1 სექტემბერს უზბეკეთში დამოუკიდებლობის მოპოვების 25-ე წლისთავი აღნიშნეს, ხოლო 2 სექტემბერს უზბეკეთის სახელმწიფო ტელევიზიის დიქტორმა გამოაცხადა ის, რის შესახებაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდებოდა მითქმა-მოთქმა უზბეკეთშიც და მის საზღვრებს მიღმაც: „ძვირფასო თანამემამულენო, ღრმა მწუხარებით ვიუწყებით ისლამ აბდუღანიევიჩ ქარიმოვის, ყველა ჩვენგანისათვის ძვირფასი პრეზიდენტის, გარდაცვალების შესახებ“.
ისლამ ქარიმოვი, ყოფილი კომუნისტი ლიდერი, 27 წელი ედგა სათავეში უზბეკეთს და აქტიურად იყენებდა უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურებს მოსახლეობაში უკმაყოფილების ყოველგვარი გამოვლენის ჩასახშობად. ქვეყნის მთავრობამ 28 აგვისტოს გამოაცხადა ქარიმოვის საავადმყოფოში მოთავსების შესახებ, რის შემდეგაც ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდებოდა მის მდგომარეობაზე. ზოგმა წყარომ მალევე გაავრცელა ცნობა, რომ ის უკვე გარდაცვლილი იყო. გარდაცვალების შესახებ ცნობა, როგორც ვთქვით, 2 სექტემბერს დადასტურდა. რა მოელით უზბეკებს, მათ შორის, ისლამ ქარიმოვის ოჯახის წევრებს, სტაჟიანი ლიდერის გარდაცვალების შემდეგ?
Your browser doesn’t support HTML5
უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, ქარიმოვი, რომელიც 78 წლის ასაკში გარდაიცვალა, სათავეში ედგა მსოფლიოში ერთ-ერთ უსასტიკეს ავტორიტარულ რეჟიმს. „ამნესტი ინტერნეშნლის“ 2016 წლის ანგარიშით, უზბეკეთში წამებას და არაადამიანურ მოპყრობას მიმართავენ დისიდენტებზე ზეწოლისათვის, ტერორიზმის ნამდვილ ან წარმოსახვით საფრთხეებთან ბრძოლისათვის, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიებისათვის. კიდევ ერთი ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია, „ჰიუმან რაითს უოჩი“, წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ უზბეკეთში 2015 წელსაც შენარჩუნდა „უმძიმესი მდგომარეობა, ადამიანის უფლებების კუთხით“: მოქალაქეებს უარს ეუბნებიან შეკრების, გამოხატვის, რელიგიის თავისუფლებაზე, ათასობით ადამიანია დაპატიმრებული პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე, გავრცელებულია წამება...
ჩვენი რადიოს ინგლისურენოვანი რედაქციის წევრს, შუა აზიის ექსპერტ ბრუს პანიერს, ვთხოვე, როგორც ადამიანს, რომელიც შუა აზიას იცნობს, - უზბეკეთში სწავლობდა კიდეც, - მოეთხრო, როგორ ცხოვრობენ უზბეკეთში, რამდენად გრძნობს რიგითი მოქალაქე, რომ ქვეყანას ავტოკრატიული რეჟიმი მართავს.
„ეჭვი არ არის, რომ გრძნობს, რადგან მაშინაც კი, როცა საყოფაცხოვრებო პრობლემების წინაშე დგახარ, - იქნება ეს სურსათის გაძვირება, შინ გათბობის გარეშე დარჩენა თუ უხეირო გზები, - პრაქტიკულად, ვერ გამოხატავ უკმაყოფილებას. შეიძლება, მეზობლებს შესჩივლო: რა საშინელებაა, მთავრობამ რაღაც უნდა გააკეთოსო, მაგრამ თუ საჯაროდ გამოხატე უკმაყოფილება, უმრავლეს შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ შარში იგდებ თავს. შეიძლება დაგაპატიმრონ, რაღაც ბრალდებები შეგითითხნონ და საფრთხე ემუქრება არა მარტო იმ ადამიანს, ვინც უკმაყოფილება გამოთქვა, არამედ იმასაც, ვისაც ის დაელაპარაკა, ვინც მას დაეთანხმა, რომ პრობლემა არსებობს. ამ ადამიანმაც შეიძლება პოლიციაში ამოყოს თავი, საფრთხე ემუქრებათ ოჯახის წევრებსაც“, - გვეუბნება ბრუს პანიერი.
უზბეკეთის მთავრობამ კარგად უწყის, რომ საზოგადოებაში უკმაყოფილებაა და იმისათვის, რომ უკმაყოფილება არ გავრცელდეს, ერთ ადგილას მისი გამოხატვისთანავე მიმართავენ ზომებს, რათა ყველამ იცოდეს: მმართველი რეჟიმის გაკრიტიკებით ვერაფერს გახდები და შეიძლება ციხეშიც აღმოჩნდე.
ჩემს ამერიკელ კოლეგას ვკითხე, ჰგავს თუ არა უზბეკეთში არსებული ვითარება იმას, რაც საბჭოთა კავშირში ხდებოდა - არა სტალინიზმის დროს, არამედ მოგვიანებით, საბჭოთა რეჟიმის არსებობის ბოლო პერიოდში. ბრუს პანიერმა გაიხსენა, რა ვითარება იყო უზბეკეთში, როცა იქ პირველად ჩავიდა:
„ის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი იყო, მაგრამ გორბაჩოვის ეპოქა დასასრულს უახლოვდებოდა, „პერესტროიკის“, „გლასნოსტის“ ჟამი იდგა. ხალხი გაცილებით უფრო ღია იყო. ტაშკენტის უნივერსიტეტში ვსწავლობდი და რაზე არ ვსაუბრობდით! - ოპოზიციურ პარტიებზე, უზბეკეთში აუცილებელ რეფორმებზე, რას მოელოდა ხალხი დემოკრატიისაგან ან, ყოველ შემთხვევაში, უფრო თავისუფალი პოლიტიკური სისტემისაგან. ამის შემდეგ ექვს-შვიდ წელიწადში, როცა უზბეკეთი უკვე დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა, ხალხმა შეწყვიტა ასეთ თემებზე ლაპარაკი, გაცილებით უფრო შეიზღუდა. ბევრ თემას ტაბუ დაედო. მოკლედ, უცნაურია, 1990 წელი, 1989 წელი გაცილებით უფრო თავისუფალი პერიოდი იყო უზბეკეთში. მას შემდეგ მოსახლეობა უფრო რელიგიურიც გახდა, ვიდრე ადრე იყო“ ...
გულნარას უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, ყველაფერს აკეთებდა, რომ კამერები მისკენ ყოფილიყო მიმართული. ლოლა კი სხვანაირია, არ ეძებს ასეთ ყურადღებას და ძალიან, ძალიან კომფორტულად ცხოვრობს საზღვარგარეთ...ბრუს პანიერი
ბრუს პანიერმა ამ კვირაში დაწერა სტატია უზბეკეთის გარდაცვლილი ლიდერის, ისლამ ქარიმოვის, ოჯახზე, კერძოდ, ოჯახის წევრებზე, რომლებიც წლების განმავლობაში უზარმაზარი გავლენით სარგებლობდნენ უზბეკეთში. საქმე ეხება ქარიმოვის ორ ქალიშვილს, გულნარას და ლოლას.
გულნარა ქარიმოვა თავის დროზე გავლენიანი კი არა, ლამის ყოვლისშემძლე იყო! ის მუშაობდა უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, უზბეკეთის ელჩად გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, უზბეკეთის ელჩად ესპანეთში. მას მოიხსენიებდნენ პოლიტოლოგიის პროფესორად, დიპლომატად, ბიზნესმენად, სამკაულის დიზაინერად, მომღერლად... მაგრამ 2014 წელს ბოლო მოეღო გულნარას გასაოცარ კარიერას. მას ძვირად დაუჯდა კრიტიკული შეფასებები საკუთარი ოჯახის წევრებისა და მმართველი რეჟიმის მისამართით. გულნარა ქარიმოვა შინ გამოკეტეს!
ბრუს პანიერს ვკითხე, ცნობილია თუ არა გულნარას ამჟამინდელი ადგილსამყოფელი. ოფიციალურად ცნობილი არ არისო, მითხრა მან:
„ვიცით ის, რომ არაოფიციალურად შინაპატიმრობა მიუსაჯეს. არავინ იცის დანამდვილებით, ახლა სად არის. ცნობილია, რომ მამამისის დასაფლავებაზე არ გამოჩენილა. მარტო ჭორები ვრცელდება, მითქმა-მოთქმა, ზოგი ამბობს, საზღვარგარეთ არისო უკვე კვირები, შეიძლება თვეებიო. სხვები ირწმუნებიან, რომ შინაპატიმრობაში რჩება“.
გულნარა ქარიმოვასაგან განსხვავებით, მამის, უზბეკეთის პრეზიდენტის, დარძალვას დაესწრო უმცროსი ქალიშვილი, ლოლა, დღემდე ფრიად გავლენიანი ქალი, იუნესკოში უზბეკეთის ელჩი.
„ლოლა საზღვარგარეთ ცხოვრობს. ბოლო 12, 13 წელია, ძირითადად უცხოეთშია. როგორც იუნესკოში უზბეკეთის ელჩი, ძირითადად პარიზში“, - გვიყვება ბრუს პანიერი. „შვეიცარიის პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, სახლი - შესაძლოა, რამდენიმე სახლიც კი - აქვს შვეიცარიაში. ამერიკის საინფორმაციო საშუალებებში - „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ჩათვლით - იყო ცნობები, რომ მას და მის ქმარს, ტიმურ ტილაევს, უძრავი ქონება აქვთ ჰოლივუდშიც. (...) იცით, გულნარას უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, ყველაფერს აკეთებდა, რომ კამერები მისკენ ყოფილიყო მიმართული. ლოლა კი სხვანაირია, არ ეძებს ასეთ ყურადღებას და ძალიან, ძალიან კომფორტულად ცხოვრობს საზღვარგარეთ. უზარმაზარი ქონება აქვს დაგროვებული თავის ქმართან ერთად, ყოველ შემთხვევაში, ცნობების თანახმად. და ძნელი წარმოსადგენია, უზბეკეთში დაბრუნება მოისურვოს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნახა, თავის დას რაც დაემართა, შინაპატიმრობაში რომ მოათავსეს. მამის გარდაცვალების შემდეგ ვერავინ მისცემს გარანტიას, რომ ცუდი არაფერი დაემართება. და რატომ უნდა დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ კალიფორნიაში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში ფუფუნებით ცხოვრება უზბეკეთში ჩასვლით? თან რისთვის უნდა ჩავიდე? ლოლას არასოდეს გამოუმჟღავნებია პოლიტიკური ამბიციები, თავისი დისაგან განსხვავებით“.
ხალხი, ვინც ახლაა უზბეკეთის მთავრობაში, ის ხალხია, ვინც დიდი ხანია მიეკუთვნება მმართველ წრეს. მათ მრავალი წელი ჰქონდათ პოზიციების გასამყარებლად, საკუთარ მხარდამჭერთა შემოსაკრებად და, გარკვეულწილად, ერთმანეთზეც არიან დამოკიდებული. არც ერთი მათგანი არ არის დაინტერესებული სისტემის შეცვლით, რათა საფრთხე არ შეუქმნას საკუთარ მომავალს...ბრუს პანიერი
პოლიტიკური ამბიციების ნაცვლად, ლოლა ქარიმოვა, როგორც ჩანს, საკუთარი თავის ფინანსურად უზრუნველყოფით იყო დაკავებული. მას არც უფროსი და, გულნარა, ჩამორჩებოდა! შვეიცარიის გამოცემა „ბილანმა“ 2009 წლის სიაში, რომელშიც შვეიცარიაში უმდიდრესი 300 ადამიანი იყო შეყვანილი, ყველაზე შეძლებულ ქალებს შორის მეცხრე ადგილი მიუჩინა გულნარა ქარიმოვას. მისი ქონება მაშინ 570-დან 665 მილიონ დოლარამდე იყო შეფასებული. ამავე გამოცემის მონაცემებით, 2011 წელს მილიარდ დოლარს აღწევდა გულნარა და ლოლა ქარიმოვების ქონება, ერთად აღებული... ეს მაშინ, როცა უზბეკეთის მკვიდრთა უმრავლესობის შემოსავალი თვეში 300 დოლარს არ აღემატება.
რა მოელით რიგით უზბეკებს ახლა? რა მოელის უზბეკეთს სტაჟიანი, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ავტოკრატი, კორუმპირებული ლიდერის გარდაცვალებისა და მისი ოჯახის გავლენის წარსულს ჩაბარების შემდეგ? არსებობს შანსი, რომ ადამიანები უკეთ, უფრო თავისუფლად იცხოვრებენ?
ბრუს პანიერი ასეთ პერსპექტივას ახლო მომავალში ვერ ხედავს. „ხალხი, ვინც ახლაა უზბეკეთის მთავრობაში, ის ხალხია, ვინც დიდი ხანია მიეკუთვნება მმართველ წრეს. მათ მრავალი წელი ჰქონდათ პოზიციების გასამყარებლად, საკუთარ მხარდამჭერთა შემოსაკრებად და, გარკვეულწილად, ერთმანეთზეც არიან დამოკიდებული. არც ერთი მათგანი არ არის დაინტერესებული სისტემის შეცვლით, რათა საფრთხე არ შეუქმნას საკუთარ მომავალს. ამიტომ ვვარაუდობ, რომ მთავრობაში ისევე მჭიდროდ ითანამშრომლებენ, როგორც აქამდე თანამშრომლობდნენ მრავალი წლის განმავლობაში, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან რიგით უზბეკებს არ უნდა ჰქონდეთ ახლო მომავალში ცვლილებების იმედი. ხელისუფლებაში მყოფი გავლენიანი ხალხის ინტერესებშია, ყველაფერი დარჩეს ისე, როგორც ახლაა“, - ასეთია შუა აზიის ექსპერტ ბრუს პანიერის შეფასება და არცთუ სახარბიელო პროგნოზი უზბეკეთისათვის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის შემდეგ.