ულტრამემარჯვენე ოპოზიციური „თავისუფლების პარტია“, რომელიც ორი წელია ლიდერობს გამოკითხვებში ცდილობს ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ მათ სულ უფრო ხალხმრავალ გემს კატასტროფა ემუქრება.
„თუ გემს ნახვრეტი გაუჩნდა, ის უნდა ამოიქოლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში გემი ჩაიძირება“, - განაცხადა ამ პარტიის ლიდერმა ჰერბერტ კიკლმა ავსტრიის სიდიდით მეორე ქალაქ გრაცში ჩატარებულ მიტინგზე. ეროვნული არჩევნები ავსტრიაში 29 სექტემბერს ტარდება.
მისი ევროსკეპტიკური პარტია თავის ბოლოდროინდელ წარმატებას უნდა უმადლოდეს პოსტპანდემიურ რისხვას, ინფლაციას, შიშებს უკრაინის ომთან დაკავშირებით და ანტიიმიგრანტული განწყობებს.
„თუ წყალს შემოუშვებ, სალონებზე გადაანაწილებ და მხოლოდ რამდენიმე ლიტრს ამოტუმბავ, გემი ფსკერისკენ წავა. არ მინდა ავსტრია ჩაიძიროს. ამიტომაც, ხვრელს დავგმანავთ და აღარ მივიღებთ თავშესაფრის მოთხოვნებს“, - თქვა კიკლმა.
რასიზმის ბრალდებები
55 წლის კიკლი ანათემაა პოლიტიკური კონკურენტებისთვის და ქვეყნის ყველაზე საძულველ პოლიტიკოსთა შორის სახელდება. მის პარტიას სამშობლოშიც და საზღვარგარეთაც ქსენოფობიაში, რასიზმსა და ანტისემიტიზმში ადანაშაულებენ. კრიტიკოსები ამბობენ, რომ პარტიის ნაციონალისტური და ანტიმუსლიმური პოლიტიკა ქვეყანას ყოფს და ძირს უთხრის სოციალურ ერთიანობას, მისი ევროსკეპტიციზმი კი საფრთხეს უქმნის ავსტრიის როლს ევროკავშირში.
მიუხედავად ამისა, „თავისუფლების პარტია“ ემზადება გახდეს პირველი ულტრამემარჯვენე პარტია ავსტრიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელიც არჩევნებს მოიგებს.
Your browser doesn’t support HTML5
მთავრობის ჩამოყალიბება მას ძალიან გაუჭირდება და კანცლერ კარლ ნეჰამერის მმართველი კონსერვატიული სახალხო პარტია მაინც შეძლებს საკუთარი პირობების კარნახს. მიუხედავად ამისა, თუ „თავისუფლების პარტიამ“ გაიმარჯვა, ის შეეცდება გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ ავსტრიაზე, არამედ მთელს ევროპაზე.
ბრძოლა მიგრანტების წინააღმდეგ
„თავისუფლების პარტია“ გეგმავს მიგრანტების ნაწილი ქვეყნიდან გააძევოს (ამას პარტია „რემიგრაციას“ უწოდებს), არასანქცირებული მიგრანტებს და თავშესაფრის მაძიებლებს შემწეობები შეუმცირეს და აღარ მისცეს უფლება საზღვარგარეთ მყოფ ოჯახის წევრებს უკვე ქვეყანაში მყოფ მიგრანტებთან ჩამოვიდნენ.
ბოსნიელი ბაჰრო კაკაპური 1991 წელს სერბეთში ომს გამოექცა და თავი ავსტრიას შეაფარა. მას უკვე 20 წელია, კაფე აქვს გახსნილი და ძირითადად თურქ, სირიელ და ბალკანელ ემიგრანტებს ასაქმებს და მათ ფეხზე წამოდგომაში ეხმარება.
„სწორ ადგილას, საჭირო დროს და სწორ ადამიანებთან ერთად აღმოვჩნდი“, - უთხრა კაკაპურმა რადიო თავისუფლებას. „იმდროინდელმა პოლიტიკამ მე, მიგრანტს და ლტოლვილს შესაძლებლობა მომცდა მუშაობა დამეწყო და საკუთარი თავი შემექნა“. ის შიშობს, რომ ახალ მიგრანტებს ამის შესაძლებლობა აღარ მიეცემათ.
„თავისუფლების პარტია“ ეროვნულ გამოკითხვებში 2022 წლის ნოემბრის შემდეგ მუდმივი ლიდერია. შარშან მისმა პოპულარობამ პიკს მიაღწია და 30 პროცენტი შეადგინა. გასულ კვირას ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით მას 27 პროცენტი აქვს, სახალხო პარტიას - 25 პროცენტი, სოციალ-დემოკრატებს კი - 21%.
ნეჰამერის სახალხო პარტია 1987 წლიდანაა ხელისუფლებაში. ორჯერ - 2000-02 და 2017-19 წლებში ის უფროსი პარტნიორი იყო „თავისუფლების პარტიასთან“ კოალიციაში. მათმა პირველმა თანამშრომლობამ გამოიწვია ევროკავშირის დიპლომატიური და სხვა სანქციები ვენის წინააღმდეგ „ევროპაში უკიდურესი მემარჯვენეების ლეგიტიმაციისთვის“.
2017 წელს „სახალხო პარტია“ და „თავისუფლების პარტია“ ქვეყანას 18 თვის განმავლობაში მართავდნენ. შემდეგ კი გავრცელდა ვიდეო, რომელიც ვიცე-კანცლერის და „თავისუფლების პარტიის“ მაშინდელი ლიდერის, ჰაინც-კრისტიან შტრახეს კორუმპირებულობაზე მიანიშნებდა. ამ სკანდალს „იბიცას საქმე უწოდეს.“ 2020 წლიდან სახალხო პარტია მწვანეებთან ერთად არის კოალიციაში.
მიგრანტების შიშები
„ჩვენ გვინდა, რომ ქვეყნიდან გავაძევოთ ისინი, ვინც აქ არალეგალურად იმყოფებიან“, - ამბობს „თავისუფლების პარტიის“ დეპუტატი ჰარალდ სტეფანი. „ისინი ვინც აქ დანაშაულს სჩადის და ვისაც წვლილი არ შეაქვს ქვეყნის განვითარებაში. ეს არის ჩვენი „რემიგრაციის“ პოლიტიკა“.
ავსტრიის კანცლერის ოფისმა გასულ წელს განაცხადა, რომ „ემიგრანტები უფრო ხშირად არიან ხოლმე დამნაშავეებიც და დანაშაულის მსხვერპლნიც“ და დასძინა, რომ კრიმინალთან დაკავშირებით ვითრება „გრძელვადიან პერსპექტივაში დიდად არ შეცვლილა“.
მწვანეები და სოციალ-დემოკრატები ამტკიცებენ, რომ იმიგრაცია აძლიერებს ეკონომიკას - ავსებს მუშახელის დეფიციტს და და ქვეყანას კულტურული მრავალფეროვნებით ამდიდრებს.
იმავდროულად, კაკაპურზე უფრო ახალ იმიგრანტებს ეშინიათ, რომ „თავისუფლების პარტიის“ მიერ წახალისებული ანტიიმიგრანტული განწყობა არაპროგნოზირებად შედეგებს მოიტანს.
”ძალიან მეშინია, რომ [თავისუფლების პარტია] გაიმარჯვებს,” - ამბობს ირანელი ემიგრანტი მოჰამედი, რომელიც ვენაში, ბრუნენის საერთაშორისო ბაზარზე მუშაობს. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ის ავსტრიაში შვიდი წელია იმყოფება. „ჩვენი სრული დატვირთვის ვმუშაობთ, გადასახადებს ვიხდით და არ გვინდა, რომ ხელისუფლებამ ცხოვრება გაგვირთულოს“.