პრეზიდენტი კანონის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან შეუსაბამობასაც გაასაჩივრებს, რისი უფლებაც არასამთავრობო ორგანიზაციებს არ აქვთ.
საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს პარლამენტი იქნება. პოზიციების დაცვა მოუწევს „ქართული ოცნების“ უმრავლესობას - კანონის ავტორსა და მიმღებს.
მოსარჩელეების უპირველესი მოთხოვნა - საქართველოსთვის დამაზიანებელი კანონის მოქმედების სწრაფად შეჩერებაა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია.
პრეზიდენტის სარჩელი მზად არის
უკვე დასრულებულია სარჩელი, რომლითაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს, სავარაუდოდ, 15 ივლისამდე მიმართავს.
„პრეზიდენტი 78-ე მუხლთან მიმართებით გაასაჩივრებს ე.წ. გამჭვირვალობის კანონს, სინამდვილეში რუსულ კანონს და ასევე იქნება [სარჩელში] ადამიანის უფლებების ჭრილში რამდენიმე ძირითადი კონსტიტუციური უფლება. 78-ე მუხლის გასაჩივრება შეუძლია პრეზიდენტს, არასამთავრობო სექტორი ამ მუხლს ვერ გაასაჩივრებს. გუშინ იყო სამუშაო შეხვედრა [არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან]. პრინციპში პოზიციები შეჯერდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას იურისტი ეკა ბესელია, „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რომელიც პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობდა.
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რომელიც ქვეყნის „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“ შეეხება, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ „ყველა ზომა“ ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
ეკა ბესელია განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს, პირველ რიგში, წარედგინება მოთხოვნა - შეაჩეროს კანონის მოქმედება, ვიდრე საბოლოოდ იმსჯელებს კანონის ანტიკონსტიტუციურობაზე, რადგან „უკვე სახეზეა ძალიან დიდი ზიანი, რომელიც კანონის მიღებამ გამოიწვია და ეს ზიანი არის განგრძობადი ხასიათის“.
- ერთ-ერთი მთავარი ზიანი, რომელიც „აგენტების კანონმა“ უკვე მოიტანა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის გაყინვაა, რის შესახებაც განცხადება გააკეთა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმაც.
- საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოსთან ურთიერთობების ძირეული გადახედვა და დახმარებების შეჩერება დაიწყეს.
მანამდე, საერთაშორისო პარტნიორები დიდი ხნის განმავლობაში აფრთხილებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მოვლენები სწორედ ამ სცენარით განვითარდებოდა. „ქართული ოცნება“ კი, ამ დაძაბულ ფონზე, დღემდე აცხადებს, რომ საქართველო 2030 წელს მაინც გახდება ევროკავშირის წევრი. ეს ლოგიკა ქვეყნის გარეთ თითქმის არავის ესმის.
ასევე ნახეთ „იქნება სხვა ნაბიჯებიც“ - ევროკავშირმა საქართველოს 30 მილიონი ევროს დახმარება შეუჩერარას თვლის პრეზიდენტი სადავოდ?
მაისში, როდესაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო, მოტივირებულ შენიშვნებში ტექსტში 78-ე მუხლიც ახსენა და განმარტა, რომ „კანონი თავისი მიღების ფორმითა და შინაარსით წარმოადგენს რეალურ დაბრკოლებას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“.
მოტივირებულ შენიშვნებში ჩამოთვლილი იყო კონსტიტუციის სხვა მუხლებიც, რომლებსაც, პრეზიდენტის განმარტებით, „აგენტების კანონი“ არღვევს.
- კონსტიტუციის 22-ე მუხლი [გაერთიანების თავისუფლება] - „კანონი აიძულებს ორგანიზაციებს დარეგისტრირდნენ უცხო ძალის ინტერესების გამტარებლებად, ანუ აგენტებად. ასეთი თვითაღიარების იძულება იწვევს მათ სტიგმატიზაციას. კანონი ქმნის ყველა პირობას, რომ ორგანიზაციის საქმიანობა შეიზღუდოს და საბოლოოდ, გაუქმდეს“.
- კონსტიტუციის მე-15 მუხლი [პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცის და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები] - „კანონი აწესებს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების მიწოდების ვალდებულებას, რაც არღვევს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს, რომ მისი პირადი და ოჯახური სივრცე იყოს დაცული ყოველგვარი გაუმართლებელი ჩარევისგან“.
- კონსტიტუციის მე-11 მუხლი [თანასწორობის უფლება] - „კანონი დისკრიმინაციულია“ - „დაუსაბუთებელია, რატომ განასხვავებს არაკომერციულ ორგანიზაციებს უცხოური დაფინანსების მიღების ნიშნით“.
სავარაუდოდ, ეს მუხლები პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელშიც მოხვდება.
პრეზიდენტი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც 2023 წლის ოქტომბერში საზღვარგარეთ ვიზიტებთან დაკავშირებით კონსტიტუციის დარღვევა დაუდგინა, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ იმპიჩმენტის პროცედურის ბოლომდე მიყვანა მაინც ვერ შეძლო.
„ცინიზმის პიკია, როდესაც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თავად დაარღვია კონსტიტუცია, რაც დადასტურებულია, კითხვებს სვამს გადაწყვეტილების ["აგენტების კანონის"] კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ჯერ მან პასუხი აგოს კონსტიტუციის იმ დარღვევისთვის, რომელიც მან ჩაიდინა“, - განაცხადა 12 ივლისს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
შარშან, საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტის ინტერესების ერთ-ერთი დამცველი მაია კოპალეიშვილი იყო - ამ სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, რომელმაც დასკვნას მაშინ ტენდენციური უწოდა. პოლიტიკაში წასულ [პარტია „ახალი“] იურისტს ამჯერად შეხება არა აქვს პრეზიდენტის სარჩელთან.
საკონსტიტუციო სასამართლოს ობიექტურობასთან დაკავშირებული ეჭვების მიუხედავად, მაია კოპალეიშვილი უკვე დიდი ხანია ლაპარაკობს აუცილებლობაზე, რომ პრეზიდენტმა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.
„სამართლებრივი შესაძლებლობა რაც გაქვს ქვეყანაში, ის უნდა ამოწურო. ყოველ შემთხვევაში, უნდა სცადო სამართლებრივი ბერკეტების გამოყენება. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია როგორც მთლიანად კანონის შეჩერება, ასევე მისი ცალკეული ნორმების შეჩერება“ , - მაია კოპალეიშვილი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამის გაკეთება შეუძლია მოსარჩელის მოთხოვნის გარეშეც, როცა კანონი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და „შედეგი შეუქცევადი შეიძლება იყოს, რაც პრინციპში სახეზეა“.
იურისტი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კანონის მოქმედებას შეაჩერებს.
მზად არის სამოქალაქო სექტორიც
„აგენტების კანონი“ პარლამენტმა 28 მაისს საბოლოოდ დაამტკიცა; ხოლო უკვე 30 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სარჩელი უკვე მზად არის და შეტანა მომავალ კვირაში იგეგმება.
არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სარჩელის ავტორთა შორის არიან კანონის სამიზნე მედიაორგანიზაციები. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას „ნეტგაზეთმა“ დაუდასტურა.
ასევე ნახეთ გზები "აგენტების კანონის" წინააღმდეგ - „რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ“
სამოქალაქო სექტორი საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონის“ თითქმის ყველა მუხლს ასაჩივრებს, რაც უფლებების დარღვევას უკავშირდება.
მუშაობაში ხელშეშლისა და ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდების შეწყვეტის გარდა, მესამე სექტორი შიშობს, რომ ხელი შეეშლება ასევე საარჩევნო პროცესების მონიტორინგს, რასაც ისინი წლებია ახორციელებენ.
„ჩვენ ამ ნაბიჯით ვიყენებთ ქვეყნის შიგნით არსებულ მექანიზმებს, რომ რუსული კანონი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ვაძლევთ შესაძლებლობას საკონსტიტუციო სასამართლოს, დაამტკიცოს, რომ მიუკერძოებელი და ობიექტურია და ახლა ამის შესაძლებლობა აქვს“, - უთხრა ჟურნალისტებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ 12 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, აზრა ზეიასთან შეხვედრამდე. დოლიძემ განმარტა, რომ საკონსტიტუციო სარჩელით ცდილობენ დაამტკიცონ, რომ „ქართველ ხალხს ემსახურებიან” და არ არიან უცხო ძალის ინტერესების გამტარებლები, რა სახელსაც მათ ეს კანონი არქმევს.
- არასამთავრობო სექტორის ათეულობით ორგანიზაცია შეურაცხმყოფელი სტატუსით დარეგისტრირებას არ გეგმავს.
- კანონის სადავო მუხლები აგვისტოში ამოქმედდება, როცა ორგანიზაციების რეგისტრაციის პროცესი უნდა დაიწყოს. ამ მხრივ, მის დამაზიანებელ შედეგებს, მათ შორის - ორგანიზაციების დაჯარიმებასა და შესაძლო გაუქმებას - შემოდგომისთვის ელოდებიან.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ [„აგენტების კანონი“] და „სხვა ანტილიბერალური კანონები“ ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელიც სახელმწიფო მდივნის მოადგილის თბილისში ვიზიტის ფარგლებში განიხილება. ჩამონათვალშია ასევე: საქართველოს მთავრობის მავნე რიტორიკა, „რამაც საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორია რისკის ქვეშ დააყენა“.
ასევე ნახეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებას პირი არ უჩანს - სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი თბილისში
მოპასუხე - პარლამენტი
პროცედურულად, კანონის წინააღმდეგ ნებისმიერი საკონსტიტუციო სარჩელის მოპასუხე საქართველოს პარლამენტი იქნება, რადგან კანონს პარლამენტი ამტკიცებს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლების გამოყოფა მოუწევს „ქართული ოცნების“ უმრავლესობას - რომელმაც შექმნა და დაამტკიცა „აგენტების კანონი“.
„არ ვიცი, ვინ წარმოადგენს პარლამენტს, მაგრამ ვინც არ უნდა წარმოადგენდეს, არა აქვს ამას მნიშვნელობა, იმდენად აშკარაა, რომ კანონი არის არაკონსტიტუციური. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაარჩინოს როგორც ქვეყნის იმიჯი და მომავალი, ასევე საკუთარი იმიჯიც. ეს არის ბოლო შანსი - ქვეყნის შიგნით, ეროვნულ დონეზე შეჩერდეს ეს საზიანო კანონი“, - ეკა ბესელია იმედოვნებს, რომ სასამართლო აგვისტოში შვებულებაში არ გავა და საქმეს დროულად განიხილავს.
იურისტები განმარტავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ერთი და იმავე კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები გაერთიანდება, საკითხები დაჯგუფდება და ერთიანად განიხილება.
საქმის არსებითი განხილვისთვის სასამართლოს 9-თვიანი ვადა აქვს; თუმცა, მაია კოპალეიშვილის თქმით, შეჩერების მექანიზმის საკითხის განხილვა სარჩელის დასაშვებად მიღების ეტაპზეა შესაძლებელი და, შესაბამისად, სასამართლოს სწრაფად მოქმედების შესაძლებლობაც აქვს.
მესამე სექტორი ასევე ემზადება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად, რომელსაც „შესაბამის დროს“ მიმართავენ. სტრასბურგის სასამართლოს შეუძლია განიხილოს უფლებების დარღვევის კონკრეტული ფაქტები და ასევე ფლობს - კანონის ნორმების სწრაფად შეჩერების მექანიზმს.