ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია, სპექტაკლები უკვე ერთი წელია არ იმართება. 149 წლის თეატრის დასს სპექტაკლების წარმოდგენა მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, უწევს.
Your browser doesn’t support HTML5
მსახიობები და მაყურებლები, რომლებიც წლებია სხვადასხვა სახის დაპირებებს ისმენენ, ახლა თეატრის ავარიული შენობის რეკონსტრუქციის მოლოდინში არიან. დასასრულს უახლოვდება თეატრის არქიტექტურული და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტი, რომლის ავტორი, შპს „ად-სტუდიო“, ტენდერის საშუალებით დეკემბერში გამოვლინდა. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ადგილობრივ ბიუჯეტს 58 ათასი ლარი დაუჯდა.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ სარემონტო სამუშაოები აპრილიდან დაიწყება. ბადრი წერედიანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ შემუშავებული პროექტი საბოლოოდ კვლავ ლევან სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროსთან ერთად შეჯერდება. მანამდე სწორედ ამ ბიურომ დადო დასკვნა, რომ თეატრის შენობის რეკონსტრუქცია შესაძლებელია.
„პროექტი ითვალისწინებს სრულ რეაბილიტაციას თავისი ტექნიკური აღჭურვილობით, ანუ ითვალისწინებს არა მარტო შენობის გამაგრებას, არამედ ითვალისწინებს მის მთლიან განახლებას, რეკონსტრუქციას თავისი მცირე და დიდი დარბაზით და სარეპეტიციოებით. საუბარია სრულ მატერიალურ-ტექნიკურ რეაბილიტაციაზე“, - განაცხადა ბადრი წერედიანმა.
რაც შეეხება შენობის რეკონსტრუქციის თანხას, მას მთლიანად ჯგუფი „ქართუ“ გაიღებს. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, GDS-ის საარჩევნო პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრაზე გასული წლის სექტემბერში განაცხადა. მანამდე ადგილობრივი ხელისუფლება, რომლის საარჩევნო დაპირება თეატრის რეკონსტრუქციაც იყო, საჭირო თანხების უქონლობის გამო კერძო ინვესტორის მოძიებას ამაოდ ცდილობდა.
სანამ ავარიული შენობის რეკონსტრუქცია ჯერ დაიწყება და, გეგმის მიხედვით, 2019 წელს დასრულდება, დასს რეპეტიციების ჩატარება ქალაქის კულტურის სახლში მოუწევს, რომელიც ასევე სარემონტოა.
მიუხედავად ამისა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე, ყველა საჭირო ინვენტარის გადატანის შემდეგ,დასი მუშაობას შეძლებს. ბადრი წერედიანის ინფორმაციით, კულტურის სახლში ფართი უკვე გამოყოფილია და დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები.
„როდესაც ამ შენობაში შევა თეატრი, ჩვენ გვაქვს უამრავი რამ, რაც თეატრისთვის საჭიროა, და ჩვენ ამ ყველაფერს მოვახმართ თეატრის მატერიალურ-შემოქმედებით მოწყობას “, - განაცხადა ბადრი წერედიანმა.
რაც შეეხება სახელფასო ფონდს, თეატრს მიმდინარე წლიდან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აფინანსებს, მანამდე კი საამისოდ თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფოდა. მაგალითად, გასულ წელს თეატრის სახელფასო ფონდს ქალაქის ბიუჯეტიდან 438 ათასი ლარი მოხმარდა, წელს კი ადგილობრივმა თვითმმართველობამ 13 750 ლარი თეატრის მომავალი მსახიობების განათლებისთვის გამოყო. შოთა რუსთაველის თატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მერია ზუგდიდის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებში შეარჩევს 12 აბიტურიენტს, რომელთაც 4 წლით სწავლას დაუფინანსებს. მერიის ულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზამირა ღადუამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ პროექტში ჩართულები ვალდებული იქნებიან სწავლის დამთავრების შემდეგ 4 წელი ზუგდიდის თეატრში დასაქმდნენ.
„ვფიქრობთ, რომ ჩვენი თეატრი, რომელსაც მომავალ წელს 150 წელი უსრულდება, იუბილეს შეხვდება რეაბილიტირებულ შენობაში. ამ პროექტით კი ქალაქმა მოიხადა თავისი ვალი, რომ ამ დასს, რომელიც ოდითგანვე ცნობილი იყო, ვფიქრობთ, რომ ეს თორმეტი მსახიობი, რომელიც 4 წლის შემდეგ დაუბრუნდება ზუგდიდს, მინიმუმ ოთხი წელი იმუშავებს თეატრში“, - განაცხადა ზამირა ღადუამ.
სანამ ზუგდიდის ახალ თეატრში განახლებული დასი საკუთარ ნამუშევრებს წარადგენს, ძველს მძიმე პირობებში უწევს რეპეტიციების გავლა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მაყურებელს მალე რეჟისორ სოსო ნემსაძის ახალ სპექტაკლს წარუდგენენ.