„ადგილი მოუნაცვლე“ - „ანას ბაღის“ მცველები მერიასთან აქციას გამართავენ

ვარკეთილის ზემო პლატოზე, მეორე მიკრორაიონში მდებარე „ანას ბაღის“ მცველები 23 მაისს, თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას გამართავენ სახელწოდებით „ადგილი მოუნაცვლე“.

"ანას ბაღის" მცველები უკვე მესამე წელია თბილისის მერისგან ვითხოვთ დაგვიბრუნდეს გაყიდული ეზო. თბილისის მერის პასუხი კი იყო დარბევა, დაკავებები, დაჯარიმებები, დაცინვა, მოტყუება, ბინძური იარლიყების მოკერება და სასამართლო გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება. თბილისის მერია იქცა კორუფციის ბუდედ სადაც სამართლის პოვნა შეუძლებლად იქცა, კახა კალაძემ კი სრულიად დაკარგა ლეგიტიმაცია. ჩვენ ვიკრიბებით თბილისის მერიასთან, რათა მივიღოთ იმ მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა, რომელიც ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, ჩვენი ჩართულობის გარეშე გაასხვისა მერიამ“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ვარკეთილის მოსახლეობისა და მათი თანამოაზრეების პროტესტი „ანას ბაღის“ გადასარჩენად, სამი წელია გრძელდება. ბაღის მიმდებარე ტერიტორია 2016 წლის მიწურულს გასხვისდა და ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსის აშენება გადაწყდა.

2018 წელს ადგილობრივებმა საჩივრით მიმართეს მერიას. ისინი დოკუმენტში მიუთითებდნენ, რომ კორპუსის აშენების შემთხვევაში, ჩაიკეტება ბაღის შესასვლელი და კორპუსამდე მისვლა გაუჭირდება სახანძროს ან სასწრაფო დახმარების მანქანას.

2018 წლის 26 მარტს თბილისის მერიამ დააკმაყოფილა ადგილობრივი მოსახლეობის საჩივარი და ბათილად ცნო არქიტექტურის სამსახურის მიერ 2017 წელს გაცემული მშენებლობის ნებართვა.

თუმცა, მშენებელმა კომპანიამ, “ევროპულმა სამშენებლო ჰოლდინგმა”, კვლავ მიმართა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს და კიდევ ერთხელ მიიღო მშენებლობის უფლება.

ასევე ნახეთ „ანას ბაღის“ პროტესტი - დაკავებულია ექვსი პირი

2019 წლის მიწურულს მოსახლეობის პროტესტი აქტიურ ფაზაში გადაიზარდა. „ანას ბაღის“ მცველებმა ბაღის მიმდებარედ კარავი გაშალეს, დაიწყო საპროტესტო აქციები, რასაც 2020 წლის დასაწყისში რამდენიმე აქტივისტის ადმინისტრაციული წესით დაკავებაც მოჰყვა.

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მოსახლეობა, რომელიც კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს, ემსახურება ვიწრო პოლიტიკურ, ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს.

ასევე ნახეთ აქტივისტებმა ალტერნატიული სკვერის მშენებლობა დაიწყეს სადავო "ანას ბაღის" გვერდით

2020 წლის 27 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტების სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა და მშენებლობის დაუყოვნებლივი შეჩერების განჩინება გამოიტანა.

აპრილის მიწურულს კი სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს იმ განჩინების გაუქმების მოთხოვნით, რომლითაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა მშენებლობა "ანას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე და საქმე განსახილველად კვლავ საქალაქო სასამართლოს დაუბრუნა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით უნდა შეაფასოს, რამდენად დაცულია პროპორციულობა კერძო პირთა და საჯარო ლეგიტიმურ მიზნებს შორის.

29 აპრილს, "ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის" წარმომადგენელი, გიორგი ბენაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობდა, რომ მშენებლობა, სავარაუდოდ, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შემდეგ განახლდება.