Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასტუმრო „რუმსში“ აცხადებენ, რომ აზერბაიჯანელი ბლოგერი სასტუმროს სახურავიდან გადმოხტა


ოპოზიციურად განწყობილი აზერბაიჯანელი აქტივისტისა და ბლოგერის, ჰუსეინ ბაკიხანოვის საქართველოში გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას განუცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ბლოგერი თბილისში, სასტუმრო “რუმსიდან“ გადმოხტა. სხვა განმარტებას შსს-ში, ამ ეტაპზე, არ აკეთებენ.

ბლოგერის გარდაცვალების შესახებ კომენტარს აკეთებს „რუმსის“ ადვოკატი, კახაბერ წერეთელი, რომელიც ამბობს, რომ ახალგაზრდა კაცი ორი კვირის წინ, 14 ივლისს, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „რუმსის“ მეშვიდე სართულიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.

მისი თქმით, ჰუსეინ ბაკიხანოვი „რუმსში“ სამსახურის საძებნელად იყო მისული და მისი თვითმკვლელობის შემსწრე სასტუმროს ორი თანამშრომელია:

„მან წარმატებით გაიარა გასაუბრება სხვა პირებთან ერთად. გადაწყვეტილი იყო მისი სამსახურში მიღება. სასტუმროს თანამშრომლები მას სხვა პირებთან ერთად აცნობდნენ სასტუმროს ინფრასტრუქტურას, გაცნობითი ტური იყო. ამ დროს ის მოწყდა ჯგუფს, როდესაც მოიკითხეს, სად იყო, უთხრა, რომ იყო სასტუმროს სახურავზე. სახურავზე ავიდა ტურის ხელმძღვანელი, დაცვის თანამშრომელთან ერთად, მათ დანახვაზე, მობრუნდა და მოხდა ეს ამბავი. ამ ფაქტს უშუალოდ შეესწრო ეს ორი თვითმხილველი. მათ თვალწინ გადახტა. დააწყო ნივთები და გადახტა. მიმდინარეობს გამოძიება, დაიკითხნენ თანამშრომლები, ჩანაწერები, ყველაფერი მიწოდებული გვაქვს. სასტუმროს თანამშრომლებს მის შესახებ CV-ს დონეზე ჰქონდათ ინფორმაცია“.

ბლოგერის, ჰუსეინ ბაკიხანოვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 29 ივლისს, ფეისბუქის საშუალებით გაავრცელა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ, რომელსაც 4 წლის წინ, თავად შეექმნა სერიოზული პრობლემები აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან. აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით. მას აზერბაიჯანის სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აფგან მუხთარლი 2020 წლის მარტში, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მოულოდნელად გაათავისუფლა და სპეციალური ავიარეისით გაამგზავრა გერმანიაში, სადაც 2019 წლიდან ცხოვრობენ მისი ცოლი ლეილა მუსტაფაევა და შვილი. გერმანიამ მუხთარლის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

რადიო თავისუფლება აფგან მუხთარლის ბერლინში დაუკავშირდა. ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ ჰუსეინ ბაკიხანოვს თავი არ მოუკლავს და ის ამბობს, რომ ბლოგერი აზერბაიჯანის ხელისუფლების დაკვეთით მოკლეს. ჟურნალისტის თქმით, ბაკიხანოვი საქართველოში ჩამოსვლამდე, აზერბაიჯანში ორი კვირის განმავლობაში იყო დაკავებული:

„ძალიან ბუნდოვანი საქმეა. გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, 12 ივლისს, მას თბილისის ცენტრში ფიზიკურად გაუსწორდა რამდენიმე აზერბაიჯანელი. ამის შესახებ მან პოლიციასაც შეატყობინა, სასწრაფო დახმარებაც გამოიძახა. პოლიციას ოფიციალური ინფორმაციაც კი არ გაუვრცელებია მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ რაც ჰუსეინი რამდენიმე დღის განმავლობაში აღარ ჩანდა, მისი ძებნა დაიწყო თბილისში მცხოვრებმა კიდევ ერთმა პოლიტიკურმა დევნილმა ავთანდილ მამედოვმა და სწორედ გუშინ შეიტყო, რომ ჰუსეინი გარდაიცვალა. ჰუსეინი მაისში, აზერბაიჯანში 15 დღით დააკავეს. გათავისუფლების შემდეგ მან განაცხადა, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში აწამეს და ემუქრებოდნენ გაუპატიურებით. მან ინტერვიუებიც მისცა. ამის შემდეგ მან დატოვა აზერბაიჯანი და ჩამოვიდა თბილისში. არ მჯერა მისი თვითმკვლელობის. წელს ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც აზერბაიჯანელი პოლიტიკური დევნილი კვდება საზღვარგარეთ. ერთი პოლიტიკური დევნილი ბელგიაში გარდაიცვალა, მისი ცხედარი მდინარეში იპოვეს, მეორე კი სტამბოლში. გარდაცვლილის გვამი ზღვაში აღმოაჩინეს. ეს კი უკვე მესამე შემთხვევაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კრიტიკულად განწყობილ ბლოგერებს აზერბაიჯანის სახელმწიფო ამ გზით სჯის“.

გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, აზერბაიჯანელმა ბლოგერმა თბილისში, 12 ივლისს მომხდარი თავდასხმის შესახებ საკუთარ youtub არხზე ვიდეოც გაავრცელა სახელწოდებით „შეთქმულება, აზერბაიჯანელი ხელისუფლების სამაგიერო თუ შემთხვევითობა? თბილისში ხუთი ადამიანი დამესხა თავს“

ვიდეოში ჰუსეინ ბაკიხანოვი ყვება, რომ მან თბილისში რამდენიმე აზერბაიჯანელი გაიცნო. 12 ივლისს კი ამ პირებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ბლოგერი ამბობს, მას დაზუსტებით არ შეუძლია იმის თქმა, ეს თავდასხმა მოწყობილი იყო თუ არა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ, მაგრამ ამის არც გამორიცხვა შეუძლია: „ორი-სამი დღის წინ გავიცანი ხუთი აზერბაიჯანელი. დღეს, როდესაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს და მეც შეურაცხყოფითვე ვუპასუხე, თავს დამესხნენ, მცემეს. დავრეკე 112-ში, მოვიდა, სასწრაფო, პოლიცია. მაქვს დაზიანებები. არ მჯერა, რომ ეს შემთხვევითობაა. ორი დღეში დევნილის ID ბარათი უნდა მივიღო და ამ დროს ეს ხდება“.

იურისტი და ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ სისხლის სამართლის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი, რა მუხლითაცაა აღძრული აზერბაიჯანელი ბლოგერის გარდაცვალების საქმე, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებში გადის, რაც ამ შემთხვევაში, თავშივე მიუთითებს იმაზე, რომ არ არის სრულყოფილი გამოძიების ჩატარების შესაძლებლობა:

„ამ ტიპის დანაშაულზე, როგორც წესი, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები არ ტარდება. მაგალითად, ვინმეს მოსმენა, ვიდეო-ჩანაწერების ამოღება. როგორც წესი, გამოძიება ეყრდნობა ხოლმე მხოლოდ მოწმეების ჩვენებებს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ასეთი დანაშაულების გამოძიება სათანადოდ არ ხდება ხოლმე. ცხადია, მაღალი საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, გამოძიებას შესაძლოა გაასაჯაროოს ინფორმაცია, მაგრამ ნაკლებად მძიმე დანაშაულის გამოძიებისას, საპროცესო კოდექსის 143-ე მუხლის მესამე პრიმა ტერცია მუხლისა და 136-ე მუხლის საფუძველზე, გამოძიება მაგალითად, ვერ ამოიღებს ელექტრონულ მოწყობილობებში არსებულ ინფორმაციას, იქნება ეს კომპიუტერში, ტელეფონში თუ ვიდეო მოწყობილობებში არსებულ ინფორმაციას. ეს კვალიფიკაცია თავშივე მიუთითებს იმაზე, რომ სამართლებრივად გამოძიების სრულყოფილად ჩატარების შესაძლებლობას არ იძლევა, რაც ჩემი აზრით, არ არის გამართლებული“.

ჰუსეინ ბაკიხანოვი საკუთარ youtub არხზე აზერბაიჯანის ხელისუფლების მკაცრი კრიტიკით გამოირჩეოდა.

რამდენიმე თვის წინ ის რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულმა ბიურომაც ჩაწერა, სადაც ის აზერბაიჯანში წყლის ხარისხზე ლაპარაკობს და აკრიტიკებს Azersu-ს სახელმწიფო კონგლომერატს.

როდის ჩამოვიდა ჰუსეინ ბაკიხანოვი თბილისში? როდის მიმართა იუსტიციის სამინისტროს დევნილის სტატუსის მინიჭების თხოვნით? რადიო თავისუფლებამ ეს კითხვები უწყებას უკვე დაუსვა. დამატებით ინფორმაციას ჰუსეინ ბაკიხანოვის შესახებ, რადიო თავისუფლება პასუხების მიღებისთანავე შეგატყობინებთ.

XS
SM
MD
LG