საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას ოცამდე კანონში და ახალი უწყების - საჯარო სამართლის იურიდიული პირის, „ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ - შექმნას.
Your browser doesn’t support HTML5
საპარლამენტო უმრავლესობის ამ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან როგორც საპარლამენტო უმცირესობის, ისე სამოქალაქო საზოგადოებისა და ტელეკომუნიკაციის ბიზნესის წარმომადგენლები. ინიციატივას აკრიტიკებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაც.
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებათა პაკეტის ერთ-ერთი ავტორი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, დარწმუნებულია, რომ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, მისი დამოუკიდებლობის ხარისხი და მასზე კონტროლის მექანიზმი მაქსიმალურად გამორიცხავს უკანონო მიყურადების ან სხვა სახის ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობას:
„პრინციპი არის ის, რომ პარლამენტი მაკონტროლებელია აქაც. კონკრეტულად ნდობის ჯგუფი, რომელსაც დაშვება ექნება საიდუმლო დოკუმენტებზე და მათ შორის სააგენტოს საქმიანობაზე. თუ პარლამენტი, ნდობის ჯგუფი მოისურვებს, რომ მისი კონტროლის მექანიზმი იყოს უფრო აქტიური, მას ამის შესაძლებლობა ექნება“.
სააგენტო ანგარიშვალდებული იქნება პრემიერ-მინისტრის წინაშე. ყოველწლიურად წარუდგენს სტატისტიკურ და მის მიერ გაწეული საქმიანობის განზოგადებულ ანგარიშს, თუმცა პრემიერ-მინისტრამდე სააგენტოს უფროსმა დოკუმენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს უნდა წარუდგინოს. საპარლამენტო ოპოციზიაში მიიჩნევენ, რომ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტით, ახალი სააგენტო მხოლოდ ნომინალურად თუ იქნება დამოუკიდებელი. შესაბამისად, აუცილებელია კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის შემოღება. ასე ფიქრობს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი გიორგი ტუღუში:
„რაც უფრო სუსტია სააგენტოს დამოუკიდებლობა, მით უფრო ძლიერი უნდა იყოს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მექანიზმი იყოს ქმედითი, ეფექტური და რეალურად მოხდეს რეაგირება იმ პრობლემებზე, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას სააგენტოს საქმიანობის პროცესში“.
გიორგი ტუღუშის თქმით, კონტროლის მექანიზმის ფარგლებში პარლამენტის ნდობის ჯგუფს უნდა ჰქონდეს შესაბამისი უფლებამოსილება და კომპეტენცია, რათა არ შემოიფარგლოს მხოლოდ სააგენტოს ყოველწლიური ანგარიშების გაცნობით. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინათინ ბოკუჩავაც მიიჩნევს, რომ კანონპროექტი არ აძლევს ნდობის ჯგუფს ზედამხედველობის ეფექტიანი განხორციელების საშუალებას. დეპუტატის თქმით, ნდობის ჯგუფს უნდა ჰქონდეს მინიჭებული უფლება მიმართოს პრემიერ-მინისტრს და მოითხოვოს სააგენტოს უფროსის გათავისუფლება:
„სააგენტოს უფროსს რეალურად ნიშნავს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. რაღაც კომისიის საშუალებით კანდიდატურას წარუდგენს პრემიერს, მაგრამ რეალურად გადაწყვეტილებას იღებს სუს-ის უფროსი გომელაური, რომელიც ნიშნავს სააგენტოს უფროსს, მის მოადგილეს, უნიშნავს მათ თანამდებობრივ სარგოს. ის მაინც გავაკეთოთ, რომ ჩვენ, მოქალაქეების მიერ არჩეულ დეპუტატებს, გვქონდეს საშუალება გამოვიწვიოთ სააგენტოს უფროსი, თუ ის არაჯეროვნად ასრულებს თავის უფლებამოსილებას და ამის გაკეთება შეუძლია სწორედ ნდობის ჯგუფს“.
საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციონერი დეპუტატის ეს ინიციატივა არ გაითვალისწინა, ისევე როგორც უცვლელი დატოვა კანონპროექტის ის ნაწილი, რომელიც სატელეკომუნიკაციო კომპანიებს დამატებითი ხარჯის გაწევას ავალდებულებს. 22 თებერვალს კომპანია „მაგთიკომმა“ გაავრცელა შემდეგი შინაარსის განცხადება:
„მაგთიკომი კიდევ ერთხელ გამოხატავს უარყოფით დამოკიდებულებას და სრულიად მიუღებლად მიაჩნია კანონპროექტებით გათვალისწინებული ფარული მოსმენების სისტემების ფუნქციონირებისათვის რაიმე სახის, მათ შორის არაპროგნოზირებადი და ფარული ხარჯების დაკისრება ელექტრონული კომუნიკაციის მომსახურების ოპერატორებისათვის“.
კანონპროექტის მიხედვით, სააგენტოს უფლება ენიჭება ჩაატაროს აუდიტი საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რაც, დეპუტატ რომან გოცირიძის თქმით, აშკარად სცილდება ტექნიკური თავსებადობის საკითხს:
„ეს არის, ერთი მხრივ, ფინანსური საკითხი. ამიტომ იყვნენ შეშფოთებული ამ სფეროს წარმომადგენლები, რომ გაურკვეველი სახის პერმანენტული ხარჯები შეიძლება გაუჩნდეთ. მეორე კი ის არის, რომ პირდაპირ უთითებენ იმას, რომ შესაძლებელია გამოიყენონ უკანონოდ ადამიანის უფლებების შესაზღუდად“.
კანონპროექტის მიხედვით, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში იქნება: სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოპოვება, კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვება, გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა, საფოსტო სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლი, ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა, ფოტოგადაღება, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა.
პირველი მოსმენით მიღებულმა კანონპროექტმა უკმაყოფილო დატოვა სამოქალაქო საზოგადოებაც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელ ლიკა საჯაიას თქმით, აღნიშნული კანონპროექტით, სააგენტოზე ეფექტურ კონტროლს განახორციელებს მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
„რადგან, კანონმდებლობის შესაბამისად, მას აქვს უფლება მასში შემავალ სსიპ-ზე განახორციელოს კანონიერების, მიზანშეწონილობის და ეფექტურობის კონტროლი. სხვა ყველა კონტროლს რაც შეეხება, არის წმინდა ფორმალური. მაგალითად, პრემიერის წინაშე კონტროლის მექანიზმი არის ანგარიშის წარდგენა, თუმცა ეს ანგარიში ჯერ სუს-ის უფროსს წარედგინება. რაც შეეხება საპარლამენტო კონტროლს. ეს არის ფორმალობა. ანგარიში წარედგინება ნდობის ჯგუფს. ამით არის განსაზღვრული საპარლამენტო კონტროლი“, უთხრა ლიკა საჯაიამ რადიო თავისუფლებას.
საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მხარდაჭერილ კანონპროექტს აკრიტიკებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, რომლის თქმითაც, ახალი სააგენტო უნდა იყოს რეალურად დამოუკიდებელი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს დირექტივაც არის. არ უნდა მოხდეს ბიზნესის ინტერესების ხელყოფა და სააგენტოს ყველა უფლებამოსილება უნდა იყოს ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, ან სასამართლოს ზედამხედველობის ქვეშ.