საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კახელი მევენახეები წელსაც მიიღებენსუბსიდიას, თუმცა მთავრობა აღარ ჩაერევა ყურძნის ჩასაბარებელი ფასის დადგენაში. გარდა ამისა, მთავრობა აანაზღაურებს სეტყვის შედეგად მიყენებულ ინფრასტრუქტურულ ზარალს და დაზარალებულებს უსასყიდლოდ გადასცემს მცენარეთა დაცვის ქიმიურ საშუალებებს, თუმცა, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, მთავრობა არ გასცემს კომპენსაციას მოსავლის განადგურებით მიღებული ზარალის ასანაზღაურებლად.
25 აგვისტოს თელავში გაიხსნა რთვლის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უწყვეტ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში, იმუშავებს. მთავრობის გადაწყვეტილებითვე, მევენახეები მიიღებენ სუბსიდიას:
„სუბსიდირების მოცულობა იგივე იქნება, რაც იყო შარშან: 35 თეთრი რქაწითელსა და კახურ მწვანეზე, 15 თეთრი საფერავზე, თუმცა წელს, განსხვავებით გასული წლისგან, ყურძნის საფასურს მევენახეები მიიღებენ ბანკებში და ღვინის კომპანიებისათვის ლოდინი არ მოუწევთ“.
თუმცა სწორედ ღვინის კომპანიები გადაწყვეტენ, რა ფასად ჩაიბარონ ყურძენი მევენახეებისგან. როგორც ლაგოდეხელი მევენახე ვარლამ მეტრეველი ამბობს, თუ თეთრი ყურძნის ფასი, ჯამში, ერთ ლარზე ნაკლები იქნება, მევენახეები ზარალში დარჩებიან, ვინაიდან ერთი ჰექტარი ვენახის მოვლა წლის განმავლოაბში 2-3 ათასი ლარი მაინც ჯდება: საჭიროა შხამქიმიკატების შეძენა, ტრაქტორის დაქირავება შესაწამლად, მოხვნა, სასუქის შეტანა, გაფურჩნა, გადაკავება, მკრეფავების შრომის ანაზღაურება (400 ლარამდე), ყურძნის ჩასაბარებლად სპეციალური ავტომობილის დაქირავება 250 ლარად და ა.შ.
„ერთი ლარი მაინც უნდა იყოს კილოგრამი ყურძნის ფასი, რათა ეს ხარჯი აანაზღაუროს“, უთხრა რადიო თავისუფლებას ვარლამ მეტრეველმა, რომელიც იმედოვნებს, რომ მევენახეებს ღვინის კომპანიებთან მთავრობა უშუამდგომლებს და ჩაბარების ფასი მათთვისაც მისაღები იქნება, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი სამანიშვილმა უთხრა, წელს ყურძნის ფასის წარმოქმნაში მთავრობა არ ჩაერევა:
„წელს გვაქვს გარდამავალი ეტაპი. გვინდა, რომ ყურძნის ფასი დაარეგულიროს ბაზარმა. მევენახეობა-მეღვინეობის დარგი საკმაოდ წარმატებული დარგია, ამიტომ შესაძლებელია, რომ ის დამოუკიდებლად, ჩარევის გარეშე რეგულირდებოდეს. წელს, მიუხედავად იმისა, რომ სუბსიდიას გასცემს მთავრობა, ფასის წარმოქმნაში არ ჩაერევა. კარგ ყურძენზე მეტს გადაიხდიან, ცუდზე - ნაკლებს. ისიც უნდა ითქვას, რომ იმ ფასს არ ველოდებით, რაც შარშან იყო, რადგანაც ყურძენზე მოთხოვნილება ნაკლებია, ვიდრე მიწოდება“.
გიორგი სამანიშვილის თქმით, წელს ყურძენზე მოთხოვნა უფრო ნაკლებია, ვიდრე შარშან, რადგან, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, საგრძნობლად შემცირდა ღვინის ექსპორტი. შესაბამისად, ღვინის კომპანიებს ნაშთის სახით დარჩათ შარშანდელი ღვინის მნიშვნელოვანი ნაწილი. გიორგი სამანიშვილის თქმით, 20 აგვისტოს მოსული სეტყვის მიუხედავად, წელსაც ყურძნის კარგი მოსავალი იქნება.
„სამწუხაროდ, კარგი ვენახები დაისეტყვა და რაოდენობაც ბევრი მოაკლო, მაგრამ, ჯამში, სტატისტიკა დიდად არ შეცვლილა. დაახლოებით, 200 ათას ტონა მოსავალს ველოდებით კახეთში. აქედან, დაახლოებით, 130 ათასი ტონა გადამუშავდება ღვინის კომპანიების მიერ“, უთხრა გიორგი სამანიშვილმა რადიო თავისუფლებას.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიქმნა ასევე სტიქიური უბედურების შედეგების სალიკვიდაციო შტაბი, რომელმაც, პრემიერ-მინისტრის თქმით, სათანადო დახმარება უნდა გაუწიოს კახეთსა და რაჭაში 20 აგვისტოს მოსული სეტყვითდაზარალებულ ოჯახებს:
„სტიქიის შედეგად რაჭასა და კახეთში 1300-მდე ოჯახს დაუზიანდა საცხოვრებელი სახლები. ამიტომ მინდა დავავალო ინფრასტრუქტურის მინისტრს, რომ კახეთის გუბერნატორთან ერთად შექმნას შტაბი. ფინანსთა მინისტრს მინდა დავავალო, რომ გამონახოს საჭირო სახსრები, რათა 1300-ივე ოჯახს გავუწიოთ სათანადო დახმარება“.
20 აგვისტოს მოსულმა სეტყვამ კახეთსა და რაჭაში მხოლოდ შენობების სახურავები როდი დააზიანა. გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ერთწლიან და მრავალწლიან ნარგავებს, თითქმის მთლიანად განადგურდა წლის მოსავალი, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლევან დავითაშვილმა უთხრა, მთავრობა მხოლოდ ინფრასტრუქტურული ზარალის ანაზღაურებას აპირებს. დაზარალებულები ასევე მიიღებენ სპილენძის შემცველ მცენარეთა დაცვის საშუალებებს ვენახებისა და სხვა მრავალწლიანი ნარგავების გადასარჩენად. რაც შეეხება მოსავლის კომპენსაციას, ლევან დავითაშვილის თქმით:
„მთავრობა არ აპირებს ამ მიზნით თანხების გაცემას, რადგანაც მეორე წელიწადია არსებობს აგროდაზღვევის პროგრამა. ვცდილობთ, რომ ეს პროგრამა იყოს საყოველთაო და მასობრივად წავახალისოთ სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დააზღვიონ თავიანთი მოსავალი რისკებისაგან და, პირველ რიგში, ბუნებრივი მოვლენებისგან. ამ პროგრამაში სახელმწიფოს ფინანსური მონაწილეობა 60 პროცენტამდეა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს თანადაფინანსება გაიზრდება 70 პროცენტამდე სხვადასხვა კულტურის მიხედვით. მთავრობამ რომ გასცეს კომპენსაციები, მაშინ თვითონვე მოახდენს აგროდაზღვევის სისტემის დისკრედიტაციას“.