Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებული სასულიერო პირი და უდანაშაულობის პრეზუმფცია


საქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო

მიუხედავად იმისა, რომ კვლავაც დუმილის უფლებას ინარჩუნებდა, მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით დაკავებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ თავისი პოზიცია 14 თებერვალს სახალხო დამცველს გაანდო. უჩა ნანუაშვილი, რომელმაც დაკავებული საპატიმროში მოინახულა, აცხადებს, რომ გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს და თვლის, რომ ყველაფერი ეს მის წინააღმდეგ წინასწარ დაიგეგმა. დეკანოზი გიორგი მამალაძე სამართალდამცველებმა 10 თებერვალს, ბერლინში გამგზავრების წინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მას აღმოაჩნდა „ნატრიუმის ციანიდი“, რომელიც მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოსაწამლად იყო გამიზნული. სასულიერო პირებსა და პოლიტიკოსებს შორის გამწვავებული დაპირისპირების ფონზე, უფლებადამცველები და იურისტები ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას აპროტესტებენ.

გადმოწერა

დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაკავებისას არ განუმარტეს მიზეზი და შეუზღუდეს სატელეფონო კონტაქტის დამყარება - ასეთი ინფორმაცია გამოიტანა საპატიმროდან სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, რომელმაც დაკავებული 14 თებერვალს დღის პირველ ნახევარში მოინახულა. ომბუდსმენმა ასევე აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძე ითხოვს ოჯახის უსაფრთხოების დაცვას და ასევე საჭიროა ზრუნვა თავად მის უსაფრთხოებაზე. დაკავებული თავს აბსოლუტურად უდანაშაულოდ მიიჩნევს:

„დეკანოზი ბრალს არ აღიარებს; ამბობს, რომ ეს არის აბსურდული ბრალდება; აგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ სიმართლე გაირკვეს და ასევე ითხოვს, რომ არ მიეცეს ამ საკითხს რაღაცნაირად პოლიტიზების შესაძლებლობა... რატომ ხდება ის, რომ რაღაცნაირად მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის გამოძიება - მას აქვს ამაზე კითხვის ნიშნები. თუმცა რეალურად ის საუბრობს იმაზე, რომ ამ ყველაფერს უფრო მომზადების ნიშნები ეტყობა - რომ ეს, რაც მოხდა, იყო დიდი ხნის დაგეგმილი და შეიძლება ითქვას, რომ ის არის გარკვეულწილად მსხვერპლი“.

მართალია, დეკანოზი მამალაძე ამ ეტაპზე დუმილის უფლებას ინარჩუნებს, მაგრამ სურვილის შემთხვევაშიც კი, გაუთქმელობის ხელწერილის გამო, არც მას და არც მის ადვოკატს საშუალება არა აქვთ გამოხატონ თავიანთი პოზიცია, ეს კი უსამართლობის გამოვლინებად მიაჩნიათ უფლებადამცველებს. უფლებადამცველებისა და იურისტებისთვის მიუღებელია უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, ანუ ადამიანის დამნაშავედ ცნობა ბრალის დამტკიცებამდე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა თუ სხვა საერთაშორისო აქტებს. სამშაბათს ამ აქცენტის საგანგებო განცხადებები გამოაქვეყნეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ადამიანის უფლებათა ცენტრმა, რომელთა წარმომადგენლებმაც 14 თებერვალს ასევე მოინახულეს დაკავებული გიორგი მამალაძე. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მონიტორინგმა ძალიან ცუდი შედეგი აჩვენა:

ალეკო ცქიტიშვილი
ალეკო ცქიტიშვილი

„შეინიშნებოდა კომენტარების მოზღვავება მაღალი ჩინოსანი თანამდებობის პირების მხრიდან და ყველა კომენტარში ცალსახად აქცენტი კეთდებოდა, რომ აღკვეთილია და მზადდებოდა თითქოს უმძიმესი დანაშაული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ - პირდაპირ ამასაც ამბობდნენ და უკვე შეიქმნა სურათი, რომ ეს დანაშაული აღიკვეთა. პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ საქმეზე დაკავებული იყო გიორგი მამალაძე, ანუ ცხადი გახდა, რომ ყველა ეს კომენტარი ეხებოდა გიორგი მამალაძის დაკავებას. ყველა ეს განცხადება არღვევს დაკავებულის უდანაშაულობის პრეზუმფციას“.

მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები მადლობას უხდიან მთავარ პროკურატურას ოპერატიულად აღკვეთილი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დანაშაულისთვის და ეჭვებზე დარწმუნებით ლაპარაკობენ, ოპოზიცია შეკითხვებს სვამს და მთავარი პროკურატურის მონათხრობს ყოვლად დაუჯერებლად მიიჩნევს. ამავე დროს, ოპოზიციის მხრიდან ისმება შეკითხვა - რატომ გახმაურდა ეს ამბავი სამი დღის დაგვიანებით.

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტი მთავარმა პროკურატურამ 13 თებერვალს გაახმაურა. როგორც ორშაბათს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, ბრალდებული სამართალდამცველებმა 2017 წლის 10 თებერვალს გერმანიაში გამგზავრებამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მისი ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული მომწამვლელი ნივთიერება - „ნატრიუმის ციანიდი“. ირაკლი შოთაძის განმარტებით, გამოძიებას აქვს რამდენიმე ვერსია და, ამავე დროს, არსებობს უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ მზადდებოდა მკვლელობა და იდენტიფიცირებულია სავარაუდო მსხვერპლიც. პროკურატურა არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ დანაშაულის სამიზნე, შესაძლოა, თავად კათოლიკოს-პატრიარქი იყო, თუმცა საგანგებო პრესკონფერენციაზე არაერთხელ გაესვა ხაზი იმ გარემოებას, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე სწორედ იქ აპირებდა ჩასვლას, სადაც ილია მეორე მკურნალობდა. პროკურატურის ცნობით, აწ უკვე დაკავებულ დეკანოზს სამართალდამცველები 2 თებერვლიდან ადევნებდნენ თვალყურს, ანუ მას შემდეგ, რაც პროკურატურას ინფორმაცია მიაწოდა იმ მოქალაქემ, რომელსაც გიორგი მამალაძე ციანიდის მოპოვებაში სთხოვდა დახმარებას. „როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, (გიორგი მამალაძეს) უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა“, - იტყობინება მთავარი პროკურატურა.

მომხდარის ფონზე დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა სასულიერო პირთა შორისაც. ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი ბართლომე ფირცხალაიშვილი, რომელიც ორშაბათს პატრიარქის მკვლელობის დამკვეთების გამოვლენას ითხოვდა, პროცესებს სამშაბათს ისევ სოციალური ქსელით გამოეხმაურა და დაწერა, რომ ვერავის უშველის პატრიარქთან გადაღებული ფოტოები და თითის სხვისკენ გაშვერა. ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე (ცაავა) კი, საპატრიარქოში დამკვიდრებულ განუკითხაობასა და გადაფარვის მცდელობაზე ლაპარაკობს:

„არ არსებობს ორი აზრი, რომ ეს არის გაგრძელება და ეს არის ის პრობლემა, რომელიც ქაოსური მმართველობის სახით და ჩრდილოვანი მმართველობის სახით არსებობს, სამწუხაროდ, საქართველოს საპატრიარქოში. და ნებისმიერი საკითხის წამოწევა ხდება პირველხარისხოვანი პრობლემის გადაფარვისათვის“.

მაგის გარკვევა ნებისმიერ დროს შეიძლება. უბრალოდ, სირცხვილია თემის გადაფარვა იმითი, რომ თურმე მეუფეს რაღაც მილიონებთან ჰქონია კავშირი. ეს არასერიოზულად მიმაჩნია. რომელი თემა უფრო დიდია: უწმინდესის უსაფრთხოება თუ ვიღაცა მეუფე, თუნდაც - ქურდი მეუფე. აი, მითხარით, რომელი უფრო სერიოზული თემაა?!
მეუფე იაკობი

ბერლინში ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმაც (იაკობიშვილმა), სავარაუდოდ, პატრიარქისთვის მიწერილი იმ წერილის ერთ-ერთმა გმირმა, რომელშიც, სავარაუდოდ, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს ქონების გაფლანგვა-მიტაცებაზე ლაპარაკობს და იმასაც აღნიშნავს, რომ მეუფე იაკობი მას საპატრიარქოს კლინიკაში აღმოჩენილი მასშტაბური დარღვევების დამალვისკენ მოუწოდებდა. ეს წერილი, რომლის ნამდვილობა ჯერ დადასტურებული არ არის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. როგორც გიორგი მამალაძის ადვოკატმა უთხრა ჟურნალისტებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მსგავსი შინაარსის წერილი არაერთხელ დაუწერია, თუმცა მეუფე იაკობი ამ ამბავს ზღაპარს უწოდებს:

„მაგის გარკვევა ნებისმიერ დროს შეიძლება. უბრალოდ, სირცხვილია თემის გადაფარვა იმითი, რომ თურმე მეუფეს რაღაც მილიონებთან ჰქონია კავშირი. ეს არასერიოზულად მიმაჩნია. რომელი თემა უფრო დიდია: უწმინდესის უსაფრთხოება თუ ვიღაცა მეუფე, თუნდაც - ქურდი მეუფე. აი, მითხარით, რომელი უფრო სერიოზული თემაა?!“

როდესაც საპატრიარქოს წიაღში ბოლო ხანებში არაერთხელ გამოვლენილ მწვავე დაპირისპირებაზე ლაპარაკობენ, თეოლოგების ნაწილი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ეს არის ბრძოლა პატრიარქის ტახტისთვის, რომელშიც მთავარ სამიზნეს წარმოადგენს ილია მეორის ძმისშვილი, ბათუმის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, რომელსაც ამ მხრივ ყველაზე დიდი შანსი აქვს. სწორედ მის ერთგულ მომხრედ სახელდება დეკანოზი გიორგი მამალაძე. გავიხსენოთ, რომ მეუფე იაკობი ბოლო დროს ღიად დაუპირისპირდა საპატრიარქოს უსაფრთხოებისა და ქონების დაცვის სამსახურის უფროსს, იოსებ ოხანაშვილს, მიტროპოლიტ დიმიტრის ქალიშვილის მეუღლეს.

14 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დეკანოზის დაკავების ფაქტს „სრულიად მოულოდნელს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ, „ინფორმაციის არქონის გამო“, ამ ეტაპზე კომენტარი არ გაკეთდება და საჭიროა „დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“.

გამოქვეყნებულ განცხადებაში საპატრიარქო მადლობას უხდის გერმანიის კლინიკას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წარმატებული მკურნალობისთვის. აქვე გამოთქმულია ვარაუდი, რომ პატრიარქი საავადმყოფოს ერთ კვირაში დატოვებს. ილია მეორეს 13 თებერვალს ბერლინის კლინიკაში ჩაუტარდა ნაღვლის ბუშტის ქირურგიული ოპერაცია ლაპარასკოპიული მეთოდით.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG