თბილისის მერს საკრებულოში ელიან

დავით ნარმანია

თბილისის მერი დავით ნარმანია არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე კვირაში საკრებულოს წინაშე რიგგარეშე ანგარიშით წარდგება. მერი საკრებულოში ოპოზიციამ დაიბარა ქალაქის გამწვანების პოლიტიკის დოკუმენტთან დაკავშირებით მოსაზრებების მოსასმენად. განსაკუთრებული სიმწვავე საკითხმა მას შემდეგ შეიძინა, რაც თბილისში, ყაზბეგის 22-ში, მრავალწლიანი ხეები მოჭრეს და ამის გამო „პარტიზანმა მებაღემ“ ნატა ფერაძემ შიმშილობის აქცია დაიწყო. ნატამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის გადადგომისა და ამ სამსახურის სტრუქტურული ცვლილების მოთხოვნით, მის ნაცვლად პროტესტის უკიდურეს ფორმას ელენე მალაშევსკი-ჯაყელმა მიმართა.

Your browser doesn’t support HTML5

გამწვანებაზე სასაუბროდ თბილისის მერს საკრებულოში ელიან

„პარტიზანი მებაღე“ ნატა ფერაძე, რომელსაც ერთკვირიანი შიმშილობის შემდეგ სამედიცინო ჩარევა დასჭირდა, იძულებული გახდა პროტესტის უკიდურესი ფორმა შეეწყვიტა და ახლა გარემოს დამცველებთან, დენდროლოგებსა და სხვა სპეციალისტებთან ერთად შინიდან მუშაობს პეტიციის ტექსტზე, რომლითაც ქალაქის მერს უნდა მიმართონ. ნატა ფერაძის თქმით, წარმოუდგენელია მოსახლეობასა და ქალაქის მერს შორის კომუნიკაცია არ არსებობდეს, რადგან უამისოდცვლილებები ვერ განხორციელდება. შესაბამისად, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იქნება, ცვლილებების განხორციელებამდე მერიამ საზოგადოების ჩართულობა უზრუნველყოს. ამასთან, ნატა ფერაძის თქმით, ქალაქის მწვანე საფარის ხარჯზე სხვადასხვა დროს წარმოებული მშენებლობების საქმეების გაპროტესტებაც გაგრძელდება:

„უნდა ამოვიღოთ ბოლო დროს მომხდარი დაუშვებელი მშენებლობების საქმეები. უნდა ვიპოვოთ სად არის ხარვეზი. ზოგჯერ ხარვეზი არის კანონმდებლობაში და კანონმდებლობის შეცვლაზე ცალკე ვაპირებთ მუშაობას და ზოგჯერ ხარვეზი არის აღსრულებაში. ვაკის პარკის შემთხვევა, რომელიც ძალიან გახმაურებულია და 80 %-ს მოგებული ჰგონია, ჯერ კიდევ არ არის მოგებული, ჯერ კიდევ მერიის კისერზეა საბოლოო პასუხი და საბოლოოდ ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის მინიჭება, რაც უკვე 100 %-ით დაგვიცავს იქ მშენებლობისგან“.

ნატა ფერაძე შიმშილობის აქციის დროს

მიუხედავად იმისა, რომ ნატა ფერაძემ შიმშილობა შეწყვიტა, პროტესტის უკიდურეს ფორმას, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის გადადგომისა და ამ სამსახურის სტრუქტურული ცვლილების მოთხოვნით, მის ნაცვლადსამოქალაქო აქტივისტი, „პარტიზანი მებაღეების“ წარმომადგენელიელენე მალაშევსკი-ჯაყელიმიმართავს. ის თბილისის მერიის შენობის წინ შიმშილობს.

დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა კი თბილისის მერი, დავით ნარმანია, საკრებულოში დაიბარეს ქალაქში გამწვანების პოლიტიკის დოკუმენტთან დაკავშირებით მოსაზრებების მოსასმენად. დავით ნარმანიას თქმით, თბილისში ხეების ჭრასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესი გადაიხედება; ამასთან, მისი სიტყვებით,თბილისის საკრებულოში რიგგარეშე ანგარიშით წარდგომამდე იგი ექსპერტებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეხვდება. თბილისის მერი ყაზბეგის #22-ში მოჭრილი ხეების გამო პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების საკითხსაც გამოეხმაურა:

„აუცილებლად მივალ დედაქალაქის საკრებულოში და გავცემ ყველა იმ კითხვას პასუხს, რაც იქნება დასმული. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პროკურატურის შესაბამის ქვედანაყოფებთან, რათა მათ მივაწოდოთ ყველა ინფორმაცია და მათ უნდა დადონ საბოლოო დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ რასთან გვქონდა საქმე და შემდგომი რეაგირების საფუძველი იქნება ეს ოფიციალური დასკვნა“.

მოჭრილი ხეები

კითხვები თბილისის მერთან გამწვანების პოლიტიკის თაობაზე სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად ექნებათ რესპუბლიკელებსაც. საკრებულოს წევრ დავით ზურაბიშვილის თქმით, ის დაინტერესდება,უშუალოდ ყაზბეგის გამზირზე მომხდართან დაკავშირებით ვისპასუხისმგებლობას ხედავს მერია; ამასთან, კითხვები ექნება, ზოგადად, ქალაქის ეკოლოგიასთან მიმართებითმერიის პოლიტიკის თაობაზე:

„მე არ მაქვს დიდ იმედი, რომ მერია შეცვლის თავის მიდგომებს, რომელიც აქამდე ჰქონდა და რომლითაც ქალაქის მერია წარმოადგენდა კონკრეტული ბიზნესკომპანიების მომსახურე პერსონალს. ის იურიდიულ და ბიუროკრატიულ უზრუნველყოფას ახდენდა დეველოპერების გეგმებისა, ის არ იყო ქალაქის პოლიტიკის გამტარებელი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე და ვფიქრობ, რომ სანამ ახალ მერს არ ავირჩევთ და ახალი თვითმმართველობა არ გვეყოლება, არსებითად ამ პრობლემების მოგვარება არ მოხდება და სულ ასე ბრძოლა და პროტესტი მოგვიწევს“.

საკრებულოს სხდომაზე, სადაც თბილისის მერი მივა, დასწრებას აპირებს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი. მისი თქმით, პრობლემა გაცილებით ღრმაა,ვიდრე რამდენიმე ხის მოჭრა. ყაზბეგის 22 ნომერში 42-სართულიანი შენობა სულაც ცარიელ ადგილზე რომ აშენებულიყო, გარემოს მაინც ძალიან დიდ ზიანს მიაყენებდა, სარეკრეაციო ზონები მოიკლებდა, კიდევ უფრო დამძიმდებოდა ისედაც დამძიმებული სატრანსპორტო გადაადგილება. ირაკლი მაჭარაშვილის თქმით,თბილისში არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც გარემოსდაცვითი პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფდა და, ამასთან, უზრუნველყოფდა საზოგადოების ჩართულობას. ამიტომ ირაკლი მაჭარაშვილი აუცილებლად მიიჩნევს ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციას:

„მერიამ დაუყოვნებლივ უნდა გამოაცხადოს ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაცია და დაინტერესებულ საზოგადოებასთან თანამშრომლობით უნდა ჩამოყალიბდეს ახალი სამსახური, რომელიც მართლაც იქნება პასუხისმგებელი გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებაზე, გარემოზე მნიშვნელოვანი ზამოქმედების მქონე საქმიანობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გარემოსდაცვითი ინტერესების გატარებაზე და მოვითხოვთ, რომ გატარდეს ისეთი საკანონმდებლო-ინსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს, დედაქალაქში მშენებლობა იქნება თუ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, სწორედ გარემოსდაცვითი ინტერესების ჩადებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ადრეულ და სრულფასოვან მონაწილეობას“.

თბილისის მერი დავით ნარმანია კი არ გამორიცხავს, რომ დედაქალაქში გამწვანების საკითხებზე სასაუბროდ საკრებულოში მიმდინარე კვირაშივე მივიდეს.