საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

თბილისის საქალაქო სასამართლო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, რომელზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს, სამოქალაქო სექტორის საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია „სამართლიანი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის” ითხოვდა, საბჭოს ნაჩქარევად არ აერჩია საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე, ვინაიდან ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს, მისი გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი სხდომის დაწყებამდე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაცხადა, რომ არ დააკმაყოფილა მისი ყოფილი თავმჯდომარის, მოსამართლე მამუკა ახვლედიანის, შუამდგომლობა და უარი თქვა მიეღო დროებითი განჩინება, რომლითაც შეაჩერებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესს. მამუკა ახვლედიანის შუამდგომლობა სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის შესაჩერებლად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დღეს წერილობით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის". კოალიციამ პროცესის შეჩერების აუცილებლობა იმით ახსნა, რომ მამუკა ახვლედიანს სასამართლოში აქვს გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების ბრძანება. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის მიმართვა არ დააკმაყოფილა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის თქმით, მამუკა ახვლედიანი უკანონოდ გათავისუფლდა:

„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ დანიშნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე - ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბატონი ახვლედიანის გათავისუფლება იყო უკანონო და, შესაბამისად, ჩვენ გვინდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელის თანამდებობა იყოს თავისუფალი იმისთვის, რომ როცა ჩვენ აღვადგენთ ბატონ ახვლედიანს, ის ამ თანამდებობაზე დაინიშნოს“.

ამის მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს. მიქაუტაძეს საბჭოს 12-მა წვერმა დაუჭირა მხარი, 1 წინააღმდეგი იყო. საბჭომ დაიწუნა პრეზიდენტისკვოტითიუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ვახტანგ მჭედლიშვილის მიერ წარდგენილი გიორგი ებანოიძისკანდიდატურა, რომელიც აქამდეთბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გიორგი მურუსიძის განმარტებით, განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების აუცილებლობა არ არსებობდა:

„2 კანდიდატურა იყო, პირველ კანდიდატურას 12-მა წევრმა მისცა ხმა და ერთი წინააღმდეგი იყო და მეორედ კენჭისყრა რომ ჩაგვეტარებინა, 1 მომხრე და 12 წინააღმდეგი დაფიქსირებულიყო? ვინაიდან პირველ კანდიდატურას მისცა ხმა საბჭომ, შესაბამისად, დაინიშნა თავმჯდომარედ. ბუნებრივია, ვაკანტური აღარ იყო და ვისთვის გვეყარა კენჭი?“

რაც შეეხება თავად გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურას, მასთან, როგორც მოსამართლესთან, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე კითხვები ჰქონდათ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, თუმცა, როგორ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა განმარტეს, მიქაუტაძეს ახლა ირჩევენ როგორც მენეჯერს და არა მოსამართლეს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განმარტებით კი, მას გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს:

„მე შევისწავლე გიორგი მიქაუტაძის ბიოგრაფია, შევისწავლე ის პრეტენზიები, რომელიც იყო გაცხადებული, და ნამდვილად მივხვდი, რომ მას შეუძლია იყოს საქალაქო სასამართლოს ღირსეული თავმჯდომარე. მთელ სსამართლოს აქვს პოზიტიური დამოკიდებულება მის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით. ეს შეგიძლიათ თქვენც გადაამოწმოთ და აქ მე განსხვავებული პოზიცია ვერ მექნებოდა“.

თავად გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, მას ყველა საქმესთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილებები არ ახსოვს, თუმცა მიიჩნევს, რომ ისინი თავის დროზე სამართლიანი იქნებოდა. ამასთან, ის საქალაქო სასამართლოში ცვლილებს არ გამორიცხავს:

„სასამართლოში არსებობს პრობლემები და აუცილებლად ვიმუშავებთ გამოსწორებაზე. გადასახედია როგორც საქმეთა განაწილება, ასევე აპარატის ფუნქციები და არ არის გამორიცხული გადაადგილებებიც“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევას გამოეხმაურა მამუკა ახვლედიანი, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისთანამდებობიდან გაათავისუფლა იმ მოტივით, რომისუფლებამოსილებას აჭარბებდა, როდესაც მოსამართლეების საქმეებზე განაწილების პროცესში ერეოდა. ახვლედიანმა საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლო წესით გაასაჩივრა. მამუკა ახვლედიანის თქმით, როგორც ჩანს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წინასწარ იციან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მის სარჩელზე სასამართლო:

„მათთვის უკვე ცნობილია, რა შედეგი შეიძლება დადგეს სასამართლოზე და, შესაბამისად, არ დაელოდნენ ახალი თავმჯდომარის დანიშვნას. სხვანაირად ეს არის ალოგიკური, რაც დღეს ხდება“.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან ერთად, საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარედ აირჩია გიორგი ებანოიძე, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ხელმძღვანელად - სერგო მეთოფიშვილი, რევაზ ნადარაია კი საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომების კოლეგიის თავმჯდომარედ აირჩიეს.