კახეთში რთველი დაიწყო, თუმცა მევენახეები ყურძნის კრეფის ნაცვლად საპროტესტო აქციებით არიან დაკავებული. 10 სექტემბერს გურჯაანის რაიონის გამგეობასთან შეკრებილმა მევენახეებმა უკმაყოფილება გამოთქვეს ყურძნის ფასის გამო, რომელიც რქაწითელსა და კახურ მწვანეზე, სავარაუდოდ, 70 თეთრი, ხოლო საფერავზე 85 თეთრია.
10 სექტემბერს ოფიციალურად გაიხსნა „რთველი - 2015“. დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში ყურძნის კრეფას წინ ვერაფერი დაუდგებოდა, რომ არა მევენახეებისათვის მიუღებელი ფასი. ღვინის ქარხნები ერთ კილოგრამ რქაწითელსა და მწვანეში 35 თეთრს იხდიან, საფერავში კი - 70 თეთრს. ამას ემატება სახელმწიფო სუბსიდია რქაწითელზე - 35 თეთრი, ხოლო საფერავზე - 15 თეთრი. შესაბამისად, ჯამური ფასი 70 და 85 თეთრია, რაც მიუღებელია მევენახეებისთვის.
„თუ ეს ფასი დარჩება, ვაზს ამოვძირკვავთ! ვინ ხართ, აღა-მაჰმად-ხანი თუ ჯალალედინი? კაპიკებში არ მოგცემთ ყურძენს“, - განაცხადეს აქციის მონაწილე მევენახეებმა, რომლებმაც 10 სექტემბერს საპროტესტო აქცია გამართეს გურჯაანის რაიონის გამგეობის წინ, სადაც მისული იყო ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი. გიორგი სამანიშვილის თქმით, მევენახეები წინასწარ აპროტესტებენ ყურძნის ფასს, რომელიც, ხარისხისა და რაოდენობის შესაბამისად, რეალურად, კრეფისა და ჩაბარების დროს უნდა დადგინდეს.
„ჯერ ყურძენი არ დამწიფებულა და რეალური მყიდველი მათთან არ მისულა. ისინი აპროტესტებენ იმ ფასს, რომელიც გამოაცხადა რამდენიმე ღვინის კომპანიამ, თუმცა ეს ფასიც გაცილებით მეტია, ვიდრე ყურძნის თვითღირებულება. ამასთან, მოსალოდნელია, რომ ბაზარზე კიდევ მოიმატებს ფასი ხარისხის, ჯიშისა და ადგილის მიხედვით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი სამნიაშვილმა, რომლის თქმითაც, „რთველი 2015 - ის“ საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირდა 60-მდე ღვინის კომპანია, რომლებიც აპირებენ ყურძნის მიღებას, თუმცა, 10 სექტემბრის მდგომარეობით, ყურძენს ჯერჯერობით იღებს მხოლოდ ოთხი სახელმწიფო და 13 კერძო ქარხანა. მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი დავით თამარაშვილი მიიჩნევს, რომ მევენახეები, მართლაც, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ რამდენიმე მიზეზის გამო:
„ინფლაციის გამო სასუქები, შხამქიმიკატები, საწვავი და მუშახელი იყო უფრო ძვირი, ვიდრე წინა წლებში. ამასთან, წინა წლებში ყურძენს ჰქონდა კარგი ფასი და ამის იმედად წელს მოიყვანეს კარგი მოსავალი, რამაც შეამცირა მოთხოვნა. გარდა ამისა, ღვინის კომპანიებმა ვერ გაყიდეს ღვინოები რუსეთსა და უკრაინაში, დარჩათ დიდი ნაშთი, რამაც ასევე მკვეთრად შეამცირა ყურძენზე მოთხოვნა. ამან, თავის მხრივ, განაპირობა ყურძნის დაბალი ფასი, არადა, ჩვენი გაანგარიშებით, საშუალოდ 1 ჰექტარზე ვენახის დანახარჯებმა შეადგინა 4 ათასი ლარი“.
შესაბამისად, მევენახეები ცდილობენ ყურძენი რაც შეიძლება მაღალ ფასად ჩააბარონ, რათა არ ნახონ ზარალი, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვერ ჩაერევიან ფასის დადგენაში, რომელიც ორი კერძო სუბიექტის - ღვინის ქარხნებისა და მევენახეების - საქმეა. სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას თქმით, ერთადერთი, რის გაკეთებაც მთავრობას შეუძლია, არის ის, რომ სახელმწიფო საწარმოებიც ჩაიბარებენ ყურძენს იმ ფასად, რომელიც უზრუნველყოფს მევენახის მოგებას:
„თეთრი ყურძნის შემთხვევაში ფასი არის 60 თეთრი, ანუ ამ ფასად ჩაიბარებს სახელმწიფო, თუ კერძო სექტორი არ მიიღებს, ხოლო საფერავს სახელმწიფო ჩაიბარებს 85 თეთრად. პრაქტიკულად, ეს უზრუნველყოფს 100-პროცენტიან მოგებას“.
სოფლის მეურნეობის მინისტრისაგან განსხვავებით, მევენახეები მიიჩნევენ, რომ დადგენილი ფასი ვერ აუნაზღაურებთ ხარჯებს. ბევრი მევენახე მოსავლის დალპობითა და ვაზის აჩეხით იმუქრება, თუმცა, როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი ვარაუდობს, საქმე ამგვარ უკიდურესობამდე არ მივა.
„არავინ არ დაალპობს ყურძენს ვაზზე. იძულებული იქნებიან წაიღონ და 60-70 თეთრად ჩააბარონ. სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ არის. ან უნდა მოძებნონ კერძო პირები კახეთს გარეთ, სადაც ცოტა უფრო ძვირად გაყიდიან ყურძენს, მაგრამ ყოველივე ამის გამო ძალიან გაუჭირდებათ ბანკებიდან აღებული ფინანსური ვალდებულებების გასტუმრება და გაისად ყურძნის მოყვანა“, - უთხრა გელა მთივლიშვილმა რადიო თავისუფლებას.
ასეთი უაზრო სუბსიდირება არის ბიუჯეტის არარაციონალური ხარჯვის ერთ-ერთი გამოვლინება. ამას არ გააჩნია არანაირი ეკონომიკური დატვირთვა. ესაა სოციალური დახმარების პროგრამა მოსახლეობის გულის მოსაგებად. ეს არის პოლიტიკური აქცია!..რომან გოცირიძე
ეს ვარაუდი რომ არ გამართლდეს, გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს მთავრობამ - ასე მიაჩნია, მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელს დავით თამარაშვილს, რომლის თქმითაც, მთავრობა შეცდომას უშვებს, როცა თავად იწყებს ყურძნის შესყიდვას, ასევე არასწორია, როცა მევენახე ჯიუტად ცდილობს ყურძნის გაყიდვას:
„მევენახემ უნდა გაყიდოს ღვინო და არა ყურძენი, მაგრამ თუ დააყენებს ღვინოს, მაშინ მევენახეს ექნება ღვინის რეალიზაციის პრობლემა, რომლის მოსაგვარებლად აუცილებელია, რომ ღვინის ადგილობრივ ბაზარზე მოხდეს ფალსიფიცირებული ღვინოების - ე.წ. შაქარ-წყალზე დამზადებული ღვინოების - აკრძალვა. სახელმწიფოს ფუნქცია არის ეს, ანუ კონტროლი და არა ღვინის წარმოება“.
ეკონომისტების ნაწილი ასევე მიიჩნევს, რომ გაუმართლებელია მევენახეობის დარგის დაუსრულებელი სუბსიდირება. როგორც ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ამბობს, შეუძლებელია ამან დადებითი ეკონომიკური შედეგი გამოიღოს:
„ასეთი უაზრო სუბსიდირება არის ბიუჯეტის არარაციონალური ხარჯვის ერთ-ერთი გამოვლინება. ამას არ გააჩნია არანაირი ეკონომიკური დატვირთვა. ესაა სოციალური დახმარების პროგრამა მოსახლეობის გულის მოსაგებად. ეს არის პოლიტიკური აქცია!“.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღვინის ქარხნებმა უკვე ჩაიბარეს 4 ათასამდე ტონა ყურძენი. ჯამში, როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში ვარაუდობენ, წელს ქარხნები 130 ათას ტონა ყურძენს გადაამუშავებენ.