ობამა: რუსეთზე ზეწოლის ყველა ზომას გამოვიყენებთ, გარდა შეიარაღებული დაპირისპირებისა

ბარაკ ობამა

პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ აშშ და მისი მოკავშირეები, სამხედრო დაპირისპირების გარდა, ყველა შესაძლებლობას განიხილავენ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის დესტრუქციული მოქმედების შესაჩერებლად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი რუსეთს მოუწოდა ზეწოლა მოახდინოს აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედ სეპარატისტებზე, რათა არ შეეცადონ სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ მარიუპოლის დაკავებას.

ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა რუსეთზე, უკრაინაში კონფლიქტის გამო, ახალი ეკონომიკური ზეწოლით მუქარას „აბსოლუტურად დესტრუქციული, სრულიად გაუმართლებელი და, საბოლოო ჯამში, არაშორსმჭვრეტელური უწოდა“.

კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა ღრმა შეშფოთება გამოხატა ქალაქ მარიუპოლზე მიტანილი სარაკეტო იერიშის გამო, რასაც 30 კაცი ემსხვერპლა, ხოლო 90-ზე მეტი დაიჭრა. დელიში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ბარაკ ობამამ დონბასში სიტუაციის ესკალაციაში დაადანაშაულა პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები, რომლებსაც „ფინანსურად, შეიარაღებითა და ჯარისკაცებით“ რუსეთი ეხმარება. ამერიკის ლიდერმა დასძინა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები გააძლიერებენ ზეწოლას რუსეთზე და განაცხადა, რომ, შეიარაღებული დაპირისპირების გარდა, ამ მიმართულებით ყველა შესაძლებლობა იქნება განხილული. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 26 იანვარს გამართულ ბრიფინგზე კვლავ კიევი დაადანაშაულა აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციაში და პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მიმართ ბრალდებებს გულუბრყვილო უწოდა:

„გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ სახალხო ლაშქარი გულხელდაკრეფილი უყურებს, როგორ ხდება უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით ქალაქების, დასახლებული პუნქტებისა და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა მძიმე ტექნიკით, შორსმსროლელი საარტილერიო და სარაკეტო სისტემებით, მათ შორის, ავიაციის გამოყენებით“.

29 იანვარს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის თაობაზე, თუმცა ნაკლებსავარაუდოა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციების საკითხი განიხილონ. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალტერ შტაინმაიერმა თქვა, ევროკავშირის მიზანი აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის გრძელვადიანი შეთანხმების მიღწევა უნდა გახდეს:

„ამ დღეებში ევროპელ კოლეგებსა და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ლატვიის, საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარ რინკევიჩთან შეხვედრის შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ არავის აქვს ბრმა ამბიცია, ბრიუსელში რუსეთისათვის სანქციების შემოსაღებად შეიკრიბონ. ჩვენი ამბიციაა დავინახოთ, რომ საბრძოლო ოპერაციები, ბოლოს და ბოლოს, დასასრულს უახლოვდება, ზავის პირობებს ნამდვილად პატივს სცემენ და რომ ამ ზავს მოჰყვება გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს განვახორციელოთ მინსკის ხელშეკრულება“.​

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთმა მკაფიოდ უნდა მოუწოდოს აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედ სეპარატისტებს, არ შეეცადონ სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ მარიუპოლის დაკავებას. ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის ეს გაფრთხილება მოჰყვა სისხლიან სარაკეტო იერიშებს ქალაქ მარიუპოლზე და პრორუსულად განწყობილი დონეცკის თვითმარქვია ხელისუფლების ლიდერთა განცხადებას უკრაინის სამთავრობო ჯარებისაგან დონბასის მიწების განთავისუფლების თაობაზე.