დონალდ ტუსკი აქებს საქართველოს მიერ ჩატარებულ რეფორმებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა (მარცხნივ) და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის შეხვედრა ბრიუსელში. 2016 წლის 9 თებერვალი.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა „ნამდვილი პარტნიორები“ უწოდა ევროკავშირსა და საქართველოს და შეაქო საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები პრესკონფერენციაზე, რომელიც გაიმართა ბრიუსელში ტუსკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრის შემდეგ. „ჩვენ ასევე დაწვრილებით განვიხილეთ საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ მოგზაურობის საკითხი. ნება მიბოძეთ, მივულოცო საქართველოს ამ პროცესის მსვლელობაში შესანიშნავი რეფორმების ჩატარება. საქართველომ შეასრულა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ამოცანა. ახლა ევროკავშირის საბჭოსა და ევროპის პარლამენტზე არის დამოკიდებული პროცესის წარმატებულ დასასრულამდე მიყვანა“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე. თავის მხრივ, კვირიკაშვილმა მას მადლობა გადაუხადა ევროკავშირის უწყვეტი მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები უახლოეს მომავალში შეძლებენ ევროკავშირში უვიზოდ ჩასვლას. ბრიუსელში ვიზიტისას კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა აგრეთვე ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსს. ბრიუსელში ვიზიტისას კვირიკაშვილს ახლავს სამთავრობო დელეგაცია, რომლის შეამდგენლობაშიც არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე.