სიკვდილი ზესტაფონის „ფეროში“

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა

12 მარტს, დილით, ზესტაფონის „ფეროშენადნობთა“ ქარხნის მეოთხე საამქროს შენობის სახურავიდან 55 წლის მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. 2018 წელს ის სამუშაო ადგილზე გარდაცვლილი მერვე ადამიანია. მუშები შენობის ძველ სახურავს ცვლიდნენ.

Your browser doesn’t support HTML5

სიკვდილი ზესტაფონის „ფეროში“

სიკვდილი ზესტაფონის „ფეროში“

  • „ფეროს“ სარემონტო საამქროს ზეინკალი 40 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა.
  • პროფკავშირმა ადმინისტრაციას ოფიციალური წერილით მოსთხოვა შემთხვევის ადგილზე თავიანთი ტექნიკური ინსპექტორების შეშვება.
  • ქარხნის ხელმძღვანელმა ვასილ გველესიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ, სავარაუდოდ, მუშა სახურავის ძველ, გამოუცვლელ ნაწილზე გადავიდა.
  • დაირღვა თუ არა უსაფრთხოების ნორმა და ვისი პასუხისმგებლობა გამოიკვეთება მომხდარის გამო, ჯერჯერობით უცნობია.

„ფეროს“ სარემონტო საამქროს ზეინკალი 40 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა. მის გვერდით მომუშავე სხვა მუშები ამბობენ, რომ დაღუპულს სპეციალური დამჭერი ღვედი არ ეკეთა - „ასე მუშაობა ადგილზე მოუხერხებელია და დიდი დრო მიაქვსო“, უთხრეს მათ იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარეს, კახა მაჩიტიძეს. მაჩიტიძემ „ფეროს“ სხვა თანამშრომლებთან საუბარში ისიც გადაამოწმა, ხომ არ იყო დაღუპული ზეინკალი ნასვამი ამ ნაბახუსევი, რაც ყველამ უარყო. მუშებმა ისიც თქვეს, რომ შენობის ძველი სახურავი, რომელზეც მათი თანამშრომელი იდგა, ჩაინგრა და ისიც თან ჩაიყოლა.

პროფკავშირმა ადმინისტრაციას ოფიციალური წერილით მოსთხოვა შემთხვევის ადგილზე თავიანთი ტექნიკური ინსპექტორების შეშვება. კახა მაჩიტიძე იხსენებს, რომ დაახლოებით სამი წლის წინ, ზესტაფონში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, როდესაც ელექტრომონტიორი დაიღუპა, პროფკავშირმა სასამართლოშიც იჩივლა. მაშინ საქმე გარიგებით დასრულდა და დაღუპულის ოჯახს კომპანიამ 45 000 ლარი გადაუხადა.

ზესტაფონის „ფეროშენადნობთა“ ქარხნის ხელმძღვანელმა ვასილ გველესიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ, სავარაუდოდ, მუშა სახურავის ძველ, გამოუცვლელ ნაწილზე გადავიდა. მისი თქმით, იქ იყო უსაფრთხოების ღვედებიც და საკმარისი ადგილიც გადასაადგილებლად, თუმცა მეორე საკითხია, ეკეთა თუ არა მუშას ეს ღვედი.

დაირღვა თუ არა უსაფრთხოების ნორმა და ვისი პასუხისმგებლობა გამოიკვეთება მომხდარის გამო, ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება ამ საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს სამთო-სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას.

გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა შრომის უსაფრთხოების კანონიც მიიღო, თუმცა, როგორც ლინა ღვინიანიძე ამბობს, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიდან“, რეფორმა დაგვიანებული და არასრულყოფილია. შედეგად გვაქვს ის, რომ პრევენციის მექანიზმი, რომელმაც სამუშაო ადგილზე ადამიანების დაშავებისა და დაღუპვის სტატისტიკა უნდა შეამციროს, კიდევ დიდხანს ვერ ამუშავდება. თავად კანონი ძალაში შევა ექვს თვეში, თუმცა ლინა ღვინიანიძეს ცვლილებების დიდი მოლოდინი არც ამ ნახევარი წლის შემდეგ აქვს და აი, რატომ:

მაგალითად, შრომის ინსპექტორები ობიექტზე ვერ შევლენ უპირობოდ. მათ ექნებათ მხოლოდ გეგმიური კონტროლისა და საწარმოო ფატალური შემთხვევის მხოლოდ შემდგომი ინსპექტირების უფლება. ამ კანონით, შრომის ინსპექციამ ჯერ უნდა მიმართოს სასამართლოს და შემდეგ მივიდეს ადგილზე, რაც, ექსპერტების შეფასებით, არის დროის კარგვა და დამატებითი ბარიერი.

ლინა ღვინიანიძე

ლინა ღვინიანიძე სვამს მეორე კრიტიკულ კითხვასაც: არის თუ არა სახელმწიფო მზად ამ კანონის აღსასრულებლად - ჰყავს თუ არა მას საკმარისი და, რაც მთავარია, სათანადოდ გადამზადებული ინსპექტორები ან საკმარისი ადმინისტრაციული რესურსი იმისათვის, რომ ყველა შეტყობინებას მოჰყვეს მყისიერი რეაქცია საწარმოში არსებულ სამართალდარღვევაზე.

თუმცა, სანამ კანონი ამოქმედდება და შედეგების შეფასება იქნება შესაძლებელი, საწარმოო ადგილებზე დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი არ იკლებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლიდან, 2016 წლის ჩათვლით, სამუშაო ადგილებზე დაშავდა 776 ადამიანი და დაიღუპა 270 ადამიანი. ამ სტატისტიკას გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებიც რომ მივამატოთ, ვნახავთ, რომ 2017 წელს საწარმოო ტრავმის შედეგად გარდაიცვალა 41 და დაშავდა 77 ადამიანი, ხოლო წელს, 2018 წლის 12 მარტის მონაცემებით, იმავე მიზეზით დაღუპულია 8 და დაშავებულია 3 ადამიანი.