ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის ცვლილების პროექტს უარყოფითად აფასებს და მის წინააღმდეგ გამოდის. როგორც გლეხები რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებენ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დიდი ნაწილიც კი ოფიციალურად დაურეგისტრირებელია და, კანონის ამოქმედების შემთხვევაში, გლეხებს პრობლემები შეექმნებათ.
სოფელ ლიაში მცხოვრები ელისო მეუნარგია ამბობს, რომ მას, დაახლოებით, 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აქვს, რომლის მხოლოდ ნაწილია რეგისტრირებული. როგორც რესპონდენტი აცხადებს, თანასოფლელების მსგავსად, მისთვისაც მიწების საკუთრებაში დარეგისტრირება ფინანსებს უკავშირდება:
„როგორ გადავიფორმო?! თუ ფული იქნება და თუ კანონი იქნება, რატომაც არ მინდა? დაკანონებული იქნება ... ამჟამად არაფერი არ მაქვს და როგორ უნდა დავარეგისტრირო?!“
ასე ფიქრობენ რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხული სხვა რესპონდენტებიც. მაგალითად, ანაკლიაში მცხოვრები ლია ეხვაია ამბობს, რომ წლების განმავლობაში საკურორტო ზონაში მოსახლეობის დიდი ნაწილი, სურვილის მიუხედავად, მიწის დარეგისტრირებას ვერ ახერხებდა, რადგან თავად საჯარო რეესტრს ჰქონდა ეს პროცესი შეჩერებული:
„სამოსახლო მიწა მაქვს, ახალი მიწა, და ვერ გამიფორმეს, არ არისო გაფორმებაო. ადრე რამდენჯერმე მივედი. ახლა, ამ პერიოდში, არ მიცდია...ჩვენც ველოდებით გაფორმებას. ბევრი მიწაა ისეთი, რომელიც არ არის გაფორმებული“.
„შემოსავალიროცა არაფერი არ გაქვს, 100 ლარიც ძვირი არ არის?“, - ამბობს ლეილა მესხი.
ფინანსური პრობლემების პარალელურად, მოსახლეობა საკითხის შესახებ ინფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს. გლეხების თქმით, მათ არც კი იციან, სად და რა პროცედურის გავლაა საჭირო მიწის დარეგისტრირებისთვის.
72 წლის კაკო მალანია ამბობს, რომ მას მიწები წინაპრებისგან ერგო და საწინააღმდეგო მოსაზრებას არავისგან მიიღებს:
„100 წელია, ალბათ, მიწა მაქვს. პაპუაჩემის პაპუის იყო და მაშინ გაფორმება არ იყო. კოლხოზმა იცოდა და გადასახადს ვიხდიდით“.
„ადრე სოფლის საბჭოში იყო გაფორმებული, რეგისტრირებული და, ვსიო, ეს საკმარისი იყო. ფული არ არის და უჭირს ხალხს. ყველას უნდა დარეგისტრირება, დაურეგისტრირონ. ინფორმირებაა საჭირო ყველა საქმეში. უნდა აუხსნან“, - ამბობს სოფელ ოქტომბრის მკვიდრი ალიოშა კვარაცხელია.
გლეხების პარალელურად, საქართველოს სახალხო დამცველი საჯარო რეესტრის შესახებ კანონის ცვლილების პროექტს უარყოფითად აფასებს და სახელმწიფო საკუთრებად მიწების რეგისტრაციისას პროცესის მეტ გამჭვირვალობას ითხოვს. ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ მასალაში ნათქვამია, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ ემსახურება უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაციის კუთხით არსებული პრობლემების გადაწყვეტას. პირიქით, სერიოზულ ზიანს მიაყენებს საქართველოში საკუთრების უფლების რეალიზაციას. ცვლილებების წინააღმდეგია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც“. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მთავრობის ახალი კანონპროექტი კერძო საკუთრების ხელყოფის საფრთხეებს შეიცავს. ის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გამოიხმოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც შეიცავს კერძო პირთა ინტერესების არამართლზომიერი შეზღუდვის მნიშვნელოვან საფრთხეებს და უარი თქვას პრობლემის ნაჩქარევად და ზედაპირულად გადაწყვეტაზე.