეს მკვლელობის საქმეს უწოდებს, რომელიც „საქართველოს ხელისუფლებამ დაფარა“.
ასევე ნახეთ რეპრესიებს გამოქცეული დისიდენტები აზერბაიჯანის ხელს საქართველოშიც გრძნობენ