როგორი იყო 2015 წელი ქართული ლიტერატურისთვის? შევეცდებით სწრაფად გადავავლოთ თვალი იმას, რაც განვლილ წელს მოხდა და ძირითადი სიმპტომები გამოვკვეთოთ, მთავარი მოვლენები, ყველაზე დასამახსოვრებელი წიგნები. ამ თვალის გადავლებაში ჩვენს "ბიბლიოთეკასაც" მოვიშველიებთ, გავიხსენებთ რაღაცებს. პოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძეც დაგვეხმარება მოვლენების შეფასებაში. ალბათ, ბუნებრივი იქნება, თუ საუბარს იმით დავიწყებთ, თუ რა ლიტერატურული სიახლეები მოიტანა ამ წელმა, რა ახალი მოძრაობები დაიწყო და არის თუ არა ყოველივე ეს სიცოცხლისუნარიანი. სწორედ ეს ვკითხე თავდაპირველად გიორგი ლობჟანიძესაც.
გიორგი ლობჟანიძე: ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი ორი პროექტი იყო. ერთი ლიტერატურული ფესტივალი, რომელიც ჩატარდა მწერალთა სახლის ორგანიზებით, და კარგი დასაწყისია ეს. მე ვფიქრობ, რომ თუკი ამ მიმართულებით ვიმუშავებთ, შეგვიძლია წლების შემდეგ მივიღოთ მართლა საერთაშორისო ცნობადობის ფესტივალი, და, მეორე, - "ცოცხალი წიგნები". რეალურად ეს პროექტი აღმოჩნდა ძალიან კარგი დამაკავშირებელი თანამედროვე ქართული მწერლობისა რეგიონებთან. და ეს ჩვენ ყოველთვის გვაკლია, იმიტომ რომ რაღაცნაირად მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვაკუუმში ვსხედვართ და ვწერთ შეზღუდული აუდიტორიისათვის. და რაც უფრო გავა გარეთ ეს ყველაფერი და, ბოლო-ბოლო, ვიღაცაზე იმოქმედებს რეგიონებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, რომელიც მაისში ჩატარდა და, როგორც პირი უჩანს, ყოველწლიური გახდება, სვეტლანა ალექსიევიჩთან შეხვედრით და მისი "ჩერნობილის ლოცვის" წარდგენით უნდა გახსნილიყო. იგი სპეციალურად ფესტივალისთვის ნინო ბექიშვილმა თარგმნა, მაგრამ, სამწუხაროდ, ფესტივალის დაწყების წინ სვეტლანა ალექსიევიჩი ავად გახდა და თბილისში ჩამოსვლა ვერ მოახერხა. ცხადია, პრეზენტაცია მაინც შედგა და, რაც მთავარია, ეს წიგნი უკვე არსებობს ქართულად და მას უკვე ბევრი კითხულობს, მით უმეტეს, ახლა, როცა სვეტლანა ალექსიევიჩი უკვე ნობელიანტია. გავიხსენოთ, რა თქვა ნინო ბექიშვილმა "ბიბლიოთეკის" გადაცემაში.
ნინო ბექიშვილი: ეს არ არის ცალკე წიგნი, ეს არის ხუთწიგნეულის ნაწილი და, როგორც ის ამბობს, ის იკვლევს „წითელ ადამიანს“, ანუ საბჭოთა ადამიანს. მწერალს თავიდანვე ჰქონდა განსაზღვრული კვლევის ობიექტი: რა მოსდიოდა საბჭოთა ადამიანს, როგორ განიცდიდა ის ყველაფერს... ალექსიევიჩი იმდენად რეალურ სურათს ხატავს საბჭოეთის, მე სხვაგან ასეთი ზუსტი და მრავალპლანიანი აღწერა საბჭოეთის, შემიძლია ვთქვა, რომ არსად არ შემხვედრია.
საერთოდ, რაც შეეხება თარგმანებს. როგორც გიორგი ლობჟანიძემ თქვა:
წელს გრძელდებოდა წინა წლებიდან, რომ თარგმანში თითქოს უფრო დინამიურად ვითარდებოდა მთელი სალიტერატურო პროცესი, რასაც ვისურვებდი, რომ ორიგინალურ ლიტერატურაშიც ასე ყოფილიყოს.
ამის მაჩვენებელი იყო ის მოულოდნელი ფაქტიც, რომ წელს პრემია "საბა" ერთდროულად სამ მთარგმნელს გადაეცა. არადა, თარგმანის ნომინაცია მხოლოდ ერთია. ეს ასე მოხდა: დრამატურგიაში ჟიურიმ ღირსეულად არავინ ჩათვალა და ამ ნომინაციის თანხა თარგმანის ნომინაციაში გადაისროლა. ლაურეატები გახდნენ ხათუნა ცხადაძე, უმბერტო ეკოს "პრაღის სასაფლაოს", და ლელა დუმბაძე, ვირჯინია ვულფის "გზა შუქურისკენ" თარგმნისთვის, ხოლო დებიუტშიც პრემია მგადაეცა თარგმნელს, გიორგი წიკლაურს, პიტერ აკროიდის "ლონდონის" გადმოქართულებისთვის. თარგმანების ხვედრითი წილი ქართულ ლიტერატურულ პროდუქციაში ამჟამად, მართლაც, დიდია და საუკეთესო ტექსტების მოკლე ჩამონათვალიც კი შორს წაგვიყვანს. ამიტომ ჯობს, ისევ ქართველ ავტორებს მივუბრუნდეთ. ბესიკ ხარანაულმა, რომელსაც წელს ლიტერატურული ღვაწლისთვის "საბა" გადაეცა, არც წელს დაგვაღალატა. მოდით, ჩავიხედოთ ჩვენს არქივში და ვნახოთ, რას ამბობს მის ბოლო წიგნზე "ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს" მწერალი ზვიად კვარაცხელია:
ბესიკ ხარანაულის ყოველი ახალი ნაწარმოები ახალი გზაა ენის ამოუწურავი შესაძლებლობების აღმოსაჩენად. თან, იმის განცდაც გიჩნდება, რომ ავტორი – აღიარებული პოეტი და ნამდვილი ოსტატი – ივიწყებს მთელ თავის შემოქმედებას, ყველაფერს, რაც მანამდე იყო, და თითქოს ცარიელი ფურცლიდან იწყებს. ხან ბავშვის ენით გელაპარაკება, ხან მოხუცის, ხან სიზმარში ნათქვამს მოიშველიებს, ხანაც ფრაგმენტს ნაძალადევის გორაზე წარმოთქმული ქადაგებიდან.
პოეზიაში წლის ბოლოსკენ რამდენიმე მნიშვნელოვანი პოეტური კრებული გამოიცა: გამომცემლობა „დიოგენეს“ დავალებით, ზვიად რატიანმა შეადგინა 600-გვერდიანი კრებული „ქართული ლექსი - XX საუკუნე“, რომელშიც გრიგოლ რობაქიძიდან დაწყებული, ნიკა ჯორჯანელით დამთავრებული, 90-ზე მეტი ავტორია წარმოდგენილი. აი, რას ამბობს თავად ზვიად რატიანი წიგნის წინასიტყვაობაში: „მე ორიენტირებული ვიყავი ლექსებზე და არა ავტორებზე, რადგან მიზნად დავისახე შეძლებისდაგვარად მომენიშნა და წარმომეჩინა XX საუკუნის ქართული ლექსის გზა, მისი განვითარების რიტმი, მის მიერ ათვისებული პერიმეტრი. ეს არც შედევრების წიგნია. შეუძლებელია, პოეტური მრავალფეროვნებით ყველაზე მდიდარი საუკუნე მხოლოდ სიმაღლეებით წარმოაჩინო. როგორღაც უნდა მეჩვენებინა არა მარტო მიღწევები და გარღვევები, არამედ შედარებითი ჩავარდნებიც, შეყოვნებებიც“. ზვიად რატიანმა საკუთარი პოეტური კრებულიც გამოსცა, სახელწოდებით "შენთვის შეიძლება". ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ სიცოცხლის ბოლოს დაწერილი 55 სონეტი ერთ კრებულად შეიკრა. აი, რას ამბობს ამ სონეტებზე გიორგი ლობჟანიძე:
აქ ოსტატობის ისეთი დონეა, სადაც არც ერთი სიტყვა ზედმეტი არ არის. სონეტი კლასიკური ფორმაა, მაგრამ ლექსიკა ზოგჯერ არის ძალიან თანამედროვე და ზოგჯერ ულტრათანამედროვეც კი. ეს ყველაფერი მოდიოდა, ცხადია, გემოვნებიდან, ძალიან დიდი გემოვნებიდან და, რაც მთავარია, დიდი გამოცდილებიდან, რადგან სიცოცხლის ბოლოს წერდა ამ ყველაფერს. ზოგი სონეტი თავადაც ვიცოდი, რაღაცები დაბეჭდა კიდევაც, მაგრამ, რაც მთავარია, მე ვგრძნობდი, რომ ვახუშტი ამით სუნთქავდა, რაც დარჩენილი ჰქონდა ის სუნთქვა, რადგან რამდენჯერაც ავედი, სულ ამ სონეტებს მიკითხავდა ხოლმე, გაჭირვებით, უკვე აპარატზე მიერთებული კაცი დადგებოდა და მოუწყინრად წაგიკითხავდა ამ თავის სონეტებს, და რაღაცნაირად ისეთი სიხარული იყო ეს შემოქმედებითი სიხარული, რომ შენც გადმოგედებოდა. და, ცხადია, მაშინაც ძალიან მომწონდა, მაგრამ ერთად თავმოყრილი უკვე გამაოგნებლად კარგ შთაბეჭდილებას ახდენს.
რაც შეეხება საგამომცემლო პროექტებს, რამდენიმე გამომცემლობა მიზანმიმართულად, ჩავარდნების გარეშე აგრძელებს ღირებულ და მაღალმხატვრულ სერიებზე მუშაობას. მათ შორისაა „დიოგენეს“ „ამერიკელები“ და „დიოგენეს ბიბლიოთეკა“, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ „მსოფლიო კლასიკა“, „ინტელექტის“ „ნობელის პრემიის ლაურეატები“ და "არტანუჯის" „თანამედროვე დრამატურგია“. ბოლო ორი წელია ნაყოფიერად მუშაობს ახალი გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“. ისინი თავისი სერიით „ფანტასტიკური ბიბლიოთეკა“ ცდილობენ შეავსონ ის ნიშა, რომელიც აშკარად უყურადღებოდ იყო დატოვებული.
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ აგრძელებს თავის პროქტს „15 საუკეთესო მოთხრობა“, მაგრამ უკვე აშკარად ჩანს, რომ ეს პროექტი კრიზისშია და გამომცემლობამ თავისი მიდგომები უნდა შეცვალოს. აი, რა თქვა ამის შესახებ კრიტიკოსმა ლექსო დორეულმა „ბიბლიოთეკაში“.
ლექსო დორეული: როგორც ამ კრებულმაც აჩვენა, მოთხრობებს მაშინ წერენ და რაღაცნაირად გამოიძახებენ ხოლმე მუზას, როცა გარკვეული მატერიალური გამორჩენის პერსპექტივა ისახება. და ამ კრებულშიც დაახლოებით ნახევარზე მეტი მოთხრობებისა საკონკურსო ფორმატში არის დაწერილი ან რაღაც სხვადასხვა პროექტის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ასეთი ტექსტებიც უნდა იწერებოდეს და ვერანაირად ვერ ავცდებით ამას, მაგრამ როდესაც წლის საუკეთესო 15 მოთხრობაში ასეთი ტექსტი არის ნახევარი ან ნახევარზე მეტი, ეს უკვე ძალიან ცუდია.
კონკურსი „წერო“ წელს უკვე ზედიზედ მეორედ ლია ლიქოკელმა მოიგო. არადა, აქაც იმავე სიტუაციასთან გვაქვს საქმე: ლია ლიქოკელი პირწმინდა პოეტია, მაგრამ წელიწადში ერთხელ გამოიძახებს ხოლმე „პროზის მუზას“, წერს რამდენიმეგვერდიან მოთხრობას, იგებს კონკურსს და მერე ისევ საკუთარ, „პოეზიის მუზას“ უბრუნდება.
ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი ვინ მოდის ქართულ ლიტერატურაში. ამის შესახებაც ვკითხე გიორგი ლობჟანიძეს - ყველაზე მეტად ვინ მიიქცია მისი ყურადღება წელს.
გიორგი ლობჟანიძე: ახალგაზრდა ავტორის მოთხრობები, ზურა აბაშიძის, რომელიც დაიბეჭდა "ახალ საუნჯეში" და მერე "ლიტერატურულ გაზეთშიც" რამდენიმე მოთხრობა წავიკითხე... ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ეს ადამიანი, იმიტომ რომ ემჩნევა, ძალიან სერიოზული ძალა მოდის, თუკი თავის თავზე იმუშავებს და თუ გავითვალისწინებთ მის ასაკსაც.
საქართველო თანდათანობით ემზადება 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის, სადაც საპატიო სტუმრის როლში უნდა წარდგეს. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პროგრამის მხარდაჭერით, ყოველწლიურად იზრდება უცხოეთში გამოცემული ქართული ლიტერატურის მასშტაბები. სხვადასხვა ენებზე ითარგმნებიან როგორც თანამედროვე ავტორები, ასევე კლასიკოსები. მხოლოდ წელს 21 ენაზე 50-მდე წიგნი გამოიცა. წლევანდელი გამოცემების რაოდენობით ლიდერობენ ოთარ ჭილაძე და აკა მორჩილაძე. მთლიანობაში, უკვე 200-მდე სხვადასხვა ეპოქის ავტორი რაღაც დოზით უკვე თარგმნილია. 2015 წელს განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო დონალდ რეიფილდის მიერ ინგლისურად ნათარგმნმა „კვაჭი კვაჭანტირაძემ“, რომელიც „გარდიანის“ რჩეულ ნაწარმოებთა შორის მოხვდა. ძალიან მნიშვნელოვანია „ვეფხისტყაოსნის“ ახალი ინგლისური თარგმანი, რომელიც ლინ კოფინმა შეასრულა. ინგლისურენოვანი მკითხველი პირველად შეძლებს ამ პოემის 16-მარცვლიანი შაირის ფორმით წაკითხვას, ისევე როგორც ორიგინალშია. ეს პროექტი გამომცემლობა „პოეზიის“ კერძო ინიციატივაა.
ცხადია, კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი რამის გახსენება შეიძლება, მაგრამ 10 წუთში ერთწლიან სალიტერატურო ცხოვრებას ვერანაირად ვერ ჩავატევთ. ამიტომ აქ დაგემშვიდობებით და უფრო სოსხლსავსე ლიტერატურულ 2016 წელს გისურვებთ!