საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსსა“ და „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები დღეს არსებული სახით შევა, ეს ქვეყნისთვის უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება და ამიტომაც პარლამენტს ამ კანონებზე ვეტოს დადების შემდგომ მოტივირებულ შენიშვნებს სთავაზობს. უმრავლესობაში კი უკვე გაკეთდა პირველი კომენტარები, რომელთა თანახმად, პრეზიდენტ მარგველაშვილის მხრიდან ვეტოს გამოყენება უკვე პოლიტიკურ დატვირთვას იძენს. ვეტოს დაძლევაზე საკანონმდებლო ორგანოში მომავალ კვირას უნდა იმსჯელონ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი მმართველ გუნდს მოუწოდებს გაითვალისწინონ ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების შენიშვნები და გადაწყვეტილება ისე მიიღონ.
Your browser doesn’t support HTML5
საპარლამენტო უმრავლესობა ემზადება პრეზიდენტის ვეტოების დასაძლევად. პრეზიდენტის შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებები ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას აფერხებს. გიორგი მარგველაშვილმა მოტივირებული შენიშვნები საკანონმდებლო ორგანოს 21 ივლისის საღამოს გადაუგზავნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მაინც იტოვებენ იმედს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები წაიკითხავენ შენიშვნებს და ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე აცხადებს, რომ წარმოდგენილი ცვლილებების შედეგად თვითმართველობა კიდევ უფრო სცილდება ხალხს, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაციაში დომინანტურ ადგილს იკავებს მმართველი პარტია. ეს კი არ შეიძლება კარგი იყოს დემოკრატიისთვის:
„თუ ჩვენ, მაგალითად, ერთ შენობაში გვყავს ორი საკრებულო, ამის პასუხი და გამოსავალი არ არის თვითმართველი სტატუსის ჩამორთმევა შვიდი ქალაქისთვის. ამის პასუხია შენობის გამოძებნა მეორე საკრებულოსთვის. თუ ჩვენ გაზრდილი გვაქვს ბიუროკრატიული ხარჯები, არც ამის პასუხი არის მიღებული გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ახალი კანონით, მმართველ პარტიას ეყოლება პარტიათა შორის წევრთა უმეტესობა, რაც ნიშნავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია, უბრალოდ, დაკარგავს დამოუკიდებლობის იმიჯს და ნეიტრალიტეტის იმიჯს“.
საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „საარჩევნო კოდექსის“ ცვლილებების კანონებზე სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების პოზიციებს ეფუძნება. კერძოდ, ერთი მხრივ, შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის - თელავისთვის, ოზურგეთისთვის, ზუგდიდისთვის, გორისთვის, ამბროლაურისთვის, მცხეთისა და ახალციხისთვის - თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას და, მეორე მხრივ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მმართველი პარტიის წევრთა რაოდენობის პოტენციურ გაზრდას მხოლოდ „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს.
უმრავლესობის წინასწარი განწყობა პრეზიდენტის ვეტოს მიმართ შენიშვნების გაცნობამდეც ცნობილი იყო. მაგალითად, უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში მარგველაშვილს „ვეტოების პრეზიდენტი“ უწოდა და თქვა, რომ „პრეზიდენტს სურს რაღაც პოლიტიკური კვალი დაამჩნიოს თავის პოლიტიკურ შემოქმედებას“.
ვეტოს დაძლევის მომხრეა მისი კიდევ ერთი კოლეგა უმრავლესობოდან, დავით მათიკაშვილი:
„ვეტოს ხშირი გამოყენება პრეზიდენტის მხრიდან ძალიან ახუნებს მის რეალურ ფუნქციას და უფრო პოლიტიკურ დატვირთვას იძენს. ჩემი აზრით, ორივე ვეტო უნდა დავძლიოთ, რადგან ორივე კანონპროექტი ემსახურება ქვეყნის ინტერესებს და საქართველოს დემოკრატიული გზით განვითარებას“.
ოპოზიციას იმედი არა აქვს, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ჩაუღრმავდება, რადგან მათი მიზანი დღეს მხოლოდ ვეტოს დაძლევაა. ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს,რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს მხოლოდ პარტიული მიზნები ამოძრავებს:
„ქართულ ოცნებას“ დაკარგული აქვს ამომრჩევლის მხარდაჭერა და ამ თვალსაზრისითაც მათთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ნაკლებ თვითმართველ ერთეულში ტარდებოდეს არჩევნები. სწორედ ამ მოტივით და თვითმმართველობის რეფორმის კუთხით მივიღეთ უკანგადადგმული ნაბიჯი, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აუცილებალდ დააზარალებს. ამიტომ უნდა გაიზიაროს პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები“.
„ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი წევრი, გიგი წერეთელი, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სწორ ნაბიჯად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მარგველაშვილის ვეტო ამ შემთხევვაში უკეთესი კანონის მიღებას ემსახურება და არა ძალის დემონსტრირებას:
„აქ ვეტოს დაძლევაში კი არ არის საქმე, არამედ იმაში, რომ უკეთესი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომ პოლიტიკური პროცესიც უფრო კონსტრუქციული იყოს და არ მივიღოთ ისევ პოლარიზებული და დაძაბული გარემო“.
საპარლამენტო უმრავლესობაში ვეტოს დაძლევის საკითხზე, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებენ. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მათ ვეტოს დასაძლევად საჭირო ხმების მოგროვება არ გაუჭირდებათ.