„უი, ესეც ბულინგია?“

19 მარტს საჯარო სკოლებში ბულინგის პრევენციის საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. „არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტმა“, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით, შექმნა პროგრამა, რომელიც ამჯერად მხოლოდ ორ საჯარო სკოლაში განხორციელდება. ანტიბულინგური პროგრამა ითვალისწინებს სკოლის კლიმატის კვლევის შედეგად გამოვლენილ საჭიროებებზე დაფუძნებულ ინტერვენციას და მუშაობას სკოლის თემის თითოეულ რგოლთან: მოსწავლეებთან, მასწავლებელთან, მშობლებსა და ადმინისტრაციასთან.

„უი, ესეც ბულინგია?“

  • 2010 წლიდან მოქმედებს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები, რომლის მიზანია ოჯახში და მის გარეთ ბავშვის ძალადობის ყველა ფორმისგან დაცვის ხელშეწყობა.
  • მექანიზმი ავალდებულებს ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებს, მოახდინონ ბავშვთა მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფაქტის იდენტიფიცირება და მასზე რეაგირება.
  • ხშირია ბავშვის მიმართ როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები უფროსებისა და თანატოლების მხრიდან.
  • მონიტორინგმა გამოავლინა, რომ სკოლის თანამშრომელთა შორის დაბალია ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების მექანიზმის ცოდნა.

„უი, ესეც ბულინგია?“ - პედაგოგების ასეთი რეაქცია და კითხვა ხშირად სმენია მაია ცირამუას, ფსიქოლოგს. ის სკოლებში ბულინგის საკითხებზე მუშაობს და არის ერთ-ერთი ავტორი იმ სახელმღვანელოებისა, რომლებიც ანტიბულინგური პროგრამისთვის დაიწერა. პროგრამა პირველ ეტაპზე თბილისის ორ - #156 და #31 - სკოლაში ერთი წლის განმავლობაში განხორციელდება. მაია ცირამუას თქმით, სკოლებში ბულინგის დაძლევის პროცესში ერთ-ერთი მთავარი სირთულე სწორედ პედაგოგებს უკავშირდება. ხშირად მათ არ იციან ან უჭირთ პრობლემის იდენტიფიცირება და, მეტიც, პედაგოგები ვერ აცნობიერებენ, რომ ამ პროცესში მათ მთავარი როლი აკისრიათ:

„პირველ რიგში, მასწავლებლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ეს არის მათი, როგორც პედაგოგების, პროფესიული ვალი, ეთიკური სტანდარტი და ა.შ. ტრენინგების დროს ხშირად ვაწყდებით მათი მხრიდან ე.წ. აღმოჩენებს, როდესაც უკვირთ, რომ ესა თუ ის ქმედება, შესაძლოა, იყოს ბულინგი. ეს უკვე მაფიქრებინებს, რომ მათ პრაქტიკაში ძალიან ბევრი შემთხვევა არასწორად აქვთ აღქმული“.

ამ მოსაზრების საილუსტრაციოდ მაია ცირამუა ერთ შემთხვევას იხსენებს, როდესაც პედაგოგებმა ვერ გააცნობიერეს, რა პრობლემის წინაშე იდგა მოსწავლე, რომელიც თანაკლასელებს ასაჩუქრებდა:

„მოჰქონდა სკოლაში საკმაოდ ძვირფასი ნივთები - ფულიც კი - და თავისი სურვილით სჩუქნიდა თანაკლასელებს. მასწავლებლებს ვუთხარით, რომ, შესაძლოა, სწორედ ბულინგთან გვქონდა საქმე. მათი რეაქცია ასეთი იყო: „რატომ? ის ხომ თავისი სურვილით ჩუქნის?!“ და როდესაც ჩვენ გავყევით ამ პროცესს, დავინახეთ, თუ რატომ ჩუქნიდა ბავშვი კლასელებს საჩუქრებს. იმიტომ, რომ ის გარიყულად გრძნობდა თავს და ამ გზით ცდილობდა თანატოლებთან დაახლოებას. ასეთი შემთხვევები პედაგოგთა მხრიდან არ არის აღქმული, როგორც ბულინგი, და ჰგონიათ, რომ ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. ძალიან ხშირად ბულინგი ფიზიკურ ძალადობაში არ გამოიხატება და მისი საფუძვლები უფრო ღრმად, ფსიქოლოგიურ კონტექსტში უნდა ვეძიოთ. ამგვარი პრობლემის იდენტიფიცირება კი სწორედ ბავშვზე ორიენტირებულ ადამიანს შეუძლია, ადამიანს, რომელმაც იცის, რა არის ბულინგი, როგორია მისი გამოვლინებები და იცის, რომ მისი პასუხისმგებლობაა ამ პრობლემის მოგვარება“.

აღსანიშნავია, რომ 2010 წლიდან მოქმედებს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები, რომლის მიზანია ოჯახში და მის გარეთ ბავშვის ძალადობის ყველა ფორმისგან დაცვის ხელშეწყობა, რეფერირების პროცედურების კოორდინირებული და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების გზით. ეს მექანიზმი ავალდებულებს ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებს, მოახდინონ ბავშვთა მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფაქტის იდენტიფიცირება და მასზე რეაგირება, თუმცა, როგორც მაია ცირამუა განმარტავს, ამ პროგრამამ, ფაქტობრივად, ვერ იმუშავა და ეს კარგად აისახა სახალხო დაცმველის 2017 წლის ანგარიშში, რომელიც სკოლებში არსებულ ვითარებას მიეძღვნა. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში კვლავ გამოწვევად რჩება მოსწავლეთა დაცვა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და არასათანადო მოპყრობისაგან: ხშირია ბავშვის მიმართ როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები უფროსებისა და თანატოლების მხრიდან. მოსწავლეთა შორის ბულინგი არასრულწლოვანთა ურთიერთობის ფართო მასშტაბით გავრცელებული ფორმაა. მონიტორინგმა გამოავლინა, რომ სკოლის თანამშრომელთა შორის დაბალია ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების მექანიზმის ცოდნა. საქართველოს მთავრობის დადგენილება „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“, როგორც აღნიშნულ შემთხვევებზე რეაგირების სამოქმედო მექანიზმი, რესპონდენტთა მხოლოდ 2.8 %-მა დაასახელა.

ამ თემაზე დისკუსიის გაღრმავებამ გამოიწვია ის, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აღიარა პრობლემა.
ანი სუბელიანი

სწორედ ჩამოთვლილი პრობლემების დასაძლევად შექმნა „არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტმა“, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით, სკოლებში ბულინგის პრევენციის საპილოტე პროგრამა, რომელიც ამჯერად მხოლოდ ორ საჯარო სკოლაში განხორციელდება. ანტიბულინგური პროგრამა ითვალისწინებს სკოლის კლიმატის კვლევის შედეგად გამოვლენილ საჭიროებებზე დაფუძნებულ ინტერვენციასა და მუშაობას სკოლის თემის თითოეულ რგოლთან: მოსწავლეებთან, მასწავლებელთან, მშობლებსა და ადმინისტრაციასთან.

როგორც პროგრამის ავტორი, „არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ანი სუბელიანი ამბობს, პროექტის პირველ ეტაპზე, 2016 წელს, განათლების სამინისტროს მხრიდან სასკოლო ბულინგის პრობლემის არაღიარებისა და თანამშრომლობის პროცესში შექმნილი გარკვეული ბარიერებიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა პროგრამაში საჯარო სკოლების ჩართვა და პროგრამამ მხოლოდ კერძო სკოლები მოიცვა. თუმცა გასულ წელს ვითარება შეიცვალა:

ანი სუბელიანი (ცენტრში) და კვლევის სხვა ავტორები

„ამ თემაზე დისკუსიის გაღრმავებამ გამოიწვია ის, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აღიარა პრობლემა. 2017 წელს ათამდე საჯარო სკოლაში განვახორციელეთ სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის ტრენინგები და შეხვედრები მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან, ადმინისტრაციასთან. 2018 წლიდან კი ორ სკოლაში ვიწყებთ ერთწლიან ანტიბულინგურ საპილოტე პროგრამას“.

პროგრამის ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოები დაწყებითი კლასის მასწავლებლებისათვის, მოზარდებისა და ტრენერთათვის საშუალებას აძლევს სამიზნე ჯგუფებს დეტალური ინფორმაცია მიიღონ იმის შესახებ, თუ რა არის ბულინგი, როგორ უნდა მოხდეს მისი იდენტიფიცირება, როგორია მითები და რეალობა ბულინგის შესახებ და ა.შ.

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი იწყებს ბულინგის პრევენციის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობას.

გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გაფორმდა მემორანდუმი. მასში გაწერილია ის კონკრეტული ვალდებულებები, რომლებიც ორგანიზაციებმა აიღეს საკუთარ თავზე და ეს ვალდებულებები გამომდინარეობს ამ ორგანიზაციების ზოგადი მიზნებისა და მათი სამიზნე აუდიტორიიდან. მემორანდუმს ხელს აწერენ „არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „თანასწორობის ინსტიტუტი“, „სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“, „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ და „საქართველოს კრიმინოლოგთა საზოგადოება“.

კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელიც 12 საჯარო სკოლაში ბულინგის დაძლევის პროგრამაზე, უკვე მეოთხე წელია, მუშაობს, ეს არის „World Vision საქართველო“. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი ნონა ციხელაშვილი ამბობს, 20 მარტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფსიქოლოგიურ ცენტრთან გაფორმდება მემორანდუმი, რის საფუძველზეც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გეგმავს ბულინგის დაძლევის პროგრამა საჯარო სკოლებში დანერგოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი იწყებს ბულინგის პრევენციის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობას.