7 აპრილს, დილით, აშშ-მა სარაკეტო იერიში მიიტანა სირიის ჰომსის პროვინციაში მდებარე შეირატის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, რომელიც სირიის არმიას ეკუთვნის. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, იერიში განხორციელდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით და წარმოადგენდა პასუხს 4 აპრილს სირიის სამთავრობო ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებით ქალაქ ხან-შეიხუნის დაბომბვაზე, რომლის შედეგად დაიღუპა და დაშავდა ასობით უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის, ბავშვები. პრეზიდენტმა ტრამპმა საგანგებო განცხადებაში აღნიშნა, რომ ქიმიური იარაღის აღკვეთა შეერთებული შტატების "სასიცოცხლო ეროვნული ინტერესია". მან ცივილიზებულ მსოფლიოს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ აშშ-ის ძალისხმევას, რათა სირიაში "ხოცვა-ჟლეტა და სისხლისღვრა" დასრულდეს. რაზე მეტყველებს აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და როგორ ხედავენ საქართველოდან პროცესების შესაძლო განვითარებას?
Your browser doesn’t support HTML5
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, საგანგებო განცხადებაში, რომლითაც ის გამოეხმაურა აშშ-ის სარაკეტო იერიშს სირიის ჰომსის პროვინციაში მდებარე შეირატის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, აღნიშნა, რომ სირიის ტერიტორიაზე განხორციელებული ოპერაცია იყო პასუხი ამ ქვეყნის არმიის ბარბაროსულ ქიმიურ თავდასხმაზე და მიზნად ისახავდა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებისა და გავრცელების აღკვეთას, რაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია.
„სამშაბათს სირიის დიქტატორმა ბაშარ ალ-ასადმა განახორციელა საშინელი ქიმიური თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე. მომაკვდინებელი ნერვული აგენტის გამოყენებით ასადმა შეიწირა უმწეო კაცების, ქალებისა და ბავშვების სიცოცხლე. ეს იყო ნელი და ბრუტალური სიკვდილი ამდენი მშვენიერი ბავშვის, რომლებიც სასტიკად დახოცეს ამ ბარბაროსული იერიშით”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
Your browser doesn’t support HTML5
ჰომსის პროვინციაში მდებარე შეირატის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე განხორციელებულ იერიშს, საიდანაც, პენტაგონის შეფასებით, ქიმიური თავდასხმა მოხდა ქალაქ ხან-შეიხუნზე, გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, და საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი. მათ სირიაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა დააკისრეს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდეს მხარი დაუჭიროს სირიაში ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემას“. აშშ-ის მიერ სირიაში განხორციელებულ სარაკეტო იერიშს მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის მთავრობამ. ის დადებითად შეაფასა თურქეთის ხელისუფლებამაც.
„სირიის მთავრობის ბარბაროსობის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობამ თავისი პოზიცია უნდა დაიცვას“, - განაცხადა თურქეთის ვიცე-პრემიერმა, ნუმან კურტულმუშმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა კი, მიუხედავად იმისა, რომ „საზარელი დანაშაული“ უწოდა სირიაში 4 აპრილს მომხდარ თავდასხმას, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ნაჩქარევად მიიჩნია რომელიმე მხარისათვის „დამნაშავის იარლიყის“ ჩამოკიდება.
ამერიკის პრეზიდენტის მიმართვაში იყო მოწოდება და ამ მოწოდების ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი გახლდათ სწორედ საერთო ძალისხმევით სირიაში საომარი მოქმედებების შეწყვეტა. ტექნიკურად ამის მიღწევა შესაძლებელია, ალბათ, ოღონდ ძნელი წარმოსადგენია და ძალიან სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს, თუკი საერთოდ იქნა ეს შესაძლებელი, იმის განსაზღვრა, თუ რა კონფიგურაციის პოლიტიკურ ძალას მივიღებთ...ირაკლი მენაღარიშვილი
საქართველოში კი ფიქრობენ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილება, იერიში მიეტანა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების აღსაკვეთად, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის დამოკიდებულების ცვლილებაზე მიანიშნებს. როგორც "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამ ნაბიჯით გამოჩნდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, ობამას ადმინისტრაციისგან განსხვავებით, რბილი დიპლომატიით არ შემოიფარლება, როდესაც ამერიკის ინტერესებისა და გლობალური უსაფრთხოების დაცვაზე მიდგება საქმე. მისი სიტყვებით, შეიძლება ითქვას, რომ შეერთებული შტატების ადმინისტაციამ ეს ტესტი ჩააბარა, თუმცა აქვე ჩნდება კითხვა, მოსალოდნელია თუ არა შეერთებული შტატები მოგვევლინოს საერთაშორისო კოალიციის ლიდერად სირიაში არსებული მდგომარეობის შესაცვლელად:
„გამომდინარე იქიდან, თუ რა განცხადება ჰქონდა ტრამპის ადმინისტრაციას, და მისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ამერიკის შეიარაღებული ძალები ქვეყნის გარეთ შესაბამისი უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებაში - აი, ამ პოზიციიდან გამომდინარე, ძნელი სათქმელია, რომ ამ პირველი სარაკეტო დარტყმების შემდეგი ნაბიჯი იქნება ფართომასშტაბიანი ოპერაცია“.
სირიის ტერიტორიაზე 6-წლიანი ომის განმავლობაში შეერთებული შტატების მხრიდან საჰაერო ოპერაცია 2014 წელს დაიწყო ბარაკ ობამამ, მაგრამ აქამდე აშშ-ის ავიაცია იერიშებს მხოლოდ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ობიექტებზე ახორციელებდა, თუმცა, როგორც სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტის დირექტორი ირაკლი მენაღარიშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, აშშ სირიაში ომის მთლად გვერდიდან მაყურებელიც არ ყოფილა. ამერიკის სამხედრო მანქანა აქტიურად უჭერს მხარს ერაყის ძალების მძიმე და გადამწყვეტ ბრძოლას მოსულის გასათავისუფლებლად, თუმცა, ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, 7 აპრილის დილით განხორციელებული სარაკეტო იერიში სირიის სამხედრი ბაზაზე განსაკუთრებულია, განსაკუთრებულია იმ თვალსაზრისით, რომ ამგვარი გადაწყვეტილებები ამერიკის ხელისუფლების პოლიტიკაში უბრალოდ არ მიიღება ხოლმე. შეცვლის თუ არა შეერთებული შტატების მონაწილეობა სირიაში მიმდინარე კონფლიქტის შინარსს ან შეიძლება თუ არა ვიხილოთ ომი ახალი კონტურებით, ამ საკითხის კომენტირებისას ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს:
„ამერიკის პრეზიდენტის მიმართვაში იყო მოწოდება და ამ მოწოდების ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი გახლდათ სწორედ საერთო ძალისხმევით სირიაში საომარი მოქმედებების შეწყვეტა. ტექნიკურად ამის მიღწევა შესაძლებელია, ალბათ, ოღონდ ძნელი წარმოსადგენია და ძალიან სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს, თუკი საერთოდ იქნა ეს შესაძლებელი, იმის განსაზღვრა, თუ რა კონფიგურაციის პოლიტიკურ ძალას მივიღებთ. ვერ გეტყვით, რომ ასადის ხელისუფლება - განსაკუთრებით ბოლო პერიოდში - ყველა პოლიტიკურ და სამხედრო საკითხს წარმართავდა სირიაში. მისი არმიაც დასუსტებული იყო და მისი ხელისუფლებაც, დიდი ხანია, შერყეულია, მაგრამ რა იქნება, თუკი იგი ჩამოშორდება ხელისუფლებას, ამის თქმა ძნელია, იმიტომ რომ ამ სივრცეში განსხვავებული პოლიტიკური ამბიციების მქონე უამრავი ძალა ებრძვის ერთმანეთს“.
„განსხვავებული პოლიტიკური ამბიციების მქონე“ პოლიტიკურ ძალებს შორის, ირაკლი მენაღარიშვილის მსგავსად, სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილიც უპირატესად რუსეთს გულისხმობს. მისი თქმით, შეერთებული შტატების ამ ნაბიჯს ადრე თუ გვიან მოჰყვება ურთიერთობების გაფუჭება შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, რაც, თავის მხრივ, ასახვას პოვებს როგორც საქართველოს, ასევე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე. ამის საილუსტრაციოდ ირაკლი ალადაშვილს შტატების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების საპასუხოდ რუსეთის პროვოკაციული ქმედებები მოჰყავს:
„კოსოვოს აღიარების სანაცვლოდ, რაც 2008 წლის დასაწყისში მოხდა, რუსეთმა განაცხადა, მე თქვენ სამაგიეროს გადაგიხდითო, და ერთ-ერთი სამაგიერო იყო სწორედ საქართველოზე თავდასხმა და, მეორე, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება, გამოიხატა, ასევე, საქართველოსთან ომში, ვინაიდან აგვისტოს ომმა ჩვენ საკმაოდ უკან დაგვწია ნატოსთან დაახლოების პროცესში და თუ ეს დაპირისპირება წავიდა, ახალი ცივი ომი უფრო გაღრმავდება“.
7 აპრილს, საღამოს, შეერთებული შტატების საჰაერო იერიშს სირიაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. საგარეო უწყების განცხადებაში ვკითხულობთ:
„აშშ-ის მიერ განხორციელებული საპასუხო ქმედება იყო დროული, ადეკვატური და გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა. მნიშვნელოვანია, რომ გატარდა ყველა სახის გამაფრთხილებელი ზომა. ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება გამოიჩენს სათანადო პრინციპულობასა და ერთიანობას სირიაში საბოლოო მშვიდობის დასამყარებლად“.