ადვოკატები: ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, ციხეში შესვლა გართულდა

"გლდანის ციხე"

დიმიტრი ნოზაძე 11 წელია ადვოკატია. ის „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ მუშაობს. ამბობს, რომ გასულ კვირაში, #8 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართან რიგით შეხვედრაზე მისულს, შენობაში შესვლისას ჩხრეკის განსაკუთრებული, მისი თქმით, შეურაცხმყოფელი პროცედურების გავლამ მოუწია: „აქამდე, დაწესებულებაში შესვლისას ქალები და კაცები ცალ-ცალკე ოთახებში შევყავდით და იქ ვტოვებდით ჩვენს ნივთებს, იქნებოდა ეს ლითონის საგნები, ჩანთა თუ სამკაული. გასულ კვირაში კი ქალებიცა და კაცებიც ერთ საერთო სივრცეში შეგვიყვანეს, იქ გაგვატარეს კონტროლი, მოგვხსნეს ქამრები, გაგვხადეს ფეხსაცმელები, ქურთუკები. ფაქტიურად ისეთივე ჩხრეკის პროცედურა ჩაგვიტარეს, როგორც მსჯავრდებულებს. განცალკევებულ ოთახებამდე არკ კი მივსულვართ. შეიძლება ითქვას, რომ გაშიშვლებას აღარაფერი დააკლეს. განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი იყო ეს პროცედურა ქალებისთვის. ჩხრეკის პროცედურა კი დაახლოებით 5-7 წუთს გრძელდებოდა“, - ამბობს დიმიტრი ნოზაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

ადვოკატები ამბობენ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ჩხრეკის განსაკუთრებული, უფრო ზუსტად კი მათთვის შეურაცხმყოფელი ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც ციხიდან, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულის მირზა სუბელიანის ფარული ჩანაწერები გავრცელდა.

შეიძლება ითქვას, რომ გაშიშვლებას აღარაფერი დააკლეს. განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი იყო ეს პროცედურა ქალებისთვის...

#8 პენიტენციურ დაწესებულებაში, ჩხრეკისას არაჰუმანურ დამოკიდებულებაზე ლაპარაკობს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძეც. მისი თქმით, ციხეში შესულ პირებს არაცივილური მეთოდებით ამოწმებენ: „სუბელიანის ფარული ჩანაწერების გამოტანის შემდეგ, ციხეში გამკაცრდა კონტროლი. ირღვევა ადამიანის უფლებები. ქალებსა და კაცებს ფაქტობრივად ერთად ჩხრეკენ, გხდიან ყველაფერს. ის, რაც #8 პენიტენციურ დაწესებულებაში ხდება, არ არის ნორმალური, ამით ირღვევა ადვოკატის უფლებები. მანამდე მხოლოდ ქამარს თუ გვახსნევინებდნენ, ახლა პიჯაკის გახდასაც ითხოვენ და ფაქტობრივად, გაშიშვლებენ. აქამდე, სკანერით ერთხელ თუ გვამოწმებდნენ, ახლა 2-3-ჯერ გავდივართ ამ პროცედურას“ – ამბობს ადვოკატი ალექსადრე კობაიძე.

23 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, ”ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის წევრი” ადვოკატი ზაზა ჯუსტიშვილი სხვა ციხეებში არსებულ მდგომარეობაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ სხვა დაწესებულებებში კიდევ უფრო მწვავე პრობლემებს აწყდებიან ადვოკატები. კერძოდ, # 5 და #6 დაწესებულებებში მოქმედებს ცენზურა ციხეში სხვადასხვა დოკუმენტების შეტანაზე: „ოფიცერს, რომელიც არ არის კომპეტენტური ჩემს საქმიანობაში, არ აქვს უფლება აფათუროს ხელები ჩემს დოკუმენტებში, წაიკითხოს და მიკონტროლოს, რა დოკუმენტაცია შემაქვს კლიენტთან შეხვედრაზე. ჩემი პირადი ჩანიშვნებისა და ჩანაწერების შეტანასთან დაკავშირებით მე პრობლემა არ უნდა მექმნებოდეს“.

ადვოკატთა მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებს ფეისბუკ პოსტით ეხმაურება „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ასათიანი. თუმცა, ის არ აკონკრეტებს, რომ უფლებადამცველების პრეტენზიები ფარული ჩანაწერების გავრცელებას უკავშირდება: „ბოლო დროს, ხშირად მომმართავენ ადვოკატები პენიტენციურ სისტემაში შესვლისას პირად შემოწმებასთან დაკავშირებით. პრეტენზიები უკავშირდება ფიზიკურად, ხელებით ჩხრეკას, უმნიშვნელო დეტალების (სამკაული, სამკერდე ნიშანი, ქამარი) მოხსნის მოთხოვნას და ა.შ. გასაგებია უსაფრთხოების ზომები, მაგრამ ეს ცივილიზებული მეთოდებით უნდა გაკეთდეს - სკანერით, კაბინა დეტექტორით ან სხვა გზებით, რათა არ შეილახოს ადამიანის ღირსება“.

ეს შემოწმება ტარდება დაახლოებით ისე, როგორც მაგალითად, აეროპორტებში, სადაც ვიხსნით ქამრებს, ვიხდით ქურთუკებს, ფეხსაცმელს.

ადვოკატების უმაყოფილებისა და ბრალდების საპასუხოდ რადიო თავისუფლებას პენიტენციური სამსახურის პრეს-სამსახურში განუმარტეს, რომ არანაირ გამკაცრებულ და დამატებით ზომებს არ აქვს ადგილი დაწესებულებებში შესასვლელად და ადვოკატთა შემოწმება ხდება, მხოლოდ და მხოლოდ, კანონით გათვალისწინებული ნორმების დაცვით: „ეს პროცედურები გაწერილია და სწორედ ასე უნდა ხდებოდეს ციხეში ვიზიტორთა შემოწმება. დაწესებულებებში ცალ-ცალკეა ქალებისა და კაცების შესამოწმებელი ოთახები, სადაც ხდება სკანერით დათვალიერება და შესაძლოა იყოს კონტაქტური ჩხრეკაც. რაც შეეხება, შემოწმებას საერთო სივრცეში, რაზეც ადვოკატები ლაპარაკობენ, ეს შემოწმება ტარდება დაახლოებით ისე, როგორც მაგალითად, აეროპორტებში, სადაც ვიხსნით ქამრებს, ვიხდით ქურთუკებს, ფეხსაცმელს. ერთ სივრცეში მოქცევა მხოლოდ ამ პროცედურას უკავშირდება. რაკიღა მათ გაიარეს ასე საერთო შემოწმება, როგორც ჩანს, აღარ გახდა საჭირო მათი ცალკე ოთახებში გაყვანა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში არანაირი განსაკუთრებული და დამატებითი ზომა არ მიგვიღია ვიზიტორთა შესამოწმებლად. მათი შემოწმება ხდება კანონის სრული დაცვითა და პროცედურებით“, - განუმარტეს რადიო თავისუფლებას პენიტენციური სამსახურის პრეს-სამსახურში.

წესები პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახვედრად

#8 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის წესს ადგენს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის 2015 წლის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი პირი, გარდა დაწესებულების მოსამსახურეებისა, დაწესებულებაში შესასვლელად საჭიროებს სპეციალურ საშვს, რომელსაც ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის გასცემს დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის მოადგილე.

  • დაწესებულებაში შემსვლელი პირები გაივლიან შემოწმება/დათვალიერებას კანონმდებლობის შესაბამისად.
  • დაუშვებელია დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიოვიდეოტექნიკისა და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის სპეციალური ნებართვის გარეშე შეტანა.
  • ამავე ბრძანების 63-ე მუხლის თანახმად, გამშვებ დერეფანში პირების გაშვებისას, გუშაგი იცავს შემდეგ თანმიმდევრობას:
  • გუშაგი აღებს პირველ შემსვლელ კარს, შეუშვებს გამშვებ დერეფანში პირს და დაკეტავს კარს;
  • ამოწმებს საშვს და პირადობის დამადასტურებელ საბუთს;
  • სთავაზობს პირს, დატოვოს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე ჩანთა, პორტფელი, ფული, მობილური ტელეფონი, და სხვა ნივთები, გააღებს მეორე შემსვლელ კარს, გაატარებს მოსულ პირს და დაკეტავს კარს;
  • თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირს, რომელიც საკონტროლო-გამშვებ პუნქტში გადის, განზრახული აქვს შეიტანოს დაწესებულებაში აკრძალული ნივთები, ნივთიერებები და აკრძალული საკვები ან გაიტანოს დაწესებულებიდან არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობები, პირს აცნობებენ, რომ მას შესვლის/გამოსვლის უფლება მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თანხმობას განაცხადებს მისი კუთვნილი ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმებაზე. შემოწმებას ახორციელებს იმავე სქესის მოსამსახურე, რა სქესსაც მიეკუთვნება შესამოწმებელი პირი.

სავარაუდოდ, ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის, პარლამენტის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომლის დავით ცუხიშვილის საუბრის ფარული აუდიო ჩანაწერი ტელეკომპანია რუსთავი 2-მა პირველად 14 ოქტომბერს გამოაქვეყნა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, რაც შემდგომ ასევე დაადასტურეს ჩანაწერის მონაწილეებმაც, საუბარი შედგა #8 დაწესებულებაში. მას შემდეგ, კიდევ რამდენიმე ფარული ჩანაწერი გამოქვეყნდა, როგორც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის, ისე პროკურატურის მიერ. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ფარული ჩანაწერები გაავრცელა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელმა, რომელსაც დაემუქრნენ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის გამოქვეყნებით და შანტაჟის გზით აიძულეს ჩანაწერის გავრცელება. პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს ჩანაწერი და მუქარა გადასცა მისთვის უცნობმა პირმა.