ლელობურთი - შერკინება გურულად
ლელო ყოველ აღდგომას იმართება. თამაშის წინა ღამეს ზემო და ქვემო შუხუთელების უმრავლესობა სააღდგომო ლიტურგიას ესწრება.
აღდგომის დილას ბურთის ტყავი თბილისიდან ჩააქვთ. სანამ ბურთის ქვიშით ავსებას დაიწყებენ, მას ღვინის სასმისად იყენებენ.
სანამ რამდენიმე შუხუთელი ბურთის 18 კილოგრამამდე დამძიმებას ცდილობს, სოფლის მღვდელი სახელდახელოდ გაშლილ სუფრას თამადობს.
როდესაც ბურთი ქვიშითა და ნახერხით გაივსება, ის სოფლის ეკლესიაში მიაქვთ.
ხუთი საათისათვის მღვდელი ბურთს სოფლის ცენტრში შეკრებილ ხალხში ისვრის და თამაშიც იწყება.
ხუთიოდე წუთში დაღლილი და დაშავებული მოთამაშეების ნაწილი ცდილობს, ცოტა ხნით მაინც გაერიდოს შეტაკების ცენტრს.
თამაშის ცენტრი ყველაზე მძიმე ადგილია. ყველა ცდილობს, ბურთი ხელში ჩაიგდოს და თავისი სოფლის მხარეს წაიღოს.
ზოგი იმდენად შავდება, რომ თამაშს ვეღარ აგრძელებს.
ლელო არა მხოლოდ შუხუთელებისთვისაა საინტერესო. სეირის საყურებლად აქ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და უცხოეთიდანაც კი ჩადიან.
ამინდს მნიშვნელობა არა აქვს. ლელოს ყოველ აღდგომას ყველანაირ ამინდში თამაშობენ.
ათეულობით ადამიანი მოწინააღმდეგეს თავისი სოფლის მხარეს აწვება, რომ როგორმე ბურთი ხრამში ჩაიტანოს და გაიმარჯვოს.
ზემო შუხუთელები მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ და საბოლოოდ თამაში მოიგეს.
2014 წელს ლელო ქვემო შუხუთელებმა წაიღეს. 2015 წლის ლელოს ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მისმა გულმა ფიზიკურ დატვირთვას ვერ გაუძლო. 48 წლის გოჩა ფირცხალაიშვილი ექიმებმა ვერ გადაარჩინეს.
ტრადიციის თანახმად, გამარჯვებულებს ბურთი ერთ-ერთი გარდაცვლილი თანასოფლელის საფლავზე მიაქვთ.