ფსევდო-გზაჯვარედინები და პოეზიის დაბადება

დღეს ახალ წიგნებზე არ ვისაუბრებ. მინდა მკითხველს გავახსენო ჩემი ორიწლისწინანდელი ნაფიქრი, სადაც თანამედროვე ქართული ლიტერატურის საწყისებს ვეძებდი. პირველ რიგში ჟან სტარობინსკის ერთი ძალზე საინტერესო წიგნი მახსენდება: “1789 წელი: გონების ემბლემები”. წიგნში საფრანგეთის რევოლუციის თანადროულ ხელოვნებაზეა საუბარი, ხედვაზე და ხედვის ცვლილებაზე, იმაზე, თუ რამდენად რევოლუციურად შეიცვალა სამყაროს აღქმა, სად დაუკავშირდა ერთმანეთს რევოლუცია და ესთეტიკა, იყო თუ არა ეს რევოლუცია წყალგამყოფი, გზაჯვარედინი არამხოლოდ ევროპის პოლიტიკური ისტორიის, არამედ სტილების ისტორიაშიც? ესაა წიგნი, რომელშიც ძალიან კარგად მოჩანს მაშინდელი კულტურის დინამიკა და თანამედროვე კულტურის საწყისები.

სტარობინსკი პირველ აბზაცში წერს: “რევოლუციები მაშინვე ვერ ქმნიან მხატვრულ ენას, რომელიც ახალ პოლიტიკურ წყობას შეესაბამება. კიდევ დიდხანს რჩება წარსულიდან მემკვიდრეობით მიღებული ფორმები, მიუხედავად იმისა, რომ ძველი სამყარო უკვე დაეცა”. დღევანდელ საქართველოს სწორედ ამგვარ პირობებში უწევს ცხოვრება. 1988 წლიდან, უფრო ზუსტად კი, 1989 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული ჩვენი ქვეყანა განუწყვეტლივ გზაჯვარედინების წინაშე დგას, რომელიც მხოლოდ ერთი შეხედვით ჰგავს რეალურ გზის დასაწყისს, ხელახალ გამოცოცხლებას. სინამდვილეში იგი მხოლოდ ილუზორული სულის მოთქმა აღმოჩნდება ხოლმე და მეტი არაფერი. სწორედ ამიტომაც, მთელ ამ ეპოქას 9 აპრილიდან დღემდე მე ფსევდო-გზაჯვარედინების ხანას ვუწოდებდი.

უკანასკნელი ოცწლეულის ქართული ისტორია მითის ლევი-სტროსისეულ წაკითხვას დაემსგავსა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ლევი-სტროსი პარადიგმატულ და სინტაგმატურ წაკითხვებს თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებდა, ჩვენს ისტორიაში კი თხრობა და თანმიმდევრულობა არაა, იგი მხოლოდ რაღაც პარადიგმატულ სვეტებში გაქვავდა, სადაც არანაირი თანმიმდევრულობისთვის, ლოგიკისთვის და რეზუმეებისთვის ადგილი და დრო არ დარჩა. ჩვენი ისტორია უბრალოდ ჩონჩხია, რომელშიც მხოლოდ მითოლოგემებისა და მარადიული განმეორებების მძლავრი მექანიზმები მუშაობენ. აქ რაღაცის ახლიდან დაწყება მხოლოდ ილუზიაა, რომელიც უკვე მომხდარს კი არ მოსდევს და ავითარებს, არამედ ყველანაირად ცდილობს ისევ მომხდართან დაგვაბრუნოს, დაგვაბრუნოს არა გასააზრებლად, არამედ გასამეორებლად. ალბათ სწორედ ამიტომ მოვწყდით ისტორიას და მასში მხოლოდ ამ ისტორიის წაკითხვა და გააზრება თუ დაგვაბრუნებს.

დღევანდელი გადმოსახედიდან ის შორეული 1988 წელი უმნიშვნელოვანეს გზაჯვარედინად მოჩანს პირადად ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვისაც. აქედან დაიწყო ჩვენი ახალი ცხოვრება, ორივემ ერთდროულად გავაკეთეთ არჩევანი, მეც და ქვეყანამაც და შემდეგ ხან გააზრებულ ნაბიჯებს ვდგამდით, ხანაც რაღაც გაუგებარს მივერეკებოდით. ერთი ჭკუის ვიყავით, ერთად დავიწყეთ აზროვნება, და პირველი პროტესტის გრძნობაც ერთად გაგვიჩნდა. 1988-შივე ჩამოყალიბდა რელიგიურობის ის ტიპი, რომელიც დღესაა ქვეყანაში გამეფებული, შესაბამისად, მე და თანამედროვე ქართული რელიგიური გრძნობაც თანატოლები ვართ, და ასევე ჩემი კბილაა ახალი ქართული პატრიოტიზმიც.

ზემოთჩამოთვლილი რელიგიურ–პატრიოტული პათოსებისა და ჩემი გზა დიდი ხნის წინ გაიყო, ჩვენ პარალელურად ვიზრდებოდით 20 წლის განმავლობაში და მთელი ამ პერიოდის მანძილზე, მე უფრო პოეტური აზროვნება მაინტერესებდა და მისკენ უფრო ვიხრებოდი. პოეზიაში სიახლე ამ დროის მანძილზე ბევრი იყო, თუმცა ძალიან ცოტა თუ დარჩა სათამაშო მოედანზე, ბოლომდე ვერ გაიარა გზა, ზოგს მკითხველი შემოეფანტა, ზოგს სიტყვები და სათქმელი, ზოგიც წავიდა ამ ქვეყნიდან. და, რაც მთავარია, რელიგიური და პატრიოტული გრძნობები დარჩა ყველანაირი პოეზიის მიღმა.

მხცოვანი პოეტი, ივ ბონფუა, თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, დაახლოებით 4-5 წლის წინ: “მათ, ვისაც რელიგია იზიდავს, პოეზიაზე უნდა იფიქრონ”-ო. ჩვენთან პირიქით მოხდა, პოეზია და პოეტები რაღაც მცირე სექტად იქცა, რელიგიური გრძნობა კი იმდენად ტოტალური გახდა, რომ დღეს უკვე პოეზიას კი არა, რეალობასაც კი ვეღარ ამჩნევს. რეალობაში, უპირველეს ყოვლისა, რეალურ ადამიანს ვგულისხმობ, განუმეორებელი ხმით, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი სასრულობა და ამ ცოდნის ამარა დარჩენილი ეძიებს თავშესაფარს. რა თქმა უნდა, რელიგია თავშესაფარია, მაგრამ ხშირად იქ ერთი ადამიანის ადგილი არ არის, არამედ მხოლოდ ათასების. ამ დროს, “პოეზია ადამიანს არასოდეს ივიწყებს და გამუდმებით უბრუნდება მას და მისი ყოფიერების განსაკუთრებულობას წარმოაჩენს” (ივ ბონფუა). სხვა საქმეა, რამდენად წარმოაჩენს ამას თანამედროვე ქართული პოეზია, რამდენად სასოწარკვეთილი, ფიქრიანი, ამბოხებული, სარკასტული, თავგანწირულია იგი. ამაზე უკვე იწერება სტატიები, უკვე ვცდილობთ გავიაზროთ უკანასკნელი ოცწლეულის არა მხოლოდ ფორმალური ძიებები, არამედ სექტამდე დავიწროებული “პოეტურობის ბუნება”, რაზე ფიქრიც გაცილებით მეტს მოგვცემს, ვიდრე ვიღაცის ოსტატობაზე დაკვირვება. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ოსტატობას, გამართულ ლექსს, ერთგვარ პოეტურ აპოლონიზმს, თუმცა დღეს ის უფრო მაინტერესებს, სად იბადება “პოეზია” და ეს ინტერესი ყოველგვარ დახვეწილობაზე და გამართულ ლექსზე მაღლა დგას.

წესით, თანამედროვე პოეზიის ასეთი დაბადების ადგილად მოედანი უნდა ქცეულიყო, თუმცა იმის მიუხედავად, რომ დღეს ყველა ძალიან აქტიურადაა ჩართული პოლიტიკაში, ეს ხმამაღალი, ე.წ. სამოქალაქო ლირიკა ჩვენთან ისე ფართოდ მაინც ვერ გავრცელდა (ასეთი „ხმამაღალი პოეტებიდან“ პირველ რიგში ზურაბ რთველიაშვილსა და კოტე ყუბანეიშვილს დავასახელებდი). 90-იანი წლებიდან მოყოლებული „სიმართლის ლექსი“ სხვა მიმართულებითაც იხვეწებოდა: პირველ რიგში ეს უნდა ითქვას ოთარ ჭილაძის ბოლო პერიოდის პოეზიაზე, ბესიკ ხარანაულზე, ზვიად რატიანის ლექსებზე. გარდა ამისა, 90-იანი წლებიდანვე დაიწყო ახალი საინტერესო ძვრები ქართულ პოეტურ აზროვნებაში, რომელსაც ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული პოეტური კულტურის მატარებელი ავტორები იწვევდნენ: ანდრო ბუაჩიძე, დათო ბარბაქაძე, დათო ჩიხლაძე, შოთა იათაშვილი, რუსუდან კაიშაური, ელა გოჩიაშვილი, ზაზა თვარაძე, ზვიად რატიანი... უფრო მოგვიანებით კი მაია სარიშვილი, რატი ამაღლობელი, ნიკა ჯორჯანელი, ლელა სამნიაშვილი და რეზო გეთიაშვილი. დღეს აქტიურად წერენ 70-80-იანელთა თაობის პოეტებიც, ლია სტურუა, გივი ალხაზიშვილი, ბათუ დანელია, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც გაურკვეველია, რა ადგილს დაიკავებს პოეტი და პოეზია იმ საზოგადოებაში, რომელსაც სულ უფრო ნაკლებად აინტერესებს წიგნი, სადაც ცოტა დრო რჩება სერიოზული კულტურისთვის, რომელსაც დიდად არ ადარდებს წარსული (ან მხოლოდ რაღაც აჩრდილების გამოსახმობად სჭირდება იგი) და საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ლიტერატურულ ღირებულებებზე. ნუ დაგვავიწყდება, რომ ესაა საზოგადოება, სადაც ე.წ. „ინტელექტუალებსაც“ კი არ აინტერესებთ პოეზია, სამაგიეროდ, მეორე მხრივ, პოეზიას ყოველთვის ფარად იფარებენ ჯგუფები, რომელთა ხელშიც წარსული რაღაც მოუქნელ მონოლითად იქცევა, პოეზია კი სადღეგრძელოდ.