სახელმწიფოს შეთავაზება საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს

ზუგდიდი

მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემების დასაძლევად საქართველოს რეგიონებში მოქალაქეებთან შეხვედრები მიმდინარეობს.„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შეხვედრა უკვე შედგა ზუგდიდში. პროგრამას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით ახორციელებს. რეგიონებში მსგავსი შეხვედრები მიზნად ისახავს მოქალაქეთა ინფორმირებას, თუ რა სახის პრობლემები ახლავს არალეგალურ მიგრაციას და რას სთავაზობს სახელმწიფო ქვეყანაში დაბრუნებულ მოქალაქეებს.

Your browser doesn’t support HTML5

სახელმწიფოს შეთავაზება საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს

ზუგდიდში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნათელა მჟავანაძემ თქვა, რომ ერთ-ერთი მტკივნეული ასპექტი არალეგალურად უცხო ქვეყანაში ყოფნა და მუშაობაა, რომელიც მიგრანტთან ერთად პრობლემას დამსაქმებლებსაც უქმნის. ერთი არალეგალური მიგრანტის დასაქმებისთვის დამსაქმებელი 20 ათასი ევროთი ჯარიმდება. მისივე თქმით, უკვალიფიკაციოდ დასაქმება ევროპის ბაზარზე რთული პროცესია და არალეგალურ შრომას უკავშირდება, ამიტომ აუცილებელია შესაბამისი საფეხურების გავლა, რათა ყველა მხარე იყოს დაცული:

„მიგრაცია მაშინ არის უსაფრთხო, როცა ადამიანი ინფორმირებულია, როდესაც მან იცის, სად და რისთვის მიდის. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ კანონიერ მიგრაციას მოაქვს სიკეთე მიგრანტისთვის, მისი ოჯახისთვის, ქვეყნისთვის, ზოგადად, და არ უქმნის საფრთხეებს თავად მიგრანტს და არ უქმნის პრობლემებს მიმღებ ქვეყანას“.

სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაცია „მერკურის“ ხელმძღვანელის, ნანა თოდუას, განცხადებით, არალეგალ მიგრანტებს ძირითადად ერთი ტიპის პრობლემები აქვთ:

„პირველ რიგში, ეს არის უცხოეთში კანონიერად ყოფნა, დოკუმენტაცია, რომელიც სჭირდებათ,; ასევე, მათი უფლებების დაცვა უცხოეთში ყოფნისას და, ასევე, მობრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდაჭერა, ვინაიდან სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს სჭირდებათ როგორც ფსიქოლოგიური, ასევე, მატერიალური დახმარება“.

ამ კუთხით არსებული პრობლემების დასაძლევად სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ პროგრამაზე ილაპარაკა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ. გრიგოლ გიორგაძის თქმით, სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის მხარდასაჭერად სახელმწიფომ თანხა პირველად შარშან გამოყო. სპეციალური პროგრამა გულისხმობს როგორც პროფესიულ გადამზადებას, ასევე, იურიდიულ დახმარებას, მიკრობიზნესპროექტების დაფინანსებას.

„შეიძლება ეს იყოს მინიმალური მხარდაჭერა იმისთვის, რომ აღარ დასჭირდეს ადამიანს არალეგალურად წასვლა საზღვარგარეთ და აქ შეძლოს მან ფეხის მოკიდება. ჩვენ რეგიონებში შეხვედრები გვაქვს მუნიციპალიტეტების დონეზე, არასამთავრობოებთან, მოსახლეობასთან იმისთვის, რომ გავაცნოთ პროგრამა, იცოდნენ კრიტერიუმები, რათა მეტმა ადამიანმა შეძლოს ამ პროგრამით სარგებლობა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გრიგოლ გიორგაძის თქმით, პროგრამაში ჩართვის მთავარი კრიტერიუმია - ადამიანი საზღვარგარეთ არალეგალურად ერთ წელზე მეტი ხნით იმყოფებოდეს და დაბრუნებიდან ერთი წელი არ იყოსგასული.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო 2015 წლიდან, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის მხარდაჭერას ახორციელებს. სამინისტროს ცნობით, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, დაფინანსება 200 000 ლარით გაიზარდა და ამ ეტაპზე 600 000 ლარს შეადგენს. სამინისტრო აღნიშნული პროგრამის განხორციელებას კვლავ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით განაგრძობს.