აშშ, ნატოს მაისის სამიტი და საქართველო

ნატოს ჩიკაგოს სამიტის ემბლემა

ავღანეთი, ნატოს მოდერნიზება და ალიანსის პარტნიორებთან ურთიერთობა - ეს ის სამი პრიორიტეტია, რომლებსაც, ნატოს მაისის სამიტისთვის მზადების პროცესში, განსაკუთრებით უსვამს ხაზს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. 26 აპრილს ნატოს მომავალი სამიტის მასპინძელი ქვეყნის - აშშ-ის - აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შემუშავებული გეგმის პრიორიტეტები საკანონმდებლო ხელისუფლებას გაუზიარა.კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტისა და ევროპისა და ევრაზიის ქვეკომიტეტის წარმომადგენლების წინაშე წარდგა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ტინა კეიდანაუ. როგორია შეერთებული შტატების მხარდაჭერა და რას უნდა მოელოდეს საქართველო ნატოს ჩიკაგოს სამიტზე?

საქართველოსთვის, როგორც ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში გამორჩეული წვლილის შემტანი და ალიანსის ”სანდო პარტნიორად” წოდებული ქვეყნისათვის, მნიშვნელოვანია ტინა კეიდანაუს მიერ 26 აპრილს ჩამოთვლილი სამივე პრიორიტეტი. თუმცა ბუნებრივია, რომ ნატოში გაწევრიანების მსურველი ქვეყნის განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც მე-3 პრიორიტეტი - პარტნიორებთან ალიანსის სამომავლო ურთიერთობა - იპყრობს.

რას უნდა მოელოდნენ ნატოს პარტნიორები 21 მაისის ჩიკაგოს სამიტზე?

ჩიკაგოში მოკავშირეები არ მიიღებენ გადაწყვეტილებას ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე ...
ტინა კეიდანაუ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ტინა კეიდანაუს 26 აპრილის ძირითადი გამოსვლის ტექსტით თუ ვიმსჯელებთ, ბალკანეთის 3 სახელმწიფოსთან ერთად, ჩიკაგოს სამიტზე შეერთებული შტატები განსაკუთრებით დაუჭერს მხარს საქართველოსაც. სტრატეგიული პარტნიორობის გარდა, ამ მხარდაჭერას განაპირობებს ”ასპირანტი” ქვეყნის სტატუსი, რომელიც საქართველომ 2011 წლის დეკემბერში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით მიიღო. ტინა კეიდანაუ იმეორებს უკვე ბევრჯერ ნათქვამს, რომ ჩიკაგოს სამიტზე ნაბიჯი არ გადაიდგმება გაფართოების მიმართულებით, თუმცა ”ასპირანტებს” გამოკვეთილი ყურადღება დაეთმობათ:

”ჩიკაგოში მოკავშირეები არ მიიღებენ გადაწყვეტილებას ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე, მაგრამ ისინი მკაფიო პოზიტიურ მესიჯს გაუგზავნიან ასპირანტ ქვეყნებს მათი ნატოში გაწევრიანების მიზნის მხარდასაჭერად. აშშ მკაფიოდ აცხადებს, რომ ნატოს კარი ღიაა ახალი წევრებისთვის, რომლებიც ალიანსის სტანდარტებს მიაღწევენ. ბოსნია და ჰერცეგოვინა, მაკედონია, ჩერნოგორია და საქართველო - ყველანი მჭიდროდ თანამშრომლობენ ნატოს მოკავშირეებთან ნატოს კრიტერიუმების შესასრულებლად, რომ შეძლონ ალიანსში გაწევრიანება.”

ტინა კეიდანაუს მსგავსად, ჩიკაგოში ასპირანტი ქვეყნების ჯგუფისა და მასში გაწევრიანებული საქართველოსადმი გამორჩეული მიდგომის მოსალოდნელობაზე აპრილის დასაწყისში თავად ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენიც ლაპარაკობდა და თბილისშიც შესაბამისი მოლოდინი აქვთ. თუმცა ჯერჯერობით კვლავაც უცნობია, თუ რა სახით და სიტყვებით გამოიხატება ასეთი მიდგომა. ასპირანტი ქვეყნების ჯგუფთან დაკავშირებული ასპექტის გარდა, ვიცე-პრემიერი და სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე ჩვენთან საუბრისას საქართველოს მოლოდინის კიდევ ორ ასპექტს გამოყოფს:

”ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის კვლავ და კვლავ ნატოს მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, რუსეთთან არსებული კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების კონტექსტში... და რაც ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ დადასტურება არა მარტო ნატოს ღია კარისა, არამედ იმ გადაწყვეტილების, რაც იქნა ბუქარესტში მიღებული და შემდეგ უკვე ნატოს ორ სამიტზე გამეორებული (ლისაბონისა და კელი-სტრასბურგის სამიტებზე), რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.”
რუსეთის ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერ მოახდენს ზეგავლენას ჩვენს საერთო გადაწყვეტილებაზე საქართველოსთან მიმართებით ...
ტინა კეიდანაუ

2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულებასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უცვლელ მხარდაჭერას საკმაოდ ხშირად უსვამს ხაზს ვაშინგტონი. ეს ასპექტები 26 აპრილის მოსმენაზე ტინა კეიდანაუმაც არაერთხელ გამოკვეთა, მათ შორის - რუსეთის ფაქტორის კონტექსტშიც.

”ჩვენი მტკიცე რწმენაა, რომ არც ერთი სუვერენული სახელმწიფო არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს შეზღუდული თავისთვის მისაღები ალიანსების შერჩევის დროს... რუსეთის ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერ მოახდენს ზეგავლენას ჩვენს საერთო გადაწყვეტილებაზე საქართველოსთან მიმართებით”, - ასე უპასუხა ტინა კეიდანაუმ კონგრესმენ ტედ პოს მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც სწორედ რუსეთის ფაქტორს უკავშირდებოდა. კონგრესმენი დაინტერესდა, რამდენად მართალია გავრცელებული აზრი, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ამ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ყოფნა უშლის ხელს. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ასევე თქვა, რომ ნატოსკენ მიმავალ საქართველოს შეერთებული შტატები არაერთი მიმართულებით ეხმარება:

”საქართველოს რაც შეეხება, აშშ, უსაფრთხოების ხელშეწყობითა და სამხედრო ჩართულობით, მხარს უჭერს ამ ქვეყნის სამხედრო რეფორმას, აისაფის (ISAF-ის) ოპერაციებში მონაწილეობისთვის წვრთნის და აღჭურვილობით უზრუნველყოფს საქართველოს სამხედრო არმიას და ამაღლებს მის თავსებადობას ნატოსთან. იანვარში პრეზიდენტი ობამა და პრეზიდენტი სააკაშვილი შეთანხმდნენ ამ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე - საქართველოს სამხედრო მოდერნიზაციის, თავდაცვის რეფორმისა და საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების განსავითარებლად. აშშ-ის დახმარების პროგრამები უზრუნველყოფს საქართველოს დამატებით მხარდაჭერას მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გატარების მცდელობაში, რაც საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მნიშვნელოვანი ნაწილია და სადაც საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს.”

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე ჩვენთან საუბრისას ადასტურებს, რომ საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას დიდი როლი ეკისრება ნატოსთან შემდგომი დაახლოების გზაზე და რომ ეს თემა საქართველოს მომავლისთვის, ნატოს ფაქტორის გაუთვალისწინებლადაც, მეტად მნიშვნელოვანია. გიორგი ბარამიძე ამ პროცესის გაგრძელების აუცილებლობაზე ლაპარაკობს:

ყველა ვარიანტში ჩვენი პერსპექტივები ნატოში უფრო ნათლად მოახლოებული არჩევნების შემდეგ გამოჩნდება ...
ლევან ცუცქირიძე
”ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ იმ რეფორმებს, რაც გაკეთდა, მომავალშიც დაემატოს, უფრო გაღრმავდეს რეფორმები კანონის უზენაესობის განმტკიცების თვალსაზრისით, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების თვალსაზრისით. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება - ყველაზე მაღალი ევროპული და მსოფლიო სტანდარტებით.”

იმისთვის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატოს, შემდგომი დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობას საერთაშორისო ურთიერთობათა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან ცუცქირიძეც ხედავს. მართალია, მისი აზრით, დემოკრატიასთან დაკავშირებული ფაქტორი გადამწყვეტი არ არის და ნატოში მხოლოდ სანიმუშო დემოკრატიის ქვეყნები არ გაწევრიანებულან, მაგრამ, ცუცქირიძის თქმით, საქართველოს შემთხვევაში, მათ შორის რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, თამასა უფრო მაღალია და ამიტომ საქართველოს დემოკრატიულ წარმატებებსაც განსაკუთრებული როლი ეკისრება.

”ყველა ვარიანტში ჩვენი პერსპექტივები ნატოში უფრო ნათლად მოახლოებული არჩევნების შემდეგ გამოჩნდება”, - ეუბნება ლევან ცუცქირიძე რადიო თავისუფლებას.