ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი „ადამიანის უფლებათა ცენტრი” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ეფექტიანად წარმართოს არჩილ ტატუნაშვილის გატაცებისა და სავარაუდო განზრახ მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესი, რათა დროულად დადგინდეს დამნაშავე პირთა ვინაობა და გაიცეს სანქცია მართლმსაჯულებისთვის მათ გადასაცემად.
Your browser doesn’t support HTML5
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატის, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურიდიული სამსახურის უფროსის, თამარ ავალიანის თანახმად, გამოძიების პროცესი ჩიხში შევიდა და, გამოძიებასთან ერთად, კითხვები დაგროვდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მისამართითაც. 8 მაისს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გიორგი ტატუნაშვილმა, განაცხადა, რომ გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, რომლებიც ადასტურებს, რომ იგი ნაწამები იყო. შესაბამისად, გიორგი ტატუნაშვილს აინტერესებს, აქამდე რატომ არ აქვეყნებს შუალედურ დასკვნას ექსპერტიზის ბიურო. გიორგი ტატუნაშვილი ფიქრობს, რომ შუალედური დასკვნის მომზადება ექსპერტიზის ბიუროს შინაგანი ორგანოების გარეშეც შეეძლო. ამ მოსაზრებას იზიარებს გარდაცვლილის ადვოკატი თამარ ავალიანიც. იგი ფიქრობს, რომ საქმეს, რომლის გამოძიებაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით წარმოებს, უნდა დაემატოს წამების მუხლიც, რომელმაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დააკავა ახალგორის რაიონში, მეორე დღეს კი განაცხადა, რომ წინააღმდეგობის გაწევისას ტატუნაშვილი კიბეზე დაგორდა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა გულის უკმარისობის შედეგად...
თამარ ავალიანი სახელისუფლებო უწყებებისგან არჩილ ტატუნაშვილის ოჯახსა და ადვოკატთან მეტ კომუნიკაციას ითხოვს, რათა ისინი მედიის საშუალებით არ იგებდნენ მნიშვნელოვან სიახლეებს. მას შემდეგ, რაც ოჯახმა ექსპერტიზის ჩატარებიდან 3 კვირის შემდეგ მედიისგან შეიტყო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის შინაგანი ორგანოების გარეშე გადმოცემის შესახებ, 7 მაისს ასევე მედიის საშუალებით გახდა მისთვის ცნობილი, რომ იუსტიციის სამინისტრო არჩილ ტატუნაშვილის გატაცებისა და მკვლელობის გამო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად სახელმწიფოთშორის სარჩელს ამზადებს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ტატუნაშვილის ინდივიდუალურ სარჩელს დადგენილ ვადებში წარადგენს „ადამიანის უფლებათა ცენტრიც“. თამარ ავალიანი იმედოვნებს, რომ ეროვნულ დონეზე საქმის გამოძიება ისე წარიმართება, რომ არჩილ ტატუნაშვილის მამას ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგაც არ მოუწევს ჩივილი.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დააკავა ახალგორის რაიონში, მეორე დღეს კი განაცხადა, რომ სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევისას ტატუნაშვილი კიბეზე დაგორდა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა გულის უკმარისობის შედეგად. დე ფაქტო ხელისუფლების ეს ვერსია დაადასტურა რუსეთში ჩატარებულმა ექსპერტიზამ. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 20 მარტს გადასცეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ცხედარს ამოცლილი აქვს შინაგანი ორგანოები. არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად ექსპერტიზა მიმდინარეობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აღნიშნავს,რომ გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, რაც წამების კვალზე მიანიშნებს,ექსპერტიზის სრულყოფილი ჩატარებისთვის კი მნიშვნელოვანია ეროვნულ ბიუროს გადაეცეს გარდაცვლილის შინაგანი ორგანოები, რაზეც პასუხისმგებელია ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება და რუსეთის ფედერაცია.