თბილისის პროკურატურამ ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის საქმეზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო, რაც ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხას გულისხმობს. პარალელურად თბილისის მერიასთან აგრძელებს შიმშილობას პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე და ის თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის გადადგომას მოითხოვს. რა პრობლემების წინაშე დგას დღეს ქალაქში არსებული მწვანე საფარი, რა წერია გარემოსდაცვით სტრატეგიაში, რომლის ბიუჯეტიც ქალაქის საკრებულომ არ დაამტკიცა?
თბილისს აქვს გარემოსდაცვითი სტრატეგია, ექვს წელზე გათვლილი, მაგრამ არ აქვს ბიუჯეტი. სტრატეგია ჯერ კიდევ გასული წლის, 2015-ის, ბოლოს დაიწერა თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ინიციატივით და ის მიზნად ისახავს უარყოფითი გარემოსდაცვითი ზეგავლენების შემცირებას, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას. სტრატეგიაში დეტალურადაა გაწერილი ამ მიმართულებით არსებული პრობლემები, მიზნები, ამოცანები და პრიორიტეტები. პრიორიტეტებს შორისაა მწვანე ნარგავები, ანუ დედაქალაქის გამწვანება. პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე მესამე დღეა თბილისის მერიასთან იმიტომ შიმშილობს, რომ ყაზბეგის 22 ნომერში, კერძო ტერიტორიაზე, მერიის ნებართვით ხეები მოიჭრა. ამ ფაქტზე პროკურატურამ 19 აგვისტოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო, რაც ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხას გულისხმობს. ნატა ფერაძე ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილის, გადადგომას ითხოვს, ამ სამსახურის მიერ დაწერილ გარემოსდაცვით სტრატეგიაზე კი ამბობს:
„ერთადერთი, რაც მერიის სამსახურმა გააკეთა კარგი, დაწერა კარგი გამწვანების სტრატეგია, რომელიც დარჩა სტრატეგიად და შემოდებული იყო თაროზე და გვიპასუხეს, რომ ძალიან ძვირი იყო ამ სტრატეგიის განხორციელება და ამიტომ არც კი ფიქრობენ მის განხორციელებას“.
პირველი, რაც ამ სტრატეგიის მიხედვით პრიორიტეტად ჩამოყალიბდა ჩვენი სახელმწიფოს მიერ, ეს არის ინვენტარიზაცია მწვანე საფარის, რადგან 1988 წლიდან მსგავსი სამუშაო ქალაქში არ შესრულებულა და რეალური სურათი იმისა, თუ რა გვაქვს, რა მდგომარეობაშია მწვანე საფარი, ამის შესახებ ინფორმაცია არ არის...ნინო სულხანიშვილი
სტრატეგიის განხორციელებაზე ფიქრობენ თბილისის მერიაში. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი, თუმცა იქვე იმასაც შენიშნავს, რომ გასულ წელს საკრებულომ, დაახლოებით, 20-მილიონიანი ბიუჯეტი, რომელიც სტრატეგიის შედეგად გაწერილი პრიორიტეტების დაფინანსებას სჭირდებოდა, არ დაამტკიცა და ამიტომ პროცესი შეჩერებულია, თუ არ ჩავთვლით ე. წ. „მილიონი ხის“ პროექტს, რომლის ფარგლებშიც, როგორც მერიაში აცხადებენ, ამ დროისათვის ნახევარ მილიონ ხეზე მეტია დარგული. რაც შეეხება სტრატეგიით გაწერილ პრიორიტეტებს, ესენია ქალაქში არსებული ნარგავების ინვენტარიზაცია, გამხმარი და დაავადებული ხეების მოჭრა, ნარგავების მოვლა-პატრონობა, სარწყავი სისტემის გამართვა, ქარსაფარი ზოლების აღდგენა და სხვა:
„პირველი, რაც ამ სტრატეგიის მიხედვით პრიორიტეტად ჩამოყალიბდა ჩვენი სახელმწიფოს მიერ, ეს არის ინვენტარიზაცია მწვანე საფარის, რადგან 1988 წლიდან მსგავსი სამუშაო ქალაქში არ შესრულებულა და რეალური სურათი იმისა, თუ რა გვაქვს, რა მდგომარეობაშია მწვანე საფარი, ამის შესახებ ინფორმაცია არ არის“.
1988 წელს თბილისში 19 მილიონამდე ძირი ხე აღინუსხა, აქედან 7 მილიონამდე -წიწვოვანი. თავად ქალაქის მერიის მიერ დაწერილ სტრატეგიაში ვკითხულობთ, რომ დღესდღეობით, თბილისში გაშენებული რაიონებისა და ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით, მწვანე საფარის საერთო ფართობი ძალზე მცირეა. საბჭოთა კავშირის პერიოდში მიღებული ნორმატიული აქტებით, იმ ქალაქში, სადაც ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობდა, უნდა ყოფილიყო და სავალდებულო იყო ერთ მოსახლეზე 15 მ² გამწვანებული ადგილი. თბილისში ეს მაჩვენებელი 1983 წელს 13.0 მ²-ს არ აღემატებოდა, 2001 წლისთვის ეს ციფრი კატასტროფულად შემცირდა და ერთ მოქალაქეზე 5.6 მ² შეადგინა. განახლებული მონაცემები კი, როგორც ნინო სულხანიშვილი ამბობს, არ არსებობს.
კატასტროფულს უწოდებს თბილისში გამწვანების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას რეზო გეთიაშვილი, „კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის“ წარმომადგენელი. ის გარემოსდაცვითი სტრატეგიის სამოქმედო გეგმის დაფინანსების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ეს იქნება ქალაქში არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის მოგვარების ერთადერთი გზა. რეზო გეთიაშვილის თქმით, 90-იან წლებში ქაოსურმა და მწვანე ზოლების ხარჯზე წარმოებულმა განაშენიანებამ ქალაქს მძიმე კვალი დაამჩნია და ეს ტენდენცია წლების განმავლობაში გაგრძელდა, რამაც ასახვა პოვა ქალაქში არსებულ გამწვანებასა და დაბინძურებულ ჰაერზე. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2010 წელს თბილისს გადაეცა სატყეო ფონდის ტერიტორიაზე არსებული ტყეები, 8 ათასი ჰექტარის ფართობით, მდგომარეობა ამით არ გაუმჯობესებულა, რადგან, მისი თქმით, როდესაც საუბარია გამწვანებაზე, იგულისხმება განაშენიანებული ნაწილი და არა, მაგალითად, ქალაქის შემოგარენი:
„დროდადრო თბილისის საკრებულო იღებდა გადაწყვეტილებას და რეკრეაციული ზონის მატარებელი ტერიტორიები გადაჰყავდა საზოგადოებრივ-სამშენებლო ზონებში და აძლევდა სხვა სტატუსს. შესაბამისად, განაშენიანებულ ნაწილში მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, რომ ცუდი კი არა, კატასტროფულიც კი გახდა“.
ფუნქციური ზონების შეცვლა მხოლოდ წარსულში დარჩენილი ცუდი გამოცდილება არ არის - უკანასკნელ ხანებში გარემოს დამცველების არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა სწორედ ამ მიმართულებით.
ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი გამოთქვამს იმედს, რომ ბიუჯეტს, რომელიც ქალაქში არსებული გამწვანების პრობლემას მოაგვარებს, საკრებულო 2017 წელს დაამტკიცებს.