სანამ ნობელის პრემიის ლაურეატების ვინაობა გაირკვეოდა, გამოცხადდა “ცხოვრების მართებული წესის“ ფონდის - „ნობელის „ალტერნატიულ პრემიად“ წოდებული ჯილდოს - ლაურეატების ვინაობა.
ჯილდო, რომელსაც ყოველ წელიწადს გასცემს შვედეთში მოქმედი ორგანიზაცია - ფონდი “ცხოვრების მართებული წესი“, 1980 წელს დააფუძნა გერმანული წარმოშობის შვედმა მწერალმა, ჟურნალისტმა, ბუნების დამცველმა იაკობ ფონ იუქსკიულმა. ნამდვილი ნობელის პრემიისგან განსხვავებით, რომელიც ერთი კაცის კაპიტალის მეოხებით დაარსდა სხვადასხვა სფეროში, ამ პრემიას არა აქვს კატეგორიები, რომლებშიც ის გაიცემა და მისი საფინანსო ბაზაც შემოწირულებებია. წელს ოთხი პირი გახდა პრემიის ლაურეატი. ჟიურიმ, რომლის წევრია ჩვენი რესპონდენტი, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ოლე ფონ იუქსკიული, სექტემბრის ბოლოს გამოაცხადა ლაურეატების ვინაობა. მათი საპატიო დაჯილდოება მოხდება დეკემბერში, როცა მათ საზეიმო ცერემონიაზე შვედეთის რაიხსტაგში მიიწვევენ. პრემიას, რომლის ფონდი მილიონ-ნახევარი შვედური კრონი, ანუ დაახლოებით 162 ათასი ევროა, სამი ლაურეატი გაინაწილებს. ორი საპატიო ლაურეატია. დაწვრილებით ამ ადამიანების საქმიანობაზე შემდეგი დაწერა ოლე ფონ იუქსკიულმა, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა და პრემიაზე წარმოდგენილი ადამიანების საქმეთა შეფასების უშუალო მონაწილემ:
„წლევანდელი ლაურეატები თავიანთი საქმიანობით ებრძვიან თანამედროვეობის ყველაზე საშიშ ტენდენციებს. დღევანდელი დაჯილდოებით გვსურს გავავრცელოთ სასწრაფო გაფრთხილება, რომ ეს ტენდენციები - უბრალო მოქალაქეთა უკანონო მასობრივი თვალთვალი, ადამიანისა და სამოქალაქო უფლებების დარღვევა, რელიგიური ფუნდამენტალიზმის ძალადობრივი გამოვლენა და დედამიწის სასიცოცხლო მნიშვნელობის სისტემების დასუსტება - ყოველდღიურობად იქცა. თუ ასეთ ტენდენციებს არ შევაჩერებთ, ისინი ერთმანეთს გააძლიერებენ და ჩვენი საზოგადოების საფუძვლებს გაანადგურებენ. ლაურეატები ასევე გვიჩვენებენ, რომ არჩევანი ჩვენს ხელთ არის. ჩვენ შეგვიძლია მოვლენათა განვითარება შევცვალოთ თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპებსა და დედამიწის მიმართ პატივისცემაზე დაყრდნობით, თამამი დაუმორჩილებლობით და მტკიცე ჟურნალიზმის საშუალებით, ადამიანისა და სამოქალაქო უფლებების დაცვით, ჩვენი ბუნებრივი გარემოს განადგურების წინააღმდეგ აქტიური სოციალური მოძრაობით ავაშენოთ საერთო მომავალი“.
ჟიურის, რომელშიც შედის ოლე ფონ იუქსკიული,120 კანდიდატიდან უნდა აერჩია ლაურეატები. კანდიდატები წარმოდგენილი იყვნენ 53 ქვეყნიდან.
საპატიო პრემიის ლაურეატები გახდნენ ამერიკელი ედვარდ სნოუდენი და ალან რასბრიდჯერი. ედვარდ სნოუდენმა, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურში თანამშრომლობდა და ბოლოს უზარმაზარი მასალა გადასცა მედიას, პრემია მიიღო, რადგან, „თავისი სიმამაცით და ცოდნით გამოააშკარავა უმაგალითო მასშტაბები სახელმწიფო თვალთვალისა, რითაც ირღვევა ძირეული დემოკრატიული პროცესები და საკონსტიტუციო უფლებები“, იტყობინება ფონდი “ცხოვრების მართებული წესი“. ფონ იუქსკიული განმარტავს, რატომ მიიღებს ედუარდ სნოუდენი ნობელის ალტერნატიულ პრემიას, კაცი, რომელმაც დაარღვია ხელშეკრულება, გასცა სახელმწიფო საიდუმლო და ახლა იძებნება აშშ-ის მართლმსაჯულების მიერ:
„რაც მან გააკეთა, ეს არის საერთო ინტერესისთვის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კლასიკური ნიმუში. კიდეც რომ დაადგინოს სასამართლომ, რომ მან დაარღვია საიდუმლოს შენახვის გარკვეული პირობა, ეს მან გააკეთა უფრო მაღალი სამართლებრივი ინტერესების, განსაკუთრებით აშშ-ის კონსტიტუციის მეოთხე დამატების დასაცავად. ეს დამატება სწორედ ადამიანების მასობრივ თვალთვალს კრძალავს. როცა სნოუდენმა სახელმწიფო უშიშროების სამსახურში მუშაობისას დაადგინა, რომ თვით მთავრობა არღვევდა მეოთხე დამატებას, მან თავის მოვალეობად მიიჩნია ამ ინფორმაციის გამოქვეყნებით დაეცვა საკუთარი ქვეყნის კონსტიტუცია, რადგან ამბობს, რომ ფიცი კონსტიტუციის წინაშე დადო და არა გარკვეული დამსაქმებლის წინაშე“.
სნოუდენის მიერ საიდუმლო მასალების გამოქვეყნებასა და მედიისთვის გადაცემას უკავშირდება “ცხოვრების მართებული წესის“ ფონდის მეორე საპატიო ლაურეატის საქმიანობა. ესაა ბრიტანელი ალან რასბრიჯერი, გაზეთ „გარდიანის“ გამომცემელი და მთავარი რედაქტორი. მას ნობელის ალტერნატიული საპატიო პრემია მიენიჭა „იმგვარი გლობალური მედიაორგანიზაციის შექმნისათვის, რომელმაც პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ჟურნალიზმი საზოგადოებრივი ინტერესის სფეროში გადაიყვანა და დიდი წინააღმდეგობის პირობებში გამოააშკარავა კომპანიებისა და სახელმწიფოების უკანონო ქმედება. რამ მოხიბლა “ცხოვრების მართებული წესის“ ფონდის ჟიური რასბრიჯერის საქმიანობაში?
„არამხოლოდ სნოუდენთან თანამშრომლობამ. სიმპტომატურია, რომ სნოუდენმა სწორედ „გარდიანთან“ თანამშრომლობა გადაწყვიტა. მაგრამ იმას, რაც რასბრიჯერმა „გარდიანის“ სახით ბოლო ოცი წლის განმავლობაში შექმნა, სხვა დამსახურებებიც აქვს. მაგალითად: როგორ გამოააშკარავეს მათ მერდოკ-პრესის მიერ თვალთვალის სკანდალი. მეორე მაგალითია ალბათ მსოფლიოში ყველაზე მრავლის მომცველი და საუკეთესო მასალები გარემოს დაცვის სფეროში, ასევე უფლებადაცვის სფეროში გამოქვეყნებული ინფორმაცია. აღსანიშნავია გაზეთის ფართო საკორესპონდენტო ქსელი სამხრეთ ნახევარსფეროში. მათ მიერ გამოქვეყნებული მასალა აფრიკაზე. როგორც ჟიურის აფრიკელმა წევრმა გვითხრა, ფასეული ინფორმაცია ვრცელდება გაზეთის მიერ აფრიკელებზე, აფრიკაზე. ეს ნიშნავს, რომ ალან რასბრიჯერს საპატიო პრემია მიენიჭა ჟურნალისტური საერთო საქმიანობისთვის“.
ფონ იუქსკიულმა განგვიმარტა, რომ საპატიო პრემიას ანიჭებენ, პირველ რიგში, მათ, ვისაც არ სჭირდება საფინანსო მხარდაჭერა. ასეთია ალან რასბრიჯერის გაზეთი. „გარდიანს“ მრავალმილიონიანი მიმოქცევა აქვს. რაც შეეხება ედვარდ სნოუდენს, რომელსაც ასევე საპატიო პრემია მიენიჭა, ოლე იუქსკიულის თქმით, მას, “ცხოვრების მართებული წესის“ ფონდი დაცვის სფეროში დააფინანსებს. როგორც “ცხოვრების მართებული წესის“ ფონდის დირექტორმა გვითხრა, სნოუდენი შეიძლება ჩავიდეს შვედეთში პრემიის მისაღებად, რაც მისი რუსეთში დროებითი თავშესაფრის მიღების შემდეგ პირველი მოგზაურობა იქნებოდა, თუ ეს მოხერხდა.
რაც შეეხება 2014 წლის სხვა ლაურეატებს, მათ, ვინც “ცხოვრების მართებული წესის“ ფონდის ერთ-ნახევარ მილიონ შვედურ კრონს გაინაწილებს, ჟიურიმ პრემია მიანიჭა ასმა ჯაჰანგირს, პაკისტანელ ქალს, რომელიც პაკისტანსა და მის გარეთ იცავს ადამიანის უფლებებს - ხშირად რთულ ვითარებაში და დიდი პირადი რისკის ფასად. ასმა ჯაჰანგირი პაკისტანში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებდამცავი ქალია, ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო პატივცემული პაკისტანელია:
„ის ადვოკატია, რომელიც ქალებსა და გოგონებს, ასევე კაცებს იცავს, როცა ისინი რელიგიური ფუნდამენტალიზმის მსხვერპლნი ხდებიან, ან როცა საქმე განქორწინებას და სხვა ისეთ შემთხვევებს ეხება, რომლებშიც პაკისტანის სამართლებრივ პრაქტიკაში ქალებს კაცებზე ნაკლები უფლებები აქვთ“.
ასმა ჯაჰანგირი ისტორიაში შევიდა 2010 წელს, როცა ის პაკისტანის ადვოკატთა ასოციაციის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა. თავის დროზე, როცა პრეზიდენტმა მუშარაფმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ის სამი თვით იყო შინაპატიმრობაში. ასმა ჯაჰანგირი ამბობს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ღირსეულად. ვერც ერთი საზოგადოება წინ ვერ წავა, თუ მისი თითოეული წევრი არაა თავისუფალი შიშისგან და არ სარგებლობს, სულ მცირე, უმთავრესი პოლიტიკური უფლებებით, თვლის პაკისტანელი ადვოკატი, რომლის კოლეგაცაა, ასევე აზიური სამყაროდან, ბასილ ფერნანდო, ჰონკონგელი, ჩინელი უფლებადამცავი. ის “ცხოვრების მართებული წესის“ ფონდის ასევე წლევანდელი ლაურეატია. მან ჰონკონგში ჩამოაყალიბა ადამიანის უფლებათა აზიის კომისია. ოლე ფონ იუქსკიული გვიამბობს, რას წარმოადგენს ეს ორგანიზაცია:
„ეს არის ალბათ უმნიშვნელოვანესი უფლებადამცველი ორგანიზაცია აზიაში. ის „ჰიუმენ რაიტს უოჩის“ მსგავს როლს თამაშობს იქ და არაერთ ქვეყნაში წარმატებით მოქმედებს. კომისიის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვისთვის ყურადღების მიდევნება, ის ფართო მუშაობას ეწევა უფლებების დარღვევის აღნუსხვისა და გამოაშკარავების საქმეში. ისინი ეწევიან პრაგმატულ საგანმანათლებლო საქმიანობასაც, რაც, სხვათა შორის, თვით ჩინეთში მოსამართლეთა და ადვოკატების წვრთნაში გამოიხატება. და ეს ხდება თვით ისეთ ქვეყნებში, სადაც სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა ჯერ კიდევ დაბალ დონეზეა და სადაც ამგვარი ტრენინგებით სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები ინერგება“.
ბასილ ფერნანდო წერს: ადამიანებს ცვლილებები სურთ. ისინი მოითხოვენ, რომ მთავრობებმა ადამიანის უფლებები დაიცვან არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საჯარო ინსტიტუტების ნამდვილი გაუმჯობესებით. მათ სურთ, რომ სამართლიანობა იყოს რაღაც რეალური, ხელმოსაჭიდი - ისეთი რამ, რისი მიღწევაც შესაძლებელია. ამ სურვილის მიმართ ბრძნული მიდგომა მთავრობების მხრიდან იქნებოდა ხელის შეწყობა ცვლილებებისათვის. ესაა ერთადერთი გზა ძალადობის დასასრულებლად და მსოფლიოს ყველა კუთხეში მშვიდობის დასამყარებლად. განვითარებული ქვეყნების უფრო მეტმა ნაწილმა იმით უნდა აჩვენოს ეს სიბრძნე, რომ რეპრესიების ნაცვლად ამ ცვლილებებს შეუწყონ ხელი.
ნობელის ალტერნატიული პრემიის მეხუთე ლაურეატი წელს ბუნების ამერიკელი დამცველი ბილ მაკკიბენია. ფონდმა მას პრემია მიანიჭა მზარდი სამოქალაქო-საზოგადოებრივი მოძრაობის წარმატებული მობილიზებისთვის, რაც მიმართულია აშშ-სა და მსოფლიოში კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მომცველი ზომების გატარებისაკენ. მაკკიბენმა დააარსა ორგანიზაცია „350. ორგ.“ ეს რიცხვი ორგანიზაციის დაარსების წელს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციასა და დასაშვებ დოზაზე მიანიშნებდა. დღესდღეობით ამ რიცხვმა 400-სს მიაღწია. მაკკიბენმა ორგანიზება გაუკეთა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციას აშშ-ის კონგრესის საკუთრებაში არსებული თბოელექტროსადგურის ბლოკირებისათვის. ამ ტიპის ელექტროსადგურები კრიტიკის სამიზნეა, რადგან კლიმატის ცვლილებაში მათზე მოდის ჰაერში ნახშირორჟანგის ზრდის დიდი წილი. ოლე ფონ იუქსკიული, „ცხოვრების მართებული წესის“ ფონდის ხელმძღვანელი, ამერიკელი ეკოლოგის მიერ შექმნილ სამოქალაქო მოძრაობას ასე ახასიათებს:
„ესაა მოძრაობა, რომელიც შედგება ახალგაზრდებისგან. ისინი ერთობ გონივრულად მუშაობენ, სოციალურ მედიას იყენებენ. როცა აქციის მოწყობა სურთ, ვაშინგტონში ან სხვა ცენტრალურ ადგილზე კი არ იწვევენ ათიათასობით თუ ასიათასობით ადამიანს, არამედ ინიშნება ერთი დღე და მთელი მსოფლიოა მასში ჩართული. ჩრდილოეთ კორეის გარდა, ყველგან ხდება ხალხის მობილიზება. ეს ხელისუფლებას აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი აზრი მომხრეა ბევრად უფრო ფართო ზომების გატარებისა კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ, ვიდრე საერთაშორისო კონფერენციებზე გადაწყვეტენ ხოლმე“.
დაბოლოს, „ცხოვრების მართებული წესის“ დამაარსებლის, მწერლის, ჟურნალისტის, ბუნების დამცველის იაკობ ფონ იუქსკიულის ერთი შეფასება:
„ცხოვრების მართებული წესის“ პრემიას სურს ჩრდილოეთს დაეხმაროს იმ სიბრძნის პოვნაში, რომელიც მის მეცნიერებას მოერგება, და სამხრეთს კი - მეცნიერების მოძებნაში, რომელიც მის ძველ სიბრძნეს განავრცობს“.