მიუნხენის ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის გამო, ქალაქის პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებას. 22 ივლისს სავაჭრო ცენტრში ახალგაზრდა კაცმა ცხრა ადამიანი მოკლა, ხოლო შემდეგ, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. თავდამსხმელი ირანული წარმოშობის გერმანელი იყო. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 27 ადამიანი.
22 ივლისის საღამოს გერმანიაში, მიუნხენის ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრში 18 წლის კაცი შეიჭრა და იქ მყოფ პირებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 9 ადამიანი. მოგვიანებით შემთხვევის ადგილიდან ერთ კილომეტრში პოლიციამ იპოვა თავდამსხმელის გვამიც, თავში ტყვიით.
Your browser doesn’t support HTML5
დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. მის განცხადებაში ნათქვამია:
„ძლიერ შეძრწუნებული ვარ მიუნხენში მომხდარი საზარელი ტერორისტული აქტით, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ეს ჩვენი საერთო ღირებულებების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სისასტიკეა, რომელსაც ჩვენი ერთობით უნდა ვუპასუხოთ“.
მიუნხენის პოლიციის უფროსის, ჰუბერტუს ანდრეს, განცხადებით, პოლიციამ თავდამსხმელთა ძიების ოპერაცია შეწყვიტა, რადგან, გამოძიების დასკვნით, საქმე გვაქვს არა ჯგუფურ, არამედ ცალკეული პირის მიერ ჩადენილ დანაშაულთან. თავდაპირველად, თვითმხილველთა ჩვენებებზე დაყრდნობით, ლაპარაკობდნენ სამ სავარაუდო თავდამსხმელზე. თავდამსხმელი ირანელი გერმანელი იყო.
ეს ჩვენი საერთო ღირებულებების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სისასტიკეა, რომელსაც ჩვენი ერთობით უნდა ვუპასუხოთ...გიორგი მარგველაშვილი
პარასკევს, 17 საათსა და 52 წუთზე, პოლიციამ მიიღო პირველი შეტყობინება ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრთან სროლის შესახებ. მოგვიანებით გამოცხადდა, რომ თავდასხმას რვა ადამიანი შეეწირა. ღამის განმავლობაში საავადმყოფოში გარდაიცვალა სროლისას დაჭრილი კიდევ ერთი პირი. სულ დაშავებულია 27 ადამიანი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. გამომძიებლები არ გამორიცხავენ, მაგრამ არც ადასტურებენ, რომ საქმე ტერორისტულ თავდასხმასთან გვაქვს, თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის, თქმით, ეს იყო „ამაზრზენი ტერორისტული აქტი“. მან განაცხადა ასევე, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გერმანიას შეუძლია საფრანგეთის იმედიც ჰქონდეს.
მიუნხენში ჯერჯერობით ისევ მოქმედებს უსაფრთხოების საგანგებო ზომები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ცხელი ხაზის ნომერი +491 62 88 55 303 და მიუნხენში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, საჭიროების შემთხვევაში საკონსულოს დაუკავშირდნენ.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე ამბობს, რომ საქართველო ტერორისტული ორგანიზაციებისთვის ნაკლებად არის სამიზნე, თუმცა საზღვარგარეთ ჩასული საქართველოს მოქალაქეები ისეთივე დაუცველები არიან, როგორიც ყველა სხვა დანარჩენი. გარდა ამისა, არსებობენ ტერორისტები, რომლებიც მხოლოდ თავიანთი შეხედულებების მიხედვით მოქმედებენ:
„შეიძლება ტერორისტი იყოს ე. წ. „მარტოხელა მგელი“. მაგალითად, ასეთი შემთხვევა იყო ნორვეგიაში ბრეივიკის მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტი. საქართველოშიც იყო ასეთი შემთხვევა, როცა 2005 წელს, აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტისას, არუთინიანი თავისუფლების მოედანზე ხელყუმბარის აფეთქებას შეეცადა. ამ შემთხვევაშიც ეს იყო ინდივიდუალურად მოქმედი ტერორისტი და ამისგან ვერავინ იქნება დაცული. როგორც წესი, სპეცსამსახურებისთვის განსაკუთრებით რთულია ებრძოლო ასეთი ტიპის ტერორიზმს“.
მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებს აქვთ საშუალება ტერორიზმის ტალღას დაუპირისპირდნენ, თუმცა საუბარი არ არის ასპროცენტიან უსაფრთხოებაზე. ასევე, შედარებით მომზადებულია საქართველოს სპეცსამსახურებიც.
„თქმა იმისა, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად დაუცველები, არ არის სწორი, რადგან ისლამისტების და ექსტრემისტების სირიაში გადინებასთან დაკავშირებით სახელმწიფომ უკვე გაატარა გარკვეული ზომები. მეორე მხრივ, საქართველო ტერორისტებისთვის არ წარმოადგენს სასურველ სამიზნეს, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ქართული სპეცსამსახური, რაც არ უნდა ბევრი შენიშვნა ჰქონდეთ მასთან დაკავშირებით, არის უფრო ძლიერი, ვიდრე, თუნდაც, ბელგიური, რომელმაც, ბრიუსელის ტერაქტის პრევენციის თვალსაზრისით, სათანადოდ ვერ იმოქმედა. ამიტომ საქართველოში მოუწევთ ცოტა უფრო მეტი რესურსის დახარჯვა, ვიდრე, ვთქვათ, ბელგიაში“.
მისივე თქმით, საქართველოში განხორციელებული ტერაქტი, საინფორმაციო თვალსაზრისით, გაცილებით ნაკლებად რეზონანსული იქნება, ვიდრე იმავე ევროკავშირის ქვეყნებში მომხდარი ტერაქტებია. სწორედ ამიტომ, საქართველო ისლამისტი ტერორისტებისთვის ნაკლებად არის საინტერესო, თუმცა, ექსპერტის თქმით, ეს ფაქტი მოდუნების საფუძველს მაინც არ იძლევა.