ზუგდიდის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი თუ ახერხებს სხეულის გასაჯანსაღებლად სხვადასხვა აქტივობებში ჩართვას. სპორტული ცხოვრება განსაკუთრებით აქტუალური ხდება ზაფხულში, როცა ყველა ცდილობს კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნას. ეს ადვილად შესამჩნევია თუნდაც ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, როცა დილის საათებში მორბენალი ადამიანების რაოდენობა მატულობს.
Your browser doesn’t support HTML5
ზუგდიდელი ზაირა ტაბაღუა ერთ-ერთი მათგანია, ვინც ფიზიკური დატვირთვის მიზნით უპირატესობას სეირნობას ანიჭებს. 65 წლის ქალბატონი ამბობს, რომ მის ირგვლივ ძალიან ცოტანი არიან ის ადამიანები, ვინც ფიზიკურ გაჯანსაღებაზე ზრუნავს. რესპონდენტის განმარტებით, თუ შესაბამისი გარემო შეიქმნება და ადამიანს ექნება ნორმალური სამუშაო განრიგი, უფრო მეტი მოახერხებს სპორტით დაკავებას. ზაირა ტაბაღუა მოქალაქეების პასიურობას მეტწილად მათი სოციალური სიდუხჭირით და არასათანადო გარემოპირობებით ხსნის:
„ჰაერი არ არის, ჟანგბადი არ არის... დაჩეხეს ყველაფერი, ხეები არ დატოვეს. სკვერები და ბაღები უნდა გაშენდეს. ჟანგბადს რაც მოიტანს, ის უნდა გაშენდეს. ყველას უნდა ჯანსაღი ცხოვრება და გარემო, მაგრამ არ კეთდება ამის ხელშემწყობი არაფერი“, - განმარტავს ზაირა ტაბაღუა.
ქალაქში, თავისუფალი სივრცის გარდა, ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, 30 სპორტული ობიექტია, სადაც მსურველი ვარჯიშს შეძლებს. მათ შორისაა 28 სპორტული მოედანი და 2 სპორტდარბაზი. მოქმედებს ასევე 2 კერძო ფიტნეს კლუბიც, რომლებშიც აბონემენტის ფასი 40 ლარიდან 70ლარამდეა.
23 წლის მანუჩარ გაბედავა ვარჯიშს ხშირად ვერ ახერხებს და ამის მიზეზად ფიტნეს კლუბებში არსებულ მაღალ ფასს ასახელებს. ამბობს, რომ ხელმისაწვდომი გარემოს პირობებში ვარჯიშისთვის მეტი სტიმული მიეცემოდა:
„არ არის სპორტდარბაზები ხელმისაწვდომი. კარგია, რომ ცოტა ნაკლები იყოს ფასი. მარტო მე კი არა, უფრო მეტი ივლიდა“.
მას არ ეთანხმება თანატოლი გოჩა ნადარაია, რომელიც ფიქრობს, რომ მთავარი სურვილია, დასახელებული მიზეზები კი სიზარმაცის გამართლება ჰგონია:
„სპორტდარბაზები ხელმისაწვდომია. ვიცი, რომ არიან ადამიანები, ვისაც არ აქვს თუნდაც ის თანხა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში თუნდაც ბოტანიკურ ბაღშია სავარჯიშო ადგილები“.
სტუდენტი ანა ლაშხია კი ამბობს, რომ სასურველი ვარჯიშები ინტერნეტში მოიპოვა და ცდილობს კვირაში რამდენიმე დღე დაუთმოს. იზიარებს აზრს, რომ სურვილის შემთხვევაში სპორტული ცხოვრების დაწყება ყველას შეუძლია:
„პროფესიულ დონეზე არ ვარ სპორტით დაკავებული, მაგრამ ვცდილობ. მე მგონია, რომ ვარჯიში გარემოსთან არ არის დაკავშირებული. ეს დამოკიდებულია პიროვნებაზე - თუ უნდა მას დაკავდეს სპორტით, ამას ნებისმიერ დროს შეძლებს“.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში ცდილობენ ქალაქში დასვენებისა და სპორტული აქტივობებისთვის გარემოს შექმნას.
მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ზამირა ღადუამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ქალაქში სკვერების მოწყობისას სპორტულ ინვენტარსაც განათავსებენ, რათა ყველა პირობა იქნეს შექმნილი. ამასთან, ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდის მიზნით, გააქტიურდა მუშაობა სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში:
„საბავშვო ბაღების დონეზე დავიწყეთ სპორტული შეჯიბრებები, მხიარული სტარტები. აქ ჩართული არიან სკოლის მოსწავლეები. მე ვფიქრობ, რომ სკოლებში არ არის ეს იმ დონეზე, როგორც ადრე იყო, მაგალითად, ფიზკულტურის გაკვეთილები, მაგრამ ეს პროექტი, რომელსაც სპორტის სამინისტრო ახორციელებს... თუნდაც, აი, ახლა რომ მიმდინარეობდა სპორტული შეჯიბრებები ქუჩებს შორის კალათბურთში. ვფიქრობ, რომ არაფერს არ ვაკლებთ ამ კუთხით, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში“.
მერიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ჭითაწყარის დასახლებაში არსებული სპორტული კომპლექსის და ყოფილი პოლიტექნიკუმის ეზოში არსებული სპორტული დარბაზის რეკონსტრუქცია. ზამირა ღადუას თქმით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აპირებს ეს ცენტრები ახალი ინვენტარით აღჭურვოს.