Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ინტერესთა დამცველები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ


არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით 24 მარტს დაკრძალეს
არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით 24 მარტს დაკრძალეს

დღეს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თბილისის ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამა, გიორგი ტატუნაშვილი და ნორვეგიის „ჰელსინკის კომიტეტის“ წარმომადგენელი, ოგე ბორჩგრევინკი. არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ინტერესებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, თამარ ავალიანი იცავს. დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მინიჭებული აქვს გარდაცვლილის მამას, გიორგი ტატუნაშვილს. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ეფექტიანად წარმართოს არჩილ ტატუნაშვილის გატაცებისა და სავარაუდო, განზრახ მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესი, რათა დროულად დადგინდეს დამნაშავე პირთა ვინაობა და გაიცეს სანქცია მართლმსაჯულებისთვის მათ გადასაცემად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარადგინოს სახელმწიფოთაშორისი საჩივარი რუსეთის წინააღმდეგ და ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატით მოითხოვოს არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოებისა და სამედიცინო დოკუმენტაციის გადმოცემა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დააკავა ახალგორის რაიონში, მეორე დღეს კი განაცხადა, რომ სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევისას ტატუნაშვილი კიბეზე დაგორდა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა გულის უკმარისობის შედეგად. დე ფაქტო ხელისუფლების ეს ვერსია დაადასტურა რუსეთში ჩატარებულმა ექსპერტიზამ. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 20 მარტს გადასცეს. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ცხედარს ამოცლილი აქვს შინაგანი ორგანოები. არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად ექსპერტიზა მიმდინარეობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აღნიშნავს, რომ გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, რაც წამების კვალზე მიანიშნებს, ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარებისთვის კი მნიშვნელოვანია ეროვნულ ბიუროს გადაეცეს გარდაცვლილის შინაგანი ორგანოები, რაზეც პასუხისმგებელია ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება და რუსეთის ფედერაცია. საქართველოში სისხლის სამართლის საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის მუხლით. არჩილ ტატუნაშვილის მამა, გიორგი ტატუნაშვილი ადვოკატთან, თამარ ავალიანთან ერთად რამდენჯერმე იმყოფებოდა მცხეთის რაიონულ პროკურატურაში, სადაც დაიკითხა და გაეცნო სისხლის სამართლის საქმის მასალებს.

არჩილ ტატუნაშვილის საქმე

  • ცხინვალში 23 თებერვალს გარდაცვლილი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
  • 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა სამშვიდობო ბატალიონში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ომის დღეებში სასწრაფოდ გამოიძახა, მაგრამ ეს ბატალიონი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა.
  • ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან ცოტა ხნის წინ მოხდა არჩილ ტატუნაშვილისა და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება, რომლის შემდეგაც ტატუნაშვილი დააკავეს.
XS
SM
MD
LG