2012 წელს ზუგდიდში 30-ზე მეტი აქცია მოეწყო

საპროტესტო აქცია საარჩევნო კომისიის ზუგდიდის ოფისთან. 2012 წლის 4 ოქტომბერი

2012 წელი ზუგდიდში სხვადასხვა შინაარსის აქციათა რაოდენობით გამოირჩეოდა. წლის განმავლობაში ქალაქში 30-ზე მეტი აქცია მოეწყო, აქედან დიდი ნაწილი საპროტესტო იყო. აქციების განსაკუთრებული სიმრავლე ოქტომბერში ჩატარებულ პარლამენტის არჩევნებს უკავშირდებოდა. ეს იყო წინასაარჩევნო თუ შემდგომი პერიოდი, თუმცა ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, პირველი საპროტესტო აქცია, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, არ იყო პოლიტიკური ხასიათის. ეს ზუგდიდის მრავალპროფილური საავადმყოფო „რესპუბლიკის“მედპერსონალის გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია იყო, ხელფასების გაზრდის მოთხოვნით. მაშინ მედპერსონალის უკმაყოფილების გაზრდა იმან გამოიწვი, რომ საავადმყოფოს მფლობელმა,"ჩემი ოჯახის კლინიკამ", რომელიც სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაის“ შვილობილი კომპანიაა, ორი თანამშრომელი, აქციის ორგანიზატორობის ბრალდებით, სამსახურიდან დაითხოვა. მოგვიანებით, მედპერსონალის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, ქირურგები სამსახურში აღადგინეს.

შემდეგი საპროტესტო აქცია მაისის თვეში მოვაჭრეებმა გამართეს, გარევაჭრობის დაშვების მოთხოვნით. მათ ზუგდიდის გამგეობამ დროებით გარევაჭრობის უფლება მისცა. ივნისში მოვაჭრეებს კვლავ შეახსენეს, რომ გარევაჭრობა კანონით იკრძალება და კანონის დაცვა მოსთხოვეს, რასაც კვლავ ფართომასშტაბიანი
ჩემი ოცნების დიდი ნაწილი ახდა. შეხედეთ, რამდენი ვართ, როგორ დადგა სამეგრელო...
ბიძინა ივანიშვილი

გამოსვლები მოჰყვა. ამ დავამ და პროტესტმა დეკემბრის თვეშიც გადმოინაცვლა. ამჯერად მას შიდა და გარემოვაჭრეების დაპირისპირებაც დაერთო თან. ნაწილი გარევაჭრობის აკრძალვას, ნაწილი კი დაშვებას ითხოვდა.

„იქ მეხილეები დგანან. პატრონი ხომ ჰყავს იმ ადგილებს. ქალმა მითხრა, ბენზინს დაგასხამთ და დაგწვავთო, როგორ თუ ჩვენს ადგილებს გაძლევენო“, – ამბობდნენ გარემოვაჭრეები, რომლებსაც შიდა მოვაჭრეებთან კონფლიქტი სამუშაო ფართების გაყოფის მიზეზით ჰქონდათ.

ამ დროისთვის ზუგდიდში გარევაჭრობა კვლავ დროებით არის დაშვებული.

აქციების რაოდენობამ იმატა არჩევნების მოახლოებასთან ერთად. არჩევნებში ორმა ძირითადმა კონკურენტმა - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ -საკუთარი მომხრეები რამდენჯერმე შეკრიბა ზუგდიდის მთავარ მოედანზე.

„ჩემი ოცნების დიდი ნაწილი ახდა. შეხედეთ, რამდენი ვართ, როგორ დადგა სამეგრელო“, – განაცხადა ზუგდიდში ყოფნისას ბიძინა ივანიშვილმა.

ამომრჩეველთა სიმრავლით უკმაყოფილო არც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო.

მიხეილ სააკაშვილი

„ჩემი სამეგრელო, ჩვენი სამეგრელო! ძალიან დიდი მადლობა ყველას“, – უთხრა ზუგდიდის მთავარ მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს მიხეილ სააკაშვილმა.

რამდენიმე საპროტესტო აქცია მიეძღვნა საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა წამებისა და გაუპატიურების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებას. მოქალაქეების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია, რომელსაც პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები და ლიდერები, ასევე სასულიერო პირებიც შეუერთდნენ, ძალადობას გმობდა.

„არ გვინდა ადამიანის უფლებები ილახებოდეს, ადამიანებს აწამებდნენ ციხეებში“, – ამბობდნენ აქციის მონაწილეები.

სექტემბერში კიდევ ერთი საპროტესტო მსვლელობა მოეწყო, ამჯერად მისი ორგანიზატორები მედიის წარმომადგენლები იყვნენ.

ჟურნალისტების აქცია ზუგდიდში


პროტესტი გამოიწვია იმ დროისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის როლანდ ახალაიას სახლთან მომხდარმა ინციდენტმა, რა დროსაც ჟურნალისტებს კანდიდატმა და მისმა მეზობლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტები ძალადობას გმობდნენ და თავისუფალ გარემოს ითხოვდნენ.

პარლამენტის არჩევნების დასრულების შემდეგ საპროტესტო აქციები უკვე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ახლა უკვე თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას არჩევნებში დამარცხებას მოჰყვა. თავად კანდიდატი და მისი მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები როლანდ ახალაიას სასარგებლოდ გააყალბა.

საპროტესტო აქციები ზუგდიდში არჩვნების დასრულების შემდეგ ორ თვეშიც გაიმართა.

„უკან დამხევი არც ჩვენ და არც ჩვენს უკანმდგომი ხალხი არ ვართ, სანამ არ გადადგება გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე“, – აცხადებდნენ ორგანიზაცია „თეთრი მანდილის“ წარმომადგენლები.
ვსარგებლობ კოჰაბიტაციის პრინციპით და ვაპირებ თანამშრომლობას ახალ ხელისუფლებასთან...
ლევან კონჯარია


მათი ორგანიზებით საპროტესტო აქცია ქალაქში რამდენჯერმე გაიმართა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიიჩნევდნენ, რომ ასეთი აქციები კოალიციის მიერ არის ორგანიზებული, რათა ადგილობრივ თვითმმართველობებში საკუთარი კანდიდატურა მოიყვანონ.

დღეისათვის ზუგდიდში ასეთი ვითარებაა. მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ალექსანდრე ქობალიამ გამგებლის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, მისი მოვალეობის შემსრულებელი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ედიშერ თოლორაია გახდა. ამ პოსტზე მისი დანიშვნა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარიამ ჟურნალისტებს ასე აუხსნა: „ვსარგებლობ კოჰაბიტაციის პრინციპით და ვაპირებ თანამშრომლობას ახალ ხელისუფლებასთან“.