კოჰაბიტაციის ერთგვარი ნაყოფიერების კვირა

შეიძლება ითქვას, მიმდინარე კვირაში გარკვეულწილად ნაყოფიერი აღმოჩნდა თავისი სირთულეებით გამორჩეული კოჰაბიტაციის პროცესი და წინსვლა ძირითადად საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით გამოიკვეთა. დავიწყოთ რეზოლუციით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 7 მარტს, გვიან საღამოს, განიხილა და რომელიც, მეტად ხმაურიანი წინაპროცესების შემდეგ, სრულიად აუღელვებელი და მშვიდი კენჭისყრით დაგვირგვინდა. 96 - მომხრე, 0 - წინააღმდეგი - ასეთი შედეგით დაამტკიცა 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა რეზოლუცია „საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“. საუბარია დოკუმენტზე, რომელიც თავიდან ინტერფრაქციული შეთანხმების სახით იყო ჩაფიქრებული, მაგრამ, რადგანაც უმცირესობა მისი განხილვის პროცესში დროულად არ ჩაერთო, პარლამენტის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება ინტერფრაქციული შეთანხმების პროექტის რეზოლუცია პროექტად ექციათ.

დოკუმენტის ტექსტში, რომელიც კოლეგებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად კვაჭანტირაძემ წაუკითხა, ბევრგან შეხვდებით აქცენტს, რომელიც ადასტურებს საქართველოს მტკიცე ერთგულებას ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ასეა, მაგალითად, დოკუმენტის მე-3 მუხლშიც:

”ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციაში გაწევრიანების სტრატეგიული პრიორიტეტების მისაღწევად საქართველო გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და გაძლიერების, სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული მართვის სისტემისა და ადამიანის უფლებათა უზენაესობის დამკვიდრების, მდგრადი ეკონომიკური განვითარების შეუქცევადობის უზრუნველყოფის მიზნით. საქართველო არ გაწევრიანდება ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელთა პოლიტიკაც ეწინააღმდეგება აღნიშნულ პრიორიტეტს”.
ამ დოკუმენტით ჩვენ ერთად ვაცხადებთ, რომ საქართველო არ გადადგამს ნაბიჯებს დსთ-ში გაწევრიანებისაკენ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მიმართულებით, ევრაზიული კავშირის მიმართულებით და საბაჟო კავშირის მიმართულებით...
გიორგი ბარამიძე


საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან აზრი, როგორც საკითხზე თანამომხსენებელმა, 7 მარტის სხდომაზე მხოლოდ დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ გამოხატა. მისი თქმით, დოკუმენტი მოიცავს ქვეყნისთვის პრინციპულ სამივე ასპექტს. ესენია: ნატოსა და ევროკავშირისკენ სვლის ერთგულება, ოკუპაციის დაგმობა-არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერა და უარის თქმა რუსეთის ზეგავლენის ზონებში შესვლაზე:

”ვიცით რა, რომ მიდის დასავლური ინტეგრაციის გზაზე, ამავდროულად, ვიცით - საით არ წავა არასოდეს. საქართველო არასოდეს არ წავა, და ამ დოკუმენტით ჩვენ ერთად ვაცხადებთ, რომ საქართველო არ გადადგამს ნაბიჯებს დსთ-ში გაწევრიანებისაკენ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მიმართულებით, ევრაზიული კავშირის მიმართულებით და საბაჟო კავშირის მიმართულებით”.

საპარლამენტო უმრავლესობა იმედოვნებს, რომ საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებული რეზოლუციის დამტკიცებით, საბოლოოდ დაესმება წერტილი სპეკულაციებს კოალიცია ”ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც კომენტარებიდან ირკვევა, უმცირესობა კვლავაც მოითხოვს საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობის საკითხის სამომავლოდ კონსტიტუციაში ასახვას. გავიხსენოთ, რომ ამ აქცენტის კონსტიტუციის პრეამბულაში ასახვაზე თანხმობა გამოხატული აქვს საპარლამენტო უმრავლესობას, რომელიც, თავის მხრივ, უპირველეს ამოცანად იმ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას თვლის, რომელმაც საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესი გაიარა. ხსენებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, საგრძნობლად შესუსტდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, გაიზრდება პარლამენტისა და მთავრობის უფლებამოსილება და გადაიხედება პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული საკითხები.

მიმდინარე კვირაში ამ მხრივაც გამოიკვეთა გარკვეული წინსვლა. კონსულტაციები გრძელდება და, როგორც 9 მარტს უთხრა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი გარკვეულ ცვლილებებს განიცდის და კენჭისყრაზეც სწორედ ამის შემდეგ დადგება. დასახელდა კონკრეტული თარიღებიც:

დავით უსუფაშვილი


”ბევრი მოსაზრება გამოითქვა კონკრეტულად ჩვენს პროექტთან დაკავშირებით - მათ შორის, პარლამენტის დათხოვნის, შეზღუდვის, გაუქმების მიზანშეწონილობის თაობაზე. არასამთავრობო სექტორიდანაც დაისვა ეს საკითხი, ექსპერტებიდანაც, ოპოზიციის წარმომადგენლებიც ინდივიდუალურ დონეზე ამაზე საუბრობდნენ. ასე რომ, იურიდიული კომიტეტი, როგორც ჩანს, 18 მარტს ჩაატარებს საბოლოო სხდომას და ტექსტი მზად იქნება კენჭისყრისთვის. თვითონ კენჭისყრა 20 მარტს იქნება თუ 22 მარტს, ჩვენ ამაზე ბიუროზე 18 მარტს საღამოს ვიმსჯელებთ”.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კენჭისყრა, სავარაუდოდ, მარტში რომ გაიმართებოდა, ამის თაობაზე მანამდეც ბევრჯერ ითქვა და ეს 4 მარტს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც გაიმეორა, პრეზიდენტ სააკაშვილთან მეორე შეხვედრის შემდეგ. მან გამოთქვა იმედი, რომ ცვლილებები დამტკიცდება, მაგრამ რომც არ დამტკიცდეს, ”საზოგადოება ამით ნუ დაიძაბება”, რადგანაც ეს მხოლოდ ”ნაციონალური მოძრაობის” გუნდის სირცხვილი იქნება. პრემიერ-მინისტრის თქმით, მას არ უცდია პრეზიდენტის დაყოლიება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. როგორც თავად ამბობს, 4 მარტს მთავრობის კანცელარიაში გამართულ შეხვედრაზე მან შეახსენა მიხეილ სააკაშვილს, რომ შეთანხმება თითქმის მიღწეული იყო, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებების თემა ამნისტიის მოთხოვნით დაბლოკა. აქვე ვთქვათ, რომ 4 მარტის შეხვედრას უშედეგო ”შეხვედრა შეხვედრისთვის” უწოდა ბიძინა ივანიშვილმა და ის მედიის წინაშე ცალკე წარდგა.

თავად პრეზედენტ სააკაშვილს სიტყვა ”ამნისტია” არ აკმაყოფილებს და, როგორც მან შეხვედრის შემდეგ ასევე ცალკე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ”25 ათასმა ადამიანმა”, რომელსაც მართლმსაჯულება დევნის, დანაშაული კი არ ჩაიდინა, არამედ თანამედროვე ქართული სახელმწიფო ააშენა. თუმცა, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მან ვერ გაიგო, თუ რას გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილი 25 ათას ადამიანში, რადგან თანამოსაუბრეს კონკრეტული პასუხი არ ჰქონდა. რაც შეეხება პრეზიდენტის მოთხოვნებს მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა ყოველივე ეს ”ჩემი შენ გითხარი” პრინციპის კონტექსტში განიხილა.
ვენეციის კომისია ეთანხმება და დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ პროექტს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალ წესს ითვალისწინებს...
იუსტიციის სამინისტრო


მართალია, პრეზიდენტს სიტყვა ”ამნისტია”, როგორც უკვე ვთქვით, არ აკმაყოფილებს, მაგრამ ახალი ხელისუფლება კვლავაც განაგრძობს ფიქრს პოლიტიკურ ამნისტიაზე, ანუ ფიქრს იმაზე, თუ როგორ უნდა მიეტევოთ დანაშაული ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს და კონკრეტულად რომელ სეგმენტებს შეეხება ეს. ამ საკითხებზე საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ როგორც ხელისუფლებისა და ოპოზიციის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ქართველი თუ უცხოელი ექსპერტები 9 მარტს თბილისში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც გარდამავალი მართლმსაჯულების საკითხებზე მსჯელობას ეძღვნებოდა. მათ შორის იყო ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი იურიდიულ, საკონსტიტუციო რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამარბერგი. ის თვლის, რომ საქართველოს შესაფერისი გზა საპოვნელი აქვს:

”იოლი არ არის ასეთი კანონპროექტის შემუშავება, რადგანაც: ერთი მხრივ, ხალხს ესაჭიროება ჩივილის უფლება და, მეორე მხრივ, მათ, ვისაც უჩივიან, ასევე უნდა ჰქონდეთ თავდაცვის საშუალება შესაბამისი პროცედურებით. საჭიროდ ვთვლი დისკუსიის გაგრძელებას იმის შესახებ, თუ ზუსტად როგორ უნდა გავაკეთოთ ეს თანმიმდევრულად, რათა გვქონდეს შესაფერისი პროცედურები. და ასევე, შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავიზიაროთ სხვა ქვეყნების გამოცდილება”.

კონფერენციაზე განხილული იყო თითქმის ყველა მოდელი, რაც გარდამავალი მართლმსაჯულების სისტემის ქვეყნებმა გაიარეს პოლიტიკური ამნისტიის კანონმდებლობის შედგენის დროს. თუმცა როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, უმჯობესი იქნება, თუკი ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტი არა კანონს, არამედ დეკლარაციას მიიღებს.

8 მარტს ცნობილი გახდა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე, რამაც, შეიძლება ითქვას, კმაყოფილი დატოვა როგორც ძველი, ასევე ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები.

პარასკევს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კომისია მიესალმება ცვლილებათა ”დიდ უმრავლესობას” და მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები ”ემსახურება მოქმედი კანონის ნაკლოვანებების გამოსწორების მიზანს.” განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ”ვენეციის კომისია ეთანხმება და დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ პროექტს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალ წესს ითვალისწინებს”.
იმ წესისა და რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაშიც, რასაც ვენეციის კომისია გვთავაზობს, საბოლოო ჯამში, მივიღებთ იუსტიციის საბჭოს ისეთ შემადგენლობას, რომელსაც ექნება შესაძლებლობა ეფექტური სასამართლო რეფორმა განახორციელოს...
ალექსანდრე ბარამიძე


ხოლო, როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, არ შეიძლება განხორციელდეს ცვლილებები მანამ, ვიდრე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს არ ამოეწურებათ უფლებამოსილების ვადა. დეპუტატი ამბობს, რომ ვენეციის კომისიისთვის მიუღებელია, როცა სასამართლო მიბმულია პოლიტიკური ვითარების ცვლილებაზე. თუმცა, როგორც ასევე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნა ”საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ, საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას ”არ გამოუთქვამს ხისტი ან კატეგორიული მოსაზრებები”.

“იმ წესისა და რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაშიც, რასაც ვენეციის კომისია გვთავაზობს, საბოლოო ჯამში, მივიღებთ იუსტიციის საბჭოს ისეთ შემადგენლობას, რომელსაც ექნება შესაძლებლობა ეფექტური სასამართლო რეფორმა განახორციელოს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ალექსანდრე ბარამიძემ.

დაბოლოს, მიმდინარე კვირის კიდევ რამდენიმე მოვლენის შესახებაც ვთქვათ:

6 მარტს შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრა. ბიძინა ივანიშვილმა და კონსტანტინე კუბლაშვილმა სასამართლო სისტემის მეტი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის აუცილებლობასა და პოლიტიკისგან მის გამიჯვნაზე ილაპარაკეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს ამჟამინდელი თავმჯდომარე, მისი გამოცდილების გათვალისწინებით, თავისუფლად შეძლებს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დარჩეს პოსტზე და ”ღირსეულად დაასრულოს” მუშაობა.

მიმდინარე კვირაში გრძელდებოდა მწვავე დაპირისპირება, რომელიც გასცდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ფარგლებს. გავიხსენოთ, რომ გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი 4 მარტს, გვიან საღამოს, სამეურვეო საბჭომ საინფორმაციო სამსახურის უფროსის ხათუნა ბერძენიშვილის გათავისუფლების გამო დაითხოვა, რამაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ერთი ნაწილის პროტესტი გამოიწვია. ისინი სამეურვეო საბჭოს წევრების დათხოვნას მოითხოვენ. გენერალური დირექტორი, უსამართლობის განცდით, სასამართლოს მიმართავს, ხოლო საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ზეწოლაზე ლაპარაკობს.

პარლამენტმა 7 მარტს, პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ გამართულ კენჭისყრაზე, ჩააგდო პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ეკონომიკური ამნისტიის პროექტი. ინიციატივა 2013 წლამდე ჩადენილი ეკონომიკური დანაშაულის, ასევე დაგროვილი საგადასახადო დავალიანებების პატიებასა და კონფიდენციალურობის დაცვის პირობით დაფარული ქონების ლეგალიზაციას ითვალისწინებდა.

დიმიტრი შაშკინი


5-თვიანი პაუზის შემდეგ, მიმდინარე კვირაში საქართველოში დაბრუნდა განათლებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელმაც არჩევნების შემდეგ, მაღალჩინოსანთა პირველ ნაკადთან ერთად, მალევე დატოვა საქართველო, აშშ-ში რამდენიმედღიან მივლინებაში წასვლის მოტივით. ის ჯერჯერობით არ დაუბარებიათ საგამოძიებო ორგანოებში, თუმცა მის დაბრუნებას დროში დაემთხვა სამხედრო პოლიციის მიერ თავდაცვის სამინისტროს წიაღში აღმოჩენილი ახალი დარღვევების გამოქვეყნება. 8 მარტის განცხადების თანახმად, საქმე შეეხება თანხების არამიზნობრივ ხარჯვას არჩევნებამდე და, კერძოდ, ”ნაციონალური მოძრაობის” უკანონო მომარაგებას საწვავით. ამ საკითხთან დაკავშირებულ მასალებს მთავარი პროკურატურაც შეისწავლის, თუმცა, როგორც მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი აღნიშნავს, თავდაცვის სამინისტროს 2005-2012 წლების საქმიანობის საფინანსო-ეკონომიკური შემოწმების შედეგად, მისი უწყებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყების მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში, ასეულობით მილიონი ლარის დანაკლისი გამოიკვეთა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს თანხების დაზუსტება, რასაც პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა მოჰყვება.