უცხოეთის პრესის მიმოხილვა

გასული კვირის განმავლობაში დასავლურ პრესაში აქტიურად განიხილებოდა თურქეთის პრემიერ-მინისტრის, აჰმატ დავუთოღლუს, გადადგომის საკითხი. ზოგიერთი გამოცემა მიიჩნევს, რომ ეს პრეზიდენტ რაჯეპ ტაიპ ერდოანის მიერ ერთპიროვნული მმართველობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

„ერდოანი, უბრალოდ, პარანოიდიაო“, - წერს შვეიცარიული გამოცემა “ნოიე ზიურხერ ცაიტუნგი” 6 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში.

„ერდოანს აშკარად ეგონა, რომ სულ ცოტა დრო იყო დარჩენილი, სანამ დავუთოღლუ მის წინააღმდეგ წავიდოდა... პრეზიდენტი ერთმანეთისგან ვერ არჩევს რჩევასა და ტყუილს და ერთი არასწორი სიტყვა თანამებრძოლების მხრიდან შესაძლოა აღიქვას როგორც შეთქმულებაო“, - წერს გაზეთი.

ავსტრიული გამოცემა “სტანდარდი” კი გამოთქვამს აზრს, რომ მომავალი პრემიერ- მინისტრის ერთადერთი საქმე პრეზიდენტისთვის მუშაობა იქნება:

„ადრე თურქეთის მთავრობას გენერლები ამხობდნენ ჯარით, დღეს კი ამ კაცმა (ერდოანმა) დაამარცხა არმია და უნდა ერთპიროვნული მმართველი გახდეს“.

6 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ მინისტრთა კაბინეტი ერდოანის ბრძანებებს ემორჩილება, პარტია კი მისი ძალაუფლების წყაროა, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით არ შეიძლება პრეზიდენტი პარტიული იყოს.

„ასე რომ, მომავალი პრემიერ-მინისტრი უჩინარი იქნებაო“, - წერს გამოცემა.

სლოვაკური გამოცემა „პრავდა“ კი თურქეთში განვითარებულ მოვლენებს უწოდებს „ცუდ ამბავს“ ევროპისთვის.

„ქვეყანა ნელ-ნელა მიდის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოანის ავტოკრატიული მმართველობისკენ... თურქეთის გაურკვეველი მომავალი ევროპისთვისაც გაურკვევლობას ბადებს. დავუთოღლუ ნამდვილად არ იყო დასავლელი დემოკრატი პოლიტიკოსის მაგალითი, თუმცა მისი მონაცვლე ნამდვილად უარესი იქნებაო“, - ვკითხულობთ 6 მაისის სტატიაში.

გასულ კვირას თურქეთი კიდევ ერთი თემით გახდა დასავლური პრესის მსჯელობის საგანი. საქმე ეხება სავიზო ლიბერალიზაციას, რომელსაც ევროკავშირი ქვეყანას მარტის დასაწყისში შეჰპირდა სირიელი ლტოლვილების საბერძნეთიდან უკან მიღების სანაცვლოდ.

შვეიცარიული ყოველდღიური გამოცემა „ტაგეს ანცაიგერი“ მიიჩნევს, რომ თურქეთთან ვიზის ლიბერალიზაცია ევროკავშირის მხრიდან ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა..

„თურქეთმა შეასრულა შეთანხმების თავისი წილი - ქვეყანაში ტრეფიკინგს წარმატებით ებრძვის. გარდა ამისა, საბერძნეთის კუნძულებზე მიგრანტთა ნაკადი საგრძნობლად შემცირდა. შესაბამისად, ის სრულიად სამართლიანად ითხოვს მიიღოს დაპირებული უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთანო“, - წერს გაზეთი.

შვედური გამოცემა „სვიდსვენსკანი“ კი წერს, რომ თურქეთისათვის უვიზო მიმოსვლის მიცემა შეცდომა იქნება და ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ამის თავიდან ასაცილებლად.

„შეიძლება ისე ჩანს, რომ ევროპა მთლიანად დამოკიდებულია თურქეთზე მიგრანტთა თემაზე მიღწეული შეთანხმების გამო, მაგრამ ეს არ უნდა იყოს შემაფერხებელი ფაქტორი. უნდა მოიძებნოს ლტოლვილთა ნაკადის შემცირების სხვა გზები. მაგალითად, ევროკავშირს შეუძლია თავად აკონტროლოს ხმელთაშუა ზღვა ეგვიპტის სანაპიროებზე და მიგრანტებს საბერძნეთში შესვლაში ხელი შეუშალოსო“, წერს გაზეთი.

თურქული მემარცხენე გამოცემა „ევრენსელი“ კი 4 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ევროკავშირი, მათი აზრით, სავიზო ლიბერალიზაციისთვის თამასას მაღლა სწევს.

თურქეთმა მისთვის წაყენებული 72 მოთხოვნიდან უმეტესობა შეასრულა და დარჩენილი პირობების გამო, შესაძლოა, მთელი მოლაპარაკება ეჭვქვეშ დადგესო, წერს გაზეთი და დასძენს:

„ევროპას იმედი ჰქონდა, რომ კორუფციისა და ოპოზიციის წინააღმდეგობის შედეგად ყველა მოთხოვნა ვერ შესრულდებოდა და ვიზის ლიბერალიზაციის პროცესი გაიწელებოდაო“.

ამერიკის შეერთებულ შტატებში გასულ კვირას გაირკვა, რომ დონალდ ტრამპი რესპუბლიკელების ერთადერთი უკონკურენტო საპრეზიდენტო კანდიდატია, დემოკრატებში კი ჰილარი კლინტონი ლიდერობს.

ფინური ლიბერალური გამოცემა „ჰელსინგინ სანომატი“ წერს, რომ დონალდ ტრამპის მრავალი თეთრკანიანი მამაკაცი მხარდამჭერი მის პოლიტიკურ კარიერაში უფრო დიდ როლს ითამაშებს, ვიდრე არჩევნების მოგებაა.

„დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელი თეთრკანიანი მამაკაცების ხელისუფლებით უკმაყოფილებამ დონალდ ტრამპს რესპუბლიკელების კანდიდატობა მოუპოვა. არჩევნები რომც ვერ მოიგოს, ამომრჩეველთა ეს ბაზა ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალად დარჩებაო“, - ვკითხულობთ 5 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში.

რესპუბლიკელების პრობლემა ისაა, დასძენს სტატიის ავტორი, რომ მათი პარტია თეთრკანიანი მამაკაცების პარტიად გადაიქცა და ამის გამო ლათინოამერიკელებისა და ქალების ბრაზმა, შესაძლოა, ჰილარი კლინტონს არჩევნები მოაგებინოსო.

ბრიტანული მემარცხენე გამოცემა „ინდეპენდენტი“ კი წერს, შესაძლოა, ტრამპის პრეზიდენტობა არც ისე ცუდი იდეა იყოსო.

„შეიძლება, ტრამპი კონგრესთან ობამაზე ბევრად უკეთესი მომლაპარაკებელი აღმოჩნდეს. დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას საგარეო პოლიტიკაზეც... შესაძლებელია, მომავალ თვეებში სრულიად განსხვავებული დონალდ ტრამპი ვიხილოთო“, - წერს გაზეთი 5 მაისის სტატიაში.

ირლანდიური გამოცემა „აირიშ ინდეპენდენტი“ კი აქვეყნებს სტატიას, სახელწოდებით „4 წელი განსაწმენდელში“.

6 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ არჩევანი კლინტონსა და ტრამპს შორის იგივეა, რაც არჩევანი ეშმაკსა და ღრმა ზღვას შორის.

„ამერიკულმა პოლიტიკურმა სისტემამ მოახერხა, რომ წინასაარჩევნო კამპანია დაევიწროებინა ორ შეუდარებლად ყალბ ადამიანამდე, რომელთაგან არც ერთი არ იმსახურებს თეთრ სახლში ჯდომას: ერთი მხრივ, ჰილარი კლინტონი, რომლის მემარცხენე პოლიტიკა დაანგრევს იმასაც, რაც ამერიკის განსაკუთრებულობის იდეიდანაა დარჩენილი, მეორე მხრივ კი, დონალდ ტრამპი, დემაგოგი, რომელიც სიძულვილის დანერგვაშია დახელოვნებული და დამანგრეველ სავაჭრო ომებს გვპირდებაო“, - წერს გამოცემა და დასძენს, ეს ყველაფერი ცუდად დასრულდება და ამიტომაც დროა მსოფლიო, ისევე როგორც თავად ამერიკა, განსაწმენდლის 4 წლისთვის მოემზადოსო.

3 მაისს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით რუმინული გამოცემა „ადევარულის“ ფურცლებიდან ბლოგერი რემუს ფლორესკუ მოუწოდებს მკითხველებს, იყიდონ ხარისხიანი პრესა.

„სამუშაო რომ ისე ხარისხიანად შეასრულო, როგორც „პანამის დოკუმენტების“ შემთხვევაში ან ფილმ „სფოთლაითში“ ვნახეთ, საჭიროა კარგი ჟურნალისტები და დრო. დღევანდელი მდგომარეობით, ეს ორივე ფუფუნების საგანია, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს ვზღოთ, თუ ერთხელაც ხარისხიანი ჟურნალისტიკა გაქრება“, - წერს ბლოგერი და მკითხველს ასეთ გამოსავალს სთავაზობს:

„წაიკითხეთ ხარისხიანი პრესა, გააზიარეთ სტატიები ფეისბუქზე და იყიდეთ გაზეთები კიოსკებში“.