აშშ-ის სენატში 12 იანვარს გამართულ საკომიტეტო მოსმენებზე არჩეული პრეზიდენტის მიერ ქვეყნის უსაფრთხოების ორი უმნიშვნელოვანესი უწყების ხელმძღვანელებად წარდგენილმა კანდიდატებმა დაადასტურეს, რომ აშშ-ის ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი, რომელიც ჩაერია საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობაში.
Your browser doesn’t support HTML5
ამასთან, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის სხდომაზე დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატების პასუხებმა აშკარა გახადა, რომ ჯეიმს მატისისა და მაიკ პომპეოს დამოკიდებულება წინააღდეგობაშია არჩეული რესპუბლიკელი პრეზიდენტის მიერ 8 ნოემბრის არჩევნების წინ და მის შემდგომ რუსეთის მისამართით გაკეთებულ შეფასებებთან.
აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, თუ ვლადიმირ პუტინს ის მოსწონს, ეს ნაკლი კი არა, მონაპოვარია. 11 იანვარს ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან მისი პირველი შეხვედრა იყო, ტრამპმა, ამასთანავე, განაცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისწინა პერიოდში განხორციელებული ჰაკერული თავდასხმები, მისი აზრით, რუსეთის მოწყობილია, თუმცა ტრამპმა იქვე დასძინა, ამგვარ თავდასხმებს სხვა ქვეყნებიც ახორციელებენო.
12 იანვარს ცალ-ცალკე გამართულ საკომიტეტო მოსმენებზე, რაც ღია ეთერში გადაიცემოდა, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შესაძლო დირექტორმა მაიკ პომპეომ და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯეიმს მატისმა რუსეთი დაახასიათეს, როგორც ქვეყანა, რომელიც ცდილობს შეარყიოს აშშ-ის საერთაშორისო იმიჯი და ძირი გამოუთხაროს დასავლურ ალიანსს. კომიტეტის თავმჯდომარის, ჯონ მაკკეინის შეკითხვას, რას ფიქრობს რუსეთის მოქმედებებზე, მატისმა უპასუხა, შეერთებულმა შტატებმა უნდა გააცნობიეროს, რომ პუტინი ცდილობს ალიანსი დაშალასო.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, გავაცნობიეროთ, ვისთან გვაქვს საქმე ბატონი პუტინის სახით; გავაცნობიეროთ, რომ ის ცდილობს განხეთქილება შეიტანოს ჩრდილოატლანტიკურ კავშირში; ერთობლივად გადავდგათ დიპლომატიური, ეკონომიკური, სამხედრო ნაბიჯები, ნაბიჯები ალიანსის ფარგლებში ჩვენს მოკავშირეებთან თანამშრომლობით, რათა დავიცვათ თავი, სადაც ეს აუცილებელია“, - განაცხადა ჯეიმ მატისმა და დასძინა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან თანამშრომლობას ვემხრობი, სულ უფრო მცირდება იმ სფეროების რიცხვი, სადაც მოსკოვთან „ნაყოფიერი თანამშრომლობა“ შეიძლებაო.
სენატში გამართულ ხსენებულ საკომიტეტო მოსმენებზე რუსეთის მიერ ორგანიზებული ჰაკერული თავდასხმების შესახებ ბევრი შეკითხვა დაუსვეს მაიკ პომპეოს. ის, როგორც თავადაც აღნიშნა, ესწრებოდა ტრამპის შეხვედრას აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელობასთან, რომელმაც მომავალ პრეზიდენტს რუსეთის თაობაზე მომზადებული ანგარიში გააცნო.
„მე ვესწრებოდი იმ შეხვედრას, რომელზეც არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ინფორმირება მოხდა. ყველაფერი, რაც მე ვნახე, მაფიქრებინებს, რომ სადაზვერვო ანგარიში (აშშ-ის დაზვერვის ანგარიში, სახელწოდებით „აშშ-ის ამასწინანდელ არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებისა და განზრახვის შეფასება“) მნიშვნელოვან ანალიტიკურ პროდუქტს წარმოადგენს“, - განაცხადა 12 იანვარს გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე მაიკ პომპეომ.
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სავარაუდო დირექტორი კიდევ უფრო კატეგორიული იყო საერთაშორისო სარბიელზე რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე საუბრის დროს.
„რუსეთი, რომელმაც კვლავ დაიმკვიდრა თავი უკრაინის ანექსიით და ოკუპაციით, ემუქრება ევროპას და არაფერს აკეთებს, რათა დაგვეხმაროს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებასა და დამარცხებაში“, - განაცხადა მაიკ პომპეომ, რომელიც ქვეყნის მომავალმა პრეზიდენტმა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის პოსტზე წარადგინა.
თავად დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ერთი კვირით ადრე აშშ-ისა და მსოფლიო მედიაში არ წყდება საუბრები იმ დოკუმენტზე, რომელშიც ნათქვამია, რომ მოსკოვი ფლობს პირადი და ფინანსური ხასიათის კომპრომატებს აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე. აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ჯეიმს კლაპერის განცხადებით, აშშ-ის დაზვერვის უწყებებს არც დაუწერიათ და არც საიდუმლოდ გაუვრცელებიათ ასეთი დოკუმენტი. მანვე ინფორმაციის გაჟონვის ფაქტს "ეროვნული უსაფრთხოებისათვის საზიანო" უწოდა. საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეიტედ პრესის" ცნობით, დოსიე, რომელიც გასულ კვირაში დონალდ ტრამპს გააცნეს, შეიცავს დაუდასტურებელ ინფორმაციას ტრამპთან დაახლოებულ პირებსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მჭიდრო კოორდინაციაზე აშშ-ის დემოკრატიულ პარტიაზე ჰაკერული თავდასხმის საკითხში და ასევე დაუდასტურებელ ინფორმაციას მოსკოვის ხელთ არსებულ კომპრომატებზე, მათ შორის, სექსვიდეოებზე, ტრამპის მონაწილეობით. ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა მედიაში ამ ცნობების გავრცელება და მათ „ყალბი ახალი ამბები“ უწოდა. სააგენტო „როიტერსის“ ამ ანგარიშის სავარაუდო ავტორია კრისტოფერ სტილი, ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის, MI-6-ის, ყოფილი თანამშრომელი. როგორც გაირკვა, სტილი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაიქირავა ვაშინგტონში მოქმედმა ერთ-ერთმა პოლიტიკურმა კვლევითმა ორგანიზაციამ, რომელიც მომსახურებას უწევდა რესპუბლიკური პარტიის იმ ჯგუფს, რომელსაც სურდა, რომ დონალდ ტრამპი ჩამოშორებოდა პარტიის კანდიდატის ტიტულისათვის ბრძოლას. „როიტერსის“ თანახმად, კრისტოფერ სტილი თანამშრომლობდა გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან მის მიერ მოპოვებული ცნობების გამოძიების პროცესში, მაგრამ შემდგომ გამოძიების მსვლელობამ იმედი გაუცრუა, რის გამოც შეწყვიტა აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობა.