ევროინტეგრაციის შეჩერების საფრთხეების გამო, „აგენტების კანონი“ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ორი სხვადასხვა სარჩელით.
კონსტიტუციის 78-ე მუხლი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალებს, რომ მიიღონ „ყველა ზომა“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
„გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ [„აგენტების კანონი“] ევროინტეგრაციის გზაზე დაუძლეველ ბარიერებს რომ შექმნიდა, თბილისს საერთაშორისო პარტნიორები ჯერ კიდევ კანონის დამტკიცებამდე აფრთხილებდნენ. საერთაშორისო დოკუმენტებსა თუ განცხადებებში მითითებულია, რომ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას პრობლემებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა უქმნის.
დახურული შეხვედრა საგარეო უწყებაში
29 ივლისს გამართული შეხვედრის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ მოკლე განცხადება გაავრცელა - რომ „გაიმართა პრეზენტაცია „2023 წლის 8 ნოემბრის ევროკომისიის გაფართოების პოლიტიკის შესახებ კომუნიკაციაში საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესრულების თაობაზე“.
„დიპლომატიურ წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია ე.წ. ცხრა ნაბიჯის შესახებ საქართველოს მიერ განხორციელებული საქმიანობის, იმ რეფორმების თაობაზე, რომელიც მნიშვნელოვანია ცხრა ნაბიჯის იმპლემენტაციისთვის“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ.
შეხვედრის შესახებ, რომელზეც მიწვეული იყვნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და სხვა პარტნიორი სახელმწიფოების ელჩები და საელჩოების წარმომადგენლები, დეტალური ინფორმაცია საგარეო უწყებაში არც რადიო თავისუფლებას მიაწოდეს.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, ასუნსიონ სანჩეს რუისმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ მასპინძლები მართლაც ლაპარაკობდნენ ევროკომისიის მიერ „9 ნაბიჯის შესრულებაზე და 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზეც, მაგრამ რეალობა ის არის, რომ „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ [„აგენტების კანონის“] გამო, „ამჟამად ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, როგორც ამაზე 27 ივნისს ლიდერები შეთანხმდნენ“.
ასუნსიონ სანჩეს რუისმა ასევე გაიხსენა სხვა გადაწყვეტილებებიც: რომ გაყინულია 30-მილიონიანი დახმარება ევროპის მშვიდობის ფონდიდან, შემცირდა მაღალი დონის შეხვედრები და განხილვის პროცესშია მთავრობისთვის დახმარების საკითხი. დიპლომატმა დასძინა, რომ მომავალში სხვა განცხადებებიც გაკეთდება.
ასევე ნახეთ საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატებს ცხრა დათქმის შესრულების საკითხზე ესაუბრა„[ევროკავშირის ლიდერები] საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე შეთანხმდნენ. ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ“, - უთხრა ჟურნალისტებს ივლისის დასაწყისში, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.
ასევე 29 ივლისს, ბუდაპეშტში
საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო განმარტებების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება გაწევრიანების პროცესის დაჩქარებაზე ლაპარაკობს.
პარლამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, 29 ივლისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციაზე (COSAC) სიტყვით გამოსვლისას, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობაზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და საქართველოს სწრაფვაზე ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით“.
„საქართველო გასული წლის დეკემბრიდან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მადლობელი ვართ ევროპული საბჭოს ამ გადაწყვეტილებისთვის. თუმცა, სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან განსხვავებით, ჯერ კიდევ ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.
დაუყოვნებლივ უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯები, დავიწყოთ დიალოგი მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენი საერთო ინტერესების მისაღწევად და ევროკავშირის გაფართოების წარმატებისთვის, რაც ასევე მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის და კეთილდღეობისთვის“, - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.
ბუდაპეშტში, ევროკავშირის გაფართოების საკითხის განხილვისას სიტყვით გამოვიდა ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი, რომელსაც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ჯერ მკვლელობის მუქარაში ადანაშაულებდა, ხოლო შემდეგ, სუსში აღძრული საქმის ფონზე, მანვე განაცხადა, რომ შესაძლოა ევროკომისარი მას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის შესახებ აფრთხილებდა.
ოლივერ ვარჰეის ბუდაპეშტში გამოსვლის სრული ტექსტი, რომელიც ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, ასახავს კრიტიკულ შეფასებებს საქართველოზე.
ევროკომისრის თქმით, 2023 წლის დეკემბერში საქართველომ კანდიდატის სტატუსი იმ პირობით მიიღო, რომ გადადგამდა იმ „9 ნაბიჯს“, რაც გულისხმობს დეპოლარიზაციას, დეზინფორმაციასთან ბრძოლას, კანონის უზენაესობასა თუ ფუნდამენტური უფლებების დაცვას; მაგრამ ამასობაში „[საქართველოს] ხელისუფლებამ მიიღო წინააღმდეგობრივი კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ“ და „ასევე შეშფოთება გამოიწვია სხვა კანონებმა, როგორიც არის - ცვლილებები საარჩევნო კოდექსში თუ ოფშორული აქტივების რეპატრიაციის შესახებ“.
ოლივერ ვარჰეი იხსენებს ევროპული საბჭოს ფორმატში ევროკავშირის ლიდერების „სერიოზულ შეშფოთებასა“ და 27 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებებს, როცა ევროკავშირის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი წარმოადგენს უკუსვლას „კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციაში მითითებულ ნაბიჯებთან [9 ნაბიჯი] მიმართებით“ და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას - „სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში არსებულ მოქმედებათა კურსის ცვლილების საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებამდე მიჰყავს“.
ევროკომისარი აღნიშნავს, რომ „9 ნაბიჯის“ შესრულებას ევროკომისია შემოდგომაზე შეაფასებს - ევროკომისიის გაფართოების პაკეტის ფარგლებში და ხაზს უსვამს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასაც:
„ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა პროევროპელია. იმედი გვაქვს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია აჩვენებს, რომ ისინი ხალხის ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ“.
კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაზე
ხელისუფლების ოპონენტები უკვე დიდი ხანია თვლიან, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამომრჩევლისთვის თვალში ნაცრის შეყრას ცდილობს და ისე იქცევა, თითქოს „აგენტების კანონის“ მიუხედავად, ყველაფერი ძველებურად კარგად არის და ევროკავშირისკენ წინსვლა გრძელდება.
„ევროპელებს ძალიან კარგად ესმით საქართველოს მოქალაქეების ინტერესი და საქართველო, როგორც სახელმწიფო, მათთვის ღირებულია. სწორედ ამიტომ არ ამბობენ, რომ საქართველოს საბოლოოდ დაეკარგა ევროკავშირში გაწევრიანების შანსი, მაგრამ პირდაპირ ამბობენ, რომ ამ პირობებში გაჩერდა [ევროინტეგრაცია] და შეიძლება დაკარგოს შანსი საბოლოოდ... "ქართული ოცნება" სარგებლობს და მანიპულირებს ამ ვითარებით“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პლატფორმა „ერთიანობის“ წევრი - დეპუტატი თამარ კორძაია, რომელიც უშუალოდ მუშაობდა, ოპოზიციონერი დეპუტატის სახელით 29 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე, რომელშიც „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ [„აგენტების კანონი“] კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით გასაჩივრდა.
ასევე ნახეთ "თითქოს არაფერი ხდება" - სხვა რეალობა პარლამენტში - "აგენტების კანონის" დამტკიცების შემდეგკორძაიას განმარტებით, სადავო კანონი არღვევს „ევროკავშირის სადამფუძნებლო დოკუმენტების უმნიშვნელოვანეს პრინციპებს“ და ლოგიკურია, რომ - „თუ ამ გაერთიანების წესებს არღვევ, ვერ მოხვდები ამ გაერთიანებაში“.
ოპოზიციის სარჩელში ასახულია ბოსნია-ჰერცეგოვინისა და უნგრეთის მაგალითები, როდესაც პირველ შემთხვევაში, მსგავსი კანონი ქვეყნის ხელისუფლებამ უკან გაიწვია ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეფერხების საფრთხის გამო; ხოლო უნგრეთში მიღებული მსგავსი კანონი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაუქმდა.
თამარ კორძაია გვეუბნება, რომ 78-ე მუხლის დარღვევის მტკიცებულებებსა და არგუმენტებს ისინი სასამართლოში შემდგომ ეტაპებზე წარადგენენ:
„მტკიცებულებების სახით წარვადგენთ ევროკომისიის მიერ დადებულ დასკვნებს, ჩვენ წარვადგენთ ყველა რეზოლუციას, გადაწყვეტილებებს - დამტკიცებულს ევროპელი პოლიტიკოსების მიერ - ეს იქნება საპარლამენტო, წარმომადგენლობითი მხარის, მათი მინისტრების თუ ასე შემდეგ განცხადებები - სადაც ისინი ამბობენ, რომ ამ კანონით შეუძლებელი იქნება ევროინტეგრაცია“.
სარჩელზე ხელმომწერმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ 30 ივლისს გაასაჯაროვა ევროკავშირის წევრი დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მისი შეკითხვის საპასუხოდ მიღებული წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ დანიამ საქართველოს სამხედრო დახმარების ოთხწლიანი პროგრამა შეუჩერა, რაც დაახლოებით 30 მილიონ ლარს უტოლდებოდა.
ეს გადაწყვეტილებაც „აგენტების კანონს“ უკავშირდება.
„დანია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას და დაიცვას ევროკავშირის რეფორმების დღის წესრიგი, რაც დანიასა და საქართველოს შორის ძლიერი ორმხრივი კავშირების საფუძველია“, - წერს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო დეპუტატ თეონა აქუბარდიასთვის გაგზავნილ წერილში.
ასევე ნახეთ 3+1 სარჩელი "აგენტების კანონის" წინააღმდეგოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არ გამოუქვეყნებია, პრეზიდენტის სარჩელისგან განსხვავებით, რომელშიც „აგენტების კანონი“, სხვა მუხლებთან ერთად, კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებითაც არის გასაჩივრებული.
პრეზიდენტის სარჩელში მოყვანილია ევროკავშირის სტრუქტურების ხელმძღვანელი პირებისა თუ ევროპულ სახელმწიფოთა ლიდერების სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები და დამტკიცებული დოკუმენტები - ყველგან ლაპარაკია „აგენტების კანონის“ გამო ევროინტეგრაციისთვის შექმნილ საფრთხეზე. მაგალითად, სარჩელში მოხვდა ევროპარლამენტის 2024 წლის აპრილის რეზოლუცია.
„ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, ასევე, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას; ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია“, - ვკითხულობთ პრეზიდენტის სარჩელში.
აქვეა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელისა და სხვა ლიდერების განცხადებები.
ტექსტში ასახულია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ერთობლივი განცხადებაც, სადაც გამოხატულია ღრმა შეშფოთება საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო:
„უკიდურესი სინანულით ვეკიდებით საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, გადაუხვიონ ამ გზიდან და იმოქმედონ ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ, რაც გამოიხატება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ე.წ. კანონის მიღებაში“.
24 ივნისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა დეზინფორმაცია უწოდა საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებებს იმის შესახებ, რომ თითქოს „აგენტების კანონი“ საქართველოს ევროპასთან აახლოებს.
„მინდა გარკვევით განვაცხადო: არა! არა!... ეს კანონი და მის გარშემო განვითარებული ყველა ნეგატიური მოვლენა საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს. არ შემიძლია ეს ამაზე უფრო მკაფიოდ და უფრო მოკლედ ვთქვა. ეს აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან“, - განაცხადა ჟოზეპ ბორელმა.
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო