8 მარტს მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა „ციანიდის საქმეში“ მტკიცებულებების სახით არსებული ვიდეო და აუდიომასალების ნაწილი, რომლითაც დასტურდება დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის, მცდელობა მოეპოვებინა მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი გერმანიაში გამგზავრებამდე. გამოქვეყნებული ჩანაწერებიდანაც ირკვევა და მთავარ პროკურატურაშიც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ მასალების მოპოვების დროს გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, თუმცა დაკავებულისთვის წაყენებული ბრალი არა პატრიარქს, არამედ მის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს, უკავშირდება. ბრალდებულის ადვოკატების განცხადებით, გამოქვეყნებული მასალები დამონტაჟებულია და მასში ასახული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. საქმის მიმართ შეკითხვები უჩნდებათ იურისტებს, რომლებიც მოვლენათა განვითარებას ყურადღებით ადევნებენ თვალყურს.
Your browser doesn’t support HTML5
ოთხშაბათს მთავარმა პროკურატურამ პირველად დაადასტურა, რომ დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის, მკვლელობის მომზადება ედება ბრალად და რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ვარაუდზე მხოლოდ და მხოლოდ მთავარი მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე ლაპარაკობდა. თუმცა 8 მარტს გამართულ ბრიფინგზე საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ისიც აღნიშნა, რომ თეთრუაშვილის გარდა, შესაძლოა ციანიდი სხვა პირებისთვისაც ყოფილიყო გამიზნული:
„მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალდება წარედგინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენისა და შენახვის ფაქტზე. ვინაიდან, საქმეზე მოპოვებული ცალკეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, არსებობდა ეჭვი, რომ გიორგი მამალაძე შესაძლოა ამზადებდა სხვა პირების მკვლელობასაც, ასევე, რომ იგი, სავარაუდოდ, მოქმედებდა თანამზრახველებთან ერთად, გაძლიერებულ იქნა გერმანიაში ყოფნის დროს პატრიარქის უსაფრთხოება“.
მესმის, რომ ფსიქოლოგია იცის პროკურატურამ, მაგრამ არანაკლებად ვიცით ჩვენ, ადამიანებმა... ამიტომ, მოდი, ჯერ ერთი (ჩანაწერის ჩვენება) დაიწყე, ჩაიყვანე ბოლომდე და მერე, როცა ყველაფერს ნახავს, შეფასებას გააკეთებს ხალხი...მიხეილ რამიშვილი
დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა 2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და, გამოძიების მასალების თანახმად, მისი ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება - „ნატრიუმის ციანიდი“. რაც შეეხება ჩხრეკისას ამოღებულ იარაღს, პროკურატურის ინფორმაციით, ამოღებულია „კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა“.
8 მარტს გამოქვეყნებული აუდიო და ვიდეომასალების საფუძველზე ირკვევა, რომ დეკანოზი თავდაპირველად კალიუმის ციანიდის მოპოვებას ცდილობდა, ხოლო შემდეგ, შედარებით დაბალი ფასის გამო, არჩევანი ნატრიუმის ციანიდზე შეჩერდა. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი მამალაძე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა მოეპოვებინა ცნობები ციანიდის ზემოქმედების შესახებ:
"კუთვნილ “SAMSUNG”-ის ფირმის მობილურ ტელეფონზე ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით, დადგინდა, რომ გიორგი მამალაძე, მკვლელობის მიზნით, კალიუმის ციანიდის შესახებ ინფორმაციის მოძიებას ცდილობდა ინტერნეტსაძიებო სისტემა GooGle-ის მეშვეობით. იგი ასევე ინტერესდებოდა აღნიშნული ნივთიერების ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმზე და მოწამვლის სიმპტომებით. აღნიშნული ინფორმაციის მოძიებას ბრალდებული ახდენდა მისსავე სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის მეშვეობით 2016 წლის 27 დეკემბრიდან მოყოლებული სისტემატიურად. ყველა შემთხვევაში ბრალდებული ინტერესდებოდა აღნიშნული ნივთიერების ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმზე და მოწამვლის სიმპტომებით“.
მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის მიერ ფარულად ჩაწერილ აუდიო და ვიდეომასალებში ჩანს, რომ დეკანოზი კარგად ერკვეოდა, მაგალითად, იმაში, რომ ციანიდის ზემოქმედების ძალა სუსტდება ტკბილ საკვებთან ერთად მიღებისას - შესაბამისად, ერთგან ის ამბობს, რომ ციანიდის სამიზნე პირი საერთოდ არ ჭამს ტკბილს და მაქსიმალურად ერიდება ტკბილ საკვებს. ამასთან, დეკანოზი მაინცდამაინც დიდი სიფრთხილეს არ იჩენს მოწამვლის კვალის შესაძლო აღმოჩენასთან მიმართებით და ერთგან იმასაც მიანიშნებს, რომ ეეჭვება ვინმე დაინტერესდეს ჭიქაში დარჩენილი კვალით და შემდეგ ეს ექსპერტიზით დადგინდეს.
როდესაც დეკანოზი სამომავლო გეგმებზე ლაპარაკობს, ხშირად იყენებს მრავლობით რიცხვს, რაც აჩენს ეჭვს, რომ მას თანამოაზრეებიც ჰყავს. ამასთან, გიორგი მამალაძე ლაპარაკობს იმის შესახებაც, რომ ციანიდის საყიდლად საჭირო ფული მას უნდა გამოუგზავნონ, თუმცა არ კონკრეტდება, საიდან უნდა გამოუგზავნონ და ვისგან ელოდება ამას. გამოქვეყნებული ჩანაწერების მიხედვით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ირაკლი მამალაძეს დახმარების სანაცვლოდ „კარგ ადგილს“ სთავაზობს, სავარაუდოდ, საპატრიარქოში და ასევე ლაპარაკობს საკუთარი წინსვლის შესაძლებლობებზე ადამიანების გარკვეული ჯგუფის დახმარებით.
8 მარტს გამოქვეყნებულ ვიდეო და აუდიოჩანაწერებს ეჭვის თვალით უყურებენ ადვოკატები, რომლებსაც მთავარმა პროკურატურამ ჯერ ისევ არ დართო ნება ისაუბრონ საქმის დეტალებზე. მათ გაუთქმელობის ხელწერილი ზღუდავს. მთავარი პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ ადვოკატები ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ გამოქვეყნებული მასალები დამონტაჟებულია და კონტექსტიდან ამოვარდნილ სურათს ხატავს. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პროკურატურა ცდილობს, რომ გიორგი მამალაძე დამნაშავედ გამოიყვანოს:
„მესმის, რომ ფსიქოლოგია იცის პროკურატურამ, მაგრამ არანაკლებად ვიცით ჩვენ, ადამიანებმა... ამიტომ, მოდი, ჯერ ერთი (ჩანაწერის ჩვენება) დაიწყე, ჩაიყვანე ბოლომდე და მერე, როცა ყველაფერს ნახავს, შეფასებას გააკეთებს ხალხი... მოგეხსენებათ, ეს იმიტომ გაკეთდა, რომ საზოგადოებაში რადგანაც შექმნილი იყო აზრი, რომ მამა გიორგი არის უდანაშაულო, ეს არის მცდელობა იმისი, რომ დაანახვონ ხალხს, რომ, თურმე, მამა გიორგი სრულად არ ყოფილა უდანაშაულო“.
ვისგან შეიძინა ნატრიუმის ციანიდი დეკანოზმა გიორგი მამალაძემ? - ამ შეკითხვაზე გამოძიებას პასუხი არა აქვს. როგორც პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა აღნიშნა, გრძელდება საგამოძიებო სამუშაოები კონკრეტული პირის დადგენის მიზნით. „2017 წლის 6 თებერვლის შეხვედრის შემდგომ, ბრალდებული ელოდებოდა თანხის გამოგზავნას შეთანხმებისამებრ ირაკლი მამალაძისთვის გადასაცემად, თუმცა მათ შორის შეხვედრა აღარ შედგა და ბრალდებულმა ნატრიუმის ციანიდი ამ ეტაპზე დაუდგენელი სხვა პირისგან შეიძინა და ისე, რომ აღარ დაკავშირებია ირაკლი მამალაძეს, 10 თებერვალს მიემგზავრებოდა გერმანიაში“, - აღნიშნავს მთავარი პროკურატურა. თუმცა ეს პასუხი უკიდურესად არასერიოზულად გამოიყურება იურისტებისთვის და მათ შორის არის ლევან ალაფიშვილი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ საკითხზე პროკურატურის პოზიცია სერიოზულ ეჭვებს აღძრავს:
„თუკი თებერვალში უსმენდნენ ლეგალურად, მაშინ რატომ ვერ დაადგინეს ვისგან შეიძინა (ციანიდი) და ვისგან მიიღო ფული? მით უმეტეს, მაშინ თავისუფლებაზე იყო მამა გიორგი მამალაძე და იმ ადამიანებთან თავად ექნებოდა კავშირი... ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ სპეცსამსახურებს გაეპარათ რაღაცა? და თუ ეს ასეა, მთლად უარესად ყოფილა საქმე“.
ლევან ალაფიშვილისთვის გაუგებარია, თუ რატომ შექმნა მთავარმა პროკურატურამ გაურკვეველი სიტუაცია თავიდან იმ ფაქტის გაუხმაურებლობით, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის მდივან- რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის, მკვლელობის ორგანიზება ედებოდა ბრალად. იურისტი თვლის, რომ სწორედ მთავარი პროკურატურის ბუნდოვანმა და მრავალაზროვანმა განმარტებებმა გამოიწვიეს ეჭვი იმის თაობაზე, რომ იგეგმებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მკვლელობა და ეს ეჭვი შემდგომ მწვავე პოლიტიკური დისკუსიის საფუძვლადაც იქცა.
მთავარმა პროკურატურამ 8 მარტს განაცხადა, რომ „ბრალდებულმა აქამდე დასმულ ვერც ერთ მნიშვნელოვან კითხვას დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა. იყო კრიტიკული შეკითხვები, რომელზედაც საერთოდ უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე“. თუმცა, როგორც ადვოკატები აცხადებდნენ, გარკვეული დროის მანძილზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლეოდა მისი დაკითხვის საშუალებას, ხოლო შემდეგ დაკავებულმა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე მანამდე, ვიდრე არ იქნებოდა დაცული მისი ოჯახის უსაფრთხოება. 8 მარტს ცნობილი გახდა, რომ გიორგი მამალაძის ოჯახს სახელმწიფომ დაცვა დაუნიშნა.