ზუგდიდში გუბერნატორობის კანდიდატთა ვინაობის გასაჯაროებას ითხოვენ

კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ნაწილი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორობის კანდიდატთა ვინაობის გასაჯაროებას ითხოვს.
40-მდე მოქალაქე დადიანების ეზოში შეიკრიბა და შესაბამისი მოთხოვნით ხელისუფლებას მიმართა.

აქციის მონაწილეების თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ შესაძლოა გუბერნატორის თანამდებობაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ლევან შონია დაინიშნოს, რაც მათთვის მიუღებელია.
„არ გვინდა გუბერნატორად დაინიშნოს ისეთი პიროვნება, რომელსაც სამეგრელოსთვის არაფერი გაუკეთებია და ეს პიროვნება არის ლევან შონია. დღეს დანიშვნები ხდება ნათელმირონობით, ძმაკაცობით, ნათესაობით. მე თავს შევიკავებ იმ ადამიანების ვინაობის დასახელებისგან, ვინც, ფაქტობრივად, ლობირებს ლევან შონიას. ერთ-ერთმა მათგანმა მე მითხრა, რომ ლევან შონია არის ჩემი მეგობარი და რა ვუყოო“, - უთხრა ჟურნალისტებს აქციის მონაწილე მერაბ შენგელიამ.

მისივე განმარტებით, სამეგრელოში არის რამდენიმე ღირსეული კანდიდატი, რომელიც შეეფერება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორობის პოსტს, მაგალითისთვის მერაბ შენგელიამ კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილი საარჩევნო შტაბის თავმჯდომარის მოადგილე გოგიტა მამფორია დაასახელა.
მერაბ შენგელიამ ჟურნალისტებს ისიც აუხსნა, თუ რა დამსახურების გამო უჭერს „ქართული ოცნების“ აქტივისტთა ნაწილი მამფორიას მხარს:
„გოგიტა რომ არ ჩამოსულიყო ზუგდიდის შტაბში, „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნები წაგებული ჰქონდა. ეს - ერთი, და, მეორე, ეს არის ჩამოყალიბებული პიროვნება, რომელიც ხალხში სარგებლობს ავტორიტეტით. არის საქმის გამკეთებელი. აი, ამიტომ გვჭირდება ჩვენ სწორედ გოგიტა მამფორია“.

ამასთან, აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ არიან წინააღმდეგი მხარი დაუჭირონ სხვა კანდიდატურასაც, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეებს მისი საქმიანობის მიმართ არ ექნებათ კითხვები.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის, ვალერ ჯალაღონიას თქმით, ხელისუფლებასთან, რომლის მოსვლასაც თავად დაუჭირეს მხარი და ამისთვის აქტიურად იბრძოლეს, არ სურთ ულტიმატუმის ენით საუბარი, მაგრამ თუ მათი მოთხოვნა არ იქნება გათვალისწინებული, უფრო ფართომასშტაბიან აქციებს ჩაატარებენ:

„მე მეგონა, ნაცნობობით დანიშვნები წარსულს ჩაბარდა, მაგრამ, სამწუხაროდ, იგივე მეორდება ახლაც. თუკი ეს ასე იქნებოდა, მაშინ რა აზრი ჰქონდა ამ ქარტეხილებს და ბეწვის ხიდზე გავლას? მე დიდ პატივს ვცემ ბატონ ბიძინას, მაგრამ ჩვენი მოთხოვნაა, თავს არ მოგვახვიონ არავინ. დღეს აქ ერთეული ადამიანი დგას, მაგრამ აქ შეიძლება ათასობით ადამიანი დადგეს“, - განაცხადა ვალერ ჯალაღონიამ.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნებმა გააკვირვა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ლევან შონია, რომლის განცხადებითაც, გუბერნატორის თანამდებობა მისთვის არავის შეუთავაზებია.

„ამ თემაზე საერთოდ არავისთან არ მქონია საუბარი და თვითონ რაღაცებს ქმნიან. რა კატეგორიის ხალხი მართავს აქციას და რას ითხოვენ, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია. მე სამხარეოს უფროსი ვარ და ვაკეთებ ჩემს საქმეს“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ლევან შონიამ.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნების შესახებ ტელეფონით, მეგობრების საშუალებით შეიტყო კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილი საარჩევნო შტაბის თავმჯდომარის მოადგილე გოგიტა მამფორიამ:

„ნებისმიერ მოქალაქეს აქვს თავისი პოზიციის გამოხატვის უფლება და სწორედ ამისთვის ვიბრძოდით ჩვენ. რომელიმეს თუ აქვს სურვილი ასეთი, ეს მათი პოზიციაა და, შესაბამისად, მე ამას ვერც უარყოფითად და ვერც დადებითად ვერ შევაფასებ“.

გოგიტა მამფორიამ რადიო თავისუფლებას ასევე განუცხადა, რომ გუბერნატორის თანამდებობაზე შეთავაზება არ ჰქონია და არც აქვს ინფორმაცია, ოფიციალურად ვინ განიხილება ამ პოსტზე.