სტიქია ლაგოდეხში

ადიდებული კაბალი

წუხანდელი ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე კაბალი ადიდდა, ჯებირები გაარღვია და სოფელ გიორგეთში რამდენიმე ათეული ჰექტარი სასოფლო-სამურნეო და საძოვარი მიწის ნაკვეთი დატბორა. განადგურებულია საზამთროს ბაღები და სიმინდის ნათესები. დაზარალებულთა შორის არის გიორგეთში მცხოვრები ციცინო ირემაშვილი. მისი განცხადებით, იმის გამო, რომ სავარგულებამდე მისასვლელი გზა მოვარდნილმა წყალმა წაიღო, მისთვის ჯერ უცნობია ზარალის ოდენობა.

ძლიერი წვიმა ლაგოდეხში ღამის 3 საათზე დაიწყო. მდინარეში წყლის დონის მატებას ხელი მთიდან მოვარდნილმა წყალმა შეუწყო. სოფელ გიორგეთის გარდა, დატბორილია აფენის თემში შემავალი ათეულობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მდინარის კალაპოტი გაწმენდილი რომ ყოფილიყო, მოსახლეობა არ დაზარალდებოდა.

ადიდებული კაბალი


წუხანდელი წლიერი წვიმის შედეგად ადიდებულ მდინარე კაბალში წყლის მიმართულების შეცვლას ცდილობს მძიმე ტექნიკა, თუმცა იმის გამო, რომ მდინარე ადიდებულია, სამუშაოების ჩატარება რთულდება.

მდინარე კაბალი და დატბორილი ტერიტორიების ნაწილი ადგილზე მოინახულა გამგებლის მოადგილემ ლაგოდეხში გიორგი ბიჭიაშვილმა. მისი განცხადებით, ჯერ არც ზარალის შესახებ აქვთ მონაცემები და არც სპეციალური კომისია შექმნილა. გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ მდინარეზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებისთვის თანხების გამოყოფის მოთხოვნით ისინი რეგიონალური განვითარების სამინისტროს მიმართავენ.

რა სახის ზარალი მიადგა გიორგეთის მოსახლეობას და, კონკრეტულად, მოსავლის რა რაოდენობაა განადგურებული, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც მდინარე კაბალში წყლის დონე დაიკლებს და ფერმერები საკუთარ ნაკვეთებამდე მისვლას შეძლებენ. მანამდე კი გიორგეთელები ხელისუფლებას სხთოვენ როგორმე სახნავ-სათეს მიწებამდე მისასვლელი გზა აღადგინონ, რომელიც წყალმა წაიღო.