„სიტყვის ძალა“ - ტოლერანტობის სახელმძღვანელო მედიისათვის

„სიტყვის ძალა“ - ასე ჰქვია სპეციალურად ჟურნალისტებისათვის შექმნილ სახელმძღვანელო ბროშურას, რომელიც ეთნოსთაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკურმა ცენტრმა მოამზადა პროექტის „ეთნიკურ უმცირესობათა თემები და ქართული მედია: ერთად ტოლერანტობისაკენ“ ფარგლებში. როგორც მისი ერთ-ერთი ავტორი, აგიტ მირზოევი, რადიო თავისუფლებასთან აცხადებს, ეს წიგნი იმ ჟურნალისტებისათვის, ვინც ხშირად აშუქებს ეთნოსთაშორის ურთიერთობების საკითხებს, სამაგიდო ან ე.წ. ჯიბის წიგნადაც უნდა იქცეს, რადგან მასში ერთადაა მოთავსებული საერთაშორისო თუ ადგილობრივი სამართლებრივი სტანდარტების პრაქტიკული მაგალითები, თუ როგორ უნდა და როგორ არ უნდა გაშუქდეს ეროვნული უმცირესობებისათვის მეტად მგრძნობიარე საკითხები და, რაც მთავარია, მასში თავმოყრილია იმ ორგანიზაციებისა და ადამიანების საკონტაქტო ინფორმაცია, ვინც თავად არის ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი ან იცავს მათ უფლებებს საქართველოში.

ალი ალიევი, ლეილა მამედოვა, ფარხად მუსაევი, ლეილა სულეიმანოვა, დავით ადამოვი, ეკა ბითქაში და კიდევ არაერთი სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაციაა, რომელთა მოძებნასაც შეიძლება რამდენიმე საათი და დღეც კი დასჭირვებოდა. ახლა ყველა ერთადაა თავმოყრილი მედიისათვის მომზადებულ სახელმძღვანელოში, რომელსაც „სიტყვის ძალა“ ჰქვია და ჟურნალისტებს იმ უმთავრეს პრინციპებს შეახსენებს, რომლებიც მათ მუდმივად უნდა ახსოვდეთ სხვა ეთნოსის ადამიანთა პრობლემებზე წერისას. ბროშურა მოხერხებული ფორმატისაა, ხელისგულზე ეტევა და მისი მუდმივად თანქონაც ადვილია. ეთნოსთაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი აგიტ მირზოევი ამბობს, რომ ამ სახელმძღვანელოს მომზადება იმ პრობლემებმა განაპირობა, რომლებიც საქართველოს საზოგადოებასა და ქართულ მედიაში დღემდე არსებობს - ტოლერანტობის ნაკლებობა, არაპროფესიონალიზიმი, იმ უნარების დეფიციტი ჟურნალისტებში, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როდესაც ისინი სხვა ეროვნებისა თუ რელიგიის ადამიანების შესახებ წერენ. ბროშურაში შეტანილია მაგალითები, თუ როგორ არ უნდა გაშუქდეს მსგავსი თემები.
„ამ ბროშურაში ერთად მოვუყარეთ თავი იმ ძირითად სამართლებრივ ნორმებს, რაც კი საქართველოში ამ მხრივ არსებობს, თუნდაც სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით, რას ამბობენ საერთაშორისო კონვენციები, სიძულვილის ენის კონკრეტული მაგალითები და სხვა. ეს ყველაფერი ჟურნალისტს დაეხმარება, რომ უკეთესი ხარისხის მასალა მოამზადოს და მითითებული შეცდომები აღარ გაიმეოროს“.

თითოეულ სიტყვას უნდა დავუკვირდეთ, განსაკუთრებით კი ჟურნალისტებსა და საჯარო მოხელეებს აქვთ მეტი ვალდებულება. რაც შეეხება სათემო ორგანიზაციებს, პრობლემები აქაც გვაქვს, მათ ძალიან ხშირად არა აქვთ შესაძლებლობა მედიამდე მიიტანონ თავიანთი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია...
აგიტ მირზოევი
ჟურნალისტებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოსათვის არც „სიტყვის ძალა“ დაურქმევიათ შემთხვევით. აგიტ მირზოევსა და მის კოლეგებს მიაჩნიათ, რომ პოლიტიკოსები, რომელთა განცხადებები ხშირად მედიით გადაიცემა, დიდ ყურადღებას არც კი აქცევენ სიძულვილის ენას:

„თითოეულ სიტყვას უნდა დავუკვირდეთ, განსაკუთრებით კი ჟურნალისტებსა და საჯარო მოხელეებს აქვთ მეტი ვალდებულება. რაც შეეხება სათემო ორგანიზაციებს, პრობლემები აქაც გვაქვს, მათ ძალიან ხშირად არა აქვთ შესაძლებლობა მედიამდე მიიტანონ თავიანთი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. ამას გარდა, ალბათ, არც არსებობს ფაქტები, როცა მათ სახელმწიფო ეკითხება რომელიმე მნიშვნელოვანი რეფორმის ან საკითხის შესახებ აზრს - იქნება ეს ჯანდაცვის რეფორმა, სამხედრო თუ პოლიტიკური თემები“.

ბროშურის ერთ-ერთი ავტორი, ნინო ერემაშვილი, ამბობს, რომ სიძულვილის ენის ტირაჟირება განსაკუთრებით შესამჩნევია ბეჭდვით მედიაში. მაგალითად, როდესაც ავტორს კონკრეტული რესპონდენტის თუ გმირის უარყოფით კონტექსტში წარმოჩენა სურს:

„პირდაპირ წერია ხოლმე, რომ ვიღაც არის სომეხი ან იეღოველი ან ლგბტ, როგორც ნიშანი, როგორც მათი ნაკლი. სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი ძალიან აქტიურად მუშაობს ამ მხრივ, რომ ეს სიძულვილის ენა ერთხელ და სამუდამოდ გაქრეს ქართული მედიიდან“.

ამ ტიპის სიძულვილის ენამ შესაძლოა წააქეზოს უმრავლესობა და გაუმყაროს მოსაზრებები, რომ მათი უფლებები თანაბარი არ არის, რომ უმცირესობები ცალკე უნდა იყვნენ, შეზღუდული უფლებები ჰქონდეთ და ა.შ. ეს, შესაძლოა, გამოიყენონ როგორც პროპაგანდისტული იარაღი...
ზვიად დევდარიანი
არაკორექტული გამონათქვამებისა და შეურაცხყოფის რამდენიმე კონკრეტული მაგალითი ბროშურაშიც შეიტანეს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, როგორც სახელმძღვანელოს ავტორები წერენ, კონფლიქტის საკითხებზე მოშაობისას სიძულვილის ენის გამოყენება, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს კონფლიქტის მხარეებს შორის დაპირისპირებას. ხშირია სხვა ეროვნების ადამიანების შეურაცხყოფა ლიტერატურული ნაწარმოებებისა თუ სპექტაკლების კრიტიკის დროს, როცა კრიტიკის ობიექტი სხვა კულტურა ან მისი წარმომადგენელი ხდება. და, რაც მთავარია, სიძულვილის ენა ისმის უფრო მაღალი ტრიბუნებიდან, როგორიც არის, მაგალითად, საქართველოს პარლამენტი. არადა, როგორც სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ხელმღვანელი ზვიად დევდარიანი ამბობს, მედიისათვის ძირითადი მასალა სწორედ ამ სახელმწიფო მოხელეების ინტერვიუებია:

„გამოდის, რომ მედია მხოლოდ გამტარია იმ ადამიანების, რომლებიც ამ სიძულვილის ენას იყენებენ და ეს ადამიანები არიან პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, ხშირად საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ადამიანები. რას აკეთებს ამ შემთხვევაში მედია? ეს არის, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი. მედია უნდა გაემიჯნოს თავის რესპონდენტს. ასეთ დროს, ალბათ, ამ ტიპის მექანიზმი უნდა გამოიყენონ“.

რამდენად მტკივნეულად აღიქვამენ მედიით ტირაჟირებულ სიძულვილის ენას სხვა ეროვნების თუ რელიგიის ადამიანები? ზვიად დევდარიანის აზრით, სამწუხაროდ, საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების დიდმა ნაწილმა ქართული არ იცის. ასე რომ, საკითხავია, საერთოდ თუ ეცნობიან ისინი ქართულ მედიას. საგანგაშოდ ზვიად დევდარიანს სხვა რამ მიაჩნია - სიძულვილის ენა პირდაპირ ზეგავლენას უმრავლესობაზე უფრო ახდენს:

„ამ ტიპის სიძულვილის ენამ შესაძლოა წააქეზოს უმრავლესობა და გაუმყაროს მოსაზრებები, რომ მათი უფლებები თანაბარი არ არის, რომ უმცირესობები ცალკე უნდა იყვნენ, შეზღუდული უფლებები ჰქონდეთ და ა.შ. ეს, შესაძლოა, გამოიყენონ როგორც პროპაგანდისტული იარაღი - ამ შემთხვევაში, თუ უმრავლესობაზე ვლაპარაკობთ - ეთნიკური ქართველების მოსაზრებების გასამყარებლად სხვა ეთნოსებთან მიმართებით“.