მთავრობის დამტკიცების და გაფიცვების კვირა

გასულ კვირაში პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა, გრძელდებოდა ჭიათურელი მაღაროელების და რკინიგზის თანამშრომელთა გაფიცვა, დევნილები იკავებდნენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართებს და კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა რუსულენოვანი ტელეკომპანია ”პიკის” მაუწყებლობის აღდგენის საკითხი.

გასული კვირის დასაწყისში, ორშაბათს, საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე გამოქვეყნებული წერილით საქართველოს დაემშვიდობა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი. მან დაწერა, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი 4 წელი მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში გაატარა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში დაბრუნების საშუალება მიეცემა. თავდაცვის მინისტრის ამ საქციელს უპასუხისმგებლო უწოდეს საპარლამენტო უმრავლესობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კი თავი აარიდეს დიმიტრი შაშკინის საქციელის კომენტირებას. მხოლოდ გივი თარგამაძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ შაშკინმა შესაძლოა უცხოეთში სამსახური იშოვა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილისთვის კი ყოფილი მინისტრის წერილის შინაარსი მეორეხარისხოვანია:

”რა წერილიც უნდა დაწეროს, ეს მეორეხარისხოვანია. მთავარია, რომ სამართლებრივად იქნეს შესწავლილი მისი ქმედებები და, თუ დამტკიცდება და დადასტურდება სამართალდარღვევისა და დანაშაულის ნიშნები, შესაბამისი პასუხისმგებლობაც დაეკისროს.

გასულ კვირაში სამოქალაქო საზოგადოება კვლავ მსჯელობდა სახალხო დამცველის კანდიდატურის შესახებ. ამ დრომდე სახალხო დამცველის პოსტი კვლავ ვაკანტურია, სავარაუდო კანიდიდატებად კი სახელდებიან ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წევრი თამარ გურჩიანი, ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია, ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი, გელა ნიკოლაიშვილი, და ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე.
ყველა დანაპირებს შევასრულებთ და დავუმტკიცებთ ჩვენს ხალხს, რომ ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება ვართ. ჩვენ ვიზრუნებთ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო ჩადგეს განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნების რიგში. ჩვენ დავამკვიდრებთ კანონის უზენაესობას და აღვადგენთ სამართლიანობას...
ბიძინა ივანიშვილი

გასულ კვირას პარლამენტმა ახალი მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა. ეს 25 ოქტომბერს მოხდა, ერთი დღით ადრე კი ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუხდა. უმცირესობის წარმომადგენელთა შეკითხვებს ბიძინა ივანიშვილი ორსაათ-ნახევრის განმავლობაში პასუხობდა. ოპონენტებს ლამის კონკრეტული თვე და რიცხვიც კი აინტერესებდათ, თუ როდის შესრულდება ”ქართული ოცნების” სამოქმედო პროგრამით განსაზღვრული ესა თუ ის დაპირება, დაკავშირებული ჯანდაცვასთან, საპენსიო უზრუნველყოფასთან, სოფლის მეურნეობასა თუ კომპენსაციების გაცემასთან სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის.
უკვე მეორე დღეს, პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ- მინისტრობის კანდიდატმა თქვა:

„ყველა დანაპირებს შევასრულებთ და დავუმტკიცებთ ჩვენს ხალხს, რომ ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება ვართ. ჩვენ ვიზრუნებთ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო ჩადგეს განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნების რიგში. ჩვენ დავამკვიდრებთ კანონის უზენაესობას და აღვადგენთ სამართლიანობას. არც ერთი დანაშაული, თუ ის მტკიცებულებებით იქნება გამყარებული, არ დარჩება დაუსჯელი“.

საპროგრამო გამოსვლის შემდეგ გამართული დებატებისას, საპარლამენტო უმცირესობის წევრები პრემიერ-მინისტრისაგან დაპირებების შესრულების დეტალურად გაწერილ გეგმას ითხოვდნენ, რის პასუხადაც უმრავლესობა იქით ითხოვდა ანგარიშის ჩაბარებას „ნაციონალური მოძრაობისგან“, რომელიც ხელისუფლებაში ცხრა წლის განმავლობაში იმყოფებოდა.

გიორგი ბარამიძე


ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე:

„როდის იქნება უფასო განათლება? როდის იქნება უფასო ჯანდაცვა? როდის შემცირდება ტარიფები დენსა და გაზზე? როდის შემცირდება ფასები საწვავზე? როდის აუხდება ხალხს ის ოცნებები, რომელთა გამოც ხალხმა ხმა მოგცათ თქვენ?“

უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი:

„თქვენ ანაბრები დააბრუნეთ? მცირე მეწარმეები ორი წლით გადასახადებისაგან გაათავისუფლეთ? პენსია სტაჟისა და დამსახურების მიხედვით დაამკვიდრეთ? ან ტერიტორიული მთლიანობა აღადგინეთ? ან 100 დოლარიანი პენსია შემოიღეთ? ჯერ თქვენ შეუსრულებელ დაპირებებს მიხედეთ, გაეცით პასუხი ხალხს და შემდეგ ისაუბრეთ სხვაზე!“

საბოლოოდ კი, ოთხსაათიანი დებატების შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მთავრობა (88 ხმით 54-ის წინააღმდეგ) დაამტკიცა.

”პიკის” თანამშრომლების აქცია


იმ დროს, როცა პარლამენტი ახალ მთავრობას ამტკიცებდა, ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან, რუსულენოვანი ტელეკომპანია ”პიკის” თანამშრომლები აქციას მართავდნენ, მეორე აქცია ამავე დღეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის წინაც გაიმართა. 25 ოქტომბერს ”პიკის” ჟურნალისტებმა ქუთაისში, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზეც არხის დახურვა ჟურნალისტებზე ზეწოლად და ცენზურად შეაფასეს და ახალ ხელისუფლებას საკითხით დაინტერესება მოსთხოვეს.

”ჩვენ მოვითხოვთ ჩატარდეს აუდიტი ტელეკომპანია ”პიკში” და გაირკვეს ყველა ფინანსური ნიუანსი, რაზეც ჩვენ პასუხი არ გვაქვს და ამიტომაც მივმართავთ პარლამენტს, რომ დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ჩაატარონ ეს კვლევა და გაარკვიონ რა გარიგებები მოხდა”, - უთხრა რადიო თავისუფლებას 25 ოქტომბერს ”პიკის” ჟურნალისტმა მართა არდაშელიამ.

25 ოქტომბერს გამართულ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე კი გადაწყდა, რომ ”პიკის” თაობაზე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომელზეც ტელეარხის ხელმძღვანელობას მოიწვევენ. მანამდე საკითხი კვლავაც ღიად რჩება და არავინ იცის იარსებებს თუ არა რუსულენოვანი ტელევიზია მომავალში, როგორც ტელეკომპანია. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიის თანამშრომლები „პიკის“ გათიშვას ტელეკომპანიაში არსებულ ფინანსურ პრობლემებთან აკავშირებენ. შეკითხვაზე, სად წავიდა ჩვენი ფული, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი გია ჭანტურია პასუხობს, რომ ფული არსადაც არ წასულა, თანხა ხელუხლებელია, მაგრამ რადგანაც შპს „პიკი”, ასე ვთქვათ, ცუდად მოიქცა და სატელიტზე გასვლასთან დაკავშირებული გაუგებრობისა და ხელფასების დაგვიანების გამო პროტესტის ნიშნად ეთერში უხმო საინფორმაციო გადაცემა გაუშვა, მას კონტრაქტიც ამიტომ შეუჩერდა.

თბილისის მახარისხებელი დეპო


გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენებს შორის უნდა გამოვყოთ ჭიათურის მაღაროების შემდეგ რკინიგზელთა გაფიცვის ამბავი. 24 ოქტომბერს, ხელფასების მომატებისა და შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ორი საათით გაიფიცნენ თბილისის მახარისხებელი დეპოს თანამშრომლები. აქციაში მონაწილე 100-მდე ადამიანმა, ძირითადად მემანქანეებმა, მათმა თანაშემწეებმა და ზეინკლებმა დეპოს სრული პარალიზება მოახდინეს. გამაფრთხილებელი 2 საათიანი გაფიცვის დასრულების შემდეგ ზეინკალმა ალეკო ჭულუხაძემ რადიო თავისუფლებას გაფიცვის მიზეზები აუხსნა:

„ხელფასების მომატებას ვითხოვთ ზეინკლები. აქ ხდება ელმავლის შეკეთება თავიდან ბოლომდე, არადა, გვაქვს ძალიან დაბალი ხელფასი. წელიწად-ნახევრის წინ დაგვიკლეს. 700-800 ლარამდე გვქონდა, ახლა კი 600 ლარი გვაქვს“.

უნდა ითქვას, რომ 24 ოქტომბრის გამაფრთხილებელ აქციას წინ უძღოდა რამდენიმედღიანი საპროტესტო გამოსვლა და პროფკავშირების წარმომადგენელთა მოლაპარაკება „საქართველოს რკინიგზის“ მესვეურებთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს რკინიგზის სახელით განცხადება კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა გიორგი გაგნიძემ გააკეთა:

„დამატებით 11 მილიონი ლარით სახელფასო ფონდის ზრდა იწვევს კომპანიის ღირებულების შემცირებას 100 მლნ ლარზე მეტი თანხით. ამიტომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია სახელმწიფოს ჩართულობა როგორც აქციონერისა.“

რკინიგზელთა გაფიცვას 24 ოქტომბერს მაშინ ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რკინიგზელთა გაფიცვა მისთვის მოულოდნელი იყო, და ივარაუდა, რომ შეიძლება გარკვეულ საბოტაჟს ჰქონდეს ადგილი, რამდენადაც იქ ხელფასები, სხვა სფეროებთან შედარებით, მაღალია, თუმცა საკითხი მაინც განიხილება.

შემოსავლების სამსახურის ნაძალადევის ოფისი


დაბოლოს, გასულ კვირას კვლავ აქტუალური იყო დევნილების თემა. მათ ჯერ აქცია გამართეს კოალიცია ”ქართული ოცნების” ოფისის წინ, სადაც დევნილთა და განსახლების ახალი მინისტრის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს, 26 ოქტომბერს კი რამდენიმე ათეულმა ადამიანმა თბილისში შემოსავლების სამსახურის ნაძალადევის ოფისის შენობა დაიკავა, ხოლო დევნილთა ერთი ჯგუფი ზუგდიდის სუბტროპიკულ კულტურათა სამეცნიერო ცენტრის შენობაში შეიჭრა. სულ, 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, შენობების არასანქცირებული დაკავების 20-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში ისეთი ადამიანები აქტიურობენ და ძალადობენ, რომლებიც საკუთრებაში ფლობენ ბინებს და სახელმწიფოსგან დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეთ. ამასთან, მამუკა ქაცარავას მიაჩნია, რომ საბინაო პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია მასშტაბური სუბსიდიის გამოყოფა ცენტრალური ბიუჯეტიდან, თუმცა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი კობა დავითაშვილი თბილისის მერიას შეახსენებს, რომ დედაქალაქს თავისი ბიუჯეტი აქვს და რომ საკრებულოს უმრავლესობა და მერი კვლავაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან; შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაცემული დაპირებების შესასრულებლად ახალი მთავრობისგან ფულადი სუბსიდიების მოთხოვნა მას უზნეობად მიაჩნია. პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კი დევნილთა მხრიდან სხვადასხვა შენობაში შეჭრის ფაქტებს წინა ხელისუფლების შეუსრულებელ დაპირებებს უკავშირებს და ამ თემის განსახილველად სასწრაფო შეკრებას და ღონისძიებების დაგეგმვას აუცილებლად მიიჩნევს.