ტექსტი და ნახატი - მთელის ორი ნაწილი

Your browser doesn’t support HTML5

ილუსტრაცია საბავშვო თუ მოზრდილთათვის განკუთვნილი წიგნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. საქართველოში ამ მიმართულებით ბევრი ხელოვანი მუშაობს, ეს სფერო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაშიც ისწავლება, თუმცა, როგორც ილუსტრატორები, აკადემიის ლექტორები და წიგნების გამომცემლები ამბობენ, დღეს ილუსტრაციის ხელოვნება საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დგას, განსაკუთრებით - საქართველოში.

Your browser doesn’t support HTML5

ტექსტი და ნახატი - მთელის ორი ნაწილი


ორმა ილუსტრატორმა - თათია ნადარეიშვილმა და ეკა ტაბლიაშვილმა - გადაწყვიტა ბავშვებს ილუსტრაცია ასწავლონ. პატარა სივრცეში, სადაც მათი და სხვა ხელოვანთა წიგნები და ნამუშევრებია გამოფენილი, ისინი დროგამოშვებით პროფესიულ გაკვეთილებს მართავენ.

"თავიდან ბავშვებს ვუკითხავთ ამ წიგნებს, შემდეგ ამის მიხედვით, თემის შესაბამისად, რამეს ვახატვინებთ. მიმართულება ისაა, რომ ისტორია მოვუყვეთ და შემდეგ მათ ამის მიხედვით, ინსპირაციით, თვითონ დახატონ", - ამბობს ეკა ტაბლიაშვილი.

ეკა ტაბლიაშვილი

სახელოვნებო სივრცე "ილუსტრატორის" დამაარსებლები მიიჩნევენ, რომ ნახატი ბავშვებისთვის ამბის აღქმის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. თათია ნადარეიშვილი თავადაც არის საბავშვო წიგნის ავტორი.

ეს წიგნი ნახატებით ჰყვება ამბავს ბავშვზე, რომელიც ღამით ვერ იძინებს და გასეირნებას გადაწყვეტს. ამ გასეირნების დროს კი მას ხვდებიან ცხოველები, რომლებიც უყვებიან, თუ როგორ იძინებენ თვითონ. როგორც ავტორი ამბობს, წიგნი საბავშვოა, თუმცა ამბები - ნამდვილი, ანუ დათვალიერების დროს ბავშვები გართობასთან ერთად იღებენ ცოდნას სხვადასხვა ცხოველის თვისებების შესახებ:

"თავიდან ვფიქრობდი, რომ არამხატვრული გამეკეთებინა, შემეცნებითი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ რადგან ეს წიგნები იყო ბავშვებისთვის, ამ ასაკში მათ სჭირდებათ მთავარი გმირი, რომელსაც გაჰყვებიან. ამიტომაც გამოვიგონე პერსონაჟი, რომელსაც გაჰყვებიან. ასე გადავიდა წიგნი "დასურათებული წიგნის" ჟანრში შემეცნებითიდან".

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ილუსტრაციის სახელოსნოში სტუდენტებს ილუსტრაციის სხვადასხვა ტექნიკას ასწავლიან.

ლორეტა აბაშიძე

პროფესორი ლორეტა აბაშიძე, ათეულობით წელია, წიგნების ილუსტრაციებზე მუშაობს და სხვადასხვა წიგნი გაუფორმებია, „ვეფხისტყაოსნით“ დაწყებული, საბავშვო ლიტერატურით დამთავრებული. ის ამბობს, დღეს ციფრული ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ილუსტრაცია გამარტივდაო, რაც, მისი აზრით, ცუდი ტენდენციაა:

„მე ვაკეთებდი ძმები გრიმების ზღაპრებს. როდესაც დავასრულე და მივიტანე, ძალიან მოეწონათ, მაგრამ მერე, როცა საქმე ფერთა დაშლაზე მიდგა, მითხრეს, "ბაზარი ამას ვერ გაიგებსო“ და ა.შ., იმიტომ რომ ფანქრით მქონდა დახატული..."

გამომცემლობა „დიოგენე“ საქართველოში ერთ-ერთი პირველია, რომელმაც მკითხველს აქტიურად შესთავაზა ილუსტრირებული წიგნები, თუმცა ეს ილუსტრაციები არამარტო საბავშვო ლიტერატურას მოიცავს. გამომცემლობის დირექტორი თამარ ლებანიძე ამბობს, რომ წიგნის გაფორმება არა მარტო ფურცლებზე, არამედ ყდაზეც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ურთულესი პროცესია.

თამარ ლებანიძე

გარდა ამისა, მისი თქმით, ილუსტრაცია არამარტო ნახატს გულისხმობს და წიგნის გაფორმება სხვადასხვა ტექნიკითაა შესაძლებელი:

"შეიძლება იყოს გრაფიკა, შეიძლება იყოს მოცულობითი ილუსტრაცია, მაგალითად, პლასტელინის ფიგურებით ილუსტრირებით. არის ბრტყელი პლასტელინის ტექნიკაც. არსებობს ნაქსოვი ელემენტებით წიგნის გაფორმების გამოცდილება - ამ შემთხვევაში საქართველოს არ ვგულისხმობ, ზოგადად, მსოფლიოში. ილუსტრაცია ძალიან მრავალფეროვანი რამაა და ამ ფონზე ძალიან ვღელავ, რომ ქართული ილუსტრაცია შეიძლება შეიზღუდოს, ჩაიკეტოს, გაერთფეროვანდეს, თუკი საზოგადოება, გამომცემლები და მკითხველები ერთგვარ დაკვეთას არ შეიმუშავებენ ილუსტრატორების მიმართ“.

თამარ ლებანიძე ამბობს, რომ ბოლო დროს მკითხველების გემოვნება გაღარიბდა და დავიწროვდა, რაც არა მარტო ტექსტზე, არამედ ილუსტრაციებზეც აისახება, რადგან ეს ორი ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია:

ილუსტრაციები

"მაწუხებს ქართული ილუსტრაციის ბედი იმ თვალსაზრისით, რომ თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ციფრული გრაფიკა წინა პლანზე გადმოდის, დიდია საშიშროება, რომ დაიკარგოს სხვა ფორმის ილუსტრაცია, რომელიც თავიდან ბოლომდე ხელით არის შექმნილი (თუმცა ის შეიძლება დამუშავდეს კომპიუტერული წესით)“.

კარგი ილუსტრაცია ტექსტის სათქმელს არ უნდა იმეორებდესო, ამბობს სამხატვრო აკადემიის ილუსტრაციის სახელოსნოს ხელმძღვანელი, სოფიო კინწურაშვილი:

"ილუსტრაცია უნდა ავსებდეს ტექსტს. იქ უნდა იყოს ის მოვლენა, რომელსაც ტექსტში ვერ აღწერს. მაშინ გამოდის საინტერესო და განსხვავებული“.

გამომცემელი თამარ ლებანიძე ილუსტრაციას უწოდებს წიგნის თანაბარუფლებიან ელემენტს, მიუხედავად იმისა, ჯერ წიგნი დაიწერა და შემდეგ გაფორმდა, თუ -პირიქით. მისი თქმით, კარგი და საინტერესო ილუსტრაციების შესაქმნელად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა, ავტორების თავისუფალი და შეუზღუდავი ხედვა, მრავალფეროვნება, რომელიც საბოლოოდ შესრულებულ სამუშაოში აისახება.